რევაზ ბარამიძე :  ეროვნული ცნობიერების საკითხი გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში“

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 

 

 


 


 


  გიორგი მერჩულეს დიდი მასშტაბის ეპიურ ტილოში წამოჭრილი და განვითარებულია მრავალი პრობლემა: ეს იქნება ზოგადი ქრისტელოგიური საკითხები თუ მონაზვნური ცხოვრების წესი, პედაგოგიურ-აღმზრდელობითი თუ სოციალური, ორსავე ცხოვრების არსი, თუ პოლიტიკური ასპექტები, ზნეობრივი და დოგმატური ღვთისმეტყველება1 და ამ მრავალ სხვა ასპექტთა შორის ერთ-ერთი არსებითია ნაწარმოებში წარმოჩენილი და განვითარებული ეროვნული ცნობიერების პრობლემა.

 არ უნდა იყოს გამოსარიცხი ვარაუდი, რომ ნერსეს კარზე მყოფი, ნერსეს ცოლის ძმის შვილი, მცირეწლოვანი გრიგოლი აღსაზრდელად სწორედ ბრძენსა და დიდად განსწავლულ მოძღვარს, იოანე საბანისძეს ჰყავდა მიბარებული. ამ ქრონოლოგიურ-ისტორიული ფაქტის შესაძლებლობაში გვარწმუნებს იოანე საბანისძისა და გიორგი მერჩულეს თხზულებათა შინაგანი ორგანიული კავშირი. ორივე თხზულებაში განვითარებული ქრისტელოგიური პრობლემები ერთ მთლიანობას ქმნიან თეოლოგიური პრინციპების ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების თვალსაზრისით. ეს დიდი და საგანგებო მსჯელობის სფეროა და ამჯერად ამაზე არ დავაყოვნებთ ყურადღებას, მაგრამ ამ ნაწარმოებში წამოჭრილ ეროვნული საკითხის ერთი ასპექტის შინაგან კავშირზე კი ვიმსჯელებთ.

 კერძოდ, იოანე საბანისძეს საოცარი სიღრმისეული ანალიზით აქვს წარმოსახული არაბთა ბატონობით გამოწვეული უმძიმესი მდგომარეობა. არაბთა ამ აგრესიის დაძლევის გზას დიდი მამულიშვილი, ნერსე ერისთავი ხედავდა აჯანყებასა და ამ გზით ქვეყნის განთავისუფლებაში. ნერსეს ეს მამაცური გადაწყვეტილება მეტად სწორხაზობრივი, აშკარა იყო და არც გაუმართლა. საჭირო გახდა სხვა გზების ძიება. არაბთა ხრიკებისა თუ ძალადობის შედეგად რწმენის შერყევამ და ერის სულიერმა, ზნეობრივმა დაცემამ მოამზადა ნიადაგი ქვეყნისათვის კატასტროფის მოახლოვებისა. ამიტომ ერთადერთი გზა, მართალია, შორეული და მეტად რთული, ის იყო, რომ ერის თავკაცებს მოეხდინათ თანამემამულეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდათა სულიერი ამაღლება. განსწავლულობისა და რწმენის გაძლიერების გზით იმ ახალთაობის აღზრდა, რომელიც იხსნიდა ქვეყანას მოსალოდნელი კატასტროფისაგან. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ნერსეს, მართალია, მამაცურ, მაგრამ სწორხაზობრივი ქმედების წარუმატებლობაში დარწმუნებულმა იოანე საბანისძემ მისთვის ჩვეული სიბრძნითა და შორსჭვრეტით ახალი, მაგრამ რეალური გზა გამოძებნა. მან მიზნად დაისახა ახალთაობის სულიერების აღდგენა, ამაღლებული ზნეობითა და რწმენის სიმტკიცით ჭაბუკთა აღზრდა. ამიტომაც სავარაუდოა, რომ მცირეწლოვანი გრიგოლი დამუხტა ამაღლებული იდეებით, თვით ბრძენსა და განსწავლულ გრიგოლს შთააგონა ქვეყნის ხსნის ახალი გზა, კერძოდ, წასულიყო არაბთაგან განადგურების შედეგად მიტოვებულ და გაუბედურებულ ტაო-კლარჯეთში, იქ აეშენებინა ეკლესია-მონასტრები, ვითარცა რწმენის ტაძრები და იქ შემოეკრიბა ახალთაობა, რომელთაც დიდი ცოდნის მიცემასთან ერთად გამსჭვალავდა ამაღლებული სულიერებით, ერის ხსნის მოთხოვნილებებითა და შესაძლებლობებით. თუ როგორ შეძლო გრიგოლმა თავისი აღმზრდელის, იოანე საბანისძის დამოძღვრების ხორცშესხმა, ამის შესახებ საოცარი ოსტატობით გვაუწყებს გიორგი მერჩულე და ამაზე ამჯერად არ შევჩერდებით, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ მხოლოდ ის, რომ იოანე საბანისძის მიერ ქვეყნის ხსნის ახალი გზის ძიებამ, მისგან აღზრდილმა და მისით იმპულსირებულმა გრიგოლ ხანცთელმა დიდი ისტორიული მისია შეასრულა, შექმნა ახალთაობის ის ძლიერი მემკვიდრეობა, რომელმაც ერში ააღორძინა და დაამკვიდრა მაღალი სულიერება, რწმენის ყოვლისშემძლე ძალა და განსწავლულობა, რაც საფუძვლად დაედო არა მარტო კულტურის დიდი ცენტრის შექმნას სამხრეთ საქართველოში, არამედ ამასთანავე იმ დიდ ეროვნულ მოძრაობას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს აშოტ კურაპალატმა და მისმა მემკვიდრეებმა და რომელიც ასე ბრწყინვალედ დააგვირგვინა დავით აღმაშენებელმა.

 ჩვენ იმის თქმა კი არ გვინდა, რომ გრიგოლის ღვაწლი დავაკნინოთ და მისი მოღვაწეობა იოანე დსბსნიდძის დავალებად გავიაზროთ; არა, მაგრამ აშკარაა, რომ გრიგოლის აღმზრდელმა იოანემ დიდი ცოდნის მიცემასთან ერთად მასში ჩაკირა მამულის ხსნის შინაგანი იმპულსი, ჩამოაყალიბა გიგანტური აზროვნებისა და გაქანების მამულიშვილი, რომელმაც საოცარი სიბრძნით პოვა, ნერსესაგან განსხვავებული, ახალი გზა ქვეყნის ხსნისა და თვითვე განახორციელა კიდეც ეს დიდებული მისია.

