აკაკი ბაქრაძე:  საქმით მეტყველი სული

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



  ალბათ ყველას ახსოვს „ოთარაანთ ქვრივის“ დასასრული. სოფლის საგოდებელზე მეცხვარეებმა შვილის საფლავზე დამხობილი, მკვდარი ოთარაანთ ქვრივი იპოვეს. სოფელი ფეხზე დადგა. შეიქნა ერთი ვაი-უშველებელი. ეცოდებოდათ აგრე საცოდავათ გათავებული ქვრივი, მაგრამ დამტირებელი მაინც არავინ ჰყავდა. შვილის სიკვდილის შემდეგ ოთარაანთ ქვრივი მარტოდმარტო და უპატრონო დარჩა. ერთდერთი კაცი, ვისთვისაც ქვრივის სიკვდილით ცა ჩამოიქცა, სოსია მეწისქვილე იყო.

„სოსია მეწისქვილეს ეხლა ორივე მუხლი მოეყარა უსულო ოთარაანთ ქვრივის წინ, მისი მკვდარი ხელი ხელთ ეჭირა და ქვითინებდა ჩუმად.

– ადე, რას ჰღმუი უპატრონო ძაღლსავით! – დასცინა მოხუცს ახალგაზრდა გლეხმა ბიჭმა ამხანაგების სამასხროდ. – შენც მითამ მარაქაში ერევი... შენი რაო?

– ნუ ამბობ მაგას, ჩემო მამავ და შვილო! – უპასუხა თავისებურად ტკბილად ტირილის ხმით. – სხვა სხვის ომში ბრძენიაო...

იქნება კიდევ ეთქვა რაიმე სოსოიას, მაგრამ ამ დროს ხელდახელ გაკეთებული საკაცე მოიტანეს და რომ მივიდნენ მკვდრის ასაწევად და საკაცეზე დასადებად, ვიღაცამ წაიბორძიკა მეწისქვილის ფეხზედ და ითაკილა.

– ეს ვიღა ოხერია, ფეხებში გვედებაო! – სთქვა წაბორძიკებულმა და ღონიერად წაჰკრა ფეხი ბერიკაცსა, დაატანა: – წადი, იქით გაეთრიეო.

დაბრიყვებული ბერიკაცი გადაიქცა თოვლზედ, როგორც იყო წამოდგა, და როცა ტყავის კალთებს თოვლისაგან იბერტყავდა, უთხრა ხელის მკვრელს:

– ცოცხალზე არ გამახარა წუთის-სოფელმა და მკვდარზედაც აღარ მატირებთო! ცოდო ვარ, შვილო ცოდო!..

მართლა რომ ცოდოა!..

მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო?

ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევლა-კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთის-სოფელში“.

ამ სურათს მთელი გულისყურით უნდა დავაკვირდეთ. გამოვყოთ მისი დეტალები, საერთო განწყობილება, დასკვნა, რამეთუ აქ ყველაფერია ნათქვამი.

დეტალი: მკვდარი ქვრივის ხელი სოსიას უჭირავს და ქვითინებს. ამით მინიშნებულია: იგია ერთადერთი ნამდვილი ჭირისუფალი ოთარაანთ ქვრივისა.

განწყობილება საქმიანია. ფუსფუსებენ, მოქმედებენ, ვიშვიშებენ, ამ მდგომარეობაში გამოიკვეთება მოტივი: მიცვალებულს პატრონობენ, მაგრამ არავის აინტერესებს ცოცხალი ადამიანი – სოსია.

ხალხის დამოკიდებულება სოსიასადმი უხეში, უსულგულო და დამცინავია. ცოცხალი სოსია მეწისქვილე ისევე მარტოა და უპატრონო, როგორც მკვდარი ოთარაანთ ქვრივი.

დასკვნა: ეს წუთისოფელი უთავბოლო და უთანასწოროა. ამქვეყნად ყოველი კაცი ცოდოა. ვინც მოკვდა, თავისთავს მოუკვდა.

