მარსიანი:  გალაკტიონი და გრანელი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


 

გალაკტიონ ტაბიძესა და ტერენტი გრანელს ხშირად ადარებენ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, ამ შედარებას თვით ტ. გრანელმაც დაუდო სათავე თავისი ზოგიერთი ლექსით, განსაკუთრებით კი მე და გალაკტიონით“. რაკი კრიტიკოსები იმთავითვე აღნიშნავდნენ გალაკტიონის გავლენას მის შემოქმედებაზე, გრანელმა სცადა ხაზგასმით აღენიშნა ის თავისებურებანი, რაც მას, როგორც პოეტს, გალაკტიონისგან განასხვავებდა. ვნახოთ ზემოხსენებულ ლექსში რა თავისებურებებს გამოჰყოფს ავტორი:

 1. გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია
.

 2. „გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია“.

 3. „გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემ ლექსიდან მოჩანს უფსკრული
.

 უდავოდ საინტერესო შედარებებია, თუმცა ვერ ვიტყვი,რომ ამით სრულად და ამომწურავად იყოს ნაჩვენებიგანსხვავება ორ პოეტს შორის და შეიძლება ამდახასიათებაში წინააღმდეგობრივი მომენტებიც დავინახოთ:დავუშვათ, გალაკტიონში არის დემონი და გრანელში უფრო ანგელოზია: ეს „უფრო“ ალბათ იმას მიანიშნებს, რომ გრანელშიც რამდენადმე შეიძლება იყოს დემონი; ისმის კითხვა; გალაკტიონში კი არ არის ანგელოზი? დავუშვათ, გალაკტიონში მიწა ანათებს და გრანელში უფრო ზეცის სხივია: აქაც „უფრო“ იმას გულისხმობს ალბათ, რომ რამდენადმე გრანელშიც ანათებს მიწა. კვლავ ისმის კითხვა: გალაკტიონში კი არ არის ზეცის სხივი? (ხომ აშკარაა, რომ ამ მეორე შედარებით გრანელმა უკვე თავის უპირატესობაზე მინიშნება შემოგვაპარა!) დავუშვათ, რომ გალაკტიონში ლურჯი ფერია და გრანელის ლექსიდან მოჩანს უფსკრული; ახლა ვიკითხოთ: განა „ლურჯი ფერი“ დემონს უფრო შეეფერება, „უფსკრული“ კი – ანგელოზს? თუ პირიქით უფროა? და კიდევ: „ზეცის სხივი“ და „უფსკრული“ როგორ ეთავსება ერთმანეთს გრანელთან, ან „მიწის ნათება“ და „ლურჯი ფერი“ – გალაკტიონთან?

 თან თითქოს სწორი და მართებულია ეს დაპირისპირება–დახასიათებანი, თან წინააღმდეგობრიობაც აშკარად ჩანს: ეს იმიტომ, რომ ავტორი მხოლოდ რამდენიმე გარეგნულ ნიშანს გამოჰყოფს და საკითხს აცალმხრივებს, რათა განსხვავება უფრო თვალსაჩინოდ დაგვანახოს; მსგავსებაზე კი არაფერს ამბობს, რადგან მსგავსება უკვე გავლენაზე მიმანიშნებელია.

 ჩვენში, საერთოდ, ობიექტურ განსჯასა და ანალიზს სუბიექტურობა და ემოციონალიზმი ჭარბობს; არიან ე. წ. „გრანელისტები“, რომელნიც მიიჩნევენ, რომ ტერენტი გრანელს არაფერი სჭირდა საიმისო, გალაკტიონისთვის მიებაძა ან გასჯიბრებოდა. რეალური სურათი კი სულ სხვაგვარია; ტერენტი გრანელი არა მარტო ზოგადად არის დავალებული გალაკტიონის პოეტიკით, არამედ ცალკეულ შემთხვევებში სწორადაც რომ ბაძავს და ეჯიბრება გალაკტიონს: ამას ადასტურებს არა მარტო მისი კონკრეტული ნაწარმოებები, არამედ ბიოგრაფიული ფაქტებიც. მწერალი გენო ქელბაქიანი იგონებს ასეთ ეპიზოდს: ტერენტი გრანელის წიგნი გამოსულა, რომელშიც შეტანილი იყო ლექსი „Memento mori“. ეს ლექსი თოთხმეტმარცვლიანი მაღალი შაირით (4:3: 4: 3) არის დაწერილი, ისევე, როგორც გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“ და „ეფემერა“, თემატურადაც „Memento mori“. საკმაოდ ახლოს დგას „ეფემერასთან“ – საკუთარი პიროვნების გამორჩეულობასა და უნიკალურობაზე ხაზგასმით, თვითაღიარებით; გალაკტიონს, როგორც კი ხელთ ჩავარდნია ეს კრებული, წაუკითხავს და მეორე დღეს ტერენტის რომ შეხვედრია, „Memento mori“ ზეპირად წარმოუთქვამს ავტორის წინაშე, ოღონდ რაიმე სიტყვიერი კომენტარი (ქება ან კრიტიკული შენიშვნა) არ დაურთავს; ტერენტი საგონებელში ჩავარდნილა და როცა გენო ქელბაქიანისთვის უამბნია ეს შემთხვევა, გულდაწყვეტილი კილოთი დაურთავს: „მე კი მეგონა ეს ლექსი გალაკტიონის ლექსებს არაფრით ჩამოუვარდებოდაო“.

