ქეთევან გოჩიტაშვილი: ქართული ენის მართლწერისა და პუნქტუაციის საკითხები

 

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 


 

6. წარმოქმნილ სახელთა მართლწერა; კომპოზიტების (რთული სიტყვების) მართლწერა

შინაარსი
     

6.1.  წარმოქმნილ სახელთა მართლწერა

-ვ თანხმოვნით დაბოლოებულ სახელებთან წოდებითში -ო ნიშნის დართვისას ან საწარმოებელი უ- - -ო, სა- - -ო, -ობა, -ურ სუფიქსების დართვისას -ვ არ უნდა დაიკარგოს:

თავ-ო (და არა: თაო!)

უ-დავ-ო (და არა: უდაო)

უ-თავ-ო (და არა: უთაო), თავ-ურ-ი დარტყმა,

         მაგრამ: თაობა, თაოსანი.

სა-დავ-ო (და არა:სადაო)

სა-ნათესავ-ო, მაგრამ: ნათესა-ობა, ნათესა-ურ-ი.

სა-ბავშვ-ო

სა-დაზღვევ-ო

სა-მარხვ-ო, მაგრამ ვ-ს გარეშეა: სა-მრეცხა-ო, სა-მბეჭდა-ო..

ბავშვ-ურ-ი (და არა:ბავშური)

         გამონაკლისებია:

ფშა-ური

მოხე-ური

პასი-ური

აქტი-ური

სავარჯიშოები:

 

I. ორცნებიანი რთული სიტყვებისაგან აწარმოეთ ერთცნებიანი კომპოზიტები (სხვადასხვა აფიქსების მეშვეობით):

 

 

ვ შენარჩუნებულია

ვ დაკარგულია

-ობა

ბავშვობა, გულუხვობა, თაგვობა, ბრიყვობა, მორცხვობა,

ერისთავობა, მოურავობა, მუდმივობა, მრავალმხრივობა, ხანგრძლივობა, აქტივობა, პასივობა, ინტენსივობა, უინიციტივობა, უპერსპექტივობა, მრავალმხრივობა, მუდმივობა, ცალმხრივობა, ხანგრძლივობა,

ბეჩაობა, გამბედაობა, ნაძალადეობა, ბუნებრიობა, პარასკეობით

-ურ

დათვური, ბავშვური, მკლავური, პირუტყვული, თავური, ჯაჭვური, ლირტვური, მოსკოვური, სლავური

ფშაური, მოხეური,

აქტიური, პასიური 

-ოვან

ბეწვოვანი, ძარღვოვანი მრავალრიცხოვანი

-ოსან

გასხივოსნებული თაოსანი, ნაოსანი

მე- ... –ე

მეტყევე, მერძევე, მეეზოვე,  

უ- ... –ო

უთავო, უდავო, უსხივო, უნავო, უტივო, უკრავო, უსიტყვო, უქცევო, უთივო, უძრავო

უმოძრაო

უთაური

სა- ... –ო

საზავო, საბავშვო, სადაზღვევო, საეჭვო, საარაგვო, სადავო, სააღრიცხვო, სამარხვო საპატიო, სამრეცხაო, სანაძლეო, სანახაობა

სი- ... –ე

სიკოხტავე, სიბრმავე, სისუფთავე,  სიფართოვე, სივიწროვე, სიახლოვე,

სიმარტივე, სიცოტავე, საეზოვე,

სიცრუე

სავარჯიშოები:

I. გადახაზეთ არასწორი ფორმები:

მეეზოე, სანახავობა, პარასკეობით, ბავშობა, მორცხობა, სიახლოე, გამბედავობა, აქტიური, საეჭვო, ხანგრძლიობა, პარასკევობით, სიმარტივე, სამრეცხავო, მოხეური, მოურაობა, სანაძლევო, თაური, პასივობა, მრავალრიცხვოვანი, ინტენსივობა, სამარხო, ბავშური, სანახავობა, თაოსანი, უპერსპექტიობა, სივიწროე, სადავო, მკლაური, ძარღოვანი, დათვური, უსიტყვო, ბუნებრივობა, ბრიყობა, სააღრიცხვო. 

