ნინო სადღობელაშვილი:  მეოთხე განზომილება (ბესიკ ხარანაული, ტრანს-ჰუმანიზმი და შინდაბრუნება)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 




 

 მე აქ ვარ, აქ ვარ,
დედამიწა ამოიბურცა,
რომ ჩემს გულთან
ამოგიყვანოს”.

ბესიკ ხარანაული

 

     
ცაგერიდან სამხრეთ-დასავლეთით, ცის დასალიერთან, ერთი გაქვავებული მარტორქასავით კლდე მოჩანს, რომელზეც, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, ოდესღაც ამირანი მიაჯაჭვა მისმა დიდმა ნათლიამ, მიაჯაჭვა იმის გამო, რომ ურჩი იყო და საკუთარი თავის ფასი არ იცოდა, ძალას იმაში არ ხარჯავდა, რაშიც საჭირო იყო და, მეტისმეტი ძლიერებისგან უმეტოქეოდ დარჩენილს სიცოცხლეც კი მობეზრებოდა...  და, ალბათ კიდევ იმიტომ, რომ ეს აქტი – მიჯაჭვა, სხვანაირად სიყვარულსაც ნიშნავს. სიყვარულის ყველაზე ძნელ, ყველაზე მიუდგომელ ვარიაციას. ნათლია იყო და უყვარდა თავისი ნათლული. ხომ არ მოკლავდა - სიყვარული გაუმუდმივა.

დანარჩენი ამბავი კი, ამ სიყვარულისგან თავის დახსნაზეა.  ამ მარადიულ ორთაბრძოლაზე, ჯვარცმული სხეულის ჯვრისგან თავდაღწევაზე, ბოლო წამს ჩამქრალ იმედზე და ისევ ძილზე, სიზმარზე, ისევ სიყვარულზე, ისევ სიყვარულზე...
ღვთისა და კაცის სიყვარულზე.

 ადამიანი ბუნების ნაწილია და თავისუფლებაც ის თვისებაა, რომელიც ბუნებრივად მიეცა. სამყარომ ბევრი ბრძოლა გადაიხადა იმისათვის, რომ ეს თვისება საკუთარ თავში ეკვლია.  ამ კვლევა-ძიებას ბევრი თაობა დასჭირდა, სისხლიც ბევრი და საგონებელიც, თუმცა, ამირანი ისევ ხვამლის კლდეზეა მიჯაჭვული, ისევ მოდის დიდი ხუთშაბათის შავი ფრინველი და დედამიწას ღვიძლიდან სინანულს კორტნის.

 ადამიანმა, ამ ბრძოლაში ბევრი იცხოვრა, ისე დაძველდა, რომ ამირანიც კი აღარ ახსოვს.  უფრო მეტიც – სიცილადაც არ ეყოფა, რამე მსგავსი რომ უამბო.

ხოლო მათთვის კი, ვისაც აღარ სჯერა მითების - ცხოვრობენ პოეტები და მათი პოეზია არის სამყაროს მეოთხე განზომლება.
 ბესიკ ხარანაულია დღეს ეს პოეტი. ის მოვიდა, რათა სამყარომ დაინახოს და იცხოვროს თავისი შეუძლებელი, თავისი მეოთხე განზომილება. ცოტა უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: რათა წარსულის, აწმყოსა და მომავლის მთლიანობაში განჭვრიტოს ის რაღაც სხვა, რაც, ვინ იცის, ეგებ ყველაზე ნამდვილია და ჭეშმარიტი.

 ამგვარი მთლიანობის ფლობა (მექსიკელი შამანები ამას “კრებითი წერტილის ფლობას” ეძახიან) არაა თანამედროვე ყოფის ნიშანი.  ეს პოეტში დღევანდელობას არ “გამოუწვევია”.  მიუხედავად ჭარბი (და ხშირად ყალბი) მხატვრულ-ესთეტიკური ფასეულობებისა, კატასტროფული სისწრაფით მონაცვლე ტექნოლოგიური სიახლეებისა, მსოფლმხედველობრივი მოდელებისა, - ანუ იმისა, რამაც შესაძლოა წარმოშვას მსგავსი სიზმარი, უფრო კი, მოაჩვენოს ის თანამედროვე კაცობრიობას, - ბესიკ ხარანაულის პოეზია ეს ჰიპნოზური ხილვა მაინც არაა. რადგან ის ნამდვილია.