 დიახ, ნერსე ერისთავის კარზე აღზრდის ფაქტორმაც განაპირობა გრიგოლის დამუხტვა ფართო ეროვნული მიზნებით, რამაც უაღრესად ნაყოფიერი გამოვლენა ჰპოვა გრიგოლის მოღვაწეობაში; თვით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთიანობა, ერთი მიზნითა და ერთიანი საქმიანობით ცხოვრება, რომელიც ასე შთამბეჭდავადაა ასახული გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში, როგორც ვნახეთ, ამის ასახვისა და მათზე ყურადღების გამახვილების საწყისებს ჯერ კიდევ აბოსწამებაშივხედავთ, რომ არაფერი არ ვთქვათ ფარნავაზის ეპოქის სულისკვეთებაზე, რაც შთამბეჭდავად გამოვლინდა ფარნავაზისა და ქუჯის თანადგომაში. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში საგანგებოდაა გამოკვეთილი, რომ საქართველოს უკიდურესი ჩრდილო დასავლეთი მხარე - აფხაზეთი და უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტაო-კლარჯეთი ერთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ერთნაირია ორივე მხარის ცხოვრების წესი და მიზანსწრაფვა, ურთიერთთანადგომის მოთხოვნილება და ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალები.

 გიორგი მერჩულეს მიერ ჩამოყალილებულ ეროვნული ცნობიერების კონცეფციაში განსაკუთრებულადაა გამოკვეთილი მთლიანი, ერთიანი საქართველოს იდეა, რომელიც კლასიკური ფორმულის სახითაა ჩამოყალიბებული:

 ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ (290). ეს მეტად მრავლისმეტყველი დებულებაა, რომლის მიხედვით ეროვნული მთლიანობის საძირკველი და ღერძია ენის ფენომენი; სახელმწიფოებრივ-გეოგრაფიულ ფაქტორებთან ერთად ენა უპირველესი სიმპტომია ერის მთლიანობისა და ერთარსებობისა. მერჩულე შთაგვაგონებს, რომ საქართველოა ყველგან, სადაც ქართულად მეტყველებენ და ქართულად აღესრულება ღვთისმსახურება, ენაა ყოველთა ქართველთა ერთიანობის არსებითი ფაქტორი. ამ იდეას, .. ერის გაერთიანებაში ენის ფენომენის ფაქტორს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაფუძნებისათანავე ჯერ კიდევ ფარნაოზმა ჩაუყარა საფუძველი, როდესაც შთაგვაგონა: „არა იზრახებოდა ქართლსა შინა სხვა ენა თვინიერ ქართულისაი“.

 გიორგი მერჩულეს მიერ ზემოთ ჩამოყალიბებული დებულება მკვეთრად გამოხატული ეროვნული იდეოლოგიის დატვირთულობის მქონეა, ამასთანავე ამ დებულებას განსაკუთრებულ ძალას მატებს ის კონტექსტი, რომელშიაც ეს დებულებაა განვითარებული. კერძოდ, ჩვენი აგიოგრაფის მიზანია თანამოქალაქეებში განავითაროს და გააძლიეროს ეროვნულ - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რწმენა, ხოლო ეროვნულ - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი არსებითი გამოვლენაა ეკლესიის ავტოკეფალობა, ეროვნული ეკლესიის დამოუკიდებლობა. ამ უკანასკნელის დამადასტურებელი ფაქტია მირონის კურთხევის უფლების მოპოვება. ამიტომაც გიორგი მერჩულე საგანგებო ხაზგასმითა და დიდი შინაგანი სიამაყის გრძნობით გვაუწყებს: „პირველად აღმოსავლეთის კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალიმით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ (კათალიკოსი, ..) ქრისტესმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაი ქართლს განაწესა“. ამ ისტორიულ ფაქტზე ყურადღების გამახვილებით აგიოგრაფი ქართველ კაცში აცნობიერებს ეროვნული თვითმყოფადობის არსს და სწორედ ამ კონტექსტში არის ჩასმული დებულება: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირიცხების“... არც ისაა უმნიშვნელო ფაქტორი, რომ მთლიანი საქართველოს გამომხატველ ამ ფორმულაში საგანგებოდაა ხაზგასმული სიტყვაფრიადი“, რაც ნიშნავსმრავალი“, „დიდძალი“. ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო იკვეთება ერთიანი საქართველოს იდეა, .. მრავალ კუთხეთაგან არის შემდგარი დიდიქართლი“, ანუ საქართველო.

 სწორედ ეს ორი ასპექტი - მირონის კურთხევის უფლება დაქართლად ფრიადი ქუეყანაიერთ მთლიანეობას ქმნის ეროვნული ცნობიერების გასააზრებლად და გასაძლიერებლად. სავსებით მართებულად შენიშნავს პროფ. ვლადიმერ ნორაკიძე: „აქ ეროვნული სუვერენიტეტისადმი იდენტიფიკაციის ცნობიერების ორი მნიშვნელოვანი მომენტია აღსანიშნავი: მირონის კურთხევა სამშობლოში და ქართველი კაცის შეგნებაში დასადგურებული ერის მთლიანობის იდეა - ერთი ენის ფლობა“.1

 გიორგი მერჩულეს მიერ ჩამოყალილებული ეროვნული ცნობიერების იდეა პერმანენტულად მეორდება თხზულების ცალკეულ მონაკვეთებში და თანდათან უფრო და უფრო აძლიერებს ამ იდეის დამკვიდრებისა და გაცნობიერების ფაქტს, რომელიც ვლინდება გაბმულ მსჯელობებსა თუ მრავლისმეტყველ დეტალებში. ამ კუთხით თუ ჩავუკვირდებით ნაწარმოების სხვადასხვა პასაჟსა და მონაკვეთს, ჩვენ ვნახავთ, თუ როგორაა მოცემული იდეით დახუნძლული მთელი ნაწარმოები.