II. გახაზეთ სწორი ფორმები:

  1. ზამთარში დღის ხანგრძლივობა/ხანგრძლიობა იკლებს.
  2. ბავშვობა/ბავშობა საუკეთესო დროა ადამიანის ცხოვრებაში.
  3. პარასკეობით/პარასკევობით უნივერსიტეტში საინტერესო მოხსენებებს კითხულობენ გამოჩენილი მეცნიერები.
  4. ლალიმუსიტყვოდ/უსიტყოდგააკეთა ის, რაც დაავალეს.
  5. მორცხობა/მორცხვობა ხელს უშლის ადამიანს თავის გამოვლენაში.
  6. გიორგი მთელ სოფელში გამოირჩეოდა თავისი გულუხვობით/გულუხობით.
  7. ყოველწლიურად თბილისობის დღესასწაულზე რიყეზე საინტერესო სანახაობა/სანახავობა იმართება ხოლმე.
  8. ნებისმიერი დარგის პროფესიონალისათვის უინიციატივობა/უინიციატიობა მნიშვნელოვანი ნაკლია.
  9. წელს საპატივო/საპატიო თბილისელის წოდება რამაზ ჩხიკვაძეს მიენიჭა.

 

III. გაასწორეთ შეცდომები:

1. პარლამენტმა სადაო საკითხების განხილვა ხვალისთვის გადადო.

2. ჩვენი ორგანიზაცია კომპიუტერულ სააღრიცხო სისტემას იყენებს.

3. ბანკის სათაო ოფისი ახალ შენობაში გადავიდა.

4. უდაო ჭეშმარიტება თითქმის არ არსებობს.

5. რაიონის მაღალმთიან სოფელში საბავშო ბაღი გაიხსნა.

6. რესტორანში მრავალფეროვანი სამარხო კერძები შემოგვთავაზეს.

7. ბავშობაში ბევრს კითხულობდა.

8. სადაზღვეო კომპანიამ თავისი ოფისი მარნეულშიც გახსნა.

9. მათ უდაოდ კარგად იმუშავეს.

10. პარტიას მრავალრიცხვოვანი მხარდამჭერები ჰყავს.

11. საზაო ხელშეკრულება გუშინ გააფორმეს.

12. გულუხობა დადებითი თვისებაა.

 

IV. გახაზეთ სწორი ფორმები:

სამზითვო  -  სამზითო              

სადავო -  სადაო

მოხევური - მოხეური

ერისთაობა - ერისთავობა

უსიტყვო - უსიტყო

სანათესაო  - სანათესავო

ბავშვური - ბავშური

სამრეცხაო - სამრეცხავო

ფშაური - ფშავური

მრავალრიცხოვანი - მრავალრიცხვოვანი

მორცხობა - მორცხვობა

ხანგრძლივობა - ხანგრძლიობა

თავური -  თაური

 

6.2. კომპოზიტების (რთულისიტყვების) მართლწერა

 

     კომპოზიტი ორგვარია: ერთცნებიანი და ორ- და მეტცნებიანი.

     ერთცნებიანია კომპოზიტი, რომლის ფუძის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს. მაგ.: მრავალძარღვა, ცისარტყელა, გულმოკლული...

     ორ- და მეტცნებიანია კომპოზიტი, რომლის მნიშვნელობა უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს და მათ შორის შეიძლება აზრობრივად ჩაისვას და კავშირი. მაგ.: ცოლ-ქმარი, რაჭა-ლეჩხუმი...

 

დაიმახსოვრეთ:

ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი იწერება ერთად. ესენია:

ა) ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები, როცა ერთნაირი, ან ხმოვან- ან კიდევ თანხმოვან-შეცვლილი მარცვლებია გაერთიანებული:

ლიკლიკი, წიკწიკი, თავთავი, კაშკაში,წამწამი... რაკარუკი, ბინდბუნდი, არემარე, ჩამიჩუმი, ქოხმახი, ახლომახლო, ნაყარნუყარი, უსწორმასწორო, სხაპასხუპი, ბრახაბრუხი...

 

ბ) ფუძეგაორკეცებულ სიტყვებში და კავშირია ჩასმული:

თანდათან, ცხენდაცხენ, გზადაგზა, პირდაპირ, ფეხდაფეხ, სხვადასხვა, ხანდახან, კვალდაკვალ...

