მაია ჯალიაშვილი:  სიყვარულის დღესასწაული (გალაკტიონ ტაბიძის "რაც უფრო შორს ხარ" )
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



ამ ლექსში პოეტი ხატავს სიყვარულს, როგორც დღესასწაულს.

ხომ ცნობილია, რომ შეყვარებული მიისწრაფვის, საყვარელი ადამიანი გვერდით ჰყავდეს. გავიხსენოთ "ვეფხისტყაოსნის" გმირი, ავთანდილი. როცა თინათინი გაამეფეს, ავთანდილს გაუხარდა, რომ, როგორც სპასპეტი, მთავარსარდალი, მეფეს უფრო ხშირად ნახავდა: "თქვა ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, / ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა". იგი აქამდე იშვიათად ნახულობდა მას, თინათინს, ბროლ-ფიქალის მეტაფორით რომ მოიხსენიებს და თვითონაც ამის გამო დარდისგან ფერი ჰქონდა გამკრთალი.

გალაკტიონის ამ ლექსის პირველი სტრიქონი კი თითქოს პარადოქსულად გაისმის: "რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!" ლირიკულ გმირში სატრფოს შორს ყოფნა ტკივილს, დარდსა და სევდას კი არა, ტკბობას, სიხარულს იწვევს. მკითხველს გაუჩნდება კითხვა: რატომ? როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანთან დაშორება გახარებდეს? პასუხი ლექსის შემდეგ სტრიქონებშია. ლირიკულ გმირს სატრფოს სიშორე იმიტომ ახარებს, რომ: "მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი". მას თავისი ოცნება უყვარს, რომელიც სანამ განხორციელდება, მანამ არის სანუკვარი. როცა სატრფო შორს არის, მაშინ ათასი ოცნება ჩნდება. ლირიკული გმირი მას ოცნებაში გააიდეალებს, სრულყოფილებად აქცევს, ისეთ თვისებებს მიაწერს, რომლებიც შეიძლება ხორციელ-რეალურ ადამიანს არ გააჩნდეს.

აქ არის ოცნების რეალობაზე აღმატება. ოცნება უფრო სანუკვარია, ვიდრე რეალობა. რეალობა ერთმნიშვნელოვანია, ოცნება კი მრავალმნიშვნელოვანი.
არის თუ არა ამ ლექსის ლირიკული გმირის წარმოსახვა და ოცნება შთაგონებული "ვეფხისტყაოსნის" იდეალებით? ალბათ, კი. რადგან მიჯნურს მართებს "შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა" (აალება, წვა). აქაც სწორედ ამ სიშორეზე არის ყურადღება გამახვილებული. თუ ცხოვრება, ბედი მიჯნურებს არ აშორებს (მაგალითად, ნესტანი და ტარიელი ერთმანეთს ავმა ბედმა დააშორა. გავიხსენოთ, ხვარაზმშას მოკვლის ამბავი და ნესტანის გადაკარგვა), მაშინ ისინი თვითონ შორდებიან რაიმე მიზეზით. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, თინათინი ავთანდილს შორ გზაზე აგზავნის სახიფათო დავალების შესასრულებლად, მან უცხო მოყმის ამბავი უნდა გაიგოს, თან, სამ წელს აძლევს ვადას. ასე რომ, ეს დაშორება კარგად გამოაჩენს, რამდენად მტკიცეა მათი სიყვარული, თან ერთმანეთზე ოცნებას ფრთებს შეასხამს.