და ყოველივე ეს შედეგია იმისა, რომ ადამიანსა და ადამიანს შორის, ადამიანსა და საზოგადოებას შორის არ არის კონტაქტი. ჩატეხილია ხიდი. ასე და ამრიგად, დაისმის „ოთარაანთ ქვრივში“. დღევანდელ ტერმინებით რომ ვთქვათ. უკონტაქტობისა და გაუცხოების პრობლემა.

გაუცხოება ყოვლისმომცველია. ხიდი ჩატეხილია, როგორც სხვადასხვა წოდების, ისე ერთი და იმავე კლასის წარმომადგენელთა შორის. უფრო მეტიც: დედასა და შვილს შორის.

როცა ოთარაანთ ქვრივის გიორგი დაიღუპა, არჩილმა დას უსაყვედურა, გიორგის უანგარო სიყვარული ვერ დაინახეო. კესომ იუკადრისა ეს და თავი იმართლა: გიორგის იმიტომ ვერ შევირთავდი, რომ არ მიყვარდაო. სიყვარული კი ბრძანებით არ მოდისო. ამაზე ძმამ გულისტკივილით მიუგო: „განა მზე კი უბრძანებს ხოლმე ვარდს, გაიშალეო!.. აქ თავისთავად უნდა მოსულიყო, რომ უკაცარვად, ბრმა გული არ დახვედროდა, გვარიშვილობის ცხრა კლიტით დაკეტილი...“

არჩილი მართალია კესოს მიმართ. წოდებრივმა სხვაობამ გააჩინა უფსკრული კესოსა და გიორგის შორის, მაგრამ არჩილის სიმართლე სრული სიმართლე მაინც არ არის. იგი მცირე ნაწილია იმ სრული სიმართლისა, რომელსაც კაცობრიობამ უნდა მიაგნოს, თუ სურს, გაუცხოების პრობლემა მოაგვაროს.

განა ოთარაანთ ქვრივისა და სოსიას ურთიერთობა ისეთივე ტრაგიკული არ არის, როგორც გიორგისა და კესოსი? ქვრივმაც ხომ ისევე ვერ დაინახა სოსიას სიყვარული, როგორც კესომ გიორგისა. მართალია, ვრცლად არ აღუწერია ოთარაანთ ქვრივისა და სოსიას ურთიერთობა, მაგრამ რაც ნათქვამია მოთხრობაში. სრულიად საკმარისია მეწისქვილის ბედის გასაგებად. „თითქმის ოცდაათი წელიწადია მაგ დედაკაცზედ გული შევარდნილი ჰქონია. ჯერ გასათხოვარი ყოფილა, უთხოვნია და დაუწუნიათ. ის დღე და ის დღე, სხვა არავინ უნდომნია. გული აღარავისზედ მისვლია. როცა ოთარაანთ ქვრივი დაქვრივდა, მაშინ ერთხელ კიდევ გაუარა გუნებაში იმისმა შერთვამ. მაგრამ თავის გულში სთქვა „მაგას ისეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადაც არ ვეკადრებოდი...ვეღარ შევბედავ, ვეღარა!..“ ოთარაანთ ქვრივისათვის რომ ვინმეს ეკითხა, სოსია მეწისქვილეს მოსთხოვდებოდიო, ისიც კესოსავით უპასუხებდა ალბათ – არაო, არ მიყვარდა და იმიტომაო.

თუ კესოსა და გიორგის წოდებრივი განსხვავება თიშავს, ქვრივსა და სოსიას აცალცალკევებს ადამიანური ღირსება. თავის დროზე ან ოთარაანთ ქვრივს არ უცვნია სოსია ქმრობის ღირსად, ან ქვრივის მშობლებს – სიძობისა. თავად სოსიასაც მიაჩნია ქვრივი მასზე აღმატებული ღირსების ადამიანად, ერთხელ დაწუნებული ვეღარც კი უბედავს დალაპარაკებას.

