თამარ იაშვილი:  თამაში წესების გარეშე

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 

 


 


 



 ღვინით ივსება ჭიქები... იცლება და კვლავ ივსება.

სევდას აქარვებს ღვინო...

რაც უნდა კარგი ლექსი დაწეროს, მაინც დამარცხებულად გრძნობს თავს, მაინც ვერ აღწევს იმას, იმ რაღაცას, რასაც უნდა რომ მიაღწიოს. ის რაღაც, გააზრებული თუ გაუაზრებელი მიზანი, რომლისკენაც ასე მიისწრაფვის, იქნებ არც მიიღწევა საერთოდ?.. მაინც წერს... კვლავ მარცხდება, მაგრამ სხვაგვარად არ შეუძლია. წერა შინაგან მოთხოვნილებად ექცა და ისევე ჭირდება, როგორც ჰაერი, პური, წყალი... იქნებ ეს არის მისთვის ჰაერიც, პურიცა და წყალიც.

სხეულში, სულში თუ გონში რაღაც შეუჩნდა და არ ასვენებს, აწამებს... ბოლოს გარეთ გამოსტყორცნის, ისე, როგორც შეუძლია, როგორც ეწერება, წესების გარეშე... დამარცხებისთვის განწირულ ლექსებად. წერას მაინც აგრძელებს... არ უბეჭდავენ... ცდილობს ღვინოში ჩააღრჩოს ტკივილი, თითო ჭიქა, თითო ჩაღმრჩვალი ლექსია: ერთი, ორი, სამი... ლექსები კი არ იძირებიან, პირიქით... ზემოთ, ზემოთ მოიწევენ, ჭიქის ფსკერიდან ზედაპირზე ამოდიან, მთვრალ ბაგეებს ასკდებიან და ღვინის წვეთებივით იფანტებიან ნახევრადჩაბნელებული სარდაფის შემთვრალი სტუმრების სახეებზე...

ხვალ ისევ დაწერს ლექსს, ისევ მოკრძალებით შეაღებს რომელიღაც ლიტერატურული ჟურნალის რედაქციის კარს და იქვე დასჯილი მოსწავლესავით აიტუზება...

ლექსებს უხალისოდ დაიტოვებენ, პირდაპირ უარს არ მიახლიან, წავიკითხავთო, დაპირდებიან და უკვე კარში გასულს მაინც შეხსენებასავით მიაძახებენ - თქვენ ბუღალტრად მუშაობთ, არა? განა არ იციან, ეს ისე, თითქოს თავს იზღვევენ, საფუძველს იმზადებენ, საქმეს იადვილებენ,რომ ორიოდ კვირის, თუ ერთი თვის შემდეგ ვინმე ბუღალტერს უცერემონიოდ დაუბრუნონ უკან დაწუნებული ლექსები.

მაგრამ ეს მერე, ახლა კი მას ჯერ კიდევ იმ ლექსის იმედი აქვს, ხვალ რომ დაწერს... ახლა ის ჭიქას ჭიქაზე ცლის და ვერც კი წარმოიდგენს, რომ მის სიცოცხლეში ერთი ლექსის დაბეჭდვასაც არ აღირსებენ.

ღვინო ქარვისფერია და ხიდისთავის თავთუხებს აგონებს, სევდა უფრო მეტად ეძალება, იმედგაცრუება იპყრობს, რა უნდა ქალაქში, რა ესაქმება აქ, სადაც მისი არ ესმით, სადაც სულის სალბუნი ვერ უპოვნია?! იქვე, წინ ბავშვობის მეგობარი უზის, საშა მგალობლიშვილი, თავად სანდრო დირბელს რომ ეძახის... შეჰყურებს მას, ყმაწვილკაცობა ახსენდება და სევდაც დირბის ყანებივით ლურჯი ხდება.

დირბელს შეიძლება დარდი გაანდოს, თავისი უბედობა შესჩივლოს, რა ხანია ხომ გვერდიგვერდ მიუყვებიან ცხოვრების უსწორმასწორო გზებს...

ლექსად გამოთქმა უფრო უადვილდება, სევდა პოეზიას უხდება... აბა ისე წუწუნი რა კაცის საქმეაო, ფიქრობს...

ჩვენ მივდიოდით აწეწილ გზებით

ჩრდილი მოგვდევდა ვით დათვის ბელი,

ღვინის სარდაფებს ჩუმად ვეძებდით,

თუმცა რა გვქონდა სამადლობელი.

ძურწა ბალახის ღეროდ არ ვღირვართ,

ჩვენ სოფლელები რისთვის ვქალაქობთ?

წვიმის გუბეში გულაღმა ვყრივართ

და ნაფოტივით ქარში ვქანაობთ.

ამ ლექსს რომ ამბობს, თავის გულისნადებს ამოთქვამს და ვერც კი წარმოიდგენს, რომ საშა დირბელის შვილიშვილი ამ ლექსს დედის არქივში წააწყდება და თავის ესსეში, როგორც გამოუქვეყნებელ ლექსს, ისე ჩართავს.თუმცა, ეს მერე იქნება, ნახევარი საუკუნის შემდეგ... მანამდე კი ეს ლექსი საშას ქალიშვილის -ლეილას არქივში უნდა მოხვდეს... ახლა კი, აქ, ამ ღვინის სარდაფში ლექსის ბედი არ ანაღვლებს, რადგან მისი საუკეთესო ლექსები ჯერ გამოუქვეყნებელია.

მან რაღა თქმა უნდა, არ იცის, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ლექსების უმრავლესობა გამოქვეყნდება, მას აღიარებენ, მისი პოეზიის საღამოებს გამართავენ და გულწრფელად გაიკვირვებენ -ნეტავ ლექსებს რატომ არ ბეჭდავდაო?!

ახლა ის ღვინოს სვამს და საკუთარ უბედობას სასმელში აღრჩობს...

საკუთარ სისხლში მეხრჩობა სევდა,

ჩემში ღვთისმშობლის ცხედარი ბუდობს,

ათას წლებს იქით შემომხედავენ,

ეს კაცი ყიდდა თურმე მუხუდოს.

რაღაცა ქონდა გულის ნაჭუჭში

შემონახული ყაჭის ბანდივით,

ის იძინებდა ავდრების ჭოჭში

და მოქანცული დგებოდა დილით.

 ამ ლექსსაც ამ ესსეს მეშვეობით პირველად გაეცნობიან მისი პოეზიის მოყვარულები... მაგრამ ეს იქნება მერე, ნახევარი საუკუნის შემდეგ. მანამდე კი, ეს ლექსიც ლეილა მგალობლიშვილის არქივში უნდა მოხვდეს სხვა უამრავ ლექსთან ერთად, რომ შემდეგ ამ ესსეს ავტორმა აღმოაჩინოს.

 მანამდე ჯერ უამრავი საღამოა დირბელის ოჯახში გასატარებელი... ამ ოჯახში ის სტუმრად არ გრძნობს თავს, ნებისმიერ დროს შეუძლია დაუკაკუნებლად შეაღოს კარი, თბილად შეხვდებიან, მის დანახვაზე პატარა გოგოსაც თვალები გაუბრწყინდება, საშას მეუღლეც დატრიალდება და სახელდახელოდ დააცხობს ხაჭაპურებს. და, საღამოც (თავად მეგობრები ,,პურის ჭამას" რომ უწოდებენ) ღვინისა და ლექსების გარეშე არ ჩაივლის.

 ამ ოჯახში პოეტური სიტყვა უყვართ, აქ მისი ლექსადნათქვამი გულისნადებიც ესმით, აქ არად დაგიდევენ წესებით წერას, აქ შეუძლია ფრთები გაშალოს, თავისი ლექსები გააცოცხლოს, ახალი ელვარებით შემოსოს. ისიც არაფერია, თუ კითხვის დროს რომელიმე სტრიქონი დაავიწყდება, პატარა ლეილა შეაშველებს, მისი ლექსები ხომ სულ ზეპირად იცის.

 ეს მას ძალიან სიამოვნებს და შიგადაშიგ თამაშობს კიდეც: ვითომ დაავიწყდა, ვითომ ვერ იხსენებს, მერე დავიწყებულ სტრიქონს სახელდახელოდ ახლით ცვლის.

- ასე არ არის! -არ უთმობს ლეილა.

- აბა როგორ არის? -ეკითხება ის.

ახლა ლეილა იწყებს მისი ლექსების კითხვას...