 გენო ქელბაქიანი სხვა ეპიზოდსაც იგონებს: რომელიღაც კრიტიკოსს ტ. გრანელი გალაკტიონის მიმბაძველად გამოუცხადებია პრესაში. ტერენტი გაბრაზებულა, ოღონდ არა იმდენად იმ კრიტიკოსზე, არამედ თვითონ გალაკტიონზე; გენო ქელბაქიანს და გალაკტიონს გაუგიათ, რომ ტერენტი შეუძლოდ იყო და სანახავად მისულან. ტერენტის კი ასეთი რამ უთქვამს გალაკტიონისთვის:

 „თუ შენ ჩემთან მოხვედი, როგორც დიდი პოეტი პატარა პოეტთან, იცოდე სასტიკად ცდები“.

 გალაკტიონს, რა თქმა უნდა, გაუპროტესტებია:

„რას ამბობ, ძამიკო, რის დიდი პოეტი, მე მოვედი შენთან,
როგორც მეგობარ პოეტთან“.

 ტერენტის კი ამგვარად გაუგრძელებია:

 „ეგეც იცოდე, მე შენზე დიდი პოეტი ვარ“.

 გალაკტიონს უცნაურად გაღიმებია და უპასუხნია:

 „კი, ძამიკო, ჩემზე დიდი ხარ“.

 სხვათა შორის, ტერენტი გრანელმა თავის ერთ წიგნს რომ „Memento mori“ უწოდა (მსგავსად ზემოთხსენებული ლექსისა), ამ ფაქტშიც შეიძლება დავინახოთ გალაკტიონის მიბაძვა: გალაკტიონის ცნობილი „არტისტული ყვავილები“ ხომ ფრანგული სათაურით დაისტამბა „Le crâne aux fleurs artistiques“(სიტყვასიტყვით: „თავის ქალა არტისტული ყვა- ვილებით“). თავის ქალა ხომ თავისთავად სიკვდილთან არის ასოცირებული; და ტერენტი გრანელმაც ცნობილი ლათინური გამოთქმა „Memento mori“ („გახსოვდეთ სიკვდილი“) აირჩია; ვითომ ყოველივე ეს შემთხვევითია?

 ახლა იმ ლექსებს გადავხედოთ, რომლებშიც ტ. გრანელი გალაკტიონს იხსენებს:

 „გალაკტიონი ყოველთვის დიდი,
გალაკტიონი ზეცისკენ მიდის“.

 „გალაკტიონი ხომ პოეტია,
ზარი სიონის გულზე მეტია.
გალაკტიონი რომ მდიდარია,
ზარი სიონის კივის, დარია.
გალაკტიონი ხომ ძვირფასია.
გალაკტიონი მუდამ ასეა“.

 „ერთად ვხეტიალობდით თბილისის ბულვარებში,
რესტორნებში, ბაღებში, მე არსად არ ვტოვებდი,
შენ პოეტად შეგიცნეს, როს ჩაგხედეს თვალებში,
მე კი დავრჩი მტკვრის პირას, უსახელო პოეტი“.

 „ეჭვი არ არის, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი“.

 როგორც ვხედავთ, აქ გალაკტიონის აღიარებაც არის, მისდამი სიყვარულიც, გაჯიბრებაც და მასზე აღმატებულობის თვითრწმენაც.

 ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ლექსი „Memento mori“ გალაკტიონის „ეფემერას“ („ლურჯა ცხენებსაც“) ჰგავს როგორც გარეგნული ფორმით, ასევე, რამდენადმე, შინაარსობლივადაც. ტერენტის აქვს სხვა ლექსებიც, სადაც კიდევ უფრო აშკარად იგრძნობა გალაკტიონის გავლენა: 1921 წელს დაწერილი „მწუხარება ნაკეცი“ და 1922 წელს დაწერილი „მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე“ ფორმით ზუსტად იმეორებს გალაკტიონის „ლურჯა ცხენებს“ და „voiles“-ს: მეტრი და რიტმი აქაც თოთხმეტმარცვლიანი მაღალი შაირია (4: 3: 4: 3), სტროფში რითმების განლაგებაც გალაკტიონის აქ დასახელებულ ლექსთა ანალოგიურია (aaabcccb). გალაკტიონამდე ამგვარ ვერსიფიკაციულ სქემას ქართული პოეზია არ იცნობდა. და თუმცა ტერენტი გრანელის ორივე ეს ლექსი შედევრია, მაინც „ლურჯა ცხენებთან“ მიმართებაში ერთგვარი „მეორადობის“ შთაბეჭდილებას ტოვებენ; ერთი დაზუსტებაც: „ლურჯა ცხენების“ რამდენიმე სტროფში ის სამმაგი შიგა რითმაც გაორმაგებულია და aaabcccb-ს ნაცვლად გვაქვს aaabaaab, ანუ თვით ამ ფორმალური მაჩვენებლითაც – შიგა რითმების რაოდენობითაც – „ლურჯა ცხენები“ მიუწვდომელ ნორმად რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთოდ, შესრულების აბსოლუტურ, სხვათათვის მიუწვდომელ ხარისხზე, შინაგან მონუმენტურობასა და კოსმიურ მასშტაბზე, ღრმა და ენიგმურ შინაარსზე (მკვლევარი როლანდ ბურჭულაძე, მაგალითად, თავის მონოგრაფიაში „მხოლოდ ინტეგრალები“ ამტკიცებს, რომ „ლურჯა ცხენებში“ დაშიფრულად არის გადმოცემული პლატონის ერთ-ერთი დიალოგის შინაარსი – კამათი სულის უკვდავების შესახებ. გამოკვლევაში ისიც კი არის მითითებული, „ლურჯა ცხენების“ რომელი სტრიქონი პლატონისეული დიალოგის რომელი პერსონაჟის სიტყვებს შეესაბამება – სოკრატეს თუ მისი თანამოსაუბრეებისა; რ. ბურჭულაძე გალაკტიონის არაერთ სხვა ლექსშიც კითხულობს დაშიფრულ კონკრეტულ შინაარსებს: გავიზიარებთ თუ არა მკვლევარის დასკვნებს, სხვა საკითხია, მაგრამ გალაკტიონის მრავალი ლექსი რომ ენიგმაა და გაშიფვრის სურვილს ბადებს, ეს უდავოა; გალაკტიონის თაობის სხვა პოეტთა შემოქმედებაზე კი მსგავსი რამ ალბათ ნაკლებად ითქმის).

 ტერენტი გრანელის „მწუხარება ნაკეცი“ და „მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე“ გალაკტიონის სხვა ლექსებისგანაც არის დავალებული ცალკეული მხატვრული სახეებით. ვნახოთ კონკრეტულად:

 გალაკტიონი:

 „დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი“.
(„სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“)

 გრანელი:

 „სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე,
როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში“
 

(„მწუხარება ნაკეცი“...)

 გალაკტიონი:

 „მიჰქონდათ კიდევ კუბო,
ყორნების საუბარი:
დარეკე! დაუბარე!
ათოვდა ზამთრის ბაღებს.“
(„ათოვდა ზამთრის ბაღებს“)

 გრანელი: 

„როგორც ლურჯი პარიკებს,
ღამე ფიქრებს არიგებს
და ყორნებმა დარეკეს ბაბილონის ნაპირთან“.
(„მონოლოგი უდაბნოს ყვავილებში“).

 

გალაკტიონის კვალი ტერენტის სხვა ლექსებშიც შეიმჩნევა:

 გალაკტიონი:

 „ბედი ქროლვის გარეშე ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები“.
(„ეფემერა“)

 გრანელი:

 „და ვიცი უსათუოდ ვარ მსოფლიო პოეტი
და პოეტის სახელი ჩემთვის ყველაფერია“.
(„ალბათ იქ სიცილია...“)

 გალაკტიონი:

 „ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკეცავს,.. ეჰა, ვიტანჯები!“
(„ძვირფასო, ძვირფასო...“)

 გრანელი:

 „ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს
შემინდე, შემინდე, წმინდაო მარიამ...“
„პოეტს გარინდებულს, როგორც პირამიდას,
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს“
(„ფარული ვედრება“)

 გალაკტიონი:

 „ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი“
(„საუბარი ედგარზე“) 

გრანელი:

 „მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი“
(„ფარული ვედრება“)

 აქ მოტანილი მაგალითებიდან გალაკტიონის ლექსები უფრო ადრეა დაწერილი, ვიდრე გრანელისა და ამდენად, უდავოა, რომ გავლენა გალაკტიონიდან მოდის. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ამ ორი პოეტის ერთსა და იმავე წელს დაწერილ ლექსებშიცაა გარკვეული სახის მსგავსება და გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ აქაც უთუოდ გალაკტიონის გავლენას განიცდის გრანელი. შეიძლება პირიქითაც იყოს, ზოგ შემთხვევაში მაინც.