სიყვარული კი არა, ოთარაანთ ქვრივმა სოსიას თანაგრძნობაც არ მიიღო...

ოთხაში მკვდარ შვილთან მარტოდმარტო დარჩენილი ოთარაანთ ქვრივი გოდებს. ამ დროს მოულოდნელად ტირილი მოესმა, ქვრივი ოთახში უცხოს არ მოელოდა და წყრომით იკითხა:

„ – ვინ ხარ?

– სოსია.

– ვინ სოსია?

– თუ გაგონდება, კარგია, თუ არადა მაინც ღრმერთმა გილხინოს, თუ შვილის მერმედ კიდევ რამ სალხენი დაგრჩენია ამ წუთისოფელში.

– რატომ არ დამრჩენია? სიკვდილის მოლოდინი ლხენა თუ არ გგონია!

...

– წადი, აქ შენ ადგილი არა გაქვს, - უთხრა ოთარაანთ ქვრივმა: - მარტო მინდა ვიყო...

– შენი ნებაა, წავალ და კარებს უკან ძაღლსავით მივეგდები. თუ რამ დაგჭირდეს, დამიძახე.

– კარგი, მოშორდი!..“

როგორც ხედავთ, ოთარაანთ ქვრივმა ვერც გაიხსენა, ვინ იყო სოსია.

ვინ შეიძლება იყოს დედა-შვილზე უფრო ახლობელი ერთმანეთისათის? მაგრამ დგება დრო, როცა ირღვევა ეს ახლობლობა და გაუცხოება ისადგურებს მათ შორის.

ოთარაანთ ქვრივმა შვილს უგუნებობა შეამჩნია. ემცხეთა დედას ეს, არადა შვილი არ უმხელს დარდის მიზეზს. ბოლოს მაინც გამოუტყდა, თუმცა სათქმელი ბოლომდე არ უთხრა. დედის გულმა ზუსტად იგრძნო, რატომ უნდოდა გიორგის. არჩილს მოჯამაგირეთ დასდგომოდა. მიხვდა, აქ ვერას გახდებოდა და შვილი არჩილიანთ გაისტუმრა.

„ – უკან აღარ მოიხედა!.. – დაიკვნესა დედამ, – ჩემგან მიდის, თითქოს ძაფიც არ იჭერს, სხვაგან მიდის, თითქოს თოკით ეწევიანო...

– ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არა დაჰრჩა რა!.. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს... განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!..

...დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არის? – ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავის თავსა. – დედა-შვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არ ჰქონოდა.... თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე, შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორი თვალითა, რად? – რატომ ერთი თვალი არ იბრმავის, როცა მეორე იყურება? ვინ ვისთვისაო, – რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი, საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა“.

აქ დედა-შვილის გამთიშავ ძალად ფსიქო-ბიოლოგიური ფაქტორი მოგვევლინა.

გაუცხოებას თურმე მრავალი მიზეზი უდევს საფუძვლად ზოგჯერ ეს საფუძველი კლასობრივი სხვაობაა, ზოგჯერ – ადამიანური ღირსება, ზოგჯერ – სიყვარული და ზოგჯერ კიდევ, ვინ იცის, რა გამოდის, რომ გაუცხოება ადამიანის არსებობის თვისება ყოფილა. თუ ასეა, მაშინ არც ხსნა ყოფილა და რატომღა გაუხარდა არჩილს კესოს ტირილი?

„ – არჩილ, წინ რაღაა, წინ? – შეჰბღავლა უეცრად კესომ და ორსაც ხელის თითები ერთმანეთში ჩაიწნა და ფშვნეტა და მტვრევა დაუწყო.