 

გ) სხვადასხვა ფუძის ან ფორმის შეერთებით მიღებული კომპოზიტები: წლისთავი, გლეხკაცი, თავმომწვარი, ახალგაცნობილი, გულდამწვარი... დედაბუნება, ელექტროგადამცემი, კინოროლი, კინოფირი, ლუკმაპური, რადიოგადაცემა, წყალსადენი... დისშვილი, ხელისგული, კარისკაცი, ვარდისფერი, ცხვირსახოცი, ერთადერთი... ზედამხედველი, თანასკოლელი, წინდახედული... ხელფეხგახსნილი, ცხვირპირდასიებული...

 

დ) მაწარმოებელი აფიქსების მქონე კომპოზიტები:

მამაშვილობა, უდედმამო, უსახლკარო, იგავარაკული, დედაშვილური, დაძმური...

ე) ნათესაობის აღმნიშვნელი კომპოზიტები, როცა კუთვნილებითი ნაცვალსახელი მეორე ადგილზეა:

ბებიაჩემი, ბიძაშენი, ბებიათქვენი.

ვ) თუ თანდებული ან ზმნიზედა დაერთვის სიტყვის ფუძეს, ვღებულობთ კომპოზიტს, რომელიც ერთად იწერება: ჭერქვეშ, ფეხქვეშ, თვალწინ...
 

 

 *  *  * 
 

დეფისით იწერება:

ა) სინონიმური და ანტონიმური მნიშვნელობის რთული სახელები:

ბედ-იღბალი, სიცილ-კისკისი, ალალ-მართალი, სვე-ბედი, ტოლ-ამხანაგი, ღარიბ-ღატაკი, ოხერ-ტიალი, მთა-ბარი, დიდ-პატარა, კვლევა-ძიება, მშვილდ-ისარი, ჩოხა-ახალუხი, სასოფლო-სამეურნეო, ფოსტა-ტელეგრაფი...

ბ) ზმნისწინით განსხვავებული ან სხვადასხვა ფუძის მქონე ზმნების გაერთიანება:

გაიხედ-გამოიხედა, აიხედ-ჩაიხედა, გაატარ-გამოატარა...

 

გ) სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებული ზმნიზედები ან ზედსართავები:

ქუჩა-ქუჩა, ტყე-ტყე, ნაპირ-ნაპირ, ცხელ-ცხელი, ჭრელ-ჭრელი...

 

მინდორ-მინდორ, ტყე-ტყე, გზა-გზა,

ლამაზ-ლამაზი, მაღალ-მაღალი...

დ) რიცხვითი სახელების გაორკეცებისას:

ორ-ორი, ერთ-ერთი, ათ-ათი...

ე) ვიცე- რთული ფუძის პირველი ნაწილი მომდევნო ფუძესთან შეერთებულია დეფისით და შემდეგნაირად იწერება:ვიცე-პოლკოვნიკი, ვიცე-პრემიერი, ვიცე-მერი...

 
*  *  *
 

კუთვნილების გამომხატველი კომპოზიტები ერთად იწერება:

დაბალშემოსავლიანი,

გრძელფეხება,

ორგანზომილებიანი...

 

    მაგრამ, თუ კუთვნილებით კომპოზიტს წინ უძღვის -ზე ან -ში თანდებულიანი ადგილის გარემოება, ასეთ შემთხვევაში ვწერთ ცალ-ცალკე: ფიქრებში ჩაფლული, მკერდზე დაკრული.  თუ კუთვნილებითი კომპოზიტის პირველი ნაწილი რიცხვითი სახელია, დეფისით უკავშირდება მომდევნო სახელს: 8-ფურცლიანი, 5-ელემენტიანი.

 
 

*  *  *
 

დაიმახსოვრეთ:

უდეფისოდიწერება სიტყვა, თუ ორცნებიან კომპოზიტს მაწარმოებელი სუფიქსები დაერთვის და ახალი მნიშვნელობის სიტყვა მიიღება:

და-ძმა - დაძმობა

სტუმარ-მასპინძელი - სტუმარმასპინძლობა

მამა-შვილი - მამაშვილობა

თავად-აზნაური - თავადაზნაურობა,

სათავადაზნაურო

ტან-ფეხი - ტანფეხიანი.