- ამან ჩემი ლექსები ჩემზე უკეთესად იცისო, -იცინის, -აბა, ყური კარგადდამიგდე, კიდევ რამე არ შემეშალოსო, -ეშმაკურად ჭუტავს თვალებს. თავის ერთ-ერთ ძველ ლექსს კითხულობს -,,საუბარი ჩემს ორეულთან~. მისი სიკვდილის შემდეგ ეს ლექსი გამოქვეყნდება (საუბარია ლექსზე ,,ნიკო სამადაშვილს") ...ჯერ ეს თვითონაც არ იცის, ჯერ ლექსი ბოლომდე დამუშავებულიც არა აქვს, წინა ღამეს ისევ ჩაასწორა, ახალი სტრიქონები დაამატა და ახლა მისი მისი ლექსი ,,გამოცდას’გადის.

კითხვას იწყებს... პირველ სტროფს ძველებურად კითხულობს, მეორე კი შეუცვლია:

ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ

შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა,

ზეცა სივრცეებს აზანზარებდა

და მზე ყვიროდა ქვეყნის ბოლოდან...

ჩერდება. ლეილას რეაქციას ელოდება...

- არ იყო ეგრე, არ იყო! -ყვირის ლეილა.

- აბა როგორ იყო? -ეკითხება ვითომ გაკვირვებული. ლეილა ამ სტროფის თავდაპირველ ვარიანტს ამბობს:

ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ

შენ სხვა მხევალი გინდოდა ნიკო,

ზარის ხმა სივრცეს აზანზარედა,

რომ პოეზია დაღუპულიყო.

- მერე, რომელი სჯობს? -ეკითხება გოგოს.

- ორივე კარგია! -პასუხობს ლეილა.

- ახლა კი კალამი მოიმარჯვე და ჩაიწერე, სულ ცინცხალი სტროფია, წუხელ მესტუმრა -ამბობს და ლექსის კითხვას განაგრძობს:

შენ გადარებდნენ ბინდების ჭრიჭინს,

თუმცა სულ მუდამ ტოტს გცემდა ქარი,

ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო,

ლექსები ტანზე გამონაყარი.

ლეილა შეჰყურებს და ხმას ვერ იღებს, -მართლაც რა ზუსტად არის ნათქვამი...

უმრავლესობა ლექსების წერას მის ახირებად თვლის, ლექსებს უწუნებს და ურჩევს, -თავი დაანებოს წერას.

ეს მერე, მისი გარდაცვალების შემდეგ აღიარებენ პოეტად, ზეპირად ისწავლიან მის ლექსებს, მოუწყობენ დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებთან დაკავშირებულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს...

თორემ ახლა, მხოლოდ ძველი თბილისის ერთ-ერთი უბნის პატარა აივნიანი სახლის ბინადარნი არიან მისი მსმენელნიც და შემფასებელნიც. დიდებამდე ჯერ შორია, ჯერ მან კიდევ ბევრი ლექსი უნდა დაწეროს... ჯერ ლეილას უნდა ჩააწერინოს ამ ლექსის ახალი ვარიანტი, ამას კიდევ ახლადდაწერილი ერთი-ორი ლექსიც მიუმატოს, რომ მერე რომელიმე საღამოს კვლავ მოაწყონ მსგავსი თამაში.

ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ლეილას ქალიშვილი დედის არქივში ამ ლექსის ძველ ვარიანტს აღმოაჩენს, აღმოაჩენს და გაიკვირვებს, რადგან თავად მას დედამ სულ სხვაგვარად ასწავლა... თავის ბავშვობისდროინდელ ზმანებებსაც გაიხსენებს... ასე ძლიერ რომ ჩაბეჭდვია სულში...

- გამარჯობა, ძია ნიკო!

- რა შენი ძია ვარ, პაპად გეკუთვნი, მე რომ წუთისოფელს გადავცილდი, შენ ორი წლისაც არ იქნებოდი.

- დედა სულ ძია ნიკოო, -ამბობს, -და რა ვიცი?!

დედაშენისთვის ძია ვიყავი, შენ კი პაპა ნიკო უნდა დამიძახო. რაო, რას შემომყურებ ეგრე გაკვირვებული?

-ლექსებმა მართლა ტანზე გამოგაყარა?

- ეგეც იცი?

- ერთხელ მეც რაღაცამ გამომაყარა, ასე ამბობდნენ, - ბატონებიაო...

- ლექსები კი ჩემი ბატონებია, მთელი ჩემი ცხოვრება მათ ვემსახურე. შენც რომ გაიზრდები, იქნებ ლექსებმაც გამოგაყაროს. დედაშენი შენს ასაკში უკვე წერდა.

- ვიცი,

- დედამ ჩვენი თამაში არ გასწავლა?

- მასწავლა.

- მერე, რომელი ჯობნით?

- დედა.

- უყურე შენ! მე კი სულ ვაგებინებდი, -იცინის ძია თუ პაპა ნიკო.

ათი წლის ბავშვს ბატონების მსახური ნიკოს წარმოდგენა უჭირს,ნიკო ძალიან სასაცილო კაცი ჰგონია... უფროსები ნიკოს იხსენებენ, ათასგვარ ამბებს ჰყვებიან მასზე, ხარობენ და იცინიან. ნიკოს მოგონილი თამაშიც დიდად ახალისებს. ახლახან დედამ მისი ლექსი წაუკითხა და ვეღარ გაუგია, ტანზე ლექსებგამოყრილი ნიკო სასაცილოა თუ საწყალი, გაიცინოს თუ მოიწყინოს?!

... ეს ყველაფერი მერე იქნება, ნიკოს გარდაცვალების შემდეგ, ახლა კი მან ჯერ დირბელის თერთმეტი წლის ქალიშვილი, რომელსაც მისი მიბაძვით ლექსების წერა დაუწყია, უნდა წაახალისოს: ლექსებისთვის ალბომი შეურჩიოს და ზედ ოქროსფერი ასოებით ამოატვიფრინოს, -,,ლეილა მგალობლიშვილის ლექსები’; თავფურცელზე წარწერასაც არ დაიზარებს - ,,სახსოვრად პატარა პოეტესა ლეილას. ნიკო. 1939 წელი’.

მერე ახალ თამაშსაც ასწავლის: ჯერ თვითონ იტყვის ლექსს, ან ნაწყვეტს ლექსიდან, -ლეილამ ავტორი უნდა გამოიცნოს. მერე ლეილა ამბობს და მისი ჯერი დგება. ის ან საკუთარ ლექსს ამბობს ან გალაკტიონს. ლეილამ ყველა ეს ლექსი ზეპირად იცის, გამოცნობას ვერავინ დაასწრებს.

მერე ლეილა საკუთარ ლექსს უკითხავს.

- გალაკტიონი? -ეკითხება ის.

- კი, უდასტურებს ლეილა.

- ხომ ვამბობდი, რომ გალაკტიონი მაგარია! -ამბობს ის.

- ჩემი ლექსია, ჩემი! -იცინის ლეილა.

ისიც ჰყვება სიცილში...

ახლა ლეილა გალაკტიონის ლექსიდან უკითხავს ნაწყვეტს.

- ეს კი ნამდვილად შენია, ვეღარ მომატყუებ.

- გალაკტიონია... -ამბობს ლეილა და ისევ იცინიან...

რას წარმოიდგენს, რომ ეს პატარა გოგო წლების შემდეგ თავის ქალიშვილს ასწავლის ამ თამაშს, მის ლექსებსაც წაუკითხავს, მასზე ამბებს მოუყვება... ეს მერე, მანამდე ბევრმა წყალმა უნდა ჩაიაროს, ჯერ ლეილა მხოლოდ პოეტობაზე მეოცნებე ბავშვია, და ის მოსაყოლი ამბებიც ჯერ არ მომხდარა...

ახლა მას მხოლოდ ღვინო თუ უშველის, ახლა ის უგონობამდე უნდა დათვრეს... ღვინო აქარვებს დარდს.