– ეგ ცრემლიანი ცოდნა უკანა სწვავს და ჰბუგავს, წინა ჰნამავს და ამწვანებს. ეგ წამი რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი გაამრთელოს და ეგრე ორსავ ნაპირს გააერთებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა, თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა, – შუქია წინასი და შუქი ხომ...

– დასაწყისია განთიადისა, განა, ჩემო კარგო?!

– სწორედ“.

ამ ტირილის და სიხარულის აზრის ამოსაცნობად აუცილებელია კარგად გავარკვიოთ, როგორი, ადამიანებია „ოთარაანთ ქვრივში“ დახატული.

თავად ქვრივი ერთგული ცოლი და დედაა. თევდორეს სიკვდილის მერე ბევრ მამაკაცს რჩებოდა მასზე თვალი, მაგრამ ქვრივმა ქმრის ხსოვნას არ უღალატა, ოჯახს უმამაკაცობა არ დაამჩნია. საკუთარი ხელით ბარავდა, თოხნიდა, მარგლიდა, თესავდა, კრეფდა. მართალია, სოფელში ამბობდნენ – ვის გაუგონიაო დედაკაცის თოხი და ბარი, მაგრამ ქვრივი ამას აინუნშიაც არ აგდებდა: თუ არ გაუგონიათ, ახლა გაიგონონო, ეზო-კარი, შიგნით თუ გარეთ მოვლილ-დაკრიალებული ჰქონდა. „ოთარაანთ ქვრივის კარ-მიდამოში მზის და წვიმის მეტს არავის შეძლო გავლა ქვრივის უნებურად.“ მოკითხვაც იცოდა და განკითხვაც. არც მწარე სიტყვას ერიდებოდა. ქარ-ცეცხლში გაატარებდა ყველას, ვინც უნიათობით და ბედოვლათობით იმსახურებდა ამას, მაგრამ დამცირებით, სხვის თვალში ადამიანს არ დაამცირებდა. მათხოვარს საქალამნე ტყავი მისცა, მაგრამ მედუქნეს უთხრა, ვალი მემართა და ამიტომ მივეციო.

 
     
  სამართლიანობის მისაღწევად მზად არის, რკინის ქალამნები ჩაიცვას და გუბერნატორამდე იაროს. ხარჯს არას დაგიდევთ, ოღონდ სამართლიანობამ იზეიმოს. ქვრივი უაღრესად აქტიური ბუნების ადამიანია. წამით ვერ წარმოუდგენია უქნარობა სიცონილი. „თუ წუთისოფელს ერთი ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა.“ ქვრივისათვის ძუნწობა უცხოა, მაგრამ ყაირათიანობა აუცილებელ თვისებად მიაჩნია. მისი ხუთი ქისა ამის უტყუარი დასტურია. ზედმიწევნით ზუსტად აქვს გაანგარიშებული, რა დახარჯა, რა დახარჯოს, როგორ და რატომ.     სიცონილი - სიზარმაცე
         
  ამ თვისებების შედეგი და ნაყოფია ოთარაანთ ქვრივის ოჯახი, ეს ოჯახი ილიას მოთხრობაში არსებობს, როგორც ქვრივის სულიერი ღირსების მატერიალური საბუთი.

მაგრამ უმთავრესი მაინც ის არის, რომ ოთარაანთ ქვრივს დათრგუნვილი აქვს მარტოობისა და სიკვდილის შიში.

„ – ახლა შენ რომ მარტო დარჩები? – იკითხა კესომ.

მარტო რად დავრჩები? ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე, რამდენი ბღარტები მიზის. ჭირადაც მყოფნიან და ლხინადაც.

– აკი ნათლიდედამ მიხვევ-მოხვევა არ იცისო? მე აქ არა მესმის რა, – სთქვა არჩილმა და შეხედა დას, თითქოს იმას ეკითხებაო.

– მიხვეულ-მოხვეული რა ვთქვი? ადამიანს მინამ ხელ-ფეხი ერჩის, მარტო არ იქნება, საქმეა ტოლ-ამხანაგი მარტოხელისა, წუთი-სოფელი ვის აცლის მარტოობისათვის? მარტო თქვენისთანას... მარტონი თქვენა ხართ“.


