ლევან ბრეგაძე:  ილიას ბედისწერა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



 

 

ოცდაოთხი წლის ილია ჭავჭავაძე 1861 წლის ოქტომბერში წერს უსათაურო ლექს-შედევრს "ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში" (დაიბეჭდა 1863 წელს, "საქართველოს მოამბის" პირველ ნომერში), რომელშიც თემატიზებულია მისი დამოკიდებულება იმ ფაქტთან, რომ მშობელი ხალხის ერთ ნაწილს იგი სამშობლოს მოძულედ შეურაცხავს:

"ჩემზედ ამბობენ: ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!"
 
რამ გამოიწვია ასეთი რისხვა ახალგაზრდა პოეტის მიმართ? ჯერ ხომ არც "კაცია-ადამიანი?!"–ა დაწერილი, არც "ბედნიერი ერი", არც "რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით", რომლებშიც მშობელი ხალხის ნაკლოვანებათა კრიტიკამ მწვერვალს მიაღწია. ჯერჯერობით (ამ ლექსის დაწერის დროისთვის) ილიას ხელიდან გამოსულ იმ მრავალ "აღმაშფოთებელ" ტექსტთაგან, რომელთაც შეძრეს ქართველობის გული და გონება, საზოგადოებისთვის მხოლოდ კრიტიკული სტატია "ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის მიერ "შეშლილის" თარგმნაზედა" არის ცნობილი; იგი "ჩემო კალამოს..." დაწერამდე რამდენიმე თვით ადრე გამოქვეყნდა.

"ორიოდე სიტყვაში" უკვე მკაფიოდ იგრძნობა, რომ მისი ავტორი არამარტო ქართული ანბანის, არამედ ცხოვრების მოდერნიზაციის მოსურნეა, მოდერნის მომხრეა, რაც ყველგან და ყოველთვის წინააღმდეგობას აწყდება კონსერვატორთა მხრიდან.

ციტატა "ორიოდე სიტყვიდან":

"რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, – ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ".

სამი წლის შემდეგ "კაცია-ადამიანშიც" ამასვე იმეორებს:

"მარტო ქვეყანაა, მკითხველო, დაურღვეველი, და ერთი ლამაზი, გონიერი ქართველის ანდაზა: "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა", თორემ "ნუ დააგდებ ძველსა გზასაო" – ეს ჩინეთიდამ შემოგვეპარა და რასაც ჩინეთის ფერი ადევს, ის, რასაკვირველია, დაირღვევა...".

სიტყვა "მოდერნს" ილია ჭავჭავაძე არ ხმარობს. გიორგი კანკავას დაკვირვებით, იმჟამად ქართულ ენაში მოდერნის შესატყვისი გამოთქმა ყოფილა "გამოცვლილი დრო"; მას იყენებენ "ძველებიც" და "ახლებიც", ოღონდ მათი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ, ბუნებრივია, ერთმანეთისგან განსხვავებულია (გიორგი კანკავას სიტყვით, "უთუოა, რომ "ძველებმა" სათანადოდ, მთელი სიღრმით ვერ შეაფასეს "გამოცვლილი დროის" რაობა და მნიშვნელობა ქართველობის არსებობის თუ წარმატების საქმეში"). მკვლევარის შეტყობით, "გამოცვლილი დროის" ცნება მთავარია ილიას სააზროვნო სისტემაში".

ყველაზე აღმაშფოთებელი ილიას ოპონენტთათვის ალბათ დევიზის – "რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათ" – "ჩინეთის ფილოსოფიად" (ანუ უმართებულო მოწოდებად) გამოცხადება უნდა ყოფილიყო, თუმცა ამაზე ისინი თავიანთ საპასუხო წერილებში სიტყვას არ ძრავენ, დუმილით უვლიან მას გვერდს.

(მხოლოდ ერთგან, ბარბარე ჯორჯაძის პასუხში, იგრძნობა ფარული დაპირისპირება ამ თვალსაზრისთან. მხედველობაში გვაქვს ეს ადგილი ილიას ოპონენტის სტატიის პირველივე წინადადებიდან: "...ჩვენ მოვმდინარეობთ მამაპაპათ ჩვეულებაზედ და უმაღლეს პოეზიას, გინა ფილასოფიას ვპოვებთ უმეტესად საღმრთო წიგნებში...").
ამ პრინციპულ საკითხზე ჭაბუკ პოეტთან მოპაექრეთა დუმილის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ "ორიოდე სიტყვის" ბოლოს ილია ჭავჭავაძე მკაფიოდ აცხადებს: "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება, თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?".