არ იცის რა დროა. ალბათ, უკვე გვიანია. ლაღია დირბელი, ბევრს სვამს, მაგრამ ცუდი სიმთვრალე აქვს მეტად. თუ კიდევ დალიეს, დირბელი უთუოდ აუხირდება ვინმეს, ჩხუბს ატეხს, მაგიდებს აატრიალებს და მილეწ-მოლეწავს იქაურობას... მასაც ჩაითრევენ ჩხუბში, დღეს კი მას ჩხუბი არ უნდა, დღეს ის ძალიან ბევრს დალევს და მერე ფეხარეული გაუყვება სახლის გზას... ბავშვებს ალბათ უკვე ძინავთ. შეიძლება, მშივრებმაც კი დაიძინეს. კიდევ უნდა დალიოს რამდენიმე ჭიქა. ჯერ ისე არ დამთვრალა, რომ სახლში წავიდეს. ფხიზელი თვალს ვერ გაუსწორებს ცოლს, ...ნეტავი ერთი ლექსი მაინც დაებეჭდათ, მაშინ ხომ ამაყად შეაღებდა სახლის კარს, მაშინ ხომ აღარც მისი სიმთვრალე და შემოხარჯული ხელფასი იქნებოდა სათვალავში ჩასაგდები. ახლა კი... ახლა ძალიან მაგრად უნდა დათვრეს... სჯობს, ისევ სიმთვრალისთვის უსაყვედურონ ოღონდ ლექსის წერისთვის არავინ დაძრახოს, მის დაღლილ ფიქრებს არავინ შეეხოს...

ხვალ ისევ დაწერს ლექსს, ისევ წაიღებს ლიტერატურულ ჟურნალში დასაბეჭდად, ამჯერადაც არ გაუმართლებს. მოუბოდიშებენ, აქაოდა მწერალთა კავშირის ჟურნალიაო, შენ კი მწერალთა კავშირის წევრი არა ხარო. თქვე დალოცვილებო, წევრი როგორ გავხდები, თუ ლექსები არ დამიბეჭდეთო?! სხვაგან წაიღეო, ურჩევენ... ეს ისე, სხვათაშორის ეტყვიან, თორემ თავადაც იციან, წასასვლელი არსადაა... ისევ დირბელს უნდა შესჩივლოს, ისევ მას გაუმხილოს დარდი, ლაღია დირბელი და უღალატო...

ლეილა ,,პატარა პოეტესა’აღარ არის, მის ლექსებს ბავშვური გულუბრყვილობა დაუკარგავთ, სევდა შეჰპარვიათ... გაზრდილა და უფრო მეტად წააგავს მამას, მამასავით ლაღია, საკუთარი ლექსების ბედი დიდად არ ანაღვლებს, ჯერ არ უგრძვნია წლობით უჯრაში გამომწყვდეული ლექსების ტკივილი, თუმცა ერთი ლექსის დაბეჭდვა მაინც უცდია. არ დაუბეჭდეს, ერთი სტრიქონი არ მოეწონათ, -,,ლურჯი ზეცა იღვრებოდა ყანწებიდან’, ,,ლურჯი’შეცვალე და დაგიბეჭდავთო, ცისფერყანწელებზეა მინიშნებაო... გაჯიუტდა ლეილა, არ შეცვალა. აკი არც დაუბეჭდეს.

 -ძალიანაც კარგი ჰქენი, რომ არ შეცვალეო, -უწონებს საქციელს; თან შიშობს: ჩემსავით შენ ლექსებსაც უიღბლობა არ დაჰყვესო.

რას წარმოიდგენს, რომ ლეილა ისე წავა ამ ქვეყნიდან, ერთ ლექსსაც არ გამოაქვეყნებს, არც არსად მიიტანს თუმცა კი, მოგვიანებით მასაც დაამძიმებს დაუბეჭდავი ლექსების სევდა, მაგრამ არც ისე მძაფრად, არც ისე მტკივნეულად, ლაღია ბუნებით, მამას ჰგავს...

ეს ყველაფერი იქნება მერე, ჯერ კი, ის ისევ დაწერს ლექსს, არც თუ ხალისით, მაგრამ მონდომებით... ახლა ეს ლექსია მისი იმედი, ამან უნდა გაატანინოს...

ლეილას ,,რჩევით’ბელადზე წერს ლექსს, ,,პარავოზია’საჭიროო, -აბა ნახე სხვა მწერლები როგორ იქცევიან, ჯერ ბელადზე, საბჭოთა საქართველოზე, პარტიაზე დაწერენ, მერე შიგადაშიგ კარგ ლექსებსაც შეაპარებენ... ეგრე რომ არ იქცევი, იმიტომაც არ გიბეჭდავენ, ცოტა მოხერხებაა საჭიროო...

- შენ რატომ არ იქცევი ეგრე, იმ ლექსში ერთი სიტყვაც რომ ვერ შეგაცვლევინესო? -იჭვნეულად კითხულობს; არ ეშვება ლეილა. რომელიღაც პოეტის ლექსებისკრებულს აკითხებს. მართლაც, ჯერ ბელადზე დაწერილი ლექსები ,,მიდის’, ამას ჰქვია ,,პარავოზიო’, -უხსნის... მერე კი პოეტური შედევრები ჩაბმიან ერთმანეთს ვაგონებივით...

კარგა ხანს ებრძვის საკუთარ თავს... იმას, მასში საყდრის ჩიტივით რომ უსტვენს, მოფერება და პატრონობა რომ სჭირდება... ბოლოს, ბოლოს კი მაინც დაიხშობს ყურებს, რომ მისი სტვენა ცოტა ხნითდაადუმოს, ისევ მისთვის, ისევ მის გადასარჩენად...

თან ეჭვობს, ვაითუ გაბრიყვდეს. მაგრამ მიამიტია და მიმნდობი, ადვილად ეგება ლეილას ამ პატარა ხუმრობაზე, თანაც არც სიმართლისგან არის შორს. რაც არის არის, დაწერს და რედაქციაშიც მიიტანს, ეგეც თქვენი ,,პარავოზიო’. ამდენი წვალება სულ წყალში ეყრება, არც ამას დაუბეჭდავენ. თან უკვირს, თანაც ბრაზდება. ისევ საშას მიაკითხავს, ის არის მისი გულშემატკივარი...

-წაიკითხე, რა დაწერეო, -ეუბნება დირბელი.

- ბელადზე დავწერეო, -პასუხობს და კითხვას იწყებს:

ის კამკამებდა ვით ცრემლის გუბე,

ალალი გულის ფიქრებით სავსე,

ის დაიღუპა, იქნებ დაღუპეს,

ნეტავი რისთვის? ნეტავი რაზე?!

ისმოდა წყევლა შეშლილ ქოშებით,

და თავგანწირვა უიღბლო ცისთვის,

ზარი გოდებდა ხანგამოშვებით:

ნეტავი რაზე? ნეტავი რისთვის?!

სიცილით კვდება დირბელი: -დაგიბეჭდეს კი არა, მადლობელი არა ხარ, რომ არ დაგიჭირესო?

ფიქრდება ისიც, გარეთ 53 წელი დგას, არეული... ამას კი რა დაუწერია, -ამხელა კაცი ლეილამ როგორ გამაბრიყვაო, -იცინის გულიანად. და ვერც კი წარმოიდგენს, როცა მისი სიკვდილის შემდეგ მისი ლექსების კრებული გამოვა, ეს ლექსიც დაიბეჭდება. ალბათ, როგორ გაიკვირვებს ლეილა, ამ ლექსს სხვა სათაურით რომ ნახავს დაბეჭდილს და სქოლიოში ამოიკითხავს, რომ ლექსი ეძღვნება ალექსანდრე გამყრელიძეს -ცნობილ მკვლევარსა და მთარგმნელს, თუმცა იქვე ჩათვლის, რომ კრებულის შემდგენლებს შეეშალათ, რადგან საშა გამყრელიძე რომ გარდაიცვალა, ნიკო სამადაშვილი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო და საშას დაღუპვას ვერაფრით გამოეხმაურებოდა. თანაც 1953 წელს საიდან უნდა სცოდნოდა ნიკო სამადაშვილს, რომ 1971 წელს საშა გამყრელიძე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპეპოდა?! (სქოლიო: საშა გამყრელიძე გარდაიცვალა 1971 წელს. ნიკო სამადაშვილი გარდაიცვალა 1963 წელს.) ...ეს იქნება მერე, კარგა ხნის შემდეგ ...ახლა კი ის გულიანად იცინის და პირველად იცინის არდაბეჭდილი ლექსის გამო. ბრაზი უქრება და თითქოს სევდაც აღარ ეძალება.