გალაკტიონის ლექსის ლირიკული გმირი, მართლაც, "ვეფხისტყაოსნის" იდეალებით არის შთაგონებული, მისთვის სიყვარული წმინდა და ამაღლებულია, ამიტომაც ამბობს, რომ მისი ოცნება არის "ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი". ასეთ არაჩვეულებრივ შედარებას იყენებს პოეტი ოცნების მიუწვდომლობის წარმოსაჩენად. მზის სხივს ვხედავთ, მაგრამ ხელს ვერ შევახებთ, იგი ხომ არამატერიალურია, ხელშეუხებელია, წმინდაა, სიხარულისა და სითბოს მომტანია. მას ვერ ლაქავს ვერაფერი, ვერც ცხოვრების ჭუჭყი. ასეთი უმანკო, სუფთა და მაცოცხლებელია პოეტისთვის სატრფოზე ოცნება. თითქოს საკმარისად არ ეჩვენა პოეტს ეს შედარება და კიდევ ერთ შედარებას მიმართა თავისი ოცნების წარმოსაჩენად: "მიუწვდომელი – როგორც ედემი". ედემი სამოთხეა. ხორციელი ადამიანი მხოლოდ ოცნებობს სამოთხეზე, რადგან იგი მიღმა სამყაროშია, თანაც, მხოლოდ ნეტარ, წმინდა სულთა ხვედრია ედემი. ეს შედარებაც უფრო გამოკვეთს, თუ როგორია ლირიკული გმირის ოცნება, მიუწვდომელია სამოთხესავით.

ამგვარი ოცნება შორეულ ქალზე პოეტთა შთაგონების წყაროა. გალაკტიონის პოეზიაში ხშირად გვხვდება მისი სახება, მაგალითად, ლექსში "მოვა, მაგრამ როდის?":

"შორეული ქალის ეშხი მოვა… მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის,
სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის!"

შორეულ ქალზე ოცნება ცხოვრებას სიზმრად გადააქცევს. სიზმარში კი არამიწიერი ფერებია და უჩვეულო განცდები. შორეული ქალის ეშხი ათრობს ლირიკულ გმირს და ელის მის მოსვლას, თან ეს მოლოდინი ატკბობს. ის ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული იქნება. ამ მოლოდინში კი დაწერს მშვენიერ ლექსებს, მაგალითად, ასეთს: "უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ, უსიყვარულოდ არ არსებობს არ სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ".

მის შემოქმედებაში ამგვარი შორეული ქალია მერი. ის წარმოსახულია, უპირველესად, მაგრამ მას ჰყავს პროტოტიპი – მერი შერვაშიძე. რომელსაც პოეტი რეალურ ცხოვრებაში არ შეხვდრია, არ უსაუბრია, მაგრამ ბევრ ლექსში გაკრთება მისი ულამაზესი სახე:

"შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი,
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა".

მერის, საოცნებო ქალის, წარმოსახული ჯვრისწერა – ესე იგი, ოცნების დაკარგვა ლირიკული გმირისთვის ტრაგედიაა და სასოწარკვეთა ამგვარად ჩნდება ლექსში: "ქარი და წვიმის წვეთები ხშირი / წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული/, და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული". გალაკტიონი "დღურში" წერს: "სახელი "მერი" – მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელის, მერის – აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი

ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ერთი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი – სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი – რომანტიკული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია”.

მერი იქცა შორეული საოცნებო ქალის სიმბოლოდ: "მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯა ცხენი, /გადვიჩეხე, უკურნებლად დაჭრილი ვარ... დამეხსენი! /შეკიდებიან მთვარეს, როგორც მძიმე მტევნები, /თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები, /ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად. /სადღაც შორს მუსიკა კითხულობდა: /ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი? /ჩახმახის წუთი, ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,/ შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი. /ლიუციფერი: – ვინ არის ეს ქალი, /ვინ არის ეს ქალი ასეთი ცისფერი? ("ვინ არის ეს ქალი?").

ჩვენს განსახილველ ლექსში კი ვკითხულობთ:

"და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე".

ლირიკული გმირისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მისი ოცნების ქალი არის თუ არა ისეთი, როგორიც წარმოუდგენია. მისთვის ეს ოცნება და წარმოსახვაა მთავარი. პოეტი საკუთარ გულს მოიხსენიებს, როგორც ავადმყოფს. ავადმყოფობა აქ გადატანითი მნიშვნელობითაა. შთაგონებით, ოცნებით ავსებული გული განსხვავდება ჯანმრთელისაგან. პოეტი ნიკო სამადაშვილი გავიხსენოთ: "ავადმყოფობა, ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი". ან კიდევ, პაოლო იაშვილი რომ წერს: "არ არი ტანჯვა უფრო უზარმაზარი, როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება". სიყვარული და შთაგონება ლექსში ერთმანეთს იწვევს. როცა უყვარს, წერს და ამ სიყვარულს ლექსით ზრდის: "ვზი მზრდელად სიყვარულისა, /მის ჩემგან დანერგულისადO", – ნესტანი რომ ამბობს ქაჯეთიდან გამოგზავნილ წერილში.