 აღნიშნული თვალსაზრისით საგანგებო დატვირთულობას იძენს შემდეგი ფაქტი: როგორც მერჩულე გვამცნობს, გრიგოლისპირმშოიყო ხანძთის მონასტერი. სიმპტომურია, რომ ეს მისი პირველი ქმნილება წმ. გიორგის სახელითაა ნათელცხებული. ამით მოღვაწეობის დასაწყისშივე მიგვანიშნა ავტორმა გრიგოლის მიზანდასახულება. ხანცთის ტაძრის წმინდა გიორგის სახელდებით მერჩულემ უხმაუროდ, მაგრამ მტკიცედ გაგვაცნო წმინდა მამის მოღვაწეობის მიზანი, პროგრამა. ტაო-კლარჯეთში გრიგოლი მივიდა ფართო მასშტაბის ეროვნულ - სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად - ეკლესია-მონასტრების აშენებით, კულტურულ - საგანმანათლებლო დიდი ცენტრების დაარსებით, ახალთაობის აღზრდით, ზნეობრივ-სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივ - ეროვნული აღორძინების მესაძირკვლედ იაზრა თავისი ქმედება და დიდი საქმის წინამძღვრად წმინდა გიორგის მებრძოლი, რაინდული სახე გაითავისა. წმ. გიორგი ხომ განსაკუთრებულად თანამდგომად და მფარველად ჰყავდა გააზრებული ქართველ კაცს, იგი თითქმის ეროვნულ წმინდანად იყო ჩვენში გაცნობიერებული და სწორედ ეს ეროვნული წმინდანობის მუხტის მქონე რაინდი წარიმძღვარა გრიგოლ ხანცთელმა ეროვნულ - სარწმუნოებრივი მიზნების განსახორციელებლად. ამ ფაქტშიაც შეფარვით, მაგრამ მტკიცედ იგრძნობა ქართველ წმიდა მამათა ეროვნული პოზიციები, მიზნები და ამოცანები.

 გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში განვითარებული ეროვნული ტენდენციები მეტად გამოკვეთილად არის წარმოჩენილი ნაწარმოებში დახატულ საერო პირთა სახით, რომელთა შორის მონუმენტურად წარმოგვიდგება აშოტ კურაპალატი. კურაპალატის ღირსების დამადასტურებელია ისიც, თუ როგორი პატივისცემითა და მოკრძალებითაა იგი გამსჭვალული გრიგოლის მიმართ, რადგან გრიგოლში იგი თავიდანვე ხედავსუდაბნოთა ქალაქმყოფელსდა ერის ამაღორძინებელ დიდ მოღვაწეს. ამიტომაც, როგორც კი გაიგო კურაპალატმა გრიგოლის მასთან მიბრძანება, „მიეგებნეს ძენი კურაპალატისანი და ვითარ მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მაშინ კურაპალატი ზე აღდგა და წინა მიეგება ნეტარსა მამასა გრიგოლს და დიდითა სიმდაბლითა მოიკითხეს ერთმანეთი და დასხდეს: ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „ღმრთისა მიერი კურთხევაი პირითა შენითარ ჩუენ ყოველთა ზედა, წმიდაო“. ეს ურთიერთპატივისცემა სწორედ ერთმანეთის პიროვნული ღირსების შეცნობითა და ქვეყანაზე ზრუნვითაა განპირობებული. კურაპალატის დიდ ღირსებას იმითაც წარმოგვიჩენს, რომ იგი, კურაპალატი იწყებს ცალკეულ სამთავროთა შემოერთებას და ქვეყნის გაერთიანებისათვის იღწვის: „ხელმწიფემან აშოტ კურაპალატმან დაიპყრნა მრავალნი ქუეყანანი და აღაშენა ციხე არტანუჯისაი“ (296.6) კურაპალატის მიერ ეროვნულ - გამაერთიანებელ მოღვაწეობას განსაკუთრებით უსვამს ხაზს გრიგოლ ხანცთელი მის შესანიშნავ, ორატორული გზნებით გამოთქმულ დატირებაშიც: „მეფეო ჩვენო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, საიდან - მე მოგელოდი, აღმოსავალითამე ანუ დასავალით, ჩრდილოით - მე ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყალობით ხელმწიფეთა დაიმორჩილებდ“. აქ ბევრი რამ არის თქმული: კურაპალატის მონუმენტურ სახის გამოკვეთასთან ერთად წარმოჩენილია მისი ეროვნულ - სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის მასშტაბები. იგი წარმოგვიდგება ქვეყნის გამაერთიანებელი საქმიანობის მესვეურად. კაცი, რომელსაც იმედის თვალით შეჰყურებდნენ აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი საქართველოს მამულიშვილები. კაცი, რომელმაც თავს იდვა ერთიანი საქართველოს აღორძინების მისია. და ეს აშკარად სარწმუნო იყო ყველა ქართველისათვის და ამიტომაც ასეთი გულისტკივილით გოდებს გრიგოლი. დატირის იმიტომაც, რომ დაიმსხვრა დიდი იმედები. სწორედ ასეთი მიზნების გამო მოკლეს არაბებმა კურაპალატი, რადგანაც ამ კაცში ხედავდნენ დიდ მეამბოხესა და ეროვნული გაერთიანების დიდ ორგანიზატორს. ასეთი, თითქოსდა გაკვრით ეპიზოდებსა თუ სახეებში გიორგი მერჩულე დიდი სიბრძნითა და ოსტატობით ავითარებს ეროვნულ იდეას.

 გიორგი მერჩულე მრავალ ასპექტში წარმოგვიჩენს ეპოქალურ დიდ ამოცანას - ეროვნული მთლიანობის პრობლემას, რომლის კიდევ ერთი შემამეცნებელი გამოვლენაა საერო ფეოდალთა და სასულიერო წოდების წარმომადგენელთა ურთიერთთანადგომის მოთხოვნილება. ამ თანადგომის კლასიკური ფორმულა აქვს ჩამოყალილებული გაბრიელ დაფანჩულს: „აწ ჩუენ თანა არს ხორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი და ესე შევზავნეთ ურთიერთს“ - სწორედ ეს შეზავებაა ის დუღაბი, რომელიც აკაჟებს ეროვნულ თვითმყოფელობას. გაბრიელ დაფანჩულის მოსაზრებას კიდევ უფრო აძლიერებს გიორგი მერჩულეს თხზულებაში ჩამოყალილბებული შემდეგ შეგონება: „სულიერად განწყობილნი თქუენნი ესე წმიდანი, უდაბნოთა მამანი, არიან ხორციელთა განაწესებულთა ლაშქართა ჩუენთა სიმტკიცენი“. სწორედ მიზნის ეს ერთიანობა და თანამოღვაწეობის მთლიანობააქვეყნის ძალისა და ღონის მიმცემი“. ეპოქის ერთ-ერთი სიმპტომატური გამოვლენაა სწორედ ამ კარდინალური პრობლემის - ყოველთა ქართველთა ერთარსებად ჩამოყალიბების შემეცნება და გაცნობიერება.