ლექსი გადასაგდებად მაინც ენანება, მოგვიანებით სათაურს შეუცვლის, -,,სტალინის სიკვდილის" ნაცვლად ,,სამიკიტნოში’-ო წააწერს, სათაურის ქვეშ კი პატარა მინაწერს გაუკეთებს: ,,ჩემს საშას’. სწორედ ასეთი სახით გამოქვეყნდება ნახევარი საუკუნის შემდეგ ეს ლექსი.რას წარმოიდგენს, რომ ეს პატარა მინაწერი წლების შემდეგ თავსატეხს გაუჩენს საშა დირბელის შვილიშვილს -ამ ესსეს ავტორს, ვერ წარმოიდგენს, რადგან როცა ამ ლექსს წერს, თუ მინაწერს აკეთებს, ჯერ საშას შვილიშვილის დაბადებამდე კარგა შორია...

ჯერ არც ის იცის, მისი ლექსები, რომ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდება, თორემ ეტყოდა ამ ესსეს ავტორს: რა თავს იტეხავ, ნეტავი შენ, ეს ლექსი რა დიდი საფიქრალიაო... ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ის და მისი ლექსები ასეთ ინტერესს გამოიწვევენ, თითქმის ყველა, ვინც იცნობდა და არ იცნობდა, ,,მემუარებში’ მოიხსენიებს, მასთან ყოველ შეხვედრას გაიხსენებს, ესსეებს დაწერს, მასთან ნაცნობობას შეიფერებს და ამით თავსაც მოიწონებს... ვინც ვერ შეწვდება კი, ბოღმით იტყვის: უნიჭო იყოო. დაე, მათ სინდისზე იყოს ნიკოს ნიჭისა და სულიერი სიღრმეების ვერდანახვაც და მისი ხილვების ვერშეცნობაც. სინდისიერებას სხვას ვერ მოსთხოვ... თავად ნიკოს აუგი არავისზე დასცდებოდა და ამ ესსეს ავტორიც ვერ მისცემს თავს ამის უფლებას.

ამ ესსეს ავტორს საშა გამყრელიძის ქვრივის მოგონებაც აქვს წაკითხული, თითქოს როგორ აჩუქა ნიკომ ეს ლექსი მის მეუღლეს... ის თავს უფლებას ვერ მისცემს, ამ მონათხრობში ეჭვი შეიტანოს... მიუხედავად ამისა,ისევ და ისევ ნიკოს სულის პატივისცემის გამო, ის ფაქტებს მაინც ვერ დამალავს და ჰყვება იმ ამბებს, რაც დედისაგან და პაპისგან მოუსმენია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ნიკო სამადაშვილის ლექსები დღის სინათლეს იხილავდნენ... წერს, რადგან ფიქრობს, რომ ნიკოს სათაკილო და მისაჩქმალი არაფერი სჭირდა და თავდაპირველად ვისადმიც არ უნდა იყოსეს ლექსი მიძღვნილი, ნიკოს პიროვნებას ჩრდილს ვერანაირად მიაყენებს. თანაც თავად ნიკოს ცხოვრების ბოლომდე სულ ეხუმრებოდნენ: როგორ იყო სტალინზე ლექსი რომ დაწერე და კინაღამ დაგიჭირესო? ამაზე ნიკო გულიანად იცინოდა და არასოდეს უთაკილია. თუმცა, ეს ყველაფერი მოხდება მერე, ახლა კი მას -ავტორის, მსჯელობებისთვის არ სცალია. მეგობრები ნავთლუღში მიდიან, დირბელის ვენახში, იქ ქეიფს რა სჯობს: ხის მაგიდაზე სახელდახელოდ გაწყობილი სუფრა, ვენახის შრიალი, დირბელის ხელით დაწურული საუკეთესო ღვინო... ეს ყველაფერი სოფლის ნოსტალგიას აყუჩებს, ორივეს რომ თან სდევს მუდამ...აქ, ამ ესსეს ავტორს ერთი სული აქვს, მომავალში გადაინაცვლოს და ყველაფერი წინასწარ თქვას, რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანი დღეა ნიკო სამადაშვილის ცხოვრებაში... ამ დღეს უნდა გადაწყდეს მისი ლექსების პირველი კრებულის ბედი... მაგრამ ავტორი მაინც ამჯობინებს თავი შეიკავოს და თანდათანობით მიჰყვეს მოვლენებს, რადგან ნიკომაც ჯერ არაფერი იცის, და ვერც ვერაფრით წარმოიდგენს...

ავტორი ჯერ-ჯერობით ისევ საშა გამყრელიძის ქვრივის ნაამბობს უბრუნდება:

 „ერთხელ სახინკლეში ხელსაწმენდზე საშაზე ლექსი დაეწერა. საშა სახლამდე მოაცილა და ლექსი მე გადმომცა. წავიკითხე და გადავირიე.ნიკო ამაყად ამბობდა, ნახე ჩემ დაწერილ ლექსს რა შეუძლიანო! მერე მანუგეშებდა, თუ ეს ნუგეში იყო: ასეთი პატიოსანი და ცრემლივით მთრთოლვარე კაცი ჩვენს ქვეყანაში დიდხანს ვერ იცოცხლებსო’. როგორ არა ჰგავს ნიკოს საქციელს! -ამას ამ ესსეს ავტორი მთელი სხეულითა გრძნობს და ვინც ნიკოს კარგად იცნობდა, ისიც დაემოწმება. ნუთუ შეეშინდა ნიკოს, მართლა არ დაეჭირათ და ასე უნიჭოდ და ულაზათოდ დადგა ეს სცენა? დირბელის შვილიშვილი ნიკოს შეშინებას ვერასოდეს დაიჯერებს, რადგან მისთვის ის გაუტეხელი სულის ადამიანია, ან იქნებ ორჯერ ციხეგამოვლილმა ნიკომ ჭკუა ისწავლა და უფრო პრაქტიკული გახდა? სწორედ ეს არის ამ ესსეს ავტორის თავსატეხი. სიმართლე კი მხოლოდ ნიკომ იცის... იცის და კიდევაც რომ გვეთამაშება, ახლა აიღებს და ამ ლექსს თავის ბელეტრისტულ თხზულებაში ჩართავს. იქ ვინმე ქმრის მოღალატე და ქმრისგან ულმობლად მოკლულ ქალს მიუძღვნის და მის სამარეზე ამოკვეთავს:

`ის კამკამებდა, ვით ცრემლის გუბე

ალალი გულის ფიქრებით სავსე და ა. შ.~

(`შეხვედრები და სინანული~. გვ. 217. 1995 წ.)

მოსწონს ნიკოს ეს ლექსი... უნდა რომ თავის თხზულებაში გამოიყენოს, სხვა ადგილი ვერ უპოვა, თავადაც ხვდება: -სად ქმრის მოღალატე ცოლი და სად ალალი გულის ფიქრები? ამიტომაც ბოლოში გამართლებასავით დაამატებს, ,,ღალატის ღამეს ეს ქედმოხრილი სტრიქონები როდი სჯეროდაო’...

ამ ესსეს ავტორმა ნიკოს პატიმრობაზე კარგა ხანს არაფერი იცოდა, მგალობლიშვილების ოჯახში ამ თემაზე საუბარს გაურბოდნენ. თუმცა, როცა გაიგო, არ გაჰკვირვებია. ის უფრო გაუკვირდებოდა, ნიკოსავით თავისუფალი სულის ადამიანი იმ ავბედით წლებში პატიმრობას თუ ასცდებოდა. დედის არქივში გაუგზავნელ ბარათს წააწყდა, ლექსად დაწერილს. 1944 წლის მარტია... საშა ფრონტზეა, ნიკო -ციხეში. 15 წლის ლეილა წერს:

პოეტ ნიკო სამადაშვილს

პირველად შენგნით მოძღვნილ ალბომზე

გაიბნა ჩემი ლექსის რითმები,

მუდამ მიყვარდა შენი ლექსები,

კვლავ მონატრული მათი ვიქნები.

შენ აქ არა ხარ, შენ ლექსის რითმებს

თავისუფლების ვერ ბერავს ქარი.

და შენს რვეულებს, სავსეს რითმებით,

ალბათ, ედება მტვერი მწუხარი.

`ნაძვები კუბოს კვლავ აქროლებენ

და ყვავილებიც კვლავ მოაქვთ ქარებს,~

ლაღად დარჩენილ ნაძვების შრიალს

შენი ლექსები თავს რომ აფარებს.

იქნებ, შენ მანდაც უმღერი გრძნობებს,

უძღვნი ლაჟვარდებს წარმტაც სტრიქონებს,

იქნებ, ქმნი ლექსთა და რითმთა ბაღებს,

ხან გასალაღებს, ხან დასაღონებს.

