ხალი ლექსიკონი


მომზადებულია "უცხო სიტყვათა ლექსიკონი" საფუძველზე
(შემდგენელი ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ.,გამომცემლობა "განათლება", 1973)

ლექსიკონის აგებულება  | შემოკლებები  მოგვწერეთ


საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | შესვლა


ლექსიკონის აგებულება

 ლექსიკონში სიტყვები დალაგებულია ანბანზე, ოღონდ სახელობითი ბრუნვის

ნიშანი გამოყოფილია დეფისით და ანბანის რიგში არ შედის. მაგ., ჯერ არის ადრეს-ი, შემდეგ – ადრესატ-ი... ანდა: ჯერ არის აერონ-ი, შემდეგ – აერონავიგაცია,

აერონავტ-ი, აერონავტიკა... და ა. შ.

 

შენიშვნა: სიტყვის ბოლოკიდური არ არის გამოყოფილი (და ამდენად ანბანის რიგში ჩათვლილია), თუ იგი ფუძისეულია და არა სახელობითი ბრუნვის ნიშანი, ე. ი. უცხო ენაშივე აქვს სიტყვას. მაგ., ტაქსი (შდრ. ფრანგ. taxi, რუს. такси), ასევე, აპრიორი, კოლიბრი, პონი, ჟიური და მისთ.

 

ძირითად სიტყვებს (რომლებისგანაც ნაწარმოებია სხვა სიტყვები), ჩვეულებრივ მოსდევს კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული მითითება წარმოშობის შესახებ.

შენიშვნა: ბერძნული წარმოშობის სიტყვებთან კვადრატულ ფრჩხილებში მოცემულია ლათინური ტრანსკრიფცია (იხ. ბერძნული ანბანი, გვ. 12). ასევეა აღმოსავლური ენებიდან ნასესხებ სიტყვებთან.

 

თუ სიტყვა ქართულში იმავე მნიშვნელობით იხმარება, რაც მას უცხო ენაში აქვს, მაშინ კვადრატულ ფრჩხილებში თარგმანი არა აქვს მიწერილი, ხოლო თუ ქართულში სხვა მნიშვნელობით არის შემოსული, მაშინ თარგმანი ახლავს. მაგ., პაკეტ-ი, [გერმ. Paket], სტენდ-ი [ინგლ. stand], მაგრამ ანომალია [ბერძ.anōmalia უსწორმასწორობა], მანდატ-ი [ლათ. mandatum დავალება]...

 

ზოგჯერ კვადრატულ ფრჩხილებში მოყვანილია ის სიტყვა, რომლისაგანაც მივიღეთ მოცემული სიტყვა; ასეთ შემთხვევაში დასმულია < ნიშანი, რაც ნიშნავს «მიღებულია... -იდან». მაგ., ანთრაციტ-ი [< ბერძ. antrax ნახშირი], ბარკაროლა [იტალ. barcarola < barca ნავი,], პრიორიტეტ-ი [გერმ. Priorität < ლათ. prior პირველი], ტაქსა [რუს. такса < გერმ. Dachshund], მუნდირ-ი [რუს. мундир < ფრანგ.].

 

თუ სიტყვა შედგება ორი ფუძისაგან, ჩვეულებრივ თარგმნილია ორივე ნაწილი. მაგ., დიქტოფონ-ი [ლათ. dicto ვკარნახობ და ბერძ. phōne ბგერა], ჰერბიციდებ-ი [ლათ.  herba ბალახი და caedo ვკლავ]...(მეორე მაგალითში სიტყვის ორივე ნაწილი ლათინურია და ეს აღნიშნება ერთხელ, პირველ ნაწილთან).

 

შენიშვნა: ბერძნული და ლათინური ზმნები მოგვყავს არა ინფინიტივის, არამედ აწმყოს პირველი პირის ფორმით (ბერძნულ- ლათინური ლექსიკოგრაფიული ტრადიციის მიხედვით).