 როგორც უკვე ვთქვით, „მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე“, რომელშიც „ლურჯა ცხენების“ ვერსიფიკაციული სქემაა იმიტირებული, ტ. გრანელმა 1922 წელს დაწერა. იმავე 1922 წელს შეიქმნა გალაკტიონის „ეფემერა“, რომელშიც მთავარი თემა კვლავ ლურჯა ცხენების მხატვრული სახეა, მეტრი და რიტმიც იგივეა, რაც „ლურჯა ცხენებში“ (ანუ თოთხმეტმარცვლიანი მაღალი შაირი), მაგრამ შიგა რითმები აღარ არის, მხოლოდ ჩვეულებრივი ჯვარედინი გარითმვაა (abab); 1922 წლითვე თარიღდება გრანელის „ცისფერი სიშორეც“; მეტრი, რიტმი და გარითმვა ამ ლექსში „ეფემერას“ ანალოგიურია; მე ავტოგრაფებზე ხელი არ მიმიწვდება და ვერ ვიტყვი, გალაკტიონისა და გრანელის ამ 1922 წლით დათარიღებული ლექსებიდან რომელი რომელზე ადრე დაიწერა; ასევე არ ვიცი ტიციან ტაბიძის ლექსის „ცხენი ანგელოსით“ შექმნის თარიღი (ავტორის აღიარებით ეს ნაწარმოები იყო თავისებური დისერტაცია პოეზიის მეფის ტიტულის მოსაპოვებლად); არც პაოლო იაშვილის „წითელი ხარის“ და ალიო მირცხულავას „ელვის რაშების“ დაწერის თარიღებია ჩემთვის ცნობილი; მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – აქ ჩამოთვლილი ლექსების შექმნის იმპულსი უთუოდ „ლურჯა ცხენებიდან“ მოდის: საკმარისია გადაიკითხოთ ეს ნაწარმოებები და, ვფიქრობ, ნათქვამის სიმართლეში დარწმუნდებით; პოეტებმა დაინახეს, რომ „ლურჯა ცხენების“ სახით გალაკტიონმა თავისი „მერანი“ შექმნა, ქართული (და მსოფლიო!) ლირიკის ევერესტი დაიპყრო და ბარათაშვილს გაუტოლდა; ბუნებრივია, რომ ამ დიდად ამბიციურ და ნიჭიერ პოეტებსაც მოესურვათ იგივე გაემეორებინათ. დააკვირდით: ა. მირცხულავას ლექსის სათაური „ელვის რაშები“ თითქოს ერთგვარად „გაუმჯობესებული“ მოდიფიკაციაა „მერანისა“ და „ლურჯა ცხენებისა“. ამ ლექსში ა. მირცხულავა ახალგაზრდული კადნიერებით აცხადებს:

 „ისმის მთების გუგუნი და კლდეების ღრეობა,
ცაზე ელვის რაშები ცეცხლს აჩენენ ჭენებით,
ამ უდაბურ მიდამოს, ამ უკუნეთ ხეობას
ვერ გაივლის მერანი და ვერც ლურჯა ცხენები!“

მირცხულავას ეს ლექსიც, მსგავსად გრანელის „ცისფერი სიშორისა“, ფორმით უფრო „ეფემერას“ ჰგავს, ვიდრე „ლურჯა ცხენებს“: ის ჯვარედინრითმიანი, თოთხმეტმარცვლიანი მაღალი შაირია. შინაარსობლივადაც „ეფემერას“ უფრო უახლოვდება ეს ლექსი (რასაკვირველია, ზედაპირულ, გარეგნულ ასპექტში): მართალია, „ეფემერა“ „ლურჯა ცხენების“ ერთგვარი „დუბლია“, თან თავისი გლობალური მასშტაბით ლამის მასზე აღმატებულიც კი, მაგრამ მასში არის უფრო ლოკალურ-პირადული ხაზიც – საკუთარი პოეტური რენომეს დადგენისა და აგრეთვე მეტოქე-კოლეგებთან თავისებური ანგარიშწორების მომენტიც (სწორედ ამ მხრივ ენათესავება „ეფემერას“ მირცხულავას „ელვის რაშებიცა“ და გრანელის „ცისფერი სიშორეც“): აქ გალაკტიონი თავის „ერთადერთობაზე პირდაპირ განაცხადს აკეთებს („ვწუხვარ, ერთადერთი ვარ...“) და სხვა პოეტებზე თავის აღმატებულებას უსვამს ხაზს:

 „ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
„რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე ისევ ლურჯა ცხენები“.

 ტერენტი გრანელის „ცისფერი სიშორეც“ ასევე
კადნიერად ამხელს ავტორის ამბიციას:

 „ალბათ გენიოსი ვარ და ცისფერი სიშორე“.
„მხოლოდ მე ვარ დამწვარი, მხოლოდ მე ვიფერფლები
და დროა, საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია“.

