თინათინ ფეიქრიშვილი: არგუმენტირებული ესე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელია სპეციალური საგანმანათებლო შესაძლებლობებისა და საჭიროების ბავშვები ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობდნენ

არგუმენტირებული მსჯელობით დაასაბუთეთ ან უარყავით ეს მოსაზრება.

წყარო: კაჭარავა, ელზა ქართული ენა და ლიტერატურა : [ტექსტს რედაქტირება, არგუმენტირებული ესე, წაკითხულის გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი] / ელზა კაჭარავა ; [რედ.: დ. კვანჭიანი, თ. ცხადაია]. - თბ. : მერიდიანი, 2017. - 182 გვ.


არგუმენტირებული ესე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება რთული პროცესია. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვი ჩვეულებრივ სკოლაში ისწავლის, მას, შესაძლოა, ჯანმრთელი თანატოლების გარემოცვაში კომპლექსები ჩამოუყალიბდეს და გაუჩნდეს არასრულფასოვნების შეგრძნება, მით უმეტეს, თუ ბავშვების დამოკიდებულება მის მიმართ ულმობელი ან დამცინავი იქნება. არაერთ სატელევიზიო გადაცემაში აღუნიშნავთ, რომ ამგვარმა მოპყრობამ შეიძლება ფსიქიკურად დააავადოს ადამიანი. არანაკლებ დამთრგუნველია, როდესაც ბავშვის მიმართ საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, სიბრალულს ავლენს.

 მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ  რა სირთულეები ახლავს ინკლუზიურ განათლებას, მე მაინც ვფიქრობ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სხვებთან ერთად უნდა სწავლობდნენ, რათა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. რა თქმა უნდა, ასეთ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება დასჭირდებათ  მასწავლებლების მხრიდან, ამიტომ სწორად უნდა განისაზღვროს თითოეული მათგანის  ფსიქოლოგიური თავისებურებანი, რათა სწავლის მოტივი ჰქონდეთ და განვითარების სურვილი არ დაკარგონ. თანატოლებიც შეგნებით უნდა მოეკიდონ ამ საკითხს, გულისხმიერება გამოიჩინონ უნარშეზღუდული მოსწავლეების მიმართ, მაგრამ არც გადაჭარბებული ყურადღებაა სასურველი, რადგან ამან, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  შესაძლოა, ახალი კომპლექსი გამოიწვიოს - ბავშვმა იფიქროს, რომ დამოუკიდებლად არაფერი შეუძლია და ყურადღებასაც იმიტომ აქცევენ, რომ უსუსურად მიაჩნიათ.

 ვფიქრობ, არ უნდა გავრიყოთ იდივიდი იმის გამო, რომ მას რომელიმე უნარი შეზღუდული აქვს. „ჯანმრთელბავშვებსაც ყველა უნარი თანაბრად არა აქვთ განვითარებული, მათი შესაძლებლობებიც განსხვავებულია. ზოგიერთი უნარშეზღუდული ადამიანი თავისი მონდომებისა და ნიჭის წყალობით სხვებზე უკეთ ახერხებს,  მაგალითად, ცეკვას. სატელევიზიო შოუნიჭიერშიიცეკვა ეტლს მიჯაჭვულმა ბიჭმა და წარმატებასაც მიაღწია. მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, თემურ-ლენგი კოჭლი იყო, მაგრამ მრავალი ქვეყნის დაპყრობა შეძლო.

 ყოველ ადამიანს, მიუხედავად მისი უნარებისა, აქვს უფლება მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, ამისთვის კი აუცილებელია  ინტეგრირდეს საზოგადოებასთან, რაშიც თავად საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა შეუწყონ ხელი.