გია არგანაშვილი: ხევისბერი გოჩა აიძულეს საკუთარი შვილი მოეკლა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 



ხევისბერი გოჩას ამბავი ავტორისთვის სიტყვა-სიტყვით უამბნია მოხუც მოხევეს ღინჯა ხულელს.

ამის შესახებ თვითონ ალექსანდრე ყაზბეგი წერდა. აქ, რა თქმა უნდა, გადამეტებულია მინიშნება “სიტყვა-სიტყვით”, ისე კი არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ ნათქვამის სიმართლეში ეჭვი შევიტანოთ, რადგან ამ ისტორიის ხალხური ვერსიებიც არსებობდა და ღინჯა ხულელიც რეალური პიროვნება იყო. მის პორტრეტს ავტორი “ელგუჯაში” გვიხატავს: “... ეს იყო მთაში განთქმული მეფანდურე და ჭკუამახვილი, გრძნობით სავსე მოლექსე, მაშასადამე, ყველასგან პატივცემული და საყვარელი სტუმარი. ტკბილი მოსაუბრე, ამაღლებული გრძნობით აღსავსე, მოაზრებული ღინჯა ყოველი სიმის ჩაკვრაზედ ფანდურს ისეთ ხმას აღებინებდა, რომელიც კაცს გულს უწურავდა, ჟრუნტელს აღუძრავდა და ოფლს დაასხამდა”.

ასეთ კარგ მთხრობელს მართლაც შეეძლო დრამატული ამბის შესაბამისი განცდა ეგრძნობინებინა მკითხველისათვის.

მაინც, რა უამბო ღინჯა ხულელმა ალექსანდრე ყაზბეგს?

ამის შესახებ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ჩვენი მსჯელობა ტექსტის იმ ხალხურ ვარიანტებს ეყრდნობა, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის კრებულშია (1955წ. “საბჭოთა მწერალი”) შეტანილი.

აქ სამი ვარიანტია წარმოდგენილი. მესამე ვარიანტის (მთქმელი აბრამ ოდიშვილი) ხალხურობა ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ის თითქმის მთლიანად იმეორებს ლიტერატურულ ვერსიას (მხოლოდ პერსონაჟთა სახელებია ხალხური ვარიანტიდან აღებული). გარდა ამისა, აბრამ ოდიშვილი თავს ყაზბეგის მწყემსობის ამხანაგად აცხადებდა. რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მონათხრობის თავდაპირველი საფუძველი სწორედ ლიტერატურული ტექსტი იყო.

დანარჩენი ორი ჩანაწერის მიხედვით, ონისეს (ვანისეს) გუგუა (გაგაი), ძიძიას (მათიკოს) ქმარი ჰკლავს.

გამოდის, რომ ხევისბერი გოჩას მიერ, საკუთარი შვილის მკვლელობის ვერსიას არცერთი ფოლკლორული ვარიანტი არ იცნობს და ეს ძნელადსააღსარებო ცოდვა მთლიანად ავტორის სინდისზეა.

საერთოდ, თავის მოთხრობებში ალექსანდრე ყაზბეგი თითქმის ყოველთვის ამძიმებს სიტუაციას. ამას პერსონაჟთა თვითნებური მოქმედებაც ემატება, რასაც ავტორი, მკითხველთან ერთად შორიდან ადევნებს თვალს და აღტაცებას ვერ მალავს, თუ როგორი ოსტატობით, საყოველთაო წესისა და რიგის დაურღვევლად, სძლევენ ისინი ავტორის მიერ შექნილ ხელოვნურ წინააღმდეგობებს.

ალექსანდრე ყაზბეგი თითქმის არ ჰქმნის ლიტერატურულ ტიპებს. მისი პერსონაჟები, საკუთარ გარემოს მოწყვეტილი ბიბლიური, უფრო ხშირად კი ლიტერატურული გმირები არიან, რომლებიც დროისა და სიტუაციის შესაბამისად იცვლიან სახეს, ისე რომ ხანდახან მათი ცნობაც კი გვიჭირს.

ამ მხრივ, არ “ხევისბერი გოჩაა” გამონაკლისი. თუმცა, ვიდრე ამ მოთხრობის პერსონაჟებს გავეცნობით, ხევის სამართალზე უნდა ვისაუბროთ.