 მე გალაკტიონზე წლების წინათ დაწერილ სტატიაშიც ვამბობდი, რომ „ეფემერა“ პოეტთა მეფის პასუხია მეტოქეებისადმი, რომლებიც მასთან გაჯიბრებას ბედავენ; მაგრამ თარიღების დაუზუსტებლობის გამო არ ვიცი, „ეფემერას“ შემდეგ დაიწერა გრანელის „ცისფერი სიშორე“ და მირცხულავას „ელვის რაშები“ თუ უფრო ადრე, და ამ ლექსთა მსგავსება გალაკტიონის ამ კონკრეტულ ლექსთან კვლავ გალაკტიონის გავლენითაა გამოწვეული თუ პირიქით, გალაკტიონი განიცდის ამჯერადგრანელისა და მირცხულავას გავლენას და „ეფემერა“-თი ამტკიცებს თავის აღმატებულობას სწორედ იმავე ვერსიფიკაციული მოდელის გამოყენებით, რომელიც ამ პოეტებმა მისგან ისესხეს...

 ბარემ აქვე დავძენთ: უფრო მოგვიანებით, ალიო მირცხულავას რომელიღაც ლექსში ასეთი სტრიქონი გაკრთა: „მე მაპატიებს გალაკტიონი“. დაბეჯითებით მტკიცებას არ ვაპირებ, მაგრამ შეიძლება სწორედ იმ კადნიერი გაჯიბრებისათვის ებოდიშება ავტორი პოეტთა მეფეს... ახლა კიდევ ერთი საინტერესო მაგალითი ვნახოთ მსგავსებისა გალაკტიონისა და გრანელის ლექსებს შორის: ეს ნაწარმოებებიც 1922 წლით არის დათარიღებული – გალაკტიონის „ალაზანთან“ და გრანელის „მოგონება ქარში“: აქ ვხედავთ ერთმანეთის მსგავს პოეტურ სახეებს, თანაც რამდენჯერმე, მოდიფიცირებულად განმეორებულს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ პოეტური სახეების წარმომავლობა არც საკუთრივ გალაკტიონისეულია და არც გრანელისეული, არამედ იეთიმ გურჯის ერთი ლექსიდან იღებს სათავეს; ვნახოთ შესაბამისი სტრიქონები სამივე პოეტთან:

 იეთიმ გურჯი:

 „სიზმრად ვნახე საიათნოვა,
„მითხრა: გეყო ტანჯვა, გლოვა,
„რაც დაკარგე, მას ნუ ეძებ,
„ის არ მოვა, აღარ მოვა“.

 გალაკტიონი:

 „დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.
„რაც დაიკარგა, ის აღარ მოვა.
აქვითინების დრო მერე მოვა,
„დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.
„განწირულებას არ მისცე თავი.
„არ მოიზიდო ცრემლების თოვა.
„დამშვიდდი. ტალღებს მიანდე ნავი.
„ის – დაიღუპა. ის – აღარ მოვა“.

 გრანელი:

 „იმას არ ველი, ის აღარ მოვა,
იმაზე წუხელ არ მიფიქრია“.

 „ის არ მოსულა, ის აღარ მოვა,
ის დადიოდა ბაღში ოდესღაც“.

 „ის დაიკარგა ქარში ოდესღაც,
იმას არ ველი, ის აღარ მოვა“.

 ისმის კითხვა: გალაკტიონმა და ტერენტიმ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ისარგებლეს იეთიმ გურჯის სტრიქონებით, თუ ჯერ ერთმა მათგანმა მოიმოქმედა ეს, მეორემ კი მისი წაბაძვით იგივე გაიმეორა? და თუ ეს უკანასკნელი ვარაუდია სწორი, ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ვის ეკუთვნის – გალაკტიონს თუ გრანელს? ალბათ უფრო გალაკტიონს და აი რატომ: ტერენტი გრანელს ნაკლებად ახასიათებს ტრადიციისადმი ინტერესი, ტრადიციასთან შემოქმედებითი დამოკიდებულება – მეორადი გადამუშავებანი, ციტირებანი.  ალუზიები, პერიფრაზები ქართული თუ უცხოური ლიტერატურიდან: გალაკტიონის პოეზია კი სწორედ ამ ნიშნით არის აღბეჭდილი. პაუნდისა და ელიოტის მსგავსად გალაკტიონიც წარსულის კულტურული მემკვიდრეობის ინტენსიურ შემოქმედებით გადამუშავებას ახდენს: მისთვის არა მხოლოდ კლასიკის მწვერვალებია ყურადღების საგანი, არამედ შედარებით მოკრძალებული მასშტაბის ლიტერატურული ნიმუშებიც: მაგალითად მის ლექსებში არაერთგან გვხვდება ივანე კერესელიძის სტრიქონი „დაჰკარ გრძნობით დაირასა“, გვხვდება აგრეთვე ალექსანდრე ჭავჭავაძის „ვაჰ, დრონი, დრონი“, გრიგოლ ორბელიანის „ჩემო იარალი“ და ა. შ. ტერენტი გრანელს რაც შეეხება, არა მგონია, ის თავისთავად დაინტერესებულიყო იეთიმ გურჯის ლექსით, მაგრამ გალაკტიონის მიერ უმაღლეს ესთეტიკურ რეალობად გარდაქმნილმა იეთიმ გურჯისეულმა მოტივმა, ჩანს, ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და დააწერინა გალაკტიონის ლექსზე არანაკლებ შთამბეჭდავი ნაწარმოები: მისი „მოგონება ქარში“ ისევეა შედევრი, როგორც გალაკტიონის „ალაზანთან“.