რადგან, ასეთი ნამდვილი სიზმრები კაცობრიობას მხოლოდ ათასწლეულებში, საუკუნეებში თითოჯერ ესიზმრება.

რა არის ბესიკ ხარანაულის პოეზია? საიდან მოვიდა იგი აქ, ამ მიწაზე, კავკასიონის მთაგრეხილებით გადაბაწრულ ამ თითისტოლა ქვეყანაში, რომელიც მუდამ ათასი დარდით და პრობლემით შფოთავს და, დიდი პოეზიიდან დიდ პოეზიამდე საუკუნეებს ამოიოხრებს ხოლმე? როგორ გაჩნდა ეს უკიდეგანო ტრანს-ჰუმანისტური პოეზია ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორეს, ყოველი წინას პირველობა პირად შეურაცხყოფამდე სტკივა და სადაც დედამიწის სხვა ძლიერთა ათასწლოვანმა წამხედურობამ ნამდვილის ნაცვლად, ლამის კარიკატურად უქცია სახელმწიფოებრიობაც, მოქალაქეობაც, სადაც უკანმოუხედავ მარათონში ჩაბმულან ნიჭიერება და ქედმაღლობა და, ასპარეზი კი იმხელაც არაა, თვალს წყალი დაალევინო, ამიტომ მათი შორი ჭენება ბორბალში მოქცეული ციყვის ტრიალს უფრო გავს ხანდახან,.. იმის ნაცვლად, რომ რომელიმე ამ წრეს (“მთქნარების წრე” – ბესიკ ხარანაული) გამოეხსნას და, თავისით, ცალკე გაივაკოს...  სწორედ აქ, ამ ქვეყანაში გაჩნდა პოეტი ბესიკ ხარანაული და, ერთ დღესაც თქვა:

“საიქიოში აღარ მინდა მე ქართველობა,
რომელიმე დიდი ერის შვილი მსურს ვიყო,
რომ ერთი სიტყვით გავაგებინო ყველას
ვინცა ვარ.”
(“ხეიბარი თოჯინა”)


როდესაც ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაზე საუბრობენ, ყველანი ერთხმად, ერთ დიდ დამსახურებად (მრავალთა შორის), ქართული პოეზიის წინაშე, - ლექსის ვერსიფიკაციულ განახლებას, ვერლიბრის, თავისუფალი ლექსის პირველავტორობას უთვლიან.  ნაირა გელაშვილი ამ სიახლის მიზეზად თანამედროვე ადამიანის შინაგანი ყოფიერების რიტმს, მის შინა-დეკონსტრუქციას ასახელებს. “თავად ვერლიბრს, - წერს იგი - წარმოქმნის ის ახალი დაძაბულობა, რომელიც ჩნდება ადამიანსა და სამყაროს შორის ჩვენი ცივილიზაციის სპეციფიკური ბუნების შედეგად და რომელიც ხასიათდება როგორც ინდივიდის გაუცხოება, დაშორება მთელი გარემომცველი, ხილული თუ უხილავი სინამდვილისა (სამყარო, ღმერთი, ბუნება) და საკუთარი თავისაგან. ეპოქა, რომელიც განისაზღვრება როგორც ტოტალური უკავშირობა (ტრადიციულ კავშირთა დაწყვეტა), როგორც ნაწილის მოწყვეტა მთელისაგან, ვეღარ აისახებოდა ლექსის ტრადიციული ფორმით, რაკიღა ეს უკანასკნელი, წარმოადგენს რა მეტრული საზომითა და რითმით კონსტრუირებულ სიმეტრიას, შეესაბამება სუბიექტისა და სამყაროს ერთიანობის, შეკავშირებული (ჰარმონიული) ყოფიერების რეალურ განცდასა თუ სუბიექტის წარმოსახვაში მყარად არსებულ, ეჭვშეუტანელ კლასიკურ იდეალებსა და ღირებულებებს”.