 მერჩულეს მიერ ერთიანი საქართველოს იდეის გამტკიცება, მთლიანი საქართველოსათვის სწრაფვის მოთხოვნილება ეპოქის ნიშანდობლივი და განმსაზღვრელი მოვლენა იყო, ამ იდეით იყო გამსჭვალული მთელი ერი, რომელსაც წარმართავდნენ და განაწყობდნენ ქვეყნის თავკაცები, სწორედ ესენი აძლევდნენ და ამკვიდრებდნენ თანამემამულეებში ამ იდეის არსსა და სასიცოცხლო მოთხოვნილებას, მათი შემყურე და მიმბაძველი ერი ერთი მთლიანი ამაღლებული მიზანსწრაფვით იმუხტებოდა. ამის კლასიკური გამოვლენაა აშოტ კურაპალატის ძეთა მოღვაწეობა.

 აშოტ კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს გამთიშველობა, ქვეყნის გამგებლობის პრეტენზია და ეგოისტურ, კარიერისტულიუჩემოდ ვინ იმღერეთასფსიქოზი კი არ გამოუვლენიათ, არამედ ამ ისტორიული მკაცრი გამოცდის ჟამს საოცარი სიბრძნე, ზნეობრიობა და პოლიტიკურ - ეროვნულის შორსჭვრეტის უნარი გამოამჟღავნეს. მსწრაფლ ერთსულ და ერთხორც შეიქმნენ და ურთიერთ ეროვნული გულწრფელი თანადგომით ქვეყნის ერთიანობა და სიმტკიცე დაამკვიდრეს. უფროსმა მემკვიდრემ ადარნასემ და უმცროსმა - გვარამმა შუათანა ძმას - ბაგრატს შესთავაზეს ტახტი, რადგანაც სწორე მასში ხედავდნენ ქვეყნის ღირსეულ წინამძღოლს: „ბაგრატ უმთავრეს მათსა იყო სიბრძნითა, სახითა და სიქველითა და ღვთისმსახურებისა სისრულითა“. ამის დანახვა და თვითშემეცნება უკვე თავისთავად დიდი ღირსებაა; ეს ამაღლებული თვითანალიზი არა მხოლოდ მათი პიროვნული სულიერების დიდებული გამოვლენაა, არამედ ამავე დროს ამ გადაწყვეტილებაში იკვეთება პირადულის დაძლევისა და ქვეყნის საერთო საფიქრალის ბრწყინვალე თვისებები, მათთვის მთავარია ქვეყნის სიძლიერე და ისინი უშურველად ეძიებენ სწორედ იმას, ვინც შეძლებს ამ ამოცანის განხორციელებას ამ დიდი და ამაღლებული მიზნებისათვის, როგორც შესანიშნავად ამბობს მერჩულე, ისინი: ძერთ ზრახვა, ერთსულ და ერთნება იყვნენეს ყველა დროის მოქალაქეთა და განსაკუთრებით ქვეყნის წინამძღოლთა ცხოვრების წესისა და მოღვაწეობის კლასიკური ფორმულაა. სწორედ ამ იდეის გაცნობიერებით მცხოვრები ერისათვის არ არსებობს არავითარი შეფერხება და წარუმატებლობა.

 ამ დიდი მამულიშვილების მოღვაწეობის მიზანდასახულობას შარავანდედად ეფინება მერჩულესეული კონცეფცია ბაგრატიონთა ბიბლიური ძირებისა თუ მათი ღირსებებთან მისადაგების გამომხატველი შემდეგ დებულება, რომელიც გამოხატა გრიგოლ ხანცთელმა მეფისადმი მიმართვაში: „დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო“. გამოთქმულია მოსაზრება, რომეს ისრაელ მეფეებთან ხორციელ ნთესაობას არ უნდა გულისხმობდეს, არამედ მეფის განსაკუთრებული ღირსების - ცხებულობის აღიარებას, აქედან გამომდინარე, ეს ტიტული მათ შორის რაიმე გენეტიკური კავშირის არსებობაზე კი არ უნდა მიუთითებდეს, არამედ ბაგრატიონებისათვის იმავე პატივის მინიჭებაზე, რომლითაც ბიბლიური მეფენი სარგებლობდნენ, რადგან ისინი მათ მსგავსად ცხებულნი იყვნენ... რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეფეპირველთაგანვე ზეცით საქართველოს მეფედ განკუთვნილინებითა ღმრთისაითატახტის კანონიერი მპყრობელი, ბიბლიურ მეფეთა მსგავსად ღვთის მიერ მირონცხებით ნაკურთხია და არა მათი სისხლის ნათესავი და ისრაელთა ტახტის მემკვიდრე“. („ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტყველება“, საქ. საპატრიარქო,თბ., 1992 .). მე ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია, მით უფრო, რომ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტიც. გრიგოლი აშოტ კურაპალატს დავით წინასწარმეტყველს ადარებს მას შემდეგ, როდესაც თვით აშოტ კურაპალატი ქართველ მოძღვარს ადარებს ებრაელ წინასწარმეტყველს. კერძოდ, აშოტ კურაპალატი მიმართავს: „მეფეთა ისრაელისათა ჟამად - ჟამად წინასწარმეტყუელი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მამათა და ზღუდედ შჯულისა და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებლად ურწმუნოთა, ეგრეთვე ჟამსა ჩუენთა შენ (.. გრიგოლი - ..) გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტიანეთა სიქადულად და რაითა იღვწოდნ ჩუენთვის წმიდითა ლოცვითა შენითა“. ამის საპასუხოდ გრიგოლი მიმართავს კურაპალატს: „დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიარ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო“... ასე რომ, როგორც ვხედავთ, არ არის გამორიცხული, რომ აქ ყველი აღთქმის პერსონაჟებთან შედარებასთან გვაქვს საქმე და არა გენეტიკურ კავშირთან. მაგრამ როგორადაც არ უნდა იყოს, მთაარი ისაა, რომ გრიგოლ ხანცთელი ხაზს უსვამს ქართველ ბაგრატიონთა ამაღლებულობასა და ღვთივკურთხეულობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს თანამოქალაქეებში თვითშემეცნების მადლს. ამ დებულებას აგვირგვინებს გრიგოლის ლოცვა, რომელშიაც რწმენისა და ზნეობრიობის ძალით ქვეყნის ხსნის ერთადერთი რეალური გზაა გამოძებნილი, აი როგორი მადლმოსილებით ილოცება ჩვენი მოძღვარი:

  „ცათა მეუფეო, იესო, ღმერთო ჩვენო!
მოეც სახიერებით
ძლევაი დღესა მეფესა ჩვენსა
უღმრთოთა ზედა, გულითა მით
ჯუარისაითა, რომელიც დიდებულ არს“.