 ახლა ისევ ჩვენი სახელოვანი მგოსნების პოეტურ ამბიციებს მივუბრუნდეთ. ხელოვნებაში ინდივიდის, „მე“-ს კულტი მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ დროს დიდი თუ პატარა საკუთარ გამორჩეულობასა და უნიკალურობაზე ცდილობდა სხვათა ყურადღების მიპყრობას. გამონაკლისები ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არც გალაკტიონი და ტერენტი იყვნენ, ოღონდ ერთი კი უნდა შევნიშნოთ – გალაკტიონი უფრო არტისტულად „შეფუთული“ სახით წარმოგვიდგენს თავის ამბიციებს, მხატვრული აუცილებლობის დაღით აღბეჭდავს შესაბამის კონტექსტში, ტერენტი კი უმეტეს შემთხვევაში ზედმეტად პუბლიცისტური პირდაპირობით აკეთებს ამას, თითქოს „კლასი არ ჰყოფნის“ საიმისოდ, რომ ლექსებში გამჟღავნებული ეს თვითშეფასებანი მკაცრი გემოვნების მქონე მკითხველისათვის უშენიშვნოდ მისაღები გახადოს.

 შევადაროთ ერთმანეთს სათანადო მაგალითები ორივე პოეტის შემოქმედებიდან:

 გალაკტიონი:

 „რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით
ვკვდები“

 „როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი“

 „ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი
არსაიდან“

 „ვწუხვარ, ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები“

 „მე უშიშარი ლომი,
მოპოვებული მსხვერპლით.“

 ტერენტი:

 „მე, ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება“

„ უკვე იწამეს ჩემი გენია
და ჩემი ცეცხლი დაუშრეტელი.“

 „ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა“

 „ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.“

 „და, ძვირფასო, ჩემს ბრწყინვალე სახელს
ვგრძნობ, მსოფლიო აღიარებს მალე.“

 „მთელ მსოფლიოს რომ დავიპყრობ, ვიცი. “

 ტალანტი, ნიჭი, გენიოსობა – ამ ტერმინებით კრიტიკოსი თუ აფასებს პოეტს (და, საერთოდ, შეფასება პროზაულ ტექსტში თუ ხდება), ეს სხვა საკითხია, მაგრამ ლექსში ასე პირდაპირი ლაპარაკი საკუთარ შემოქმედებით უნარებზე თუ მონაცემებზე პროზაიზმად აღიქმება და, ცოტა არ იყოს, „ყურს ჭრის“; იქნებ ვინმე შეგვედავოს, გალაკტიონი რომ „მეფედ“ და „ლომად“მოიხსენიებს თავს, ეს საკუთარ გენიოსობაზე მინიშნება არ არისო? საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ეს მინიშნებაა და არა შიშვლად თქმა: „მეფე“, „ლომი“, „ერთადერთობა“ და ა. შ. მხატვრული ფიგურებია, მხატვრული პირობითობანი და თუმცა აშკარად ამხელენ პოეტის ამბიციას, ნაწარმოების კონტექსტში მოხდენილად ჟღერენ და რაიმე უხერხულობას არ ქმნიან. როცა გალაკტიონი ერთ ლექსში ამბობს – „წყნარად, მსოფლიო! წინ, მსოფლიო! მსოფლიო, ჩუმად!“ – ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მართლა მსოფლიოს მბრძანებელი მეტყვე- ლებდეს, ან სულაც გაცხადებული უფალი მრისხანებდეს განკითხვის დღეს: და ეს იმიტომ, რომ აქ მხატვრულ მეტყველებასთან გვაქვს საქმე, პოეტურ ტექსტში დაცულია მხატვრულობის კანონი და ემპირიული რეალობა არ არღვევს მას, როგორც ეს გრანელთან ხდება. მართალია არც იმის თქმა შეიძლება, რომ გრანელის ლექსებს დიდად ვნებდეს ეს გადაჭარბებული პირდაპირობა, მაგრამ ეს მაინც ხარვეზია; არადა, როცა მოინდომებდა, გრანელს გალაკტიონზე არანაკლებ ლამაზად და მაღალმხატვრულად შეეძლო ლექსში თავისი შემოქმედებითი ამბიციის გამოხატვა:

 „ჩემი სუსტი სხეული გაწყვეტილი ძაფია,

ჩემი შემოქმედება დედამიწის სიზმარი. “ 

მაგრამ ცოტა უფრო ზემოთ მოყვანილ მაგალითებში რომ ტერენტი თავის მომავალ „მსოფლიო აღიარებაზე“და თავის მიერ „მსოფლიოს დაპყრობაზე“ ქადილით ლაპარაკობს, ეს, ცოტა არ იყოს ინფანტილურობისა და არაადეკვატურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

ან კიდევ, როცა ტერენტი ერთ ლექსს ასე იწყებს :

 „ეს არის ბაღში ახლა მოვედი,
მომაქვს ტალანტი დიდი პოეტის“ –

 ეს, პირდაპირ რომ ვთქვათ, კომიკურად ჟღერს : გეგონება, „ტალანტი“ რაღაც მძიმე ნივთი, ტვირთი იყოს და ხელში დაჭერილი ან ზურგზე მოკიდებული მოჰქონდეს!