ცხადია, პოეტი საკუთარ დროს აღბეჭდავს და, თვითონაც აღიბეჭდება მასში. Dდროის, ეპოქის კრიზისი ის მთავარი ტკივილია, რითაც ბესიკ ხარანაულმა თავისი პოეზიის მღერა დაიწყო. (როცა ასე ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით ვაცნობიერებ, რომ “პოეზიის მღერა” მისი შემოქმედების მიმართ ჩემი დამოკიდებულების ამაღლებული მეტაფორა კი არა, ძალიან ზუსტი განმარტებაა, რადგან სწორედ სიმღერაა მისი ლექსების მძლავრი ენერგია, სწორედ სიმღერის, ანუ ხელოვნების ჟანრთა თავდაპირველი სინთეზურობის (ლექსი და მუსიკა ერთად) წყალობითაა მისი პოეზია ასეთი თვითმყოფადი, უნიკალური; რადგან, ვაჟა-ფშაველას შემდეგ, არავის “უმღერია” ამდენი ჩვენს პოეზიაში, თვით მუსიკის ტრასში მყოფ, ცათა იერარქიის ტალღებზე მოლივლივე გალაკტიონსაც კი არა).

როდესაც თვალს გადაავლებთ ბესიკ ხარანაულის შემოქმედებას, 1954 წლიდან 2010 წლამდე, პირველი, რაც გეთვალსაჩინოებათ, - ამ ეპოქალური, თანადროული ტკივილის ტრანსფორმაციაა. თუკი ვერლიბრი მისი, როგორც კრიზისული საუკუნის შვილის შინაგანი აუცილებლობა, პირადი არჩევანი იყო ვერსიფიკაციულ ხერხებს შორის, მომავალში სწორედ ეს ვერლიბრი, ტკივილის ეს ტონალობა გადაიქცევა ამავე ტკივილზე ამაღლების, ანუ ეპოქალურზე გამარჯვების, თანადროულობის დაძლევის მთავარ საყრდენად. დაშლილი ადამიანი უნდა გამთელდეს. დაშლილი დრო უნდა აღდგეს - ესაა ბესიკ ხარანაულის პოეზიის საიდუმლო რიტუალი.

“ეს ამბავი კი, როგორც ეკადრება ანტიკურობას, სოფელში მოხდა” (ბესიკ ხარანაული).

სწორედ სოფელში ჩატარდა რიტუალი. სოფელი, - სემანტიკითაც და ევფონიითაც წუთისოფლის მოტივით სავსე, - სულიწმინდის სამყოფელია, პირველადი ადგილია, სადაც ადამიანური ამბები ცოდვამდელი ამბების სიძველისაა. სოფელში ადამიანი რაღაც უფრო ბუნებრივს სწვდება, როგორც ხოსე Oორტეგა ი გასეტი იტყოდა: ის არის “ადამიანური, მეტად ადამიანური”.