ოპონენტებს შეეძლოთ ეკითხათ, თუკი მამა-პაპის გზა დავაგდეთ, მამა-პაპათაგან დატოვებულ საუნჯეს როგორღა ვუპატრონოთო? რაზედაც ილიას მოუწევდა განემარტა მათთვის შინაგანი წინააღმდეგობის, ვითარცა მამოძრავებლის, მნიშვნელობა პროგრესისათვის საზოგადოდ, ხოლო ამ შემთხვევაში წინაპართაგან დატოვებული საუნჯის სათანადოდ, დროის შესაფერისად მოსავლელად და საპატრონებლად.

ყველაზე საგულისხმო ლექსში "ჩემო კალამო..." მშობელი ხალხისა და მშობელი ქვეყნისადმი ილიას ამბივალენტური (წინააღმდეგობრივი) დამოკიდებულებაა. იგი არ უარყოფს, რომ მას რაღაც სძულს მის თანამედროვე სამშობლოში, მაგრამ იქვე დასძენს, კარგი გული მაშინვე იგრძნობს "ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულიაო". ხოლო რა სძულს და რა უყვარს მას სამშობლოში, მკაფიოდ გამოთქვა პოეტმა ამ ლექსის ავტოგრაფის მინაწერში:

"ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს" (ჭავჭავაძე ი., თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. 1. თბ., 1951, გვ. 455).

საერთოდ, ილიას უყვარს და ეხერხება ამბივალენტური, წინააღმდეგობრივი განცდების გადმოცემა, რომლებიც ანტონიმებით გამოიხატებიან და პარადოქსის ფორმა აქვთ (გავიხსენოთ "გულში რაღაც მზიანი ჩრდილი იყო" – "გლახის ნაამბობიდან"; შდრ. "...და იმის მზიან ჩრდილებში..." – "ბაზალეთის ტბიდან"; ან კიდევ: "მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს, უკუ-ჰყრის კიდეც, ვით ღრუბელს ქარი"– "კაკო ყაჩაღიდან").

"ჩემო კალამოში" თემატიზებული ეს სიძულვილ-სიყვარული გასდევს ბოლომდე ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასაც და შემოქმედებასაც – ეს მისი ბედისწერაა. ამის გამო ამ ლექსის მნიშვნელობა განსაკუთრებულია როგორც ილია ჭავჭავაძის შემოქმედების, ისე მთელი ქართული პოეზიისთვისაც.

მოდერნის ეპოქის ("გამოცვლილი დროის") უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია მოძრაობა, ის თვისება, რითაც მოდერნი თვალსაჩინოდ განსხვავდება უძრაობისკენ, სტაგნაციისკენ მიდრეკილი პრემოდერნისაგან. "ორიოდე სიტყვაში" ვკითხულობთ:
"ბაირონის გმირები კაზლოვის ბერისავით არ კნავიან და ჩივიან, რათა ნუგეში სცეს ვინმე, (...) ისინი არ შეეკედლებიან მონასტრის კედლებსა მოსასვენებლად, იმათ სულ მოძრაობა უნდათ", ხოლო იმავე ხანებში დაწერილ, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებულ, "მგზავრის წერილებში" იგი ამ აზრს, ანუ მოძრაობის მნიშვნელობას, ასე განმარტავს ბუნების მოვლენათა სიმბოლიკის მოშველიებით:

"დიდებულია [მყინვარი], მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ [...] არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს. [...] ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალს შუბლზედ ერთ ძარღვსაც არ აატოკებს. [...] განზედ გამდგარა, მიუკარებელია. [...] მყინვარი დიდ გეტეს მაგონებს და თერგი კი მრისხანე და შეუპოვარს ბაირონსა. ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გარდაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი...".

