მაია ჯალიაშვილი:  ქარია საქართველ(ბესიკ ხარანაულის სად არიან შვილები?)
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



ბესიკ ხარანაული თანამედროვე პოეტია, რომელიც წერს ლექსებსაც და პროზასაც. მან ქართულ პოეზიაში მოიტანა ახალი სუნთქვა - ქართული ვერლიბრის, თავისუფალი ლექსის აღორძინება სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული.

ეს ლექსი " სად არიან შვილები, შვილები სად არიან" ხალხურ ყაიდაზეა დაწერილი, და მასში წარმოჩენილია დიდი ტკივილი, საქართველოს უახლესი ისტორიის, კერძოდ, 90-იანი წლების მოვლენებით გამოწვეული. ლექსი გაჟღენთილია გულისმომკვლელი სევდით, რასაც იწვევს ერის მომავლის უპერსპექტივობა.


ეს ლექსი წარმოჩნდება, როგორც სასოწარკვეთილი ლირიკული გმირის მონოლოგი, გმირისა, რომელსაც შვილები დაუკარგავს, ახლა გარეთ გამოსული დაეძებს და ეკითხება ქვეყანას, სამშობლოს, სად არიან მისი შვილები:

 

"სად არიან შვილები, შვილები სად არიან,

გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია".

საოცრად გულშიჩამწვდომია ეს სტრიქონები, თითქოს ვხედავთ მოლოდინით დაღლილსა და გათანგულ მშობელს, წარამარა გარეთ რომ იხედება, ერთ ადგილას ვერ ისვენებს, ალბათ, ვერც ჭამს და ვერც სვამს, მხოლოდ წასული შვილების ბედი აღელვებს. გადამდებია მისი მოუსვენრობა. იგი ადგილს რომ ვერ პოულობს, ვერ მშვიდდება, აფორიაქებულია, აღელვებულია — ეს კარგად ჩანს ამ სტრიქონებში. გარეთ გასვლა და შვილების ნაცვლად ქარის შემოფეთება უფრო ამძაფრებს ტრაგიკულ განცდას. ქარი — როგორც ყოველივეს გამფანტავი და წამშლელი, ამ შემთხვევაში, რაღაც საოცარი სიცივისა და გულგრილობის გამომხატველია. ლექსში მეორდება შეკითხვა; სად არიან შვილები და ყოველი შეკითხვა უფრო დაძაბულია, მეტი ტრაგიკული ინტონაციის მომცველი. გავალ, ავეძრახები - ავეძრახები ნიშნავს, დავუძახებ, მაგრამ მხოლოდ ქარის ხმა ისმის, ქარისა, რომელიც უფრო ამძაფრებს მშობლის ტკივილს.

ეს ლირიკული გმირი სახეა ისეთი პატრიოტისა, რომელმაც შვილები მამულს გაუზარდა. ილიას ერთი პერსონაჟი რომ ამბობს "გლახის ნაამბობში", სიცოცხლე ჩვენი არც დედისაა, არც მამისაა, არამედ ქვეყნისაა, სწორედ ასეა ამ ლექსშიც. მაგრამ მშობელმა უნდა იცოდეს, რა მიზანს ეწირება მისი შვილი. ამ ლექსში კი ჩანს, რომ მშობელი დაბნეულია, სასოწარკვეთილია, მან ისიც არ იცის გარკვეულად, ცოცხლები არიან თუ არა მისი შვილები. ეს არის ქვეყნის მიმართ სრულიად სხვანაირი დამოკიდეულება. მშობელი თითქოს პასუხს სთხოვს ქვეყანას ყოველივე იმისთვის, რაც მას დაატყდა თავს.