  ამ ლოცვაში ჩაქსოვილი ვედრების არსი ისევ და ისევ მშობლიური ქვეყნის ხსნის ძიების პერსპრექტივების ჭვრეტაა, რომელიც ჩვენი აგიოგრაფის ფიქრისა და განცდის მარადი თანაარსია და რაც ერთგვარ მუდმივ მელოდიასავით ჟღერს ყოველ მის ამოსუნთქვაში და ამიტომაც ამოკიაფდება და ყოველ სტრიქონშია ჩაქსოვილი ეს განცდა: „იყავნ მადლი შენი შემწე ჩუენდა წმიდათა უდაბნოთა შენთა შინა დამკვიდრებულსა და ყოვლისა ერისა“ - სწორედ ესყოვლისა ერისამომავლის საფიქრალი და საზრუნავია ჩვენ წმინდა ბერთა სასიცოცხლო მოთხოვნილება. ამ მოთხოვნილების არსში ჩადუღაბებულია ერთად ყოფნის, ურთიერთთანადგომისა და ერთიანი მიზნით ცხოვრების გააზრება. ერთიანი საქართველოს ცნების ეს კომპონენტი - ერთი მიზნებით ცხოვრების მოთხოვნილების აუცილებლობა გრიგოლ ხანცთელის მოღვაწეობისა და ნააზრევის ერთ-ერთი მარადიული საზრუნავია. ამ მხრივ უაღრესად მრავლისმეტყველია ხანცთელი და ოპიზელი ბერების დაპირისპირებისა და შეპაექრების ეპიზოდი, რომლის გამო გრიგოლ ხანცთელი მისთვის ჩვეული სიბრძნითა და შორს ჭვრეტით აფრთხილებს არა მარტო ამ ბერებს, არამედ ყველა დროის ქართველს: „მოვედით, შვილნო და ნებაი ურთიერთს შეაზავნეთ, რამეთუ შფოთი ივლტის ბრძენთაგან და ერთობითა უმჯობესი დაამტკიცეც... რაითა სიმტკიცე ერთობისა და სიყუარულისაი აწ დაუმტკიცოთ მომავალთა ჟამთა“ (309). ამ ორიოდე ფრაზაში ჩამოყალიბებული შეგონებები, მათში ჩაქსოვილი ღრმა და მრავალმეტყველი ზნეობრივი და ეროვნული პრინციპებით საგანგებოდ დაწერილი სიციალურ - პოლიტიკური და ზნეობრივ - ეროვნული ტრაქტატის ტოლძალოვანია. თითოეული დებულება ღრმად გააზრებული და მარად სამახსოვრო ორიენტირია, როგორც ინდივიდის, ისე ერისათვისყ აქ ოთხი არსებითი დებულებაა: ჯერ ერთი, შფოთი და ხმაური გონიეროი კაცის საკადრისი ქცევა არაა და ამ გზით ვერაფერს რაციონალურსა და კთილს ვერ მიაღწევ; მეორე - ამის სანაცვლოდ ურთიერთგამგებიანი გზა უნდა გამოძებნონებაი ურთიერთს შეაზავნეთ“, მესამე - აზრთა სხვაობამ კი არ უნდა დაგაშოროს და ურთიერთ მტრად, ერთმანეთის მომსპობად კი არ უნდა გაქციოს, არამედ უნდა ეცადო მოახერხო საერთო გზის ძიება, ერთმანეთში ჰპოო გონივრული, რაციონალური და ამის გაერთიანების გზით ოპტიმალური ვარიანტი დაამკვიდროთ. მეოთხე - ასეთი ურთიერთგაგებისა და თანადგომის გზით შთამომავლობას ვუჩვენოთ ერთობის სიმტკიცე და სიყვარული. ეს ერთობა და ურთიერთ გაგება, ურთიერთ თანადგომის მოთხოვნილება საჭიროა არა მარტო ცალკეული პირებისათვის, ინდივიდებისათვის, არამედ ამასთანავე უმთავრესად სხვადასხვა ჯგუფებსა თუ სოციალურ ან პოლიტიკურ გაერთიანებებისათვის. ეს იდეა იმდენად არსებითია საზოგადოების, ერის ცხოვრებისათვის, რომ მას არაერთგზის იმეორებს და, როგორც ვთქვით, ამ პრინციპის კლასიკური დადასტურებაა გაბრიელ დაფანჩულის სიტყვები, თქმული წმინდა მოძღვართა მიმართ: „ჩვენთან არს ხორციელი კეთილი, თქუენთან არს სულიერი კეთილი და ეს ურთიერთს შევზავნოთსაერო და სასულიერო უფალთა ასეთი თანაზარდობა, მიზნების ერთიანობაა სწორედ საწინდარია ქვეყნის წელმაგრობისა და ერის სახელმწიფოებრივი ძლიერების განხორციელებისა. პიროვნებისა და ერის ერთიანობის პრინციპს მერჩულე ახალ-ახალი კუთხით შეგვამეცნებს. ამ ერთიანობის დადებითი ასპექტის ჩვენების, უკეთ შემეცნების მიზნით უარყოფით ქმედებასაც წარმოგვისახავს, და ასეთი ქცევის გაშიშვლებით კიდევ უფრო გამოკვეთს ერთიანობის არსის სიდიადეს. ამასთანავე მერჩულე მსჯელობას ისე ავითარებს, რომ კონკრეტული მაგალითის გაანალიზებითა და უარყოფითის გაშიშვლებით კიდევ უფრო შეგვამეცნებს ამ მანკიერებით გამოწვეულ შედეგებს. იგი ცქირის ეპიზოდის ანალიზისას მიგვანიშნებს თვით ცქირის ხასიათის გაორებასა და ცბიერებაზე, რაც არა მარტო პიროვნების ხასიათის უარყოფით თვისებად აქვს გამოკვეთილი, არამედ ასეთი ბუნების პიროვნებიდან გამომდინარე საზონადოებრივი და ეროვნული ცხოვრების მოუწესრიგებლობის საშიშროებაზე მიგვანიშნებს.