მანდ, სადაც სული სევდით იმტვრევა,

სადაც სიბნელე აკივლებს გულებს,

იგონებ, ალბათ, წარსულ ცხოვრებას

აწ დავიწყებულს, დროგადასულებს.

ან თბილისიდან მობერილ ნიავს

მკერდს გადაუშლი, ალბათ ვედრებით;

ეხ, სადღა ნახავ საშა დირბელსა,

ბინდზე დაცლილი ალავერდებით.

ან ძმაბიჭების სად ჩანს ქეიფი,

აღარ დაჰქრიან გიჟი ეტლები,

ეხ, ცხენებია თავაშვებული,

ეხ, ცხენებია გასახედნები.

შენი ოცნება თბილისს გაგონებს,

მწარე ფიქრში ხარ,ალბათ, გართული,

იქნება ყანწით ღვინო გწყურია,

ლექსად ამოსთქვა ტკბილი ქართული.

ეს ბედი არის მოწამე ტანჯვის,

სევდას ვეღარ ცვლის ბასრი კალამი,

დავწერე, მაგრამ სად გამოვგზავნო,

ჩემი მადლობა, ჩემი სალამი.

 ამ დღიდან არც ისე შორს არის ის მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც დირბელის ვენახში ქეიფს უკავშირდება. ყველაფერი კი ასე იწყებოდა:

 ლეილას მეგობრები ჰყავს ოჯახში მოპატიჟებული: რეზი თვარაძე და თამაზ ჩხენკელი. ბევრი აქვთ საერთო, სამივე ლექსებს წერს, პოეზია უყვართ, ერთმანეთს საკუთარ ლექსებს უკითხავენ, ლიტერატურაზე საუბრობენ... საერთო მეგობრები ჰყავთ.

მოგვიანებით ლეილას ქალიშვილი დედის ხელნაწერებში სახუმარო ლექსებსაც აღმოაჩენს,რომლებსაც ერთმანეთს სწერდნენ. -,,დღეს რეზი თვარაძე ვნახე, თამაზ ჩხენკელს ახალი ლექსი დაუწერია:

ჩემთან აღარ მოდიხარ,

აღარ მატკბობ ღიმითა,

ჩემო კარგო დოდიკა,

ნეტავ რა მოგივიდა?

აღარა მაქვს ლხენა,

შენ კი დასდევ ყეინებს,

შემოგევლე შენა,

ნეტავ რა გაწყეინე?’’

პასუხი არ იგვიანებს, ლეილას დღიურის შემდეგი ფურცელი მეორე დღესვეა დაწერილი:,, - რამე მწარე დავუწეროთ საპასუხოდ თამაზს, -მეუბნება დოდო. -კარგი, ვეთანხმები მე, მაგრამ იმ პირობით, თუ არ გაამხელ, რომ ჩემი დაწერილია, ვითომ შენ დაწერე...

ლექსი დაგიწერია,

მიჯავრდები რაღაზე,

თამაზ, მონატრებიხარ

პლეხანოვის `ლამაზებს~.

გიხმობენ, ურჩევნიხართ

ბაირონს და გეინეს,

მე თუ დავდევ ყეინებს,

ამით შენ გაწყენინე?

ლექსად დაგიწერია,

ეგ შენი სამდურავი,

შენ თუ რამე გეწყინა,

მოგიკვდა ჩემი თავი.’

17. 10. 46 წ.

...ახლა სწორედ რეზისა და თამას ელოდება ლეილა. მამა არ არის სახლში. დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, ლეილა სუფრას შლის. მოულოდნელად საშა მოდის სახლში. ოთახში გაშლილ სუფრას რომ დაინახავს, იკითხავს, ვინმეს ველოდებითო? -არავის, სადილობას ვაპირებდითო, -პასუხობს ლეილა. -ძალიანაც კარგიო, ამბობს საშა და სუფრას მიუჯდება. მკაცრი მამაა საშა. ვერ ბედავს ლეილა სიმართლის თქმას, ვაითუ გაბრაზდეს მამა, რადგან მას არ დაეკითხა და ისე მიიწვია სახლში ბიჭები. ეს ის წლებია, ყმაწვილკაცების სტუმრობა ქალიშვილთან ცუდ ტონად რომ ითვლება... ის კი არა და, ქალები და ვაჟებისხვადასხვა სკოლებში სწავლობენ.

გარედან იძახიან... საშა დგება და კარებს აღებს. ძალიან კი გაუკვირდება ბიჭების დანახვა, მაგრამ როგორც ქართული სტუმარ-მასპინძლობის წესი მოითხოვს, სახლში შემოიყვანს, სუფრასთან მიიპატიჟებს და საუბარს გაუბამს. გამოჰკითხავს ვინ არიან, რას საქმიანობენ. მოსწონს ბიჭები... ბოლოს გამოირკვევა, რომ ლექსებსაც წერენ. მაშინ ნიკო სამადაშვილზე ჩამოუგდებს სიტყვას. რეზი და თამაზი ნიკოს არ იცნობენ, მაგრამ მისი ზოგიერთი ლექსი უკვე მოსმენილი აქვთ ლეილასგან.

საშა ბიჭებს პირდება, რომ ნიკოს აუცილებლად გააცნობს. უხარია საშას, ნიკოს ერთი კარგი ,,პოეზიის საღამო’უნდა მოვუწყო, ცოტა გახალისდებაო. ლეილას კი საყვედურობს: -თუ ასეთი კარგი ამხანაგები გყავდა, აქამდე რატომ არ გამაცანიო? რას წარმოიდგენს, რომ ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი -თამაზ ჩხენკელი წლების შემდეგ, გაარღვევს ყველანაირ ბარიერს და ნიკოს რამდენიმე ლექსს დაბეჭდავს გაზეთში, იმ ლიტერატურულ გაზეთში, რომლის რედაქტორიც რეზი თვარაძე იქნება...

1967 წლის 28 ივლისს, ნიკოს გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, აღსრულდება მისი ოცნება. ამას თავად ნიკოც ვერ წარმოიდგენს, როცა დირბელის ვენახში ლეილას მეგობრებთან, შვილისტოლა ბიჭებთან იქეიფებს.

...ღვინო, სადღეგრძელოები, ლექსები... ხარობს ნიკო, უყვარს ახალგაზრდები პოეტურ სიტყვას რომ აფასებენ, სულიერ სიახლოვეს გრძნობს მათთან. სიამოვნებით კითხულობს საკუთარ ლექსებსაც... რა იცის, რა მნიშვნელოვანი დღეა მის ცხოვრებაში. რას წარმოიდგენს, რომ სწორედ ამ ახალგაზრდებმა უნდა უპატრონონ მის პოეტურ მემკვიდრეობას,ეს ქოჩორა ბიჭი კი, ახლა მის გვერდით რომ ზის, სწორედ ის თამაზ ჩხენკელია წლების შემდეგ (1973 წ.) ნიკოს ლექსების კრებულის გამოცემას რომ მიაღწევს და წინასიტყვაობასაც თავად წარუმძღვარებს არჩილ სულაკაურთან ერთად; რომ ეს ბიჭი იქნება მისი მეორე კრებულის რედაქტორ-შემდგენელი როსტომ ჩხეიძესთან ერთად...

ახლა ნიკო ქეიფობს და ხარობს და, ვგონებ, სულაც არც კი აქვს დაწერილი თავისი ბელეტრისტული თხზულება ,,შეხვედრები და სინანული’, რომლის ერთ-ერთი რედაქტორთაგანი ისევ და ისევ თამაზ ჩხენკელი იქნება. რა იცის ნიკომ, რომ სწორედ ახლა, ამ ვენახში, ამ ხის მაგიდასთან ხდება ავტორისა და მისი მომავალი რედაქტორ-შემდგენელის პირველი შეხვედრა. ეს რომ იცოდეს, სხვა თვალით შეხედავს მას, ახლაც და შემდეგაც, სხვა მრავალი შეხვედრებისა თუ საუბრების დროს, ...მაგრამ რას წარმოიდგენს, რომ თავის სიცოცხლეში ვერც ერთ ლექსს ვერ იხილავს დაბეჭდილს, და, რომ ამ ბიჭის იმედადღაა დარჩენილი მთელი მისი შემოქმედება.