შრომით თრგუნავს ოთარაანთ ქვრივი მარტოობის გრძნობას და იგივე შრომა ანიჭებს სიმშვიდეს სიკვდილის წინაშე. „– სიკვდილის მოლოდინი ლხენა თუ არა გგონია!“ – ეუბნება იგი სოსია მეწისქვილეს.

ასეთია გიორგიც. „მართალს შეჩვეულს თვითონაც მართალი უყვარდა. ღალატი და არმობა ისე გააწიწმატებდა ხოლმე, რომ თუ საჭირო იყო, ხელსაც გამოიღებდა, ჩხუბს ასტეხდა, თავს გამოიდებდა“. მაგრამ გიორგის კიდევ ერთი თვისება აქვს, მან არ იცის ჩემის და სხვისის გარჩევა. ორივეს თანაბარი ყურადღებით ექცევა. არჩილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „აქვს ის დიდი ნამუსი, რომელიც სხვისასაც ისე ერჩის, როგორც თავისას“.

ტყეში ჭიგოს საჭრელად წასულმა გიორგიმ ომარაანთ მოჯამაგირე ნახა. იგი ჩრდილში წამოწოლილი არხეინად ხვრინავდა. კამეჩები კი წნელით გამოება ურემზე. საცოდავი პირუტყვები აქვე ეყარნენ და უილაჯოდ გამწარებულნი ზარმაცად იცოხნებოდნენ. გიორგიმ ვერ გაუძლო ამ უსინდისობას („პატრონს ატყუებ და ატყუებ, ე პირუტყვი მაინც არ ენანება!“) და ომარაანთ მოჯამაგირე ლაზათიანად მიბეგვა.

ბეჟანიშვილის მოჯამაგირეს ურმით საფქვავი მიჰქონდა. ტვირთი თავმსუბუქად დაედო. კამეჩებს აპეურები ყელში უჭერდა და პირუტყვები საწყალობლად ხრიალებდნენ. გიორგი ურემზე აიჭრა, ტვირთი გაასწორა და მოჯამაგირეს თავში წაუთაქა („ვერა ჰხედავდი, კამეჩები იხრჩობოდნენ, რა პირით მიდიოდი პატრონთან“)

არჩილის ცხენი მეჯინიბემ ოფლიანი დააბა. გიორგი ამას შეესწრო. უსაყვედურა – ცოდოა პირუტყვი, წახდება ცხენი, ან ზურგის ჰავას აართმევს, ან ფეხებში დაიხუთებაო. მეჯინიბემ გაატრიზავა! გიორგი, – არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო. შეატყო გიორგიმ, მეჯინიბე თავს არ შეიწუხებდა. თავად გადაწყვიტა, გაეტარებინა ცხენი, ამით გაგულისებულმა მეჯინიბემ დედა შეაგინა, დედის გინება ეგრე არ უნდაო და გიორგიმ მეჯინიბეს ძვალი და რბილი გაუსწორა.

როცა ცუდად გაშენებული ვენახი დაინახა, გიორგი არ მოერიდა არჩილსაც. თავმომწონე თავადიშვილი გონივრულად დაარიგა და ასწავლა, რა უნდა გაეკეთებინა და როგორც.

ნათლად ჩანს, რომ გიორგი სხვისას ისევე უფრთხილდება, როგორც თავისას. მას არ ამოძრავებს ვიწრო კლასობრივი ინტერესი, მისი გონება არ არის შეზღუდული წოდებრივი ჩარჩოთი. არ აბრმავებს წოდებრივი სიძულვილი. იგი თავისუფალია როგორც პიროვნული, ისე კლასობრივი ეგოიზმისაგან.