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ "მამების" ბრძოლა ილიას წინააღმდეგ, არსებითად, მოდერნის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ოპონენტებისთვის აშკარა იყო მეორე მხარეც ილიას მსოფლმხედველობისა – მისი ლიბერალიზმი ("ის ლიბერალი, ბურთივით მრგვალი...", დაწერს მის შესახებ მოგვიანებით გრიგოლ ორბელიანი), რის გამოც ილია მიუღებელი იყო არამარტო კონსერვატორი "მამების", არამედ სოციალ-დემოკრატი "შვილებისთვისაც".
იმავე "მგზავრის წერილებში" ვკითხულობთ:

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს, მკითხველო! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი, რომ მშვიდობიანობა მოაქვს. ღვინო ჯერ უნდა ადუღდეს, აირიოს-დაირიოს და მერე დაწმნდება ხოლმე. ესეა ყველაფერი ამ ქვეყანაზედ".

მაგრამ სოციალ-დემოკრატებმა კარგად იცოდნენ, რომ ეს ის რევოლუცია არ იყო, რასაც ისინი ესწრაფოდნენ. ილიას ლიბერალიზმი, ყოვლად მიუღებელი რამ იმდროინდელ სოციალ-დემოკრატთათვის, მკაფიოდ ჩანს მის ამ სიტყვებში:
""...კერძო საკუთრება ჯერ კიდევ ქვაკუთხედად უდევს არამცთუ მთელს სახელმწიფურს და საზოგადოებურ წყობას რუსეთისას, არამედ მთელს ცხოვრებას დაწინაურებულ ქვეყნებისას მთელ დედამიწის ზურგზე. [...] კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება" (ჭავჭავაძე ი., თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. 9. თბ., 1957, გვ. 279-280).

ისტორიამ სავსებით დაადასტურა ილია ჭავჭავაძის ამ თვალსაზრისის მართებულობა. ამ სტრიქონების დაწერიდან თითქმის ასი წლის შემდეგ ჩვენ თვალწინ კრახით დამთავრდა კერძო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული გრანდიოზული ექსპერიმენტი, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად მაქსიმალურად უზრუნველყოფილი საბჭოთა კავშირსა და "სოციალისტური ბანაკის" სხვა ქვეყნებში.

* * *
ბერნში გუვერნიორად მუშაობისას ახალგაზრდა ჰეგელს შვეიცარიის ალპებში უმოგზაურია და თავისი შთაბეჭდილებები დღიურში ჩაუწერია. ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით არსენი გულიგა წერს: "მუდმივი თოვლით დაფარულმა გოლიათმა მთებმა ჰეგელი გულგრილი დატოვა... ფილოსოფოსს, რომლის აზრებიც მთლიანად დაეპყრო საუკუნის მჩქეფარე პოლიტიკურ და სულიერ ცხოვრებას, ალპების ლანდშაფტის უძრავი დიდებულება არ იტაცებს, ის არც სიწყნარეს ეძებს და არც მოსვენებას, და მთელი გულით ხარობს, როცა ბუნებაში ისეთ რაღაცას აღმოაჩენს, რაც მისი აზრების დაუცხრომელ მდინარებას შეესატყვისება. ასე გაიხარა მან რაიხენბახის ჩანჩქერის ხილვისას. აქ ყოველივე მოძრაობს, და, თუმცა გვეჩვენება, თითქოს ჩვენ თვალწინ სულ ერთი და იგივე სურათია, სინამდვილეში იგი განუწყვეტლივ იცვლება" (გულიგა ა., ჰეგელი. მოსკოვი, 1970, გვ. 26. რუსულ ენაზე).
ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილებშიც" ბუნების მოვლენებისადმი ასეთივე დამოკიდებულებაა გამჟღავნებული – ყველას კარგად გვახსოვს ქრესტომათიული "მყინვარისა და თერგის დაპირისპირება" (ზემოთ ნაწილობრივ ციტირებული).

26 წლის ჰეგელისა და 24 წლის ილია ჭავჭავაძის მსგავსმა სულიერმა განწყობამ, ბუნების მოვლენებისადმი მათ მსგავს დამოკიდებულებაშიც იჩინა თავი. ორივე ერთნაირად "კითხულობს" ლანდშაფტს, ორივე სიმბოლოების ერთი და იმავე ლექსიკონით სარგებლობს, ორივე ბობოქარი ცხოვრებისთვის არის დაბადებული...