ლექსში უცებ ჩნდება მოულოდნელი მეტაფორა: "საქართველო აქროლდა", ესე იგი, გაქრა, გაილია. პოეტი ამის უკეთესად წარმოსაჩენად მიმართავს შედარებას: ისე აქროლდა, როგორც ფოთლებში ქარი. საქართველოს გაქრობა ძალიან მოულოდნელი სახეა. ქართულ ლიტერატურაში ბევრია ისეთი ნაწარმოები, რომლებშიც საუბარია ერის გადაგვარებაზე, ზნეობის დაცემაზე, ეროვნული თვითშეგნების დაკარგვაზე, მცირედმორწმუნეობასა და სხვა ათასგვარ უკეთურებაზე, მაგრამ იშვიათია ნაწარმოები, რომელშიც საუბარი იყოს იმაზე, რომ საქართველომ ვერ გაუძლო ამდენ რყევას და დაიღუპა, დასამარდა, გაქრა. გავიხსენოთ მთელი მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურა- თავისი იმედითა და უიმედობით. "არ მომკვდარა მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს, ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს" —  წერს აკაკი. სხვათა შორის, ბესიკ ხარანაულს აქვს ლექსი "დაიძინე, საქართველო", რომელიც შეხმიანებაა ილიასა და აკაკისთან. თუ ისინი ქვეყანას გამოღვიძებისკენ მოუხმობდნენ, ბესიკ ხარანაული, პირიქით, დაძინებას ურჩევს, რათა ცუდი სიზმარივით განიცადოს შექმნილი მტანჯველი მდგომარეობა. ბესიკ ხარანაულის განსახილველ ლექსში გამოხატულმა პესიმიზმმა გაგვახსენა ოთარ ჭილაძის რომანი "გოდორი", რომელშიც აღწერილია რომ მეთექვსმეტე საუკუნეში საქართველოსკენ გამოემართა ცნობილი იტალიელი მისიონერი ლუდოვიკო ბოლონიელი, მან იცოდა საქართველოს დიდებული ისტორიის შესახებ და სურდა გაცნობა, თან საგანგებო მისიით მოდიოდა, მაგრამ როცა მოაღწია იმ გეოგრაფიულ სივრცეს, სადაც ეს მშვენიერი ქვეყანა ეგულებოდა, საქართველო იქ აღარ დახვდა, რა თქმა უნდა, ეს მეტაფორააა და მიუთითებს ქართული სულის გაქრობაზე. თუმცა ლუდოვიკოს სჯერა:

"სამარადისოდ და უკვალოდ ის ქრება მხოლოდ,
რის დაკარგვასაც ვეგუებით... მაგრამ თუ ვიგრძნობთ,
რომ ჩვენს სიცოცხლეს უიმისოდ აზრი არა აქვს,
ისიც ბრუნდება, უფრო სწორად, კვლავ იბადება,
და ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა, ან რძიდან ყველი,
პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება".

ასე რომ, თუ ქართველი არ შეეგუება საქართველოს აქროლებას, მაშინ ის აუცილებლად აღდგება. მეტაფორულად, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ქართველის ცნობიერებაში იმ მნიშვნელობას შეიძენს, რაც მას უნდა ჰქონდეს.

ბესიკ ხარანაულის ამ ლექსში შვილები არ ჩანან და ამ საშინელ ამბავს ქარი თავის დაუდგრომელი ქროლით უფრო ამძაფრებს. საერთოდ, მთელ ლექსში ეს გამთოშავი ქარი დაქრის. შვილები მომავლის სიმბოლოა. თუ შვილები დაიხოცებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ერი დაიღუპება. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის ლექსი "ჩემო კარგო ქვეყანავ". მასში მთელი იმედი სწორედ მომავალ თაობაზეა:

"წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?"