ხშირად მიფიქრია იმაზეც, თუ რატომ იყო ყოველთვის ჩვენი მწერლობისთვის გაცილებით ბუნებრივი და უშუალო სივრცე, გარემო – სოფელი, და არა ქალაქი. რატომ ვერ გაჩერდა ვერცერთი ლიტერატურული გმირი ურბანულ გარემოში, ან ვერ განახორციელა ისეთი სულიერი აქტები, რომ მისი იდენტობა ქალაქს დაკავშირებოდა, მასზე საუბრისას უყოყმანოდ გეთქვა – ეს ქალაქელი კაციო. Fფაქტია, რომ ჩვენთვის სოფელია სამყაროს პირველ-საცხოვრისია, და სადაც კაცი თავს ბუნებრივად გრძნობს, იქ უნდა იყოს კიდეც.  ან არადა, სხვაგან წავიდეს და ბუნებრიობა ითამაშოს. (თამაშის ხარისხიც ნიჭზეა დამოკიდებული).
 ბესიკ ხარანაულმა ორივე იცხოვრა - სოფელიც და ქალაქიც. სოფელში, ანუ სამყაროს პირველ-საცხოვრისში იშვა მისი ტკივილი.  ქალაქმა ეს ტკივილი ზარდა და მარტოობის მწვერვალად აქცია. სოფელი იყო პოეტისთვის ყველაზე მიმზიდველი, მშობლიური გარემო, მიტოვებული სამოთხის სევდით და შინდაბრუნების მარადიული ვნებით სავსე მიწა, ჰაერი, რომელმაც მთელი ცხოვრება კვება მისი პოეტური ხილვები, რომელიც დღემდე ასაზრდოებს მას და, სამყაროს უსასრულობის ჰორიზონტამდე განზოგადებული - სწორედ იგია პოეტის მთავარი სამიზნეც, საზღვარიც.

 ქალაქი კი, პოეტური თამაშის დიდი ასპარეზია. სოფლის ხატები, სიზმრები, ხორცშესხმული შთაბეჭდილებები ეპოსის კრიალოსნად აქცია, დაშლილი ხსოვნა პოეტურ ეპოსში ააწყო და გაამთელა, აათამაშა, ერთმანეთთან სამუდამოდ დააკავშირა.
 ბესიკ ხარანაულმა თავის თავისგან შექმნა ეპოსი. ის, რასაც სხვები ანტიკურ დროში, უცხო გმირთა შემხედვარენი წერდნენ; ის, რასაც ეპოსის მთლიანი, დიდი სული, სხვათა ტანჯვის და თავგანწირვის ცეცხლოვანი ამბები ჰქვია, - ბესიკ ხარანაულმა, თავის თავში მოგზაურმა და პირველ-აღმომჩენმა, - სხვა გმირთა დაუხმარებლად, საკუთარი ტკივილისგან, მარტოობისგან შექმნა.
 ”უნდა მოვიცილო, მოვიშორო ყველაფერი, უნდა ამოვთქვა, უნდა დავწერო და თვითონ დავრჩე...  მე... მე...  არც წარსული, არც ცხოვრება და არც ქვეყანა...  მე... ყველაფერი მე...  იმდენად მე, რომ სხვა არაფერი მემჩნეოდეს და არც იყოს საინტერესო შემხედვარისთვის”(“ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის”).

ეს ერთ-ერთი ყველაზე გენიალური მარტოობაა ჩვენს საუკუნეში. მთელს მსოფლიოში. მარადისობაში.

 ეს მარტოობა გაძლევს ძალას, “მიდიოდე და მილაპარაკობდე” და, გერქვას ამბა ბესარიონი, ანუ, სისულელის დრეკადობის თეორიის მიუხედავად, მაინც მამა იყო, მაინც ქადაგი, ქვეყანას (სოფელს და ქალაქს ერთდროულად) შენი ნათქვამი გულზე ცეცხლივით ხვდებოდეს, ტვინს კი, როგორც ქვის გულს – წვიმის წვეთი გაუთავებლად, - ისე ხვრეტდეს შენი მოელვარე პარადოქსები.

“ამბა ბესარიონი” ფრანგულად ითარგმნა (მთარგმნელები – მარი ფრენინგი და ომარ თურმანაული) და, პირადად მოვისმინე ერთი კარგი ფრანგისგან (სხვათა შორის, ის ფრანგი სახელმწიფო მოხელეა და ამ სოციალური მდგომარეობის სტერეოტიპით, თან ევროპული რაციონალიზმის დართვით, დიდად მიუვალიც მეგონა), პოემა რომ წავიკითხე, ორი კვირა არ მეძინა და სამყაროს უკეთესობაზე ვფიქრობდიო...