 ცქირის ეპიზოდში გამოკვეთილი პიროვნების უარყოფითი თვისებების ჩამოყალილებისას მერჩულე საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას აღზრდის პრინციპებზე. ცქირის აღნიშნული ეპიზოდით მერჩულე დამარწმუნებლად შთაგვაგონებს, რომ ეროვნული მთლიანობისაკენ სწრაფვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა უცხოელის მიერ დაქირავებული (მით უფრო, თუ ის უცხოელის მიერაა აღზრდილი) ქართველის ქმედება. გიორგი მერჩულეს თითქოს ეთაკილება, რომ ქვეყნის ასეთი ეროვნული აღმავლობის ატმოსფეროში მის თანამემამულეთა შორის გამოჩნდა მოღალატე და კარიერისტი. ყოვლად შეუძლებლად მიაჩნია ცქირის მუხანათური საქციელის გამართლება და სავსებით მართებულად ხსნის ამ ზნედაცემული უბადრუკის მოქმედებას. კერძოდ, ცქირი იყოტფილისს აღზრდილი საჰაკ ამირისა ისმაილის ძისაგან“ - ამის შემდეგ ყველაფერი აშკარა ხდება: სავსებით დამარწმუნებლადაა მოტივირებული რენეგატის მოქმედება. ეს შტრიხი პედაგოგიური და ეროვნული თვალსაზრისითაა უაღრესად მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი ხაზგასმულია აღზრდის პროცესის არსებითი მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბებაში , მეორეც, ყველასათვის ნათელსა და დამაჯერებელს ხდის, რომ ბევრ შემთხვევაში ეროვნული უბედურების მთავარი მიზეზი ხდება ის ფაქტი, რომ სულმოკლე და მედროვე თანამემამულე შეეკედლება უცხოელს, აღიზრდება მის მორალსა და ფსიქიკაზე და შემდეგ კი უადვილდება თანამემამულეთა ღალატი. თუ არა შინაგამცემლები, გარეშე მტრები ნაკლებად მოგვერეოდნენ. ამიტომაც სწორედ ჩვენშია შექმნილი ბრძნული შეგონება: ტყემ თქვა - ნაჯახში რომ ჩემი გვარისა არ ერიოს, რკინა ვერაფერს დამაკლებდაო. სწორედ ჩვენი გვარის, ჩვენი ზოგიერთი თანამემაულეთაგან ევნო ქვეყანას, რომელთაც არც ნიჭი, არც ცოდნა, არც ზნეობა და არც კაცობა არ ჰქონდათ, რომ ღირსეულთა შორის გამოჩენილიყვნენ, არადა სურვილი და პატივმოყვარეობა კი დიდზე დიდი ჰქონდათ. ავადმყოფური ჟინიანობით უნდოდათ კეთილმდგომარეობის მიღწევა და ეს კარიერისტული ფსიქოზი უცხო ძალების გამოყენებისაკენ უბიძგებდათ, და ამ უცხოელთა ბრმა იარაღად ქცეულნი საბოლოო ჯამში თავსაც იღუპავდნენ და ქვეყანასაც მძიმე მდგომარეობაში აგდებდნენ. უცხოელი დამპყრობელები კი სანთლით ეძებდნენ ამ სულმოკლე კაცუნებს, თავის ენას ასწავლიდნენ, თავისი ზნეობით გაჟღენთავდნენ და მათი წინამძღოლობით იჭრებოდნენ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში. კოლონიზატორთა მეთოდების ანალიზისას განდი წერდა, რომ დამპყრობელი დაპყრობილ ქვეყანაში გამოძებნის ყველაზე უნიჭოს, უვიცსა და უზნეოს, მას ამოატივტივებს, შეუზღუდველ უფლებას მისცემს და მას შეაჭმევინებს თავის ხალხს, ხოლო თვით კოლონიზატორი განზე დგას და არ ჩანსო. მტრისზრუნვის ქვეშაღზრდილი ქართველი კაცი კიდევ უფრო საშიში და ათმაგი ბოროტების მომტანი იყო. ეს კარგად იცოდნენ ჩვენმა თავკაცებმა და აღზრდის ფაქტორზე მუდამ საგანგებოდ ამახვილებდნენ ყურადღებას. აკი კონსტანტინეს მიერ კახეთის სამეფო კარზე დატრიალებული ტრაგედიის გამო არჩილ მეფე საგანგებოდ შენიშნავს: „იგიმც დღე დაიწყევლება, რომ მამამ მისცა ყაენსა, იგი მან ეშმაკმან გაზარდა, მით დაამსგავსა კაენსა“.

 არჩილიც მერჩულეს ტკივილით გოდებს და ორივე ერთნაირი სიბრძნითა და გულისტკივილით გვაფრთხილებს.

 ასეთ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში უხდებოდათ მოღვაწეობა ქართველ მამულიშვილებს და ეს ჩუმი თუ აშკარა ბრძოლა, უდიდესი მსხვერპლი და გულმაგრობა შესანიშნავად აქვს დახატული გიორგი მერჩულეს, რომლის თხზულება შრომის, ბრძოლის, თავგანწირვისა და დიადი იდეების ხორცშესხმის ბრწყინვალე ეპოპეაა.

 როგორც აღვნიშნეთ, ეროვნული აღორძინებისა და შეკავშირების საფუძვლად გიორგი მერჩულე მიიჩნევს პიროვნების მთლიანობის ფაქტორს. სულიერება და ზნეობრიობა აქვს მას გააზრებული ეროვნული აღორძინების უპირველეს საწყისთა საშწყისად. ამიტომაც მისი თხზულება თავიდან ბოლომდე გამსჭვალულია ზნეობრივ ფაქტორებზე ყურადღების აქცენტირებით და საგანგებო შესწავლისა და კვლევის სფეროა, მაგრამ ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ავტორის იმ ბრძნულ შეგონებებსა და დამოძღვრებებზე, რომელიც საფუძველთა საფუძვლად არის გააზრებული მთლიანი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.