თემის მარლმსაჯულებას ხალხის მიერ არჩეული კაცები (მსაჯულები, ხევისბერი) ანხორციელებენ. ხოლო ხალხი, როგორც ღვთის უზენაესი ნების (ხმა ღვთისა და ხმა ერისა) გამომხატველი, იმავდრულად, განაჩენის აღმსრულებელიცაა, რათგან თემს არა ჰყავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღმსრულებელი (ჯალათი), სასჯელიც ფორმაც (ჩაქოლვა, მოკვეთა) მისი აღსრულების შესაძლებლობას (კოლექტიური ქმედება) ითვალისწინებს.

მსაჯულთა საბჭო (ხევისბერთან ერთად) ისმენს მოწმეთა ჩვენებას, მსჯელობს დანაშაულის გარემოებებზე და უფლებას აძლევს დამნაშავეს თავი იმართლოს.
უმაღლესი მსაჯული, ხევისბერი საბოლოო განაჩენს აცხადებს და თემისაგან მისი აღსრულების თანხმობას ითხოვს.

თუ თემი არ ეთანხმება მსაჯულთა გადაწყვეტილებას, მაშინ ხალხის ნება იმარჯვებს და არ არსებობს მართლმსაჯულების უფრო მაღალი ინსტანცია, სადაც დამნაშავე განაჩენის გასაჩივრებას შეძლებს.

ამ წესის მიხედვით ასამართლებენ “ხევისბერ გოჩაში” ორ ოსსა და გუგუას. ოსების დანაშაული სახეზეა. ისინი ხევის წინაშე ღალატს აღიარებენ და მზად არიან ახალი დანაშაულიც (ხევისბერზე თავდასხმა) ჩაიდინონ, თუ მათ ამის საშუალება მიეცემათ.
გუგუას არ უმტკიცდება დანაშაული (პროცესზე ის დუმილის უფლებას იყენებს). თუმცა, ეს ხელს არ უშლის საბჭოს, ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს და მოხევე თემიდან მოიკვეთოს.

გუგუას მიმართ განაჩენის გამოცხადებამ მაპროვოცირებელი გარემო შექმნა ნამდვილი დამნაშავის გამოსავლენად. საბჭოს წინაშე აღიარებითი ჩვენებით უმაღლესი მსაჯულის შვილი გამოდის. თუმცა, ონისეზე ჯერ არაფერი გვითქვამს...
ვინ არის ონისე და რა ბრალი მიუძღვის მას ხევისა და თემის წინაშე?

ონისე გავლენიანი და შესაბამისად მდიდარი ოჯახის შვილია. თანატოლებისგან ის ჩაცმულობითაც გამოირჩევა, რადგან მისი ტანსაცმელი მთლად ოქრო-ვერცხლითაა შეჭედილი.

გამორჩეულობა ძნელად სატარები ტვირთია მთაში. (იქ დღესაც საწყევარ სიტყვად ითვლება - გამორჩეული). გარეგნული ბრჭყვიალება კი ერთადერთი როდია, რაც მას, მამისა და ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით, უპირატესობას აგრძნობინებდა სხვების წინაშე. დაუმსახურებელი უპირატესობის განცდას კი შეუძლებელია ონისეს ხასიათისთვის თავის კვალი არ დაემჩნია.

გავიხსენოთ მისი მდგომარეობა ძიძიასთან შეხვედრის წინ:
“... ონისეს კი რომ ქორებრივი თვლი გაეყარა ვისთვისმე განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ისა, ოღონდაც არის მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს მიმზიდველობა, ლოყებს სიყმაწვილის ელფერი და გულს სისხლის ამაჩუხცუხებელი ძალა”.

ონისეს გული თავისუფალია. ამ ახალგაზრდა კაცს ხევში თავისი სწორი და ფერი ვერ უნახავს და სიყვარულს მოწყურებული, ახლა მხოლოდ შესაფერის ობიექტს დაეძებს...

და სულერთია, თუ ვინ იქნება ის?!