 
 

*  *  *
 

       შერწყმული დანართის პირველი წევრი უნდა გადმოიცეს ფუძის სახით და დაიწეროს საზღვრულთან ერთად დეფისით:

სახლ-მუზეუმი

წევრ-კორესპონდენტი

მუზეუმ-ნაკრძალი

პოეტ-აკადემიკოსი

ტელეფონ-ავტომატი

ექიმ-კონსულტანტი

პრემიერ-მინისტრი

ვაგონ-რესტორანი

 
 

*  *  *
 

         ერთად დაიწერება უცხო წარმოშობის აფიქსებით ან შემოკლებული სიტყვებით ნაწარმოები სიტყვები:

 

პრესრელიზი, პრესკონფერენცია, პრესბიურო, პოლიტსაბჭო, პოლიტპატიმარი, პოლიტკორექტული, პოლიტემიგრანტი, სპეცსამოსი, სპეცსამსახური, სპეცსემინარი,ანტისახელმწიფოებრივი,ანტიდემოკრატიული, ანტიმარქსისტი,  ანტიპათიური, ანტიკომუნისტი, პოსტსაბჭოური,პოსტსკრიპტუმი...

 

პირველ ყოვლისა, მაგრამ:პირველთანრიგოსანი, პირველკურსელი, პირველმიზეზი.

 
 

*  *  *

 

   ორცნებიანი კომპოზიტი წინადადების ერთი წევრია, ამიტომ ზმნა-შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა. მაგ.: და-ძმა გვესტუმრა (და არა: გვესტუმრნენ), ცოლ-ქმარიჩამოვიდა (და არა: ჩამოვიდნენ)...

 

სავარჯიშოები:

 

I. ორცნებიანი რთული სიტყვებისაგან აწარმოეთ ერთცნებიანი კომპოზიტები (სხვადასხვა აფიქსების მეშვეობით):

დედა-შვილი     -   დედაშვილობა
სახლ-კარი
თავად-აზნაური
ცოლ-შვილი
წვერ-ულვაში
დედ-მამა
მშვილდ-ისარი
ძალ-ღონე

ოქრო-ვერცხლი

მთა-ბარი
მთა-გორა

ხელ-ფეხი

 

II. შეადგინეთ კომპოზიტები და დაწერეთ სწორად:

დედა-, ნელ-, ქუჩა, ჩამი-, ბედ-, მესხეთ-, მოგლეჯილი, შვილი, იღბალი, წეს-, აღმა-, ჩუმი, ჯავახეთი, ქუჩა-,  ჩვეულება, თავქუდ-, ლუკმა-, დაღმა, ნელა, პური.

III. იპოვეთ და გაასწორეთ შეცდომები:

1. ანტი დემოკრატიული კანონმდებლობა სასწრაფოდ

უნდა შეიცვალოს.

2. სოციალურპოლიტიკური ვითარება გამოსწორდა.

3. ხვალ ვიცეპრეზიდენტსვხვდებით.

4. ექიმმა ახედდახედა პაციენტს.

5. სახლმუზეუმი ზაფხულში შეაკეთეს.

6. ვიცე ადმირალის წინადადება ერთხმად მიიღეს.

7. ანტი ნიკოტინურ კამპანიას ბევრი მომხრე გამოუჩნდა.

8. სამ წლიანი პროექტი სამინისტრომ დაამტკიცა.

9. ისინი თანა-მზრახველებთანAერთად მოქმედებდნენ.

10. პირველ-კურსელები დილის ცვლაში სწავლობენ.

11. ანტი-დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს არ და-

ვამტკიცებთ.

12. ფშავ ხევსურეთში მძიმე კლიმატური პირობებია.

13. პაპა-ჩემი ცნობილი სპორტსმენია.

14. ის შუბლ-შეკრული დადიოდა.

15. 2 უცნობიანი განტოლების ამოხსნა გამიჭირდა.

16. პრემიერ მინისტრის ვიზიტი ხვალ დაიწყება.

17. ის უბან უბან ეძებდა საფოსტო განყოფილებას.

18. ქალაქში პირველი მაღალ-სართულიანი შენობა XX 

საუკუნეში ააშენეს.