 პიროვნების სულიერი სიმტკიცე და თავდადებული შრომაა ადამიანის წარმატებათა საფუძველი და ამიტომაც აფორისტულად შთაგვაგონებს ჩვენი დიდი ჰაგიოგრაფი: ქვეყნის აღორძინების საფუძველიასიმხნე მოთმინებისა და სიწმინდით შრომაი“, რომელსაც შარავანდედად ადგას საღვთო შიში, რადგანაცშიში ღმრთისაითავი არს სათნოებათაი“. იქვე კიდევ უფრო ანვითარებს და აკონკრეტებს ამ შეგონების არსს, კერძოდ, განრისხებისა და აფექტურობის ექსტაზში ადამიანი კარგავს წონასწორობას და ასეთ ვითარებაში გამორიცხულია გონივრული, მართებული გადაწყვეტირების ჩამოყალიბება და კვლავ მარად გასათვალისწინებელი შეგონებით გვმუხტავს გიორგი მერჩულე: „რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის“. მეუხერხულება, რომ ხშირად ვხმარობზნეობრივ ტრაქტატს“, მაგრამ ძნელია თავის შეკავება და ხაზგასმით არაღნიშვნა, რომ მერჩულესეულ ამ ერთ ფრაზაში ჩამოკვეთილი დამოძღვრება მასში აკუმულირებული სულიერი სიბრძნით ეთიკური მოძღვრების, მართლაც, დიდსა და დიდ ტრაქტატს წარმოადგენს. სწორედ სიტყვისა და საქმის ერთიანობა, ურთიერთ შესატყვისობა მიაჩნია გიორგი მერჩულეს პიროვნების მთლიანობის გამომვლენ არსებით ნიშანთვისებად: „სიტყვაი მათი საქმით აღასრული“, - ასეთი იყო მათი ცხოვრების წესი.

ჩვენი უხმაურო დიდი მოღვაწეები უპირველესად საქმით ადასტურებდნენ თავიანთ ნააზრევს. მათთვის წარმმართველი იყო სახარების შეგონება: საქმემან შენმან (და არა მხოლოდ სიტყვამან - ..) გამოგაჩინოს შენ. კვლავ შთაგვბეჭდავენ: „საქმით დაამტკტიცენ სიტყუაი ბაგეთა შენთაი“. ესაა ის პრინციპი, რითაც ცოცხლობდნენ ჩვენი წინაპრები და რამაც შეაძლებინა ესოდენ დიდ საქმეთა კეთება, მამულიშვილები, რომელთათვის უცხო იყო ამაღლებული და მომხიბვლელი ფუჭსიტყვაობით უქნარობისა და, მით უფრო, „ავქმედებისშენიღბვა და ხალხის შეცდომაში შეყვანა.

 როდესაც ვეცნობით და ჩავუღრმავდებით ამ დიდ ერისშვილთა აზროვნების წესს, მათი სულიერების წარმმართველ პრინციპებსა და მათში სიტყვითა და საქმით შედუღაბებულ ერთიანობას, ამის შემდეგ სავსებით ლოგიკური და კანონზომიერი ხდება ის დიდი ეროვნული აღორძინება, რომლის მესაძირკვლეა გრიგოლ ხანცთელი. მისი ნაღვაწის ლოგიკური დაგვირგვინებაა ეროვნული ცნობიერებით გამსჭვალვა არა მარტო მისი თანამედროვეებისა, არამედ მისი ცხოვრების წესი შემამეცნებელია ყველა მისი შთამომავლისათვის. ეს გახდა საარსებო პრინციპი მისი თანამედროვეებიდან დაწყებული ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძით დამთავრებული.

 გიორგი მერჩულე საგანგებოდ გვმოძღვრავს, რომ დიდი საქმისათვის, ეროვნული და სარწმუნოებრივი იდეალებისათვის ზრუნვისას ადაიმანი უპირველესად მთლიანი პიროვნება უნდა იყოს, გაორება და თვალთმაქცობა არა მარტო ადამიანის სახეს აჩენს, არამედ, საერთოდ, მისგან არაფერი სასიკეთო არაა მოსალოდნელი. ამიტომაც გამოკვეთს ცქირის მავნებლურ იმპულსებს, რომლებიც მისი ბუნებიდან გამომდინარეობდნენ. „მარადის უწესოებასა იწრთოდა და მართლიად შეერაცხა თავი თვისი»“. კაცი საქმით უნდა გამოვლინდეს, თორემ თვალთმაქცური სიტყვებით თავს დიდხანს ვერ შენიღბავს. ადამიანისაქმით ჰყოფდეს და არა სიტყვით ვაჭრობდესო“. ამიტომ მრავალმეტყველება მხოლოდ შემნიღბავი და დამღუპველია ყოველი საქმისა. მიუტევებელიაუქმი სიტყუაი და უსარგებლო პასუხი“.

 როგორც ვხედავთ, გიორგი მერჩულე ერთიანი, მთლიანი საქართველოს პრობლემის დაყენებისას ორგანულად გადადის პიროვნების მთლიანობის პრობლემის მოგვარებაზე და ამ ორ თითქოსდა განცალკევებულ საკითხებს ერთ მთლიანობაში განიხილავს და დამარწმუნებელს ხდის, თუ როგორ განაპირობებენ ეს საკითხები ურთიერთს და, მართლაც, თუ პიროვნება არ იქნა სიტყვით და საქმით ერთიანი, უკომპრომისო და ურთიერთგამომრიცხველი იმპულსების უარმყოფელი, ასეთი ინდივიდი ვერც ეროვნულ - სახელმწიფოებრივი პრობლემების მომგვარებლადაც ვერ ჩამოყალიბდება.

 საერთოდ გიორგი მერჩულე, როგორც იშვიათი ანალიტიკური სტილის მოაზროვნე და მოვლენათა სიღრმისეულად ჩამწვდომი შემოქმედი, გლობალურად, ყველა განფენილობის ნიუანსების გათვალისწინებით აყენებს მისთვის საინტერესო პრობლემას და ამ შემთხვევაშიაც, როდესაც საკითხი დგება პიროვნებისა და ეროვნული მთლიანობის პრობლემა, აქაც უყურადღებოდ არ რჩება სხვა ასპექტები.

 ამჯერად ჩვენ მხედველობაში გვაქვს გრიგოლ ხანცთელისცხოვრებაშიწამოჭრილი და განვითარებულიორისავე ცხოვრებისპრობლემა.