 რაც შეეხება ტერენტის განაცხადს:

 „ეჭვი არ არის, რომ გალაკტიონს
მე ჩამოვართვი მეფის სახელი“ –

 განა ესეც რეალობის გრძნობის არქონაზე არ მეტყველებს? „ეჭვი არ არისო“, ისე ამბობს, თითქოს უკვე მთელი ქართული ლიტერატურული სამყარო (მწერლები, კრიტიკოსები, მკითხველები) ღაღადებდეს – ტერენტი გრანელმა გალაკტიონს აჯობა თავისი შემოქმედებით და „პოეტთა მეფის“ სახელი გალაკტიონს უნდა ჩამოერთვას და ტერენტის მიენიჭოს! კი მაგრამ, სად და როდის მოხდა ამგვარი რამ? ასე ხომ მხოლოდ თვითონ ტერენტი გრანელი ფიქრობს (და, შესაძლოა, ერთი-ორი „გრანელისტიც“), დანარჩენ საზოგადოებას კი სწორედ იმაში არ ეპარება ეჭვი, რომ გალაკტიონისთვის „პოეტთა მეფის“ სახელი არავის ჩამოურთმევია...

 ასევე რეალობის გრძნობას მოკლებულია ტერენტის სხვა განაცხადიც:

 „და პოეზია ტრიალებს ახლა
„მხოლოდ ტერენტი გრანელის ირგვლივ.“

 სხვათა შორის, მე ნებისმიერ „გრანელისტზე“ არანაკლებ ღრმად მაქვს შესწავლილ-შეთვისებული ტერენტი გრანელის შემოქმედება, არც მათზე ნაკლებად მიყვარს იგი და სულაც არ ვაყენებ ეჭვქვეშ მის დიდ პოეტობას (გნებავთ, გენიალობას), როგორც შეიძლება მოეჩვენოთ ამ წერილის წამკითხველებს. ოღონდ, არისტოტელეს თქმის არ იყოს, „პლატონი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“; მე რეალურად არსებულ ვითარებაზე ვლაპარაკობ და არა ჩემს სუბიექტურ წარმოსახვებზე, არგუმენტების მოშველიებით ვცდილობ ცხადვყო, რომ ტერენტი გრანელის შემოქმედება შესამჩნევად არის დავალებული გალაკტიონისაგან; თუ ვინმე უფრო ძლიერი არგუმენტებით გააბათილებს ჩემს დასკვნებს, დაე სცადოს, ჰა ბურთი, ჰა მოედანი!

 სხვათა შორის, ტერენტი გრანელს მაინცდამაინც გალაკტიონთან რომ აჯიბრებენ და ზოგჯერ უპირატესობასაც კი ანიჭებენ, ეს შემთხვევითი როდია: როგორც წერილის დასაწყისში ვთქვი, ამ შედარებას გარკვეულწილად თვით ტერენტი გრანელმა დაუდო სათავე გალაკტიონთან თავისი დაუფარავი მეტოქეობით და, როგორც ჩანს, „გრანელისტები“ თავიანთ კერპს უფრო უჯერებენ, ვიდრე ობიექტურ სინამდვილეს; მე იმასაც კი ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ალბათ არც თუ ისე საფუძვლიანად იცნობს გალაკტიონის მეტად ვრცელ შემოქმედებას, სათანადოდ არა აქვთ გაცნობიერებული მისი პოეზიის უჩვეულო მრავალწახნაგოვნება და უნივერსალიზმი, ძნელად შესაცნობი სიღრმე და ზეადამიანური მასშტაბები, ოსტატობის სრულიად განსაკუთრებული, აბსოლუტური ხარისხი: „გალაკტიონისთანა დიდი ვირტუოზი ლექსისა არც საქართველოს და არც საერთოდ ჩვენს პლანეტას არ მოეპოვებაო“, განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც ორიგინალში კითხულობდა რუსულ, გერმანულ, იტალიურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე შექმნილ პოეზიას, საერთოდაც ხელი მიუწვდებოდა მსოფლიო ლიტერატურაზე და მგონი მის გემოვნებას დაეჯერება, თუნდაც რამდენადმე ჰიპერბოლიზებულად გვეჩვენოს მისი ეს განაცხადი. რაგინდ არ უნდა გვიყვარდეს ტერენტი გრანელის შემოქმედება, იგი გალაკტიონის მასშტაბებთან შედარებით მაინც რამდენადმე კამერულად უნდა მივიჩნიოთ; ქართული ანდაზა ამბობს – „კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქა არ შერჩებაო“: იქნებ ამ უფაქიზეს ლირიკოსებზე საუბრისას ცოტა ტლანქად ჟღერდეს ეს ხალხური გამონათქვამი, მაგრამ საქმის ვითარებას ზუსტად კი შეესაბამება... 