და იქნებ ახლა, სულაც სათვალავში ჩასაგდები არცა ჰგონია ეს დღე. თუმცა, ის დაუვიწყარი აღმოჩნდება თამაზ ჩხენკელისთვის... აკი ნახევარი საუკუნის შემდეგ გაიხსენებს ერთ-ერთ რადიო-გადაცემაში: ,,ნიკო სამადაშვილი საშა მგალობლიშვილმა გამაცნო, სადღაც ბაღში წაგვიყვანა საქეიფოდო’. ეს მერე იქნება, ახლა კი ის ნიკოს ლექსებს უსმენს, მაგიდაზე ჩამწკრივებულ თიხის დოქებს შეჰყურებს, საშა მგალობლიშვილის ხელით დაწურული ,,ნამდვილი’, მაგარი ღვინით რომ ივსება დაცლისთანავე და ფიქრობს, როგორ ჰგავს ნიკოს ლექსებიც ,,გაუცრელი თიხისაგან გამომწვარ ასიმეტრიულ დოქებს, რომელთაც თუმცა ამჩნევიათ კოჟრები და ზოგჯერ მომტვრეულიც აქვთ ტუჩი ან ყური, მაგრამ რომლებშიც პოეზიის შეურყვნელი, მაგარი ღვინოა ჩასხმული’.

ფიქრობს და, თავის ამ ფიქრს კარგად იმახსოვრებს, რომ შემდეგ, პოეტის პირველად გამოქვეყნებულ ათიოდე ლექსს მინაწერად დაურთოს; მაგრამ, ეს ჯერ თვითონაც არ იცის...

ესსეს ავტორი ისევ ბავშვობისდროინდელ ზმანებას გამოიხმობს:

-გამარჯობა, პაპა ნიკო!

-რაო, რისთვის დამიძახე?

-მართლა წესების გარეშე წერდი?

-ვინა თქვა ეგა?

-დედამ.

-ჰო, ეგრე ამბობენ. შენ რა, სულ წესებით თამაშობ? ვერ გამიგია, ეგ წესები ვიღამ დაადგინა; თანაც წესებისა არაფერი გამეგებოდა,როგორც მეწერებოდა, ისე ვწერდი; როგორც მედარდებოდა, ისე ვდარდობდი...

-თუ წესებისა არა გაგეგებოდა, რისთვისღა წერდი?

-ეჰ, შენ რა იცი, რა შეუძლათ დარდებს...

ამ ესსეს ავტორი მაშინ ვერაფრით მიმხვდარიყო, დარდებს რა შეეძლოთ.

ნიკომ კი იცოდა, აბა, მასზე უკეთ ვინ იცოდა ,,რა მწარეა, როცა სიმთვრალესთან ერთად მთვრალი დარდებიც აგეტორღიალებიან, გულზე გეჭიდებიან, საფეთქლებს გიხურებენ, ნეკნებს გიმტვრევენ, თვალში შუქს გიწრიტავენ, შუბლის ძვალზე გასკდებიან, სხეულს გიმღვრევენ...’და მერე, გსურს თუ არა გსურს, უწესო, თავაშვებული ბავშვებივით ცვივიან გარეთ, ზოგი წვიმის გუბეში ჩაწოლილა და ზოგიც ლაჟვარდებს გადავლებია... და თუნდაც კეტით სდიო, მაინც ვერ დააოკებ...

ახლა ის უგონობამდე უნდა დათვრეს, რომ აღარაფერი ახსოვდეს და არაფერმა შეაშფოთოს... ღვინო აქარვებს დარდს.

ამ ესსეს ავტორი, წერის არჩეული სტილის მეშვეობით, მუდმივად ღვინის სარდაფში ,,აბრუნებს’ნიკოსა და საშას, მაგრამ ეს მისი ახირება არ არის; უბრალოდ ავტორმა საქმე გაიადვილა, რომ თავისუფლად ემოძრავა სივრცესა და დროში, და თან ხელიდან არ გასხლტომოდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენოდა მათი ბოჰემური ცხოვრების ნირი:

,,ის ყოველ ღამე დაეძებდა ტიალ სარდაფებს,

თითქოს ცისმარე დღე შფოთავდა და ითრობოდა,

შთამომავლობა მის ცხოვრებას რას დაიჯერებეს,

კაცი, რომელიც სულ ღვინოში იფუფქებოდა.

რომ მას შეეძლო პოეტური უმანკოება,

მიწას ურბენდა, დედამიწის უარმყოფელი,

არ დაგიდევდა, თუ უკმეხად ედგა დროება,

ან თუ სივრცეებს გაყმუოდა წუთისოფელი.

ვიღაც ღიღინით ჩემს საფლავზე ბალახს გათიბავს,

იტყვის რა კრულვით დაიღუპნენ მამა და შვილი,

თან კლდის ნატეხზე მიაწერავს ოდნავ ირიბად:

(აქა მარხია ჩვენი ნიკო სამადაშვილი).

(აქა მარხია ჩვენი საშა მგალობლიშვილი).

და მაინც, ვინ იყო ის, ვინც ყოველ ღამე ღვინის სარდაფებს დაეძებდა, -ნიკო თუ საშა? -ერთიცა და მეორეც, ეს ლექსი ორივეს ცხოვრებას ერთნაირად შეესაბამება. ლექსის გამოქვეყნებულ ვარიანტში მხოლოდ ნიკო სამადაშვილი წერია, ალბათ ხელნაწერში ასე იყო... მეორე ვარიანტი ამ ესსეს ავტორმა მიაწერა, რადგან ნიკო ასე კითხულობდა მას საშას თანდასწრებით. ისევ გვეთამაშება ნიკო... ხელს ისიც უწყობს, რომ სახელები და გვარები ადვილად ენაცვლება ერთმანეთს მარცვალთა თანაბარი რაოდენობის წყალობით, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, რომ აღინიშნოს ,,სამადაშვილი’უფრო უკეთ ერითმება ,,მამა და შვილს’, ვიდრე -,,მგალობლიშვილი’, მაგრამ განა ნიკო ამას დაგიდევდათ, სწორედაც რითმებს არ უწუნებდნენ?!

საშა თვითონ არ წერდა ლექსებს, მაგრამ სულით საოცრად პოეტური ადამიანი იყო. კარგად განვითარებული პოეტური ინტუიციის წყალობით ადვილად იკვლევდა გზას ნიკო სამადაშვილის პოეტური შემოქმედების რთულ ლაბირინთებში.

ერთხელ ნიკოს უკითხავს: -რატომ ლექსებს არ წერ, მგონია, კარგად გამოგივაო.

საშას უპასუხია: -აგერ შენ და აგერ ლეილა, განა ერთი ოჯახისთვის ორი პოეტი საკმარისი არ არისო?

...ლექსი ყველგან იწერება. ხშირად ,,ბუღალტრის მაგიდაზე’ციფრებთან თამაშს, ისევ სიტყვებთან თამაში ურჩევნია. თანაც საშა მგალობლიშვილიც იქ არის, მგონი 50 წელი შეუსრულდა და ცოტა წაუქეიფებიათ სამსახურში. სიტუაცია ექსპრომტს ითხოვს და, ნიკოც მზად არის:

სანდრო დირბელს

ცხოვრების ნახევარი განვვლეთ, დირბელო,

მომეცი ნება, ლექსი გიძღვნა,

და რო მნახო, არ წამოგცდეს,

რას მიჰქარავ, ხიდისთაველო?!

მეც მაგონდება დირბის ზღვა-ზვრები,

მათთან მობიბინე ლურჯი ყანები,

მოვდივართ ქვეყნად ანგელოზები,

მივდივართ უკან კუდიანები.

ერთი შეხედე ბედის ამ ყისმათს,

თითქო ცხოვრება ვატარეთ ღრეჭით,

ბედის ორძელზე ვჭიმავდით ყირას,

სიცოცხლეს ღვინის სარდაფში ვლევდით.

ო, რამდენ ღამეს ვუთიეთ ერთად,

ძმაო კეთილო, სანდრო დირბელო,

თითქოს ერთმანეთს გულებს ვართმევდით,

ისე გვიყვარდა ეს საქართველო.

გახსოვს, ტიალი დუქნის მაგიდა,

როგორ წაბილწე მთვრალმა გინებით?!

მე რომ ფხიზელი არ დაგდგომოდი,

აბა სახლის კარს რას მივაგნებდით.

რაც იყო, იყო, კარგად ვატარეთ,

ესღა გვარგუნა განგების ძალამ,

მივხედოთ, მოდი, ახლა პატარებს,

განვსაჯოთ ჩვენში ვინ დაიღალა.

დღე დაითენთა ფიქრების ბინდით,

აბა რად ვგავართ ნახევრად გიჟებს,

ალბათ, ნუნუას ბევრს რომ ვხუხავდით,

და რომ დავდევდით კურკასებრ ბიჭებს.