მკითხველისთვის ამგვარ საორჭოფო მდგომარებაში ჩავარდნილი ონისე, ბუნებრივია, პირველივე შესაძლებლობას იყენებს და რაწამს ძიძიასთან მარტო რჩება მარხილში... აღარ გვიკვირს, ასე იოლად რომ დაიწყო მათი ურთიერთობა.
ონისეს სიტყვა-პასუხში (ხაზუასთან) იგრძნობა ერთგავარი ქედმაღლობა და თავმომწონება თავისი ვაჟკაცობის (თუ მდგომარეობის) გამო: “ -ვინც მაგას აწყენიებს, იმას ჩემთან ექნება საქმე და ღვთის მადლმა ჩემთან მასხარაობას კი არცვის ვურჩევ”.
მიუხედავად ასეთი ქადილისა, მან ვერ შეძლო ძიძიას დაცვა. ქალმა ტრაგიკულად დაასრულა ცხოვრება. ხოლო, ონისე, გახდა მიზეზი მისი უბედურებისა..
თუმცა, ხასიათის ეს თვისება ნაწილობრივაც ვერ ავსებს ონისეს პორტრეტს, მაგრამ სრულიად შეიცვლება სურათი თუ ვიტყვით, რომ ბედისწერის ჩაკეტილ წრეში კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გრძნობადი პერსონაჟი ტრიალებს...
მკითხველს შევახსენებ, რომ რუსთაველის შემდეგ, ქართული ლიტერატურა არ იცნობს ონისესავით გახელებულ მიჯნურს.

თუმცა, მარტო შეხსენება არ კმარა. მკითხველიც თუ გაიზიარებს ამ მოსაზრებას, იმის ახსნაც მოგვიწევს, თუ რას მატებს ონისეს სახეს ამგვარი დაშვება?
 
იცვლება ხედვის წერტილი, განუზომლად იზრდება მოქმედების მასშტაბი, საკაცობრიო სიმაღლემდე ადის ხეობაში ვერდატეული ადამიანური ვნება და შვიდსაუკუნოვანი წყვეტის ფონზეც აშკარად იგრძნობა დაკარგული ჰარმონიის ძიების სურვილი.

“ონისე ოხრავდა, ქშინავდა, მოსვენება ვერ ეპოვა და დაჭრილს ლომსავით გამედგრებული გმინვით დადიოდა მთა-ბარად”.

ასეთია ტარიელივით ველად (ფშავში) გაჭრილი, შინაგანი წინააღმდეგობით სავსე, ონისეს სულიერი მდგომარეობა. 

ონისეს არ გამოუჩნდა კაცი, რომ ხელი ჩაეჭიდა და და სამშვიდობოს გაეყვანა. ორი სხვადასხვა ეპოქის შედარებითი ანალიზი, უსამართლო საზოგადოებრივ გარემოში, ადამიანის უპერსპექტივო ყოფასაც აჩენს. ეს კი ისაა, რაც ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ტრაგიზმს იწვევს, როგორც ტექსტის შიგნით, ისე, მის გარეთ, ავტორთან დამოკიდებულებაში.

თუმცა, ეს უფრო ვრცელი თემაა...

ონისეს დანაშაულებათა ნუსხა ასე გამოიყურება: ხელისმომკიდეობის ინსტიტუტის შეეურაცხყოფა, სხვა კაცის ცოლთან სამიჯნურო ურთიერთობის გაბმა და საკუთარი მოვალეობისადმი ღალატი, რამაც ქვეყნისთვის საგანგებო სიტუაციაში (ომი) ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია. 

ონისე თავგანწირვით ცდილობდა დანაშაულის გამოსყიდვას (ბრძოლის ეპიზოდი). სასამართლოზე კი, სადაც გუგუას მკაცრი განაჩენი გამოუცხადეს, სინდისის მხილებას ვეღარ გაუძლო და თავის ბრალზე ალაპარაკდა:
- ... რაიღა დავმალო?... მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა. ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა ...
 
არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, საბჭოს, გუგუას მიმართ, მკაცრი განაჩენი რო არ გამოეტანა.
 
თუმცა, ყველაფერი საათივით აეწყო და ქართული ლიტერატურის ისტორიას მართლაც საინტერესო ფრაზა შეემატა, რომელიც ყველა დროში, უსამართლობის მიმართ პროტესტად ხმიანდება:
“ - შესდეგ! ხევისბერო! გუგუა მართალია!” 
 