ოღონდ აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგ-ზოგები, საპირისპიროდ „გრანელისტებისა“, მეორე უკიდურებასობაში ვარდებიან – ტერენტი გრანელი არასაკმარისად თვითმყობად შემოქმედად ეჩვენებათ, რაკი მის პოეზიაში გალაკტიონის გავლენას ხედავენ; სხვაგვარად რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ წლების წინათ რაღაც კონკურსის მსგავსი ჩატარებულა, მეოცე საუკუნის ხუთი საუკეთესო ქართველი პოეტი უნდა დასახელებულიყო თურმე და ამ ხუთეულში ტერენტი გრანელი ვერ მოხვედრილა! ზუსტად არ ვიცი, გალაკტიონის გარდა ვინ და ვინ გააერთიანეს იმ ხუთეულში, მაგრამ, თუ არ ვცდები, ერთი ცოცხალი პოეტიც შეუყვანიათ „ორიგინალური ხელწერით“ გამორჩეულობის გამო; ორიგინალობა, რა თქმა უნდა, კარგი და სასურველია, მაგრამ, პოეზიის შეფასების მთავარი კრიტერიუმი მაინც მხატვრული ხარისხი და თემატიკის მასშტაბურობაა ერთდროულად მოცემული, და ამ მხრივ, არა მგონია, ტერენტი გრანელმა ვინმეს ეგრე ადვილად დაუთმოს გალაკტიონის გვერდით დგომის პატივი... რაკი ის ტლანქი ანდაზა მაინც დავისაჭიროვეთ ზემოთ, ბარემ ესეც ითქვას: ხარი იქნებ კამეჩს ვერ უსწორდებოდეს, მაგრამ ვერძებთან თუ ვაცებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს...

 ან განა ორიგინალობისა და თვითმყოფადობის მხრივ მართლა რაიმე აკლია ტერენტი გრანელს? უდიდესი ფრანგი პოეტი პოლ ვალერი თავისთავს სტეფან მალარმეს მიმდევრად, მალარმეს სკოლის პოეტად აცხადებდა. არც ტერენტი გრანელს აყენებს ჩრდილს გალაკტიონის პოეტიკით დავალებულობა, გნებავთ, გალაკტიონის სკოლის პოეტად შერაცხვა. მისი ხელწერა გალაკტიონის ხელწერისაგან მკვეთრად განსხვავებულია მაშინაც კი, როცა საგანგებოდ ახდენს გალაკტიონის ლექსის ვერსიფიკაციული სქემის იმიტირებას და ამით, როგორც უკვე ვთქვით, ერთგვარი „მეორადობის“ დაღს ასვამს თავის ლექსს: შევადაროთ ერთმანეთს ზემოთ უკვე არაერთგზის ნახსენები „მონოლოგი უდაბნოს ყვავილებზე“ და „ლურჯა ცხენები“ და აშკარად დავინახავთ, რომ ვერც ვერსიფიკაციული იდენტურობა და ვერც ზოგადად მსგავსი პოეტიკა ვერ ფარავს იმ შინაგან, არსობრივ განსხვავებულობას, რაც ამ ორ დიდ პოეტურ ინდივიდუალობას შორის არსებობს: სხვადასხვაგვარია მათი ბიორიტმები თუ ენერგეტიკა, შინაგანი ჰაბიტუსი თუ აურა, და, რა თქმა უნდა, მსოფლაღქმა, სამყაროსთან მიმართების მოდუსი...

ვფიქრობ, „გრანელისტებისა“ და „ანტიგრანელისტების“ ზემოთ მითითებული უკიდურესობანი ერთი მედლის ორი მხარეა: რატომღაც არცერთ მხარეს ხელს არ აძლევს ობიექტური რეალობა, ანუ ის, რომ ტერენტი გრანელი გალაკტიონის გავლენის მიუხედავად არის დიდი პოეტი: პირველთ ამ გავლენაზე სიტყვის გაგონება არ სურთ, მეორენი კი პირიქით – მეტისმეტად აზვიადებენ ამ გავლენის როლს: ჩანს, ორივე მხარეს „გავლენა“ რაღაც მომაკვდინებელი ცოდვა ჰგონია; არადა, გავლენებისაგან თავისუფალი მწერალი, ხელოვანი ალბათ საერთოდ არ არსებობს ბუნებაში: ეს თითქოს ყველამ იცის ზოგადად, თეორიულად, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ ხელოვანთა შემოქმედებაზე საუბრისას ეს ცოდნა რატომღაც დავიწყებული გახლავთ.

 14. 03. 2010.