მერაბ ღაღანიძე:  წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 



მეთერთმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართველების თავზე დამტყდარ უბედურებათა წყებას და წყებას - თორმეტწლიან ვარამს, გასაჭირსა და უბედურებას - მზის გამონათება მოჰყვა: ქრისტეს შობიდან 1073 წელს დაიბადა გიორგი მეფის ძე, დავითი, რომელიც თექვსმეტი წლის შემდეგ, თავად თექვსმეტი წლისა, 1089 წელს, ქართველ ხელმწიფეთა სამეფო ტახტზე ავიდა. მემატიანის სიტყვებით, „ათორმეტ წელ ამათ თვითოსახეთა ჭირთა განგრძობითა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეათვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით“. შემდგომში დავით აღმაშენებლად წოდებული მეფე, რომელმაც დიდი სახელი მოიპოვა, მაგრამ რომელსაც სახელზე უფრო დიდი საქმე და ღვაწლი ამშვენებდა, დავით წინასწარმეტყველის, მაცხოვრის მიწიერი წინაპრის, ებრაელთა მეფისა და ფსალმუნთმგალობელის, სეხნია იყო (რომელსაც მემატიანე „ღმრთის მამას“ უწოდებს), მისი სამოცდამეთვრამეტე მემკვიდრე, მასავით ძლევამოსილი მეფე და მონანიე მგალობელი, - შუასაუკუნეობრივი გაძლიერებულ-ფრთამომაგრებული ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი და „გალობანი სინანულისანის“ შემქმნელი.
 
 მაგრამ დავით აღმაშენებლის სახელი ოდენ საქართველოს ისტორიის ქრონიკებს არ ეკუთვნის, წმიდა კეთილმსახურ მეფე დავითს მოსახსენებელი ქართული ეკლესიის წმიდათა საკრებულოშიც აქვს მოპოვებული. სამეფო ტახტზე მის მემკვიდრეთაგან, დემეტრე თავდადებულისა თუ ლუარსაბ II-ისაგან განსხვავებით, მას ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულება თავისი მოწამებრივი სისხლით კი არ დაუდასტურებია, არამედ ქრისტიანულ სულიერ ფასეულობათა ერთგულებით, მათ დასაცავად თვალმოუხუჭავი ბრძოლით, ეკლესიისათვის ზრუნვითა და ღვაწლით, იმ ღრმა შინაგანი საღმრთისმეტყველო ხედვითა და განცდით, რასაც ჩვენამდე შემონახული მისი ანდერძებიც და მისი გალობანიც ადასტურებენ.
 
 შემთხვევითი არც ის იყო, რომ დავით აღმაშენებლის ბრძოლა უსჯულოთა და ქრისტიანობის მტერთა წინააღმდეგ სწორედ მაშინ გაღვივდა, როცა ევროპელი ქრისტიანი მხედრობა უსჯულოთაგან მაცხოვრის საფლავის გასათავისუფლებლად აღმოსავლეთისაკენ გაემართა, როცა სარწმუნოებისა და ეკლესიის ერთგულმა ჯვაროსნებმა იარაღი აისხეს და საქრისტიანოს საზღვრების დასაცავად და გასაფართოებლად შთაგონებით ჩაებნენ თავგანწირულ ბრძოლებში. ქმედებათა ამ შეთანხმებულობაზე, ევროპელი ქრისტიანების მიზანსწრაფვათა მიმართ დავითისა თუ, საერთოდ, ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების ორიენტაციაზე მიანიშნებს დავითის მემატიანე, რომლის სიტყვები „ქართლის ცხოვრების“ ნუსხებს შემოუნახავს:
 
 „ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი და აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია და შეწევნითა ღმრთისაჲთა მოეშენა ქუეყანაჲ ქართლისაჲ, განძლიერდა დავით და განამრავლა სპანი, და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლსა“.
 
 როცა ევროპამ, დიდი დროითი ინტერვალის შემდეგ, ისევ აღმოსავლეთისაკენ, ქრისტიანობის აკვნისა და ქრისტიანობის პირველი კერებისაკენ გაიხედა, საქართველოსაც ხანგრძლივი ამოსუნთქვის - და სულ მალე აყვავების - საშუალება მიეცა.
 