პოეტი თავისი გამძაფრებული შეგრძნებებით განსხვავდება ჩვეულებრივ მოკვდავთაგან, მისთვის იშლება საზღვრები რეალობასა და წარმოსახვას შორის. ოცნება ადამიანს ჩვეულებრივ ყოფას ულამაზებს და ამ ცხოვრებაში აძლებინებს. ამიტომაცაა, რომ პოეტს შეიძლება სავსებით ჩვეულებრივი ქალი, რომელზედაც ოცნებობს, წარმოუდგება, როგორც თეთრი ანგელოზი. ანგელოზი სიწმინდის სიმბოლოა, თეთრი ფერი ამ ხელშეუხებელ, მიუწვდომელ სიწმინდეს უფრო გამოკვეთს:

"დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.”

სიყვარული ცეცხლია, რომელიც შეყვარებულის გულს ედება – ეს ტრადიციული მეტაფორაა. აკაკის სტრიქონები გავიხსენოთ: "ერთი წამიც კი სიცოცხლის, / თუ სხივების მომფენია, /უსინათლოს და უგრძნობელს საუკუნეს მირჩევნია".... "მოდი, დამწვი, სიყვარულო, /მიაშუქე, სადაც ბნელა!" (აკაკი წერეთელი, "რაც არ იწვის, არ ანათებს"). ბარათაშვილს სჯეროდა მშვენიერ სულთა შორის სიყვარულის ღვთაებრიობისა და იმისაც, რომ ადამიანს შეეძლო ამგვარი ამაღლებული სიყვარული: "და ვით კერძოსა ღვთაებობისა /რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფოფისა". ამგვარი ამაღლებული წმინდა სიყვარული ბარათაშვილს გაოცებით ათქმევინებდა: "ნუთუ ამ გრძნობის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ..." ნუთუ შეიძლება ჩემი სიყვარულიც იმავე სიტყვით მოვიხსენიო, როგორც სხვები ამბობენო. სიტყვა "სიყვარული" ვერ იტევდა მის განცდებს, ამიტომაც წერდა: "მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა". ან კიდევ: "და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი". ალ. ჭავჭავაძეც გავიხსენოთ: "მე შენ არ გეტყვი, გეტრფი, ვითა სხვანი გეტყვიან".

გალაკტიონ ტაბიძის ლექსის ლირიკულ გმირს სურს გული სიყვარულის ცეცხლით დაეწვას და ცრემლები ზღვასავით დასდინდეს. "ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული" – "ვეფხისტყაოსნის" ტარიელი გვახსენდება: მდინარის პირას ჩამომჯდარი: "ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა". მთავარია, რომ:

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული.

ლირიკულ გმირს ბოდვად მიაჩნია ამგვარი ოცნება სიყვარულზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სიყვარული არის დღესასწაული. ერთ სხვა ლექსში წერს: "რისთვის მიყვარხართ? /მე არ მაქვს ნება! მაგნაირ გულით და სინაზეთი... არის ამქვეყნად დაგვიანება/ – მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

არის ამქვეყნად ვერხვი და სვია, /არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით... /ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია, ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით! ("ახსნა")
გალაკტიონის პოეზია ამ სიყვარულით არის სავსე:

"ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი, მსუბუქი, ცისმარი:
"მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან,
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ – სიზმარი!" ("მე მოვალ").

ამგვარი "უგონო სიყვარულით იყო შერყეული" პოეტის გული. უგონო, რადგან ამგვარ სიყვარულს გონებით ვერ შესწვდები, ვერ გაიაზრებ.

სიყვარულზე დაწერილი გალაკტიონის ლექსები საოცარი ვნებითა და ენერგიითაა დამუხტული, რომელსაც შეუძლია ადამიანს განუცდელი სიხარული მიანიჭოს.