გიორგის საქმისადმი ზნესრული ადამიანის დამოკიდებულება აქვს. სხვის საქციელს ზნეობის თვალსაზრისით ზომავს. მაგრამ სინდისის გასაღვივებლად მხოლოდ შთაგონებას არ მიმართავს. როცა საჭიროა, სასჯელსაც იყენებს. როცა შთაგონება უძლურია, სასჯელი სამართლიანობის გამოვლენაა. შთაგონება გარკვეულ გონებრივ დონეს მოითხოვს. თუ ეს დონე არ არსებობს, მაშინ სიტყვიერი ზემოქმედება ნაყოფს არ გამოიღებს. „ნუ მისცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე, დათრგუნონ იგი ფერხთითა მითითა და მოიქცენ და განხეთქნენ თქუენ“. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სასჯელი, რასაც მიმართავს გიორგი. მაგრამ მისი სასჯელი არც ერთხელ არ არის ერთი პიროვნების მიერ მეორეზე ძალდატანება. გიორგის ხელით ღვთაებრივი სამართლიანობის კანონი ხორციელდება.

აქვს გიორგის კიდევ ერთი თვისება, რაც სრულქმნილების ელფერს აძლევს მის პიროვნებას. იგი სიტყვაგაუტეხელი კაცია, რასაც ამბობს, იმას აკეთებს.

სიტყვისა და საქმის შეთავსება-შეუთავსებლობა ურთულესი და მარადიული პრობლემაა. მეტად იშვიათად მოიძებნება კაცი, რომელიც იმას აკეთებს, რასაც ამბობს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ადამიანები თვალთმაქცობენ (რა თქმა უნდა, ასეთიც უამრავია, მათ რა გამოლევს), არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ მათი გაერთიანება. ერთიანობას ბევრი რამ უშლის ხელს – სუბიექტურიც და ობიექტურიც. ჯერ ერთი, თქმა ადვილია, ქმნა კი – უძნელესი. მეორეც, თქმა ყოველთვის პიროვნებაზეა დამოკიდებული, ქმნა კი – პიროვნებაზეც და საზოგადოებაზეც. ქმნისათვის აუცილებელია საზოგადოების მიმხრობა. ამისათვის კი საზოგადოება ყოველთვსი მზად არ არის. საზოგადოების მომზადება და მიმხრობა თვით არის ურთულესი პრობლემა, ასეთ გარემოებაში სიტყვისა და საქმის ერთიანობისათვის მებრძოლი, უხშირეს შემთხვევაში, მსხვერპლია. ამიტომ, ვისაც სურს სიტყვა და საქმე ერთიანი ჰქონდეს, უნდა შეეძლოს თავისთავის ზვარაკად გაღება. ეს აუცილებელი პირობაა. უამისოდ სიტყვა და საქმე ყოველთვის გათიშულია. თუ ასეა, გიორგის პიროვნება უკვე მსხვერპლია. ასე იქნება თუ ისე, იგი მაინც დაიღუპება.