ონისემ აღიარა დანაშაული. საძიებო და გასარკვევიც აღარაფერი დარჩა. სასამართლოს შეუძლიათ განაჩენის გამოსატანად გავიდეს. თუმცა მანამდე მამის სახე უნდა დავინახოთ, რომელიც ჯერ გონზე არ მოსულა და ერთიანად აცახცახებული ყვედრებით მიმართავს შვილს:
“- მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასგან მოძულებულო, დედ-მამის საფლავიდან ამომგდებო!... რა სასჯელი არის, რომ შენ გადაგიწყვიტოთ!...
მაინც რომელ დარიგებას ახსენებს მამა შვილს? რომელს ანიჭებს ამ შემთხვევისთვის უპირატესობას? გოჩას დიდაქტიკური მორალი, რომლითაც ის თავისი შვილის აღზრდაში ხელმძღვანელობდა, ხომ ერთ ფრაზაში ეტევა:
“-ვინძლო, ქვეყანა არ გააცინო!”
- ვინძლო, სალექსოდ არ გაეხადა ონისეს საქმე...
 
ონისემ კი ქვეყანა გააცინა. სალექსოდ გაიხადა საქმე, არა თავისი გაუფრთხილებელი საქციელით, არამედ თავის უუნარობით, შებრძოლებოდა იმ გრძნობას, რომელსაც ერთნაირად უშლიდა როგორც საღვთო, ისე საზოგადოებრივი მორალი.
სწორედ ეს აშინებდა გოჩას.

ხევისბერმა კარგად იცოდა, რომ ეს ბრძენი ხალხი, თავგანწირული მხედრობა, ხვალ მოყაყანე, მოლიზღარ ბრბოდ გადაიქცეოდა და ხევისბრის ოჯახს თვალიდან დირეს ამოაცლიდა.

ხალხს უფლება ჰქონდა დაეცინა გოჩასთვის, რომელმაც საკუთარ ოჯახში ვერ შეძლო თავისი მორალის განხორციელება, რასაც მთელ თემს ასწავლიდა და მოძღვრავდა.
ონისემ კაცობა შეირცხვინა. ჩვენ ვიტყვით, რომ მან ვერ გაუძლო სიყვარულის ყოვლისმომცველ ძალას, ხალხი კი უფრო უბრალოდ განმარტავს, -ონისე საკუთარ სურვილს დაემორჩილა, ონისემ საკუთარ “ქეიფზე” იარა...

მამა შვილს აყვედრის ყველაფერს, რაც კი ოდესმე მისთვის გაუკეთებია. თუმცა, კი კითხვა: “- რა არის სასჯელი, რომ შენ გადაგიწყვიტითოთ”, - მაინც რიტორიკულად ისმის, კონკრეტულად არავის მიემართება და პასუხასაც არავისგან ელის...
თუმცა, ხევისბერის კითხვა მთლად უმისამართოც არ არის. ის მიმართავს უზენაეს, რათა შთააგონოს საკუთარი ნება. ის რასაც ხევის მშვიდობიანობა მოითხოვს. მოხუცი პასუხს იღებს და მსაჯულებს უფლის ნებას უფლისავე სიტყვებით ამცნობს.
“მოძმეთა სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს”.
მკითხველს “დაბადებიდან” გაახსენდება ღმერთის სიტყვა კაენისადმი:
“- აბელის სისხლი ცაში შემომჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს...”
ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში მეტად იგრძნობა ბიბლიურ ტექსტებთან სიახლოვე. თუმცა, ეს გავლენა იმდენად ორგანულია, რომ მკითხველს უჭირს გამყოფი ხაზის მოძებნა, სად მთავრდება ბიბლიის ციტირება და სად იწყება მწერლის შემოქმედება.

ხევისბერი ონისეს დანაშაულს კაენის ცოდვას ადარებს, ღვთის სიტყვებს იმოწმებს და მსაჯულებს მკაცრი განაჩენის მიღებისაკენ მოუწოდებს:
 
“- გადასწყვიტე, თემო! “ - მიმართავს საბჭოს.

ხევისბერი დარწმუნებულია, რომ საბჭო გაუძლებს მისი ავტორიტეტის სიმძიმეს და მოძმეთა დაღვრილი სისხლის წილ, სამართლიან მსჯავრს დადებს სასწორის მეორე მხარეს.

ონისეს აღსარებიდან ყველაზე მეტი გოჩამ (და გუგუამ) შეიტყო. ის დარწმუნდა, რომ ონისეს დანაშაულის მიზეზი, სწორედ მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება გახდა, რის შესახებაც ყოველთვის აფრთხილებდა შვილს:
“ -გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი ტანჯვისთვის არის გაჩენილი”
მართალია, ონისეს თემი არ გაუყიდია, - ეს გოჩამაც იცის, მაგრამ ნამუსი დაივიწყა, - ეს კი მხოლოდ გოჩამ და გუგუამ იციან.