იცოცხლე დიდხანს კარგი სახელით,

სახე შენ მაინც ქორფა ბალღს გიგავს,

გიძღვნი ამ ნაგლეჯს, გქონდეს სახსოვრად,

როგორც ჩემს ძმას და გულშემატკივარს.

ამ ლექსს რომ წერდა, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და მისი ქალიშვილი მოგონებების წიგნს დაწერდა მამაზე, ხოლო საშა მგალობლიშვილს, მის ,,ძმასა და გულშემატკივარს’, ერთხელაც არ ახსენებდა!.. რომ აღარაფერი ვთქვათ ლეილაზე, რომელსაც მუდამ ანებივრებდა, მამობრივი სიყვარულით ათამამებდა და ,,გაამზითვა’კიდეც.

როდესაც ლეილა დაქორწინდა (1960წ.), ნიკოს უკითხავს: მამაშენმა წესისამებრ თუ გაგამზითვა, ,,ვეფხისტყაოსანი’თუ გაგატანაო? უარი რომ მიიღო, მაშინ საკუთარი წიგნი აჩუქა და ზედ წააწერა: ,,ჩემს ლეილას მზითევში ვატან. ძია ნიკო’. ეს საჩუქარი უფრო მეტად იმით იყო ძვირფასი, რომ ეს იყო ნიკოს ნაქონი წიგნი, რომელსაც კითხულობდა, ჩაჰკირკიტებდა, ხოლო წიგნის ბოლოში იმსტატიებს აკრავდა, რაც იმდროინდელ პრესაში ,,ვეფხისტყაოსნისა’და რუსთაველის შესახებ იბეჭდებოდა, თან ზედ თავის მოკლე კომენტარებსაც ურთავდა. ეს წიგნი დღესაც ინახება ამ ესსეს ავტორის ოჯახში.

უხარია ლეილას საჩუქარი, მაგრამ ცოტა გაკვირვებულია, თან გულიც წყდება, ეგონა ნიკო თავისი ლექსების ხელნაწერ რვეულს აჩუქებდა, რადგან იცის:

,,ის ჩუმად სწერდა თავის რვეულებს,

ერთგულ მეგობრებს ატანდა მზითვად,

ისედაც ლექსით გადარეულებს,

ეს აწვებოდა სულ ზედმეტ ტვირთად.’

(ნ.სამადაშვილი ,,მწუხრი’ ).

ლეილა თავს ნიკოს მეგობრად თვლის, მიუხედავად ასაკისა, მათ შორის ხომ საოცარი სულიერი კავშირია, ისე ანდობენ ერთმანეთს გულისნადებს, როგორც მეგობარი -მეგობარს, როგორც პოეტი -პოეტს...

გული წყდება ლეილას, მაგრამ რას იტყვის?! ნიკო უსიტყვოდაც ხვდება, ეღიმება: ჩემი ლექსები რაღად გინდა, ისედაც ყველა ზეპირად იციო.

ეს მერე იქნება...

ჯერ კი 1951 წელია, ლეილა ნიკოს თავისი ლექსების რვეულს აძლევს შესაფასებლად. ნიკო ორ ლექსს გამოარჩევს: ერთ-ერთი მათგანია

დედას

მე ალბათ შენზე ბალადებს დავწერ,

როცა ცხოვრება გადავა ბინდად,

ვიტყვი: კვლავ შენი ნანინა მარწევს,

და ისევ შენი ალერსი მინდა.

მომაგონდება, გიყვარდი როგორ,

როცა მესროდნენ ქვებს და ტალახებს,

მომაგონდება, პატარა გოგო

ცრემლთა ალერსში როგორ გამალხვე.

მომენატრება მაგ მკერდის სითბო,

შიგ რომ მალავდი ჩემზე ნალოცებს,

შენ ოცნებიდან ამოხვალ თითქოს

და გათეთრებულ თმებზე მაკოცებ.

მე ალბათ შენზე ბალადებს დავწერ,

როცა ცხოვრება გადავა ბინდად,

ვიტყვი: კვლავ შენი ნანინა მარწევს

და ისევ შენი ალერსი მინდა.

ლეილა მგალობლიშვილი 1949წლის სექტემბერი.

კითხულობს ნიკო და ეღიმება, -ერთი ამას უყურეთ, ამასაც დედაზე დაუწერია ბალადაო. მერე კალამს იღებს და ლექსს მინაწერს უკეთებს: ,,მშვენიერებაა. ნ. სამადაშვილი. 14.02.51.’თავადაც ხომ მშვენიერი ლექსი მიუძღვნადედას -ოლღა კობერიძეს და ,,დედის ბალადა’ დაარქვა... სწორედ დედა-შვილის დაშორებამ განაპირობა ნიკოს ესოდენ ტკივილიანი ბავშვობა და სიყმაწვილე. ამის გამო ,,ღვთისმშობელიც კი გაბუტულია მათ სიცოცხლეზე’ (ლექსი გამოქვეყნებულია უსათაუროდ. ხელნაწერი ინახებოდა საშა მგალობლიშვილის ოჯახში). ნიკომ საბოლოოდ მოახერხა დედის ჩამოყვანა ბაქოდან (1932 წ.), მაგრამ ამან ვერ გაანელა ბავშვობის ტკივილი.

,,დედის ბალადასაც’მუდამ თვალზე ცრემლმომდგარი კითხულობს. ეს თითქოს პირობაა დედისადმი მიცემული:

,,მეც გამოვყვები შენს გვირგვინებს ბინდების ფითრი...’

,,ლექსებს ჩაგატან... აბა, მეტი რა მაქვავია...’’

,,ბარბაცით მოვალ მეც ოდესმე შენს სამარესთან...’’

,,მე გაგასვენებ ჩემი მხრებით...’’

ამ ლექსს რომ წერს ანდა კითხულობს ნიკო, ვერაფრით წარმოიდგენს, თუ მიცემულ ,,პირობას’’ვერ შეასრულებს, რომ უმუხთლებს წუთისოფელი და დედაზე ადრე გარდაიცვლება.

თუმცა იქამდე ჯერ შორია, ჯერ ნიკო და საშა გვერდიგვერდ მიუყვებიან წუთისოფლის ოღრო-ჩოღრო გზებს და ხან დარდს ღვინოში კლავენ და ხანაც ..კურკასებრ ბიჭებს’’ დასდევენ.

კურკა მათი მეგობრის -დათიკო ალავიძის მეტსახელია. რაღაც ფილმში გადაუღიათ მასობრივ სცენაში. დიდად ამაყობს ამით, მსახიობი ვარო. საშას და ნიკოს კურკას მსახიობობა სასაცილოდ არ ჰყოფნით, სიცილით კვდებიან: ფილმის ჩვენებაზე დაგვპატიჟა და ჩვენ იქ კურკა არ გვინახავსო. კურკა კი იხტიბარს არ იტეხს. ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ბანკეტს მართავს რესტორანში, ამათ არ იწვევს, შიშობს არ ,,აურიონ’’:

ნიკო და საშა მოულოდნელად თავზე წამოადგებიან მოქეიფეებს... გამართული არის კურკას ქება-დიდება... ამათი დანახვა კურკას არ სიამოვნებს, მაგრამ რაღას იზამს, სუფრასთან იწვევს. ჯერ საშა ამბობს სადღეგრძელოს, მერე -ნიკო. კურკა შვებით ამოისუნთქავს, -,,გადავრჩიო’’. მაგრამ ნიკო არ ჯდება, მსახიობს ექსპრომტი უნდა ვუძღვნაო:

,,შენა ხარ ჩვენი კინოს დიდება

და ხელოვნების გამხურებელი?

ისემც მ........ნ ავლა-დიდება

და ყველა შენი მაყურებელი.’’

კურკა განაწყენდება და ცხოვრების ბოლომდე ხმას არ სცემს არცერთს. თუმცა მის ,,მსახიობურ კარიერასაც’’ ესმება წერტილი. კურკას გაბრაზებას მაინც სერიოზულად არ უყურებდნენ საშა და ნიკო, მალე გაუვლისო, -ფიქრობდნენ.

...საშა 50 წლის ასაკში მეორედ დაქორწინდა. მანია მეოჯახე ქალი აღმოჩნდა... იმ დროს მოდაში იყო ჩეხური ბროლის თუ სხვა ძვირფასი ჭურჭლის `ვიტრინებში~ გამოფენა, მანიაც ჩაება `ფერხულში~, ყიდულობს და ყიდულობს... საშა ბრაზობს, ვერ იტანს კარადებში გამოუყენებლად გამოფენილ ჭურჭელს. ნიკო საშას ახალ ოჯახშიც სასურველი სტუმარია.