თავისთავში მსხვერპლის ტარება ღვთაებრივი თვისებაა. ამიტომ არის, რომ დედა-შვილის საქციელი თანასოფლელებისათვის უჩვეულო და გაუგებარია. მათი მოქმედების მიმართ ყოველთვის გაორებული დამოკიდებულება აქვთ. როცა გიორგიმ ომარაშვილისა და ბეჟანიშვილის მოჯამაგირენი ცუდკაცობისათვის გალახა, ხალხი ამბობდა, – „ეს კაცი ან გიჟია, ან ღვთისაგან მოგზავნილი“. როცა გაოგნებულ და-ძმას ოთარაანთ ქვრივმა უთხრა – მარტო რად ვიქნები, მარტონი თქვენა ხართო, ორივემ გაოცებით იკითხა – რა არის ეს, „წინდახედული მხილება თუ წინდაუხედავი კადნიერება?“ მათთვის მიუწვდომელია დედა-შვილის ჩვეულებრივობის სამანს გადაცილებული თვისებები. თუმცა უნდა ითქვას, რომ არჩილი გრძნობს გიორგის არაჩვეულებრივობას. როცა გიორგიმ არჩილს მოჯამაგირეობა სთხოვა, თავადიშვილმა იკითხა – ჯამაგირი? – გიორგიმ უპასუხა – რაცა ვღირდე, ის მომეციო. ამ პასუხმა არჩილი დააფიქრა და ათქმევინა – „ჩემი ნამუსი რომ შენს კაცობას არ გასწვდეს?“ (აკი არც გასწვდა). აქ რომ მარტო მატერიალურ ღირებულებაზე იყოს ლაპარაკი, არჩილს არ გაუჭირდებოდა გიორგისთანა მოჯამაგირის ხელფასის გადახდა. არჩილს არ ძალუძს გიორგის ადამინაური არსის შეფასება. ამას თავადაც აღიარებს – „დღესაც ვერ გამირკვევია – რა მოგვეჩვენა გიორგის სახით? ჩვენ ხედვად და სმენადაც უღონონი ვართ“.

 
     
  თითქოს სხვათა შორის, მაგრამ ზუსტად მიგვანიშნებს ილია დედა-შვილის თვისებების ზეციურ წარმომავლობაზე. საქმე ის გახლავთ, რომ გიორგი შობის ღამეს დაიბადა („...შობის ღამეს ხელახლად მოვიდა დიდი თოვლი... დღევანდელ დღეს დაიბადა, დღევანდელ დღეს“), ოთარაანთ ქვრივიც შობა დღეს გარდაიცვალა. ეს შემთხვევითი მინიშნება არ არის. იგი მიგვითითებს გიორგის თვისებების ღვთაებრივ თვისებებთან წილნაყრობაზე. კიდევ ერთხელ გვახსენებს გიორგის მსხვერპლობას, რამეთუ ისიც, ვისი დღესასწაულიც შობაა, ტარიგი . იყო კაცობრიობის ხსნად მოვლინებული.    


ტარიგი - მსხვერპლი
         
  ახლა დედა-შვილის თვისებებს დასკვნის სახით თუ ჩამოვაყალიბებდით, შეიძლებოდა გვეთქვა – მათთვის დამახასიათებელია შრომისმოყვარეობა, საკუთარი გარჯით ცხოვრება, უშურველობა (ეგოიზმისაგან თავისუფლება), სხვისისა და საკუთარის მიმართ თანაბარი ყურადღება, სიტყვისა და საქმის ერთიანობა, რწმენისათვის თავისთავის ზვარაკად მიტანა, მარტოობის შრომით დაძლევა, სიკვდილის შიშის დათრგუნვა.

ამ თვისებებიდან თითქმის არც ერთი არ ახასიათებს არჩილისა და კესოს. თუმცა სიტყვიერად კი მიილტვიან აქეტკენ.

არჩილი და კესო განსაკუთრებით უძლურნი არიან მაშინ, როცა სიტყვისა და საქმის ერთიანობაა საჭირო. ეს არჩილმა თვითონაც კარგად შეამჩნია და ამას იგლოვს კიდეც... „ – სჩანს, ჩვენთვის წიგნი სხვა ყოფილა და საქმე სხვა“... „თვით უკვდავება მშვენიერთა სულში მდგომარეობსო“, ნათქვამია და რამდენჯერ გვითქვამს მე და შენ, – რა კარგად და მართლად არის ნათქვამიო. წიგნში ეს დანახული გვაქვს, ენაზედაც ხომ გვაკერია და გვაკერია. ცხოვრებამ კი რომ ამის ცოცხალი ხატი წინ დაგვიყენა, ვერ ვიცანით: თვალით დანახული ვერ დავინახეთ“.