19. ის წინ და წინ გეგმავს ყველაფერს.

20. მწერალმა პირველ დაწყებითი განათლება სოფელში

მიიღო.

21. ცოლ ქმარი აგარაკზე გაემგზავრა.

22. ჩემი თანა-მშრომელი მივლინებაში გაემგზავრა.        

23. მათ უფროსუმცროსობასაც აღარ მიაქციეს

ყურადღება.

24. სამ სამი ლარი დააკლდათ.

25.ახალახალ ტანსაცმელს იცვამს.

 

IV. გადახაზეთ არასწორად დაწერილი კომპოზიტები:

ზედ ნაშენი, რადიო-გადაცემა, კინო-ფილმი, ლუკმა-პური, კუჭ-მაჭი, ნათლია შენი, წვრილ-ფეხა, ბევრისმნახველი, ძმის შვილი, ხევხევ, თანატოლი, ახლო-მახლო, ცოტ-ცოტა, ბალახ-ბულახი, X-უცნობიანი,ქოხმახი, ბუტბუტი, თავ-თავი, გიჟ-მაჟი, ახალ ჩამოსული, სხვა და სხვა, თან და თან, პირდა-პირ, წინდაწინ, ბედისწერა, ბალიშშითავჩარგული, ზე-კაცი, მრავალ-ჭირნახული, ერთ-ერთი, აწონდაწონა, შიშ-ველტიტველი, ბედიღბალი, ცხელცხელი, თანა-მებრძოლი, შინა მოსამსახურე, წევრკორესპონდენტი, ბედ-იღბალი, ვიცეპოლკოვნიკი, თანა-კლასელი, ტელეფონ-ავტომატი, ვაგონ რესტორანი, უბან-უბან, სახლმუზეუმი, მუზეუმ-ნაკრძალი, წამწამი.        

 

V. -ობა, -იან, -ურ, სა---ე, სა---ო, უ---ო... აფიქსების დართვით შესაძლო შემთხვევაში აწარმოეთ ერთცნებიანი კომპოზიტები:

         ნიმუში:   კვლევა-ძიება - საკვლევაძიებო

დედა-შვილი

ცოლ-ქმარი      

და-ძმა -

ბატონ-ყმა -

ცოლ-შვილი

წვერ-ულვაში

მხარ-ბეჭი

დანა-ჩანგალი

სახლ-კარი

დედ-მამა

სინდის-ნამუსი

 

VI. გახაზეთ სწორი ფორმები:

ჭკუამახვილი, წყალ-სადენი, ლუკმა პური, ხელისგული, ავ-დარი, ახალგაცნობილი, ელექტრო სადგური, ფოსტა ტელეგრაფი, რადიო გადამცემი, ზედა პირი, ახალგაცნობილი, ახალი გამოსული, გულის ნადები, კინოფილმი, ახალ-გამოსული, ზემოთაღნიშნული, თეთრ ხალათიანი, ქვედა-ფენა, ელექტრო-სადგური, დიდ-პატარა,  ლუკმა-პური, მშვილდისარი, ახალ გამოსული, კინოფირი, ფოსტა-ტელეგრაფი, ხელის გული, ალალმართალი, რადიოგადაცემა, ზედა-პირი, ელექტრო-სადგური, რადიო გადაცემა, თეთრხალათიანი,  კინო-ფილმი,  ქვედა ფენა, კინო-ფირი, გულის-ნადები, წევრკორესპოდენტი, ქვედაფენა, წყალსადენი, რადიო მიმღები, ხელის-გული, ჭკუა-მახვილი, რადიო-გადაცემა, საჭმელ-სასმელი, ლუკმაპური, ტოლ-ამხანაგი, ფოსტა-ტელეგრაფი, საჭმელსასმელი, რადიო-მიმღები.

 

VII. დააბოლოეთ ზმნები:

 ცოლ-ქმარი მიდი . . .

დედა-შვილი საუბრობ…. . .

და-ძმა ბევრს მოგზაურობ . . . .

მთა-ბარი გალამაზდ . . .

დიდ-პატარა მღეროდ . . . .

მამა-შვილი იცინ . . . . .

 

 

შინაარსი

5. ნაცვალსახელების მართლწერა

7. ზმნის პირის ნიშანთა მართლწერა