ერთხელაც საშა და ნიკო სადილობენ, კარგ ხასიათზე არიან, ხუმრობენ, იცინიან. მანია დროს იხელთებს და ახალ ნაყიდ ჭიქებს გამოიტანს, ფიქრობს ნიკოს თანდასწრებით საშა არაფერს ეტყვის.

-ხომ კარგი ჭიქები ვიყიდეო, -კითხულობს მანია დიასახლისის თავმოწონებით.

-სანამ არ გავსინჯავთ, ვერაფერს ვიტყვითო, -ამბობს საშა და ნიკოს თვალს უკრავს.

მანიას უხარია, რომ საშა არ გაბრაზებულა და ჭიქებს მაგიდაზე დგამს.

ღვინით ივსება ჭიქები. საშა და ნიკო სადღეგრძელოს ამბობენ, ღვინოს შესვამენ და დაცლილ ჭიქებს ფანჯრიდან ისვრიან... მიფრინავენ ჭიქები ჰაერში, ერთი, მეორე, მესამე...ქვაფენილს ასკდებიან და ხმაურით იმსხვრევიან!-ეს რა კარგი ჭიქები გიყიდია, რა კარგი ხმა აქვთო! -აქებენ მანიას. სანამ მანია გონზე მოსვლას მოასწრებს, ყველა ჭიქა დამტვრეულია. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ხასიათზე დადგებოდა მანია, თუმცა, კარგა ხნის შემდეგ, როცა ნიკო უკვე აღარ იქნება ცოცხალი, ამ ამბავს სიცილით მოუყვება ამ ესსეს ავტორს. იქვე სხედან ამ ესსეს ავტორის პაპაც, დედაცა და დეიდაც და ისინიც სიცილით იხოცებიან.

...მოუყვება, რათა კარგად დაიმახსოვროს და თითქმის 40 წლის შემდეგ მოუთხროს ამ ესსეს მკითხველს.

...ისევ ივსება ჭიქები. ღვინოს ფერი შეცვლია, სისხლისფერი გამხდარა... მხოლოდ ამ ღვინით ითქმის გარდაცვლილთაშესანდობარი -მამის სურათი წარმოუდგა თვალწინ, არ ახსოვს მამა, ის ისეთია, როგორც -სურათში... საშას მამა კი ისევე კარგად ახსოვს, როგორც ,,დირბის ზღვა- ზვრები’’და ,,მობიბინე ლურჯი ყანები’’.

აკი ლექსიც დაწერა ანდრიას პიროვნებით შთაგონებულმა:

ფრესკები ჩონგურზე

,,ბაღებს გაზიდავს ყრუ შემოდგომა,

ტყე ჟინჟღლს მოიმცვრევს დილაადრიან,

ქართულ წისქვილის კარს მოადგება,

წვერგაჯენჯილი დინჯი ანდრია.

ხვიმარებიდან დროჟამს ჩამოფქვამს,

გახედავს: ოჩხებს, ჯაგვნარებს, ჭიუხს,

წაიბუტბუტებს ათასჯერ ნათქვამს

და ხელის გულზე დაბერტყავს ჩიბუხს.’’და ა. შ.

,,ამ ლექსს პოეტი ჰქმნიდა ოდესღაც წისქვილის წყლის ჩხრიალზე, მესაფქვავეთა ზღაპრებზე, აქ ჟღარუნობდნენ სიყრმის დღეები, აქ აღმოცენდნენ მოხუც მეწისქვილის შთამაგონებელი საუბრები; ამ ლექსის მკერდიდან წვეთამდა გულის გეჯაში გამოხდილი სისხლი. ანდრიას ჭრაქის გაცრილ შუქზე ცეკვავდნენ თავგასული მანჭია ჭინკები, მოწყვეტილი ფოთლების დარად.’’

(ნ. სამადაშვილი ,,შეხვედრები და სინანული.’’გვ.109.)

სინამდვილეში საშას მამა და ამ ესსეს ავტორის დიდი პაპა- ანრეა მგალობლიშვილი გორის სათავადაზნაურო ბანკის მმართველი გახლდათ. გარდა ამისა, სოფლის მამასახლისიც იყო და დირბის გარდა სხვა ახლომდებარე სოფლებსაც პატრონობდა. ქართლის კათალიკოსს ანდრეას დიდი პაპა-გოგია მგალობლიშვილი, რომელიც სასულიერო პირი იყო, დირბში მოუწვევია საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ. მისთვის საკათალიკოსო აზნაურობა უბოძებია და სახნავ-სათესი მიწებითაც უხვად დაუსაჩუქრებია. მგალობლიშვილებს საგვარეულო ეკლესია და საკუთარი წისქვილიც ჰქონიათ. ცნობილი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი თავის ავტობიოგრაფიაში ზუსტად აღწერს დირბელი მგალობლიშვილების წარმომავლობასა და ცხოვრებას. ისც ხომ ამ დიდი ოჯახის წევრია. მას და ანდრეას ერთი დიდი პაპა ჰყავთ.…

 ...სწორედ აქ, სადაც “წინაპრების აჩრდილები ყეფდნენ და წისქვილი კაცივით ოხრავდა”-

“შემოიტანენ ღვინოს ერთ კოკას,

 ანდრეას სახეს შეამღვრევს ბინდი,

შენს სიმს ყურთმაჯში ფრთხილად გამოჰკრავს,

და ეს იქნება ჰანგების მინდი...”

ამ ლექსს რომ წერს, რას წაარმოიდგენს, რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ზოგიერთი ლიტერატორი “ დინჯ ანდრეას” წმინდა ანდრია პირველწოდებულად აღივამს, მის წისქვილს კი-ტაძრად... ანდა , სულაც წუთისოფლად. ეს რომ იცოდეს, იტყოდა,-თქვე დალოცვილებო, სად წმინდანი და სად ჩიბუხი, განა ეგეთი “წარმართი” ვიყავი, რომ წმინდანი ჩიბუხით ხელში წარმომედგინაო? მაგრამ აკი თავად გაგვეთამაშა და ამ ლექსს ,,ფრესკები ჩონგურზე’’ დაარქვა?! და, განა წისქვილის ,,როხროხი და ბორგვა’’ არ წააგავს ამ შფოთიან წუთისოფელს?!

...ახლა ის ღვინის სადრაფში ზის და ჭიქას ჭიქაზე ცლის... დღეს ის უგონოდ უნდა დათვრეს, რომ აღარ ახსოვდეს, დაუბეჭდავად დარჩენილი მისი ლექსები, რომ განთავისუფლდეს ოჯახის არტახებისგან, დღეს ის სახლში არ წავა... დღეს ის იპოვის თავის ,,საყდრის ჩიტს’’, რომელიც ლაღია და თავისუფალი, მაგრამ სევდიანია მისი გალობა...

დღეს ის ,,საბედისწერო გზას’’ დაადგება... ,,და როგორ დაპატარავდება ყველა უბედურება, როცა სიკვდილის წინ გაიელვებენ ცრემლდალეული სიტყვები: ვცხოვრობდი ჩუმად და მეც ვატარებდი და განვიცდიდი ერთადერთ და ლამაზ სიყვარულს’’ (ევა ჩაკალიტისადმი მიწერილი ბარათებიდან).

-ევა! ის, ვისაც პოეზიაზე უფრო უყვარდი, დღეს შეასრულებს ოდესღაც მოცემულ პირობას, -დაგიცდის ,,გავერანებულ სიცოცხლის ბნელ სამანებთან’’, რომ მიხვიდე მასთან და ერთად იაროთ ,,დედამიწიდან სივრცეებამდე...’’

-იჩქარე, ევა!...

თორემ ღვინო აქარვებს ,,მთვრალ დარდებსაც...’’

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

-მშვიდობით, ნიკო პაპა! მეტად აღარ შეგაწუხებ.

-მაგის სათქმელად დამიძახე?

-მინდოდა მეთქვა, რომ მეც წესების გარეშე წერა მირჩევნია.

-დაგიბეჭდავენ კი?! სევდიანად გამიღიმა პაპა ნიკომ, თვალებში ჩამხედა, თავზე ხელი დამადო, თითქოს კურთხევას მაძლევსო და გაუჩინარდა.