 დავითის ქმედებათა შორის მისი მეისტორიე, - სანამ მის ძლევამოსილ ბრძოლათა აღწერას შეუდგებოდეს, - უპირველეს ყოვლისა, ჯერ საეკლესიო საკითხების მოგვარებასა და შემდგომ ქართულ მიწაზე ქრისტიანული სულიერებისა და განათლების, მწიგნობრობისა და სწავლულობის ძლიერი კერის - გელათის მონასტრის - დაფუძნებას მოიხსენიებს. მემატიანის აზრით, მსოფლიო საეკლესიო კრებათა - „წმიდათა ათორმეტთა კრებათა“ - მიმსგავსებული რუის-ურბნისის კრება, რომელმაც წესრიგი შეიტანა ქართული ეკლესიის ამღვრეულ და არეულ შინაგან ცხოვრებაში, მეფეთმეფის უპირველეს მიზანსა და მიზანსწრაფვას გამოხატავდა, ამიტომაც სწორედ ის „აღასრულა მეფემან დავით უწინარეს ყოველთა კეთილთა საქმეთა თვისთა“. ალბათ, იმიტომაც, რომ ქვეყნისა და ერის ჯანმრთელობისათვის ეკლესიის ჯანმრთელობაა აუცილობელი ან, სხვაგვარად, სულიერად ჯანსაღი საზოგადოების მომწიფება შეუძლებელია ჯანსაღი და მაცხოვრის ერთგული დედაეკლესიისაკენ მიბრუნების გარეშე. თავად ამ კრების ჩატარება კი მატიანეში ღმრთივსასურველ საქმედაა მიჩნეული, რომლის ჯილდოსაც სულ მალე წყალობად მიიღებს მთელი ქართველობა, ქრისტეს ერთგულ იმ ადამიანთა ერთობა, რომელსაც დავითის ისტორიკოსი ახალ ისრაელად, ახალ ღმრთივრჩეულ ერად აღიქვამს. თუნდაც იმიტომ, რომ მაცხოვრის ქვეყნად მოსვლის შემდეგ რჩეულია მხოლოდ ის, ვინც სახარების ჭეშმარიტებას აღიარებს და დაიცავს, თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ ერთი ქართველი მემატიანის, მეოცე საუკუნის ქართველი მოძღვრისა და ისტორიკოსის, მიქელ თამარაშვილის სიტყვებით, ქართველების დარად, ესპანელების გარდა, არავის უბრძოლია ამგვარი თავდადებითა და თავგანწირვით უსჯულოთა წინააღმდეგ ქრისტიანობის დასაცავად.
 
 მაგრამ ქრისტიანული სულიერების შესანარჩუნებლად, გასაღვივებლად, გასავითარებლად აუცილებელია ლოცვისა და ფიქრის, განსჯისა და ცოდნის სიმაგრეების აგებაც, - ღმერთთან საუბრისა და ღმერთის წვდომის სადგომების დაფუძნებაც. დავითის მიერ ფუძეჩაყრილი მონასტერი, სადაც ლეგენდის თანახმად, თავადვე ინება დამარხვა, მეფეთმეფის ნებითა და მონდომებით, ყოველგვარი სულიერი, გონიერი და ნივთიერი საჭიროებით იყო აღჭურვილი, - მის ყველაზე დიდ სიმდიდრეს კი, წმიდა ნაწილებთან და წმიდა ხატებთან ერთად, წმიდა მამები წარმოადგენდნენ, გაუბზარავი სარწმუნოებითა და საღმრთო ცოდნით აღსავსე მოძღვართა საკრებულო, რომელთაც დავით მეფე მთელი ახლომახლო ქვეყნებიდან იწვევდა, - შესაფასებლად და დასაფასებლად კი, მემატიანის სიტყვებით, ხელმწიფისათვის გადამწყვეტი ღირებულებანი იყო „სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობა“.
 