“ამბა ბესარიონი” კლასიკური ტექსტია – მისი მთავარი (და ერთადერთი) პერსონაჟი ზოგად-ლიტერატურული არქეტიპია - მოძღვარი. ბერი. ქადაგი.  ავტორი.  ბესიკ ხარანაული კი იმ დიდ სახელთა დიდი შვილია, რომელთაც ღმერთთან ლაპარაკი ერის წინამძღოლობასთან გააიგივეს, რომლებმაც, არ დაიზარეს და, ერს მართლაც წინ გაუძღვნენ. მოძღვრობა, გნებავთ, მეგზურობა მათთვის სულიერი და ხორციელი ენერგიის ყველაზე მძაფრი გამოხატულება იყო. იმ მამათა შვილი კი, ერთ დღეს თავადაც მამად იქცა, უფრო სწორედ – ამბად, ამბა ბესარიონად.  მხოლოდ, ეს ის მამაა, რომელიც ჭკუას კი არ გარიგებს, არამედ პირიქით, იმ ტოტზე გსვავს, რომელიც უნდა მოიჭრას; ეს ის მამაა, რომელიც, წინ კი არ მიგიძღვის, იმ უბრალო მიზეზით, რომ მისი გზა ერთადერთია, არც არავის გზის გვერდით და არც წინ ან უკან, ეს თვითშემეცნების გზაა, ცოდნის გზა, ერთადერთი მარტო-გზა მსოფლიო სულისკენ...  ამიტომ, მამის წესია და, ჯერ თვითონ უნდა გაიაროს, მერე კი, შვილის არჩევანი იქნება – გაყვება თუ  არა.

 კაცობრიობის კულტურაც ოდითგანვე სწორედ ამგვარ მეტაფიზიკურ გზაზე დგას - ის იქმნებოდა თავისთავად, თავის თავისგან, როგორც მამისგან – შვილი, განსხვავებით ცივილიზაციისგან, რომლისთვისაც დამახასიათებელია უფრო ნგრევა, ვიდრე შენება, უფრო კვდომა, ვიდრე შობა, ვიდრე აღდგომა.

 მამის, ამბას მქადაგებლობა, მთქმელისა და გამგონებლის პრინციპით, ღრმად ეროვნული საქმეცაა. Pპოეტი ვერ აუვლის გვერდს თავის ქვეყანას, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრობს მშობლიურ ენაში და ამ ენით ამეტყველებს სამყაროს. Pპოეტმა უნდა შეაჩეროს თავისი ქვეყანა, როგორც ჩავლილი მდინარე და აიძულოს, უსმინოს, მისგან გაიგოს თავისი ამბავი, მასში დაინახოს თავისი ქვეყნიურობა. “აი, რა მესმა და მეჩვენა მე, ცოდვილ მჩხაპნელს, შესაძლოა უძილობისა და განწირულებისგანაც, ძველი ხელისუფლების ზეობის მეთხუთმეტე ნაკლულ წელსა და ახალი ხელისუფლების ზეობის მეორ-მესამე წელს” (“ორივ ფურცელი ცის და მიწისა”) - ეუბნება იგი თავის უბედურ მსმენელს და მოუთხრობს სიზმარს არა წარსულიდან, აწმყოდან ან მომავლიდან, არამედ სწორედ იქიდან, სადაც ჭეშმარიტებას საფარველი აქვს დადებული და მხოლოდ ათასში ერთხელ ვინმე რჩეულისგან თუ აეხსნება...

 ბესიკ ხარანაულის პოეზია რომ მსოფლიო კულტურული მოვლენაა, ეს კიდევ ერთხელ გაცხადდა მისი ახლახან გამოცემული რომანით, (უფრო სწორედ წიგნით, როგორც თავად ეძახის) - “სამოცი ჯორზე ამხედრებული რაიდნი, ანუ წიგნი მეტაფორებისა და ჰიპერბოლებისა”.  ეს არის წიგნი – კავკასიური საგა. უშველებელი ცოდნა დიდ ისტორიაზე, ადამიანურ ვნებებსა და სიწმინდეებზე, იმაზეც, თუ როგორ იქცა კავკასიის ეს ერთი კალთა, ერთი ფრაგმენტი მიწა, ერთ მშვენიერ დღეს, პოეტურ სახეებად – ჰიპერბოლებად და მეტაფორებად, და როგორ შევიდა სამყაროს წიგნში, ამ მშვენიერ პოეზიაში.