რა იცის თემმა მისი შვილის დანაშაულის შესახებ? მხოლოდ ის, რაც ონისემ თვითონვე აღიარა: “ - რაღა დავმალო? მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზე, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა... მე დავკარგე გონი, მტერი მე გამომეპარა.”

ამის ცოდნა კი სრულიად საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მსაჯულებმა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი განაჩენი გამოიტანონ.

“კარგა მღელვარებისა და ჩოჩქოლის შემდეგო” - ამბობს ავტორი და იგულისხმება, რომ ამ ხნის მანძილზე ხევისბერი მორჩილად ელოდა გადაწყვეტილებას. ხოლო მსაჯულთა საბჭო მსჯელობდა და საბოლოო სიტყვის სათქმელად ემზადებოდა.
და აი, თემის თავნი მიუახლოვდნენ გოჩას:
“- გოჩავ! შენს შვილს ხევი არ გაუყიდნია... მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია...” 
 
ახლა ყველაზე საინტერესო გოჩას პასუხია, მაგრამ ერთი წუთით გავაჩეროთ კადრი და იქვე სამსხვერპლოზე, დასაკლავი ცხვარივით მორჩილად მდგარ ონისეს შევხედოთ.

თუ მკითხველს შეუძლია მის სახის წარმოდგენა, მას არც იმისი მიხვედრა გაუჭირდება რას ჩაიდენს ონისე იმ შემთხვევაში თუ ხევისბერი მსაჯულთა გადაწყვეტილებას დაეთანხმება.

პირდაპირ ვიკითხოთ, ეყოფოდა ვაჟკაცობა ონისეს, რომ თავისი შერცხვენილი სახელი, გუგუას მსგავსად, სისხლით გამოესყიდა?
ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ვიდრე გოჩა სიტყვებს დაეძებდა თავისი მრისხანების გამოსათქმელად, სიუჟეტის ამგვარად გაგრძელების ალბათობა მაინც არსებობდა, რადგან ახლა ონისეს სულიერი მდგომაროებას ყველაზე ზუსტად ეს სიტყვები ამჟღავნებს:
“...უფალი დიდი ყოფილა!... დღენი მომეწამლა, სიცოცხლე გამიშავდა, გულში მეტი შხამი ჩაესხა...დავდიოდი, ვჭამდი, ვსვამდი, მეძინა, თუ მეღვიძა - ვერ გამეგო...ყველა შავად, ნაღვლიანად და მწარედ მეჩვენებოდის... წყალ-ტიალას რაღამ შეუცვალა გემო?! მზისთვის ვერ შემიცქერია, მთვარესთვის ვერ მიმიხედნია,  მრცხვენის...მრცხვენოდის... ჩემი ჩრდილის დანახვაც კი მარცხვენდის...

თუმცა, ეს მონოლოგი “სხვა” ონისეს (“მოძღვარი”) ეკუთვნის, მაგრამ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებისთვის შემთხვევითი არც სახელების დამთხვევაა და არც დანაშაულის სიმძიმის ქვეშ გასრესილი ადამიანის ხვეწნა-მუდარა, ხსნის ერთადერთ გზად სიკვდილი რომ დაუსახავს:

- მომკალ, მომკალ! - დაიძახა იმან გახარებულმა და მკერდი უფრო მეტად გადაიწია.
თუ ეს სურათი, ბუნებრივად არ ჯდება ამ მოთხრობის ფინალში, იმის თქმა ხომ თამამად შეგვიძლია, რომ სასამართლოს მოედანზე, სადაც ორი სიმართლე (თემის და ხევიბერის) დაუპირისპირდა ერთმანერთს (როსტომ ჩხეიძე “ყაზბეგიანა”), ონისე მამის მხარეს იდგა.
 
მაშ ეს მსაჯულები რას მიედებ-მოედებიან? რა ყმაწვილკაცობა, რის თავდავიწყება, ონისეს საქციელმა ამდენი თანამოძმის სიცოცხლე შეიწირა და საბჭოს წევრები მის გამართლებას აპირებენ?!
 
განა, ამას ელოდა ხევისბერი, როცა თვითონ განზე გადგა (რადგან ინტერესთა კონფლიქტი არ აძლევდა უფლებას სასამართლო პროცეში მონაწილეობა მიეღო) და დამნაშავის გასამართლება მსაჯულებს მიანდო?
 