 „მეფეთმეფის დავითის ცხოვრებაში“ მემატიანე ვრცლად აღწერს ხელმწიფის ბრძოლებსა და აღმშენებლობას, მის დაუღალავ ღვწას ქვეყნის გაფართოებისა და გაძლიერებისათვის, მაგრამ ასევე ვრცლად საუბრობს მწიგნობრობისა და კითხვის მისი დაუოკებელი სიყვარულის შესახებ. წიგნებია მისთვის „საზრდელ - ყოველთა გემოან და სასმელ - ტკბილ და საწადელ“, წიგნებია მისთვის „შუება, განცხრომა... და სარგებელ“. მეფე ძველი და ახალი აღთქმის ხელნაწერთა თავდაუზოგავი მაძიებელია და თან თავის ცხოვრებას იმდენად უთანხმებს საღმრთო წერილის სიტყვასა და არსს, რომ მეისტორიეს სიტყვებით, შეიძლება ითქვას, „მათ შინა ცხოველ არს და მათ შინა იძრვის“, ანუ იმდენად გაითავისებს იმას, რაც წიგნებშია ნათქვამი, რომ ამ წიგნებში ცხოვრობს და ამ წიგნებში მოქმედებს. ხელმწიფე უარს ამბობს ძილზე, ნადირობაზე, მოსვენებაზე, რათა საკითხავი დრო არ მოიკლოს. როცა თვალები დაეღლება, სხვას სთხოვს დახმარებას და თავად დაძაბულ მსმენელად იქცევა. დავით მეფეს ჩვეულებად ჰქონია, წაკითხული წიგნის დასასრულ ჯვარი დაესვა, - მემატიანე სანიმუშოდ იხსენებს, რომ მას ერთი წიგნის ბოლოს ერთი წლის განმავლობაში დასმული 24 ჯვარი შეუნიშნავს. მაგრამ ისიც ყურადსაღებია, რომ ეს წიგნი სამოციქულოა, - საზრდო გულისა და გონებისა, რწმენისა და ღმრთის წვდომისა, წიგნი, რომლის არჩევანი და რომლის არსშიც მეფის ასე გულდაგულ ჩაღრმავების მცდელობა ყველაზე უკეთ მეტყველებს მკითხველის ვინაობაზე... და, ალბათ, ასევე ნათლად მეტყველებს მის ვინაობაზე საეკლესიო კრებაზე სულიერ მამათა მიმართ მდაბლად წარმოთქმული სიტყვები: „ესე საცნაურ არს თქვენდა, რამეთუ მე შორს ვარ სწავლულებასა და მეცნიერებასა, ვითარცა მხედრობათა შინა აღზრდილი“...
 
 მეფეთმეფის დავითის შესახებ საუბარი უკვე რვა საუკუნეა გრძელდება, - საფიქრებელია, რომ რამე ახლის თქმა ისევე ზედმეტი და არასაჭიროა, როგორც ძველის და ნაცნობის გამეორება. მემატიანის სიტყვებს თუ დავიმოწმებთ, „მრავლისაგან ყოვლად მცირედი და კნინი წარმოვთქვით“. იმავე მეისტორიის სიტყვებით, 53 წლის დავითი მიწიერი გვირგვინისა და სამეფო პორფირის დატოვების შემდეგ მიემგზავრება იქ, სადაც სულიერი გვირგვინით და სულიერი პორფირით შემოსვა ელის, - მართალთა შორის, იქ, იმ სოფელში, სადაც არის „შუება და სიხარული, რომელსა არა აქვს მწუხარება და სიმდიდრე, ... რომელსა არა აქუს აღსასრული, მუნ არს ცხოვრება, რომელსა არა შეამღურევს სიკვდილი“.

 
     

დეკემბერი, 1998

     
წყარო: 
ღაღანიძე მერაბ
    რწმენისა და იმედის გზაზე : 50 ესეი რელიგიათა ისტორიიდან / [რედ.: ლევან აბაშიძე ; მხატვ.: ვაჟა ორბელაძე] - თბ. : წმ. ირინეოს ლიონელის სახ. ბიბლ.-თეოლ. ინ-ტი, 2003 - 319გვ. ; 19სმ. - - პირთა საძიებელი: გვ. 312-319. - ISBN 99940-755-0-0 : [ფ.ა.]   [MFN: 19470]
 
UDC:  2-9 + 21/29(09)
K 242.563/3 - საერთო ფონდი
K 242.564/3 - საერთო ფონდი
K 242.565/3 - საერთო ფონდი
F 80.726/3 - ხელუხლებელი ფონდი
© მერაბ ღაღანიძე