ბესიკ ხარანაულის ლექსში კი ამგვარი იმედი ჩამკვდარია. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჯოჯოხეთური ვითარებაა. იტალიელი მწერლის დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიის" მიხედვით ჯოჯოხეთის კარზე ასეთი სიტყვები წერია: აქ შემომსვლელმა ყველა იმედი დატოვოსო. ჯოჯოხეთი სრული უიმედობაა, როდესაც დაღუპვა საბოლოაა. რამ გაუჩინა პოეტს ამგვარი ფიქრები? რა თქმა უნდა, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რომლებიც მის თვალწინ დატრიალდა. ეს კოშმარული განცდები კი ლექსის სტრიქონებში მხატვრულ სახეებად ტრანსფორმირდა. სტრიქონი — სად არიან ვეფხვები — წარმოაჩენს შვილების — ვეფხვებივით ვაჟკაცთა სახეებს. "ერთი შვილ მაინც გავზარდე, ვეფხვებთან მეომარიაო",  — ამაყობდა ქართველი დედა, შვილის სიკვდილით გულდათუთქული, მაგრამ თანვე საოცრად თავაწეული, რადგან მისი შვილი არ შეუშინდა ვეფხვის კლანჭებს და მასთან ვაჟკაცურ ბრძოლაში დაიღუპა. ვეფხვი  — ხალხურ პოეზიაში გამორჩეული ვაჟკაცის სინონიმი იყო. სწორედ ასეთი, ვეფხვებივით ვაჟები დაკარგულან. არავინ იცის მათი გზა-კვალი. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ისინი თითქოს უკვალოდ, უსახელოდ გამქრალან.

ლექსის ლირიკული გმირის გულში წამიერად აინთება იმედის ნაპერწკალი. ვეფხვები უნდა იყვნენ ლერწმიანში: "სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან", ეს ეხმიანება ხალხურ ლექსს, რომლის მიხედვითაც ლერწმიანში აუცილებლად შეხვდები ვეფხვებს, მაგრამ ახლა ვეღარ, რადგან ისინი, გამქრალან, დახოცილან, სასტიკ დროს გაჰყოლიან.

"ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან".

ქარი წარმოჩნდება, როგორც ყოვლისუარმყოფელი არარაობა, ერთგვარი სიცარიელე, რომელიც ყოველივეს აცამტვერებს.

ლექსში ჩნდება მოულოდნელი მეტაფორა:L ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია. მშობელს სჯერა, რომ შვილები ცოცხლები არიან, მაგრამ დატყვევებულნი. ტრადიციულად, ქართულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით, მეცხრამეტე საუკუნისა, საქართველო წარმოჩნდა, როგორც პატიმარი, რომელსაც შვილები გამოიხსნიდნენ;  "მას ვჭვრეტ პატიმრად ვის ჰმონებს გული, მისთვის გლახ, განწირული",   ან კიდევ: მაღალ ციხეში გამომწყვდეული ნესტანი, რომელიც მოელის ტურფა გამომხსნელს, როგორც აკაკი წერს. აქ კი შვილები არიან პატიმრები. გაუკუღმართებულ დროში სამშობლოსა და შვილების დამოკიდებულებაც თავდაყირაა დაყენებული, თითქოს ყოველგვარი კანონზომიერება დარღვეულა, დრო დაშლილა. წარსული, აწმყო, მომავალი - ამგვარი ჯაჭვი დროის დინებისა გაწყვეტილა. მშობელს მკვდარსაც კი ვერ უბრუნებს ქვეყანა.

ლექსში ვკითხულობთ: "მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია". აქ წარმოჩენილია ძველი იდეალების მსხვრევა. ციხის გატეხა — ლიტერატურაში სიმბოლო იყო უსამართლოდ დატყვევებულის გამოხსნისა, მაგრამ მკითხველის მოლოდინი გაცრუებულია. განსაკუთრებით ტრაგიკულად გაისმის სტრიქონი: "გოგო ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია". ესე იგი, ეს დრო და ვითარება კლავს სიყვარულს. სიყვარულისგან დაცლილი სამყარო კი არარაობაა. გოგომ ვერ მოასწრო ბიჭისთვის სიყვარულის გამხელა, ბიჭი წავიდა თუ წაიყვანეს სადღაც, რატომ, რისთვის, ვინ წაიყვანა. ეს ლექსში არ ჩანს, მთავრი ისაა, რომ ქვეყანაში სიყვარულიც კვდება და ცამტვერდება.