იქნებ, მართლაც ასე ფიქრობს თემი? იქნებ, ყმაწვილკაცური გატაცება და ამის გამო თავდავიწყება (თავის დაკარგვა), მართლაც შემამსუბუქებელი გარემოებაა კაცისთვის, ისეთი მძიმე შედეგის შემთხვევაშიც, როგორიც ადამიანთა მსხვერპლია?
ნაკლებად სავარაუდოა. ონისე რომ ხევისბერის შვილი არ ყოფილიყო, საბჭო ალბათ უფრო მკაცრ განაჩენს გამოიტანდა დამნაშავის მიმართ. სამართლიანი მსჯავრს კი იქნებ დაემშვიდებინა კიდეც მოხუცის სინდისი.
 
ონისეს დანაშაულის ყმაწვილკაცობით გამართლება, რაც ხევის მშვიდობიანობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, მდგომარეობის განმუხტვის ყველაზე უსუსური მცდელობა იყო მსაჯულთა მხრიდან. სწორედ, მათმა გადაწყვეტილებამ აიძულა ხევისბერი თავად გამოეტანა მსჯავრი და თავადვე განეხორციელებინა.
როდესაც დავით წინასწარმეტყველის შვილმა აბესალომმა მამას და ქვეყანას უღალატა, ჯარის უფროსმა იოაბამმა, მამის თხოვნის მიუხედავად აბესალომი მოკლა.
ხევის მსაჯულებმა კი ვერ გაბედეს იოაბამის საქციელის გამეორება. თუმცა, ამას მამა, ხევისბერი ითხოვდა:
“-მით უფრო მეტი საბუთია, რომ მკაცრად გადახდეს... კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუვა... ონისე ეხლავე მკვდარია... მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა!
აჰა, მამისა და უმაღლესი მსაჯულის საბოლოო სიტყვა. იქნებ, ახლა მაინც მიხვდნენ მსაჯულნი, რომ ვერც ხევის სამართალს გაამრუდებენ და ვერც ხევისბრის სახელოს შეურაცხყოფენ, ასე ადვილად...
 
მაგრამ მსაჯულები მხოლოდ გოჩას დამშვიდებას ცდილობენ.
 
მსაჯულები თავს არიდებენ მძიმე პასუხისმგებლობას და უკვე აშკარად ღალატობენ თავიანთ მოვალეობას.

უმრავლესობის მხრიდან მოვალეობისადმი თავის არიდება, ცალკეული
დამიანებისგან თავის გაწირვას ითხოვს.
 
ახლა გოჩამ უნდა გაწიროს თავი, რათა, თემის უპასუხისმგებლო საქციელი, საკუთარი თავგანწირვით გადაფაროს.
“-გოჩაუ, - სცადეს მოხუცის შეყენება...”
გოჩა გაცეცხლებულია, კიდევ უფრო მეტად მსაჯულთა საქციელით...
“ - უნდა მოკვდეს, შეუბრალებლად..”
დრო აღარ ითმენს, კიდევ მცირედი დაყოვნება და ტრაგედია შეიძლება ფარსად იქცეს.

“ და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად მოიქცეთ... მე მიყურეთ...”
მსაჯულებმაც ნახეს, რომ გოჩამ ის გაბედა რაც მათ ვერ გაბედეს. თემმა, თავისი გაუბედაობით, ხევისბერი დაღუპული თანამოძმეების, შერცხვენილი გვარის და ოჯახის, შეურაცხყოფილი მამის შურისმაძიებლად აქცია.
 
მოხუცის შეჩერება ვერავინ შეძლო.
აქვე შევნიშნავთ, რომ არც ონისეს უცდია მახვილის არიდება.
 
იღუპება ონისე, გოჩა, ძიძია, გუგუა...
 
რჩება თემი და მისი რჩეული წარმომადგენლობა (ბომონდი), რომელიც მანამდე ამჟღავნებს ბელადისადმი პატივისცემას, ვიდრე ის საბედისწერო ზღვარს გადალახავს, ვიდრე ის ქვეყნის სასაცილო გახდება, რათა შემდეგ, ისეთივე წარმატებით დააყაროს თავზე ნაცარი, როგორც მანამდე გუნდრუკს უკმევდა.