 ესაც კრიზისის დაძლევას ნიშნავს - ყოველივე იქცეს წიგნად, იქცეს კულტურად.  ადამიანმა შეძლოს და, იპოვოს თავისი თავი ამ კულტურაში.

სამყარო, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მთლიანია, თავისი დიდი ნაპირი აქვს და, ამ ნაპირამდე მღერა-თამაშით, ანუ ბრძოლითა და ტკივილით მიდის ადამიანი. სამყაროს მთლიანობის განცდა კი ის უხსოვარი ფუფუნებაა, რაც მას დღეს ყველაზე მეტად აკლია, სჭირდება კიდეც, რათა თავი აღიდგინოს, განიახლოს.

 ბესიკ ხარანაულის შემოქმედება ამგვარი პარადოქსითაა აღბეჭდილი: დაშლილი, დანაწევრებული (ანუ თანამედროვე) ადამიანის ეპიკურობა, გნებავთ გმირობა - ჩადგეს სამყაროს სულში და გაგრძელდეს იქიდან, საიდანაც გამოაძევეს. მთელი ეს პოეზია - ამ გმირობაში დახარჯული სულის და ხორცის ენერგიაა, მძაფრი ვნება და თავგანწირვაა, უკიდეგანო  მშვენიერებაა – საკუთარი თავის დასაუფლებლად.

 ამირანსაც მივადექით: როცა კაცი საკუთარი თავის ფლობას ისწავლის, როცა მისხალ ძალასაც არ დახარჯავს ტყუილად, უმიზნოდ, არამედ ყოველივეს მოახმარს ამქვეყნად ყველაზე დიდ მიზანს: სიყვარულს და თავისუფლებას, - მაშინ გადმოხედავს ნათლია ტყვეობით გატანჯულ ნათლულს, ახსნის ათასწლოვან ბორკილებს და, ახალ-თავისუფლების ბორძიკით მიმავალს, მზრუნველ თვალს გააყოლებს.

ამირანში, ვისაც ვინ უნდა ის გაიფიქროს - საქართველო, მთელი კაცობრიობა, უბრალოდ ერთი, ერთადერთი ადამიანი.
მთავარია, რომ ის ნამდვილია და არავის მოუგონია.  მის არსებობაში პოეტებიც გვარწმუნებენ, საუკუნეში თითოჯერ, სიყვარულის წამლეკავი ენერგიით მოსულნი.

ხოლო როცა სამივე ემპირიული დრო – წარსულიც, აწმყოც და მომავალიც, - არყოფნაში გადაინაცვლებს, რჩებიან ისინი - ამბები და მათი მთხრობელები. რჩება ამირანი და, დარჩება ბესიკ ხარანაული – მეოთხე განზომილების პოეტი.

P.s ცოტა ხნის წინ დიდი ბედნიერება დამატყდა თავს და, ბესიკ ხარანაულის სრულ კრებულზე (1954-2005) მომიწია მუშაობა, და ამ ერთტომეულ კრებულს, რომელიც მოიცავს პოეტის მთელ ნახევარსაუკუნოვან შემოქმედებას, სულ მალე იხილავს მკითხველი.  ეს წერილი კი, ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა, ამ დიდ პოეზიასთან შეხების პირველი მღელვარე ანაბეჭდი.
ხოლო იმას, რასაც ბესიკ ხარანაულის პოეზია ჰქვია, ბევრი დრო და ღონიერება სჭირდება საკვლევად და გასააზრებლად. მე მხოლოდ ამ უშველებელი სამყაროს ნაპირთან ჩავიარე...