"ეშმა ერქვა სახელად, ვინც მე ხელი დამრია", —  ამგვარ ახსნას უძებნის შექმნილ ვითარებას ლირიკული გმირი. ეშმა ეშმაკია, წუთისოფლის თავადი, რომელსაც იმხელა ძალაუფლება მოუპოვებია, რომ სიკეთე და სიყვარული დაუთრგუნავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას რწმენა მოჰკლებია, ადამიანს ღონე გამოსცლია ცოდვასთან საბრძოლველად: "ჩაცვივდნენ ცოდვის მორევსა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა", - როგორც გურამიშვილი იტყოდა. ეს მადლი აღარ იყო ქვეყანაზე, თითქოს ღმერთსაც აერო ხელი კაცის შემწეობაზე.

"იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა",— მიმართავს ლირიკული გმირი ქვეყანას. იგი თითქოს შეგუებია შვილების დაკარგვას და სურს ხის დარგვით გამოხატოს ქვეყანამ სურვილი მათი ხსოვნისა, მაგრამ ეს თხოვნაც ამაოა, რადგან ქვეყანას მომავალი თაობა, შვილები არაფრად უღირს. ეს ჩანს ამ სტრიქონში". "იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია".

ქვეყანა, გახამებული საყელოთი გაპიროვნებული, ვითომ სახელმწიფო, ოფიციალურად აღიარებული და "სხვა ერთა შორის ერად" წარმოჩინებულ-დამკვიდრებული, ლირიკული გმირისთვის ბუტაფორიასავითაა, თუმცა მაინც ცდილობს მისი გაყინული გულის მოლბობას და ამაოდ ჩასძახის, ანჯღრევს, ცდილობს, ყურადღების მიქცევას: "საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან". მაგრამ "არსაიდან ხმა არსით ძახილი, მშობელი შობილს არას მეტყოდა",  — როგორც ილია იტყოდა. ამ ლექსშიც ჩანს, რომ "ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა".

პოეტს სწორედ ეს კვნესა არ ასვენებს და ამიტომაც ქმნის ასეთ ტკივილიან სტრიქონებს: "არ არიან შვილები, საქართველო ქარია.

 

"ქარია საქართველო, შვილები არ არიან.

დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია".

ეს გვახსენებს გალაკტიონის სტრიქონებს: "ყოველივე ქარია და ჩვენება. ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია". ამიტომაც პოეტები ერთდერთ საყრდენს პოულობენ:  "მარადია ერთადერთი: შვენება".  ამიტომაც ტანჯვას მშვენიერ სტრიქონებად აქცევენ.


ან კიდევ:

"ჯერ კიდევ ჰკიდია ყუნწს ფოთოლი,
მაგრამ ქარი უკვე გზაშია.
და მე ვფიქრობდი ქარზე,
რომელმაც ფოთოლივით წამიღო"

(ბესიკ ხარანაული "კარტოფილის ამოღება").

ასე რომ, ამ ლექსით ბესიკ ხარანაულმა გამოხატა დიდი ტკივილი, რაც გამოიწვია ქვეყანაში მიმდინარე ძმათამკვლელმა სამოქალაქო ომმა და მისმა თანმხლებმა მოვლენებმა. თუმცა ეს პრობლემა ნებისმიერ დროში აქტუალურია. თუ დაირღვევა თაობათა ცვლის კანონზომიერება, თუ დაივიწყებენ ქართული ანდაზის სიბრძნეს "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა"— მაშინ ქვეყანა დაიღუპება, მაგრამ მკითხველს სჯერა, რომ საქართველო ქარია მხოლოდ მხატვრული სამყაროს მეტაფორაა და ის რეალობად არასოდეს იქცევა.