 ამ საკითხის შესახებ ჩვენ საგანგებოდ ვმსჯელობთ ადრე გამოქვეძნებულ ნაშრომში და ამიტიომ აღარ გავიმეორებთ წინათქმულს, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ, ქრისტიანული მოძღვრების არსიდან გამომდინარე, გიორგი მერჩულე დაბეჯითებით ამკვიდრებს ჰარმონიის იდეას სულსა და ხორცს შორის. სული და ხორცი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და მით უფრო ურთიერთგამომრიცხველი ფენომენი კი არ არის, არამედ ეს ერთი დიადი, ურთიერთგანმაპირობებელი მთლიანობაა. ეს იდეა აფორისტული ლაკონურობით აქვს ჩამოყალიბებული ჩვენს აგიოგრაფს: „რამეთუ ხორცთა გული უთქმს სულისათვის და სულსა ხორცთათვის“. ეს დიდი ქრისტეოლოგიური სიბრძნე არის განმაპირობებელი და წარმმართველი პიროვნული მთლიანობისა, რაც, თავის მხრივ, როგორც აღვნიშნეთ, გადამწყვეტი და განმსაზღვრელია საზონადოებისა და, საერთოდ, ერის მთლიანობისა. ამიტომაცაა, რომ მთელს ნაწარმოებში გამჭოლავად, მუდმივ მელოდიად ჟღერს ერთიანი საქართველოს, „ყოვლისა ერისამოტივი და ამიტომაც მომნუსხველი უშუალობითა და სიფაქიზით, ზეადამიანური სიწმინდითაა დამუხტული ბერთა ვედრება გრიგოლისადმი, რათა ზეცად ამაღლებული დიდი მამულიშვილი მარად მფარველად ჰყავდეს ჩვენს ერს: „ნუ დამივიწყებ ჩუენ, არამედ იყავნ მადლი შენი შემწე ჩუენდა... და ყოვლისა ერისა“, რაითა ვიპოვნეთ შენ თანა სიხარულისა მის წარუვალისა ცხორებისა“. ამ ვედრების საფუძველს ქმნის ჩვენი ერის ღირსების გაცნობიერება, რაც შთამბეჭდავად შეიმეცნება გრიგოლის მიერ ჩამოყალიბებულ ეპოქალურ ფორმულაში, და რითაცა ვართ მისგან სახელდებულნი: „აღორძინებული ერი საღმრთოი“. ეს არის გიორგი მერჩულეს თხზულების დედაარსი. ეს არის ის მსოფლმხედველობითი კონცეფცია, რომლითაც გამსჭვალულია მისი შემოქმედება და რომლის დამამკვიდრებელია გრიგოლ ხანცთელი.

ყოველივე აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჩვენი ერის დიდი სულიერი მოძღვარი, სარწმუნოებრივ - ზნეობრივი ცხოვრების თავგამეტებული მესაჭე ამ სულიერების ორგანულ ნაწილად იაზრებდა ეროვნულ - სახელმწიფოებრივი, ამქვეყნიური ყოლფითი პრობლემების მოგვარებას. ყოველივე ამაზე ზრუნვითა და ყველა სასიცოცხლო ასპექტის გაცნობიერებით თანამემამულეებში ამკვიდრებდა ეროვნული თვითშემეცნების არსს.

 აგიოგრაფიულ მწერლობაში გამოვლენილი მხატვრული ოსტატობისა და ეროვნული ცნობიერების პრობლემა მუდამ იყო როგორც ქართველ, ისე უცხოელ მკვლევართა დაკვირვებისა და შესწავლის საგანი, მაგრამ ბოლო წლებში კიდევ უფრო გამახვილდა ყურადღება აღნიშნულ საკითხებზე.1

 დამოწმებული ლიტერატურა:

1. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დასტამბული გვაქვს ცალკეული გამოკვლევები და ამჯერად აღარ გავიმეორებთ:

 ) „ლოცვის მხატვრული ფუნქცია . მერჩულეს თხზულებაში, ჟურნალირელიგია“, 1992 წყ №5) ) ესქატოლოგიური საკითხები . მერჩულეს თხზულებაში, „ლიტ. საქ“. 1992 .,26) ) „ორისავე ცხოვრების პრობლემა . მერჩულეს თხზულ-ში“, კრ. „ქართ. მწ-ის საკ-ბი“, „მეცნიერება“, 1993. ) მონაზვნური ცხოვრების წესი გრიგოლ ხანცთელისცხოვრებაში“, სასულიერო აკად. შრომათა კრებ. . 1997 ,) გიორგი მერჩულეს პედაგოგიური შეხედულებები, ჟურნალისკოლა და ცხოვრება“, 1996. № 1 - 3.

  2. ვლადიმერ ნორაკიძე - „ვეფხისტყაოსნისგმირების პროტოტიპები ძველ ქართულ მწერლობაში“, გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, გამომც. „ალმა - მატერი“, . , 1995, გვ.37.

  3. . სირაძე, „წმინდა ნინოს ცხოვრება“, 1997; . ზარიძე - იოანე საბანიძის აბოს წამება., 1998; София Толиакова, Византийская жития как литературное явление, 1995; Д. Демин, О худежественности древнерусской литературы, М., 1998 г.

  Revaz Baramidze

 National Consciousness in Giorgi Merchule's “Life of Grigol Khandzteli”

 Many problems are arisen and considered in Giorgi Merchule's epic work inqluding christological, political, pedagogical, educational and social questions, aspects of moral or dogmatic theology, the way of life of monks etc. Among these aspects one of the most essential is the problem of national consciousness. Discussing the concept of national consciousness Giorgi Merchule pays a special attention to the idea of united Georgia. He presents West Georgia - Abkhazia and East Georgia - Kartli and Kakheti as one and indivisible cultural phenomenon. Especially important is the fact that the author considers the language together with the unified state structure as a basis of the nation's unity. One may seldom come across to a hagiograhpical work in which secular people are presented with such a scale of activities, people who lived with the principle “of one soul, one will and one aspiration”. The principle is organically connected with the unity of purpose and activity of secular and ecclesiastic people is classically formulated by one of the feudals addressing to the ecclesiastic people: “We have corporal kindness and you have spiritual kindness and we united them.” This social harmony is crowned with the author's principle: “The saints with spiritual mood firmly stand for our corporal army.” Giorgi Merchule argues that a basis for such unity and national revival is a unity of inner world. Spiritualism, moralities are the initials of all initials for national restoration and that are why his work is inspired by emphasis on moral factors. According to the hagiologist spiritual firmness and hard work is the main precondition of the success. “Being patient and working hard” - is the essential vital demand. The axis of Giorgi Merchule's national and religious concept is perception of the idea of spiritualism, which has a halo for God's Fear: “Fear for God is virtue itself”.

წყარო: ლიტერატურული ძიებანი 1999 №20