გიორგის სიკვდილმა და-ძმას დაანახა, რომ მათ ზნესრული ადამიანისთვის აუცილებელი სულიერი სიმტკიცე არა აქვთ. ჩვენ დონდლონი ვართ, დუნენი, დაბლანდულნი, – ასეთია არჩილის თვითმხილება.

დედა-შვილი და-ძმას უპირისპირდება როგორც სრულქმნილი და არასრულქმნილი არსნი, თორემ ოთარაანთ ქვრივსა და გიორგის მეტი საერთო აქვთ არჩილსა და კესოსთან, ვიდრე ომარაანთ მოჯამაგირესა, არჩილის მეჯინიბესა და ბეჟანიშვილის მოჯამაგირესთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნიც წოდებრივად გლეხები არიან.
 
     
  გვარიშილობა, წოდება და სხვა ამგვარები გაუცხოების ისეთი მიზეზია, რომელიც ხელის გულზე დევს. მათი შემჩნევა შეუძლია ყველას, ცოტად თუ ბევრად გონების თვალით მზირალს. ძნელი დასანახია უფრო ღრმა ფესვები, რომელნიც ადამიანის სულში იმალება. ის მიზეზი, რომელმაც ილიას ერთ-ერთ პერსონაჟს ათქმევინა – „მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო... ჩვენ შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი. მე ერთი აქეთ პირს დავრჩი, თქვენ მრავალნი იქით“ („სარჩობელაზედ“). გიორგის სიკვდილმა ეს დამალული მიზეზი დაანახა და-ძმას. მათ მომხდარი ფაქტი გააცნობიერეს. ამიტომ გაუხარდა არჩილს კესოს ტირილი. დის ტირილში გამოჩნდა ის შუქი, რომელიც ადამიანის დაბინდულ გონებას ანათებს. მართალია, მიხვედრა საქმის მოგვარებას არ ნიშნავს, მაგრამ იგი მაინც დიდი იმედია. ამ გინცის . გამო უწოდა ილიამ კესოს ტირილს განთიადის დასაწყისი.    




გინცი - იმედი
         
  ეს წყევლა-კრულვიანი პრობლემა რომ მოგვარდეს, აუცილებელია, ყოველი კაცის შეგნებამ მიაღწიოს დონეს, როცა იგი იწამებს: ყოველი ადამიანის სული აბსოლუტური ღირებულება და ტოლფასოვანი უზენაესის წინაში. ამ შეგნებას მღვდელი „გლახის ნაამბობში“ ასე აყალიბებს:

„როცა, ჩემო ძმაო, ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: – განკითხვის დღეს გეტყვითო: მწყურვალე ვიყავ, არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო; როცა მეტყვიანო: უფალო სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო? მე ვიტყვიო: – ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არგაკითხული, მე ვიყავიო. ესეა, ძმაო!.. სხვა შენთვის და შენ სხვისთვის. აი, გზა ცხოვრებისა, აი, ხიდი ცხონებისა, აი, გასაღები სამოთხისა!..“

იქნება კი ოდესმე ასეთი კაცობრიობა? თუ მისი არსებობის მარადიული საფუძველი სრულქმნილის და არასრულქმნილის ბრძოლაა, რომელშიც სრულქმნილს მსხვერპლის როლი აქვს დაკისრებული? თუ მაინც უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ შეუმჩნევლად ტაატით კაცობრიობა წინ მიდის და იდეალს უახლოვდება? ესეც წყევლა-კრულვიანი საკითხია, რომლის პასუხი ჯერჯერობით არავინ უწყის.
 
     
 

წყარო: ილია ჭავჭავაძე : საქმით მეტყველი სული / აკაკი ბაქრაძე // აკაკი ბაქრაძე - სკოლას : დამხმარე სახელმძღვანელო ქართულ ლიტერატურაში საშუალო სკოლებისათვის / შემდგენელ-რედაქტორები: ამირან გომართელი, ლევან ბრეგაძე. - თბილისი, 2004. - ISBN 99940-32-72-0. - გვ. 117-125