 

ხშირად ბერძნული ან ლათინური წარმოშობის სახელი შემოსულია ნათესაობითი ბრუნვის ფუძით, რომელიც განსხვავდება სახელობითის ფუძისაგან; ასეთ შემთხვევაში სახელობითთან ერთად მრგვალი ფრჩხილებით მოცემულია ნათესაობითი ბრუნვა, რათა ნათლად გამოჩნდეს სიტყვის აგებულება. მაგ., კლიენტ-ი [ლათ. cliens (clientis)], ჰემატოლოგია [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და logos მოძღვრება]; შდრ. ჰემოგლობინ-ი [ბერძ. haima სისხლი და ლათ. globus ბირთვი], სადაც haima სიტყვის ნათესაობთი ბრუნვა არ არის ნაჩვენები (პირველ შემთხვევაში ნატესაობითის ფუძე გვაქვს – ჰემატ-, მეორეში – სახელობითისა – ჰემ-).

 

თუ სიტყვა საკუთარი (ადამიანის ან გეოგრაფიული) სახელისაგან არის მიღებული და მისი წარმოშობის ცოტად თუ ბევრად ვრცელი ახსნაა საჭირო, ასეთი ახსნა მოცემულია სიტყვა-სტატიის ბოლოს. თუ სიტყვის წარმოშობა შედარებით ადვილად მისახვედრია, მითითებულია მოკლედ. მაგ., გერმანიუმ-ი [< გეოგრ. სახ.]. ანდა მოყვანილია უცხო დაწერილობა სიტყვისა და იქვე მითითებულია, რომ იგი მიღებულია საკუთარი სახელიდან. მაგალითად, დიზელ-ი [გერმ. Diesel < საკუთ. სახ.], შარტრეზ-ი [ფრანგ. Chartreuse < გეოგრ. სახ.].

 

ზოგჯერ სიტყვა შედგენილია ერთი ან რამდენიმე ნაწილებისაგან. ასეთ შემთხვევაში სიტყვის «ზედმეტი» ნაწილები ჩასმულია მრგვალ ფრჩხილებში. მაგალითად, ტორკრეტირება [ლათ. (tec)tor(ium) (con)ret(um) შემკვრივებული ბათქაში].

 

განსამარტავი სიტყვის ძირითადი ფორმის გვერდით ზოგჯერ მოცემულია მისი პარალელური ფორმა ნათელი შრიფტითა და დაყოფით. მაგ., აბსტრაქცია და აბსტრაჰირება, აკროპოლის-ი და აკროპოლი, კომფორტულ-ი და კომფორტაბელური და მისთ.

 

ხშირად განმარტებას მოსდევს ქართული ან უცხო სინონიმი (ან სინონიმები),  წერტილ-მძიმით გამოყოფილი.

 

ზოგ სიტყვასთან (მნიშვნელობასთან) მოყვანილია ერთი ან მეტი საილუსტრაციო ფრაზა, რომელიც სიტყვის შინაარსს უფრო გასაგებს ხდის. ასეთ ფრაზებს წინ უწერია ««მაგ.» (= «მაგალითი», «მაგალითად»).

 

განმარტების წინ ფრჩხილებში მოყვანილი შემოკლება («ანატ.», «მუს.», «ფიზ.» და მისთ.) აღნიშნავს გარკვეულ დარგს, რომელშიც მოცემული სიტყვა (მნიშვნელობა) იხმარება.

 

ორ- და მეტსიტყვიანი გამოთქმები (ისეთები, როგორიცაა «დიალექტიკური მატერიალიზმი», «აქილევსის ქუსლი» და სხვ.)  სიტყვა-სტატიაში გამოყოფილია დაყოფით (შესაბამის მნიშვნელობასთან). თუ გამოთქმის ორივე სიტყვა უცხოა, ერთთან მოცემულია განმარტება, მეორესთან – მითითება.

 

რამდენიმე სიტყვა-სტატიაში შეტანილია ქართული პრეფიქსებით გაფორმებული უცხო სიტყვები, ანდა ისეთი რთული სიტყვები, რომელთა პირველი ნაწილი ქართულია;  მაგ., სააგენტო (აგენტ-ში), სააქტო დარბაზი (აქტ-ში), წევრ-კორესპოდენტი (კორესპოდენტ-ში) და სხვ; ასეთი სიტყვების განმარტება საჭირო იყო, მაგრამ დამოუკიდებელ სიტყვა-სტატიებად უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვერ შევიდოდა.

 

ლექსიკონში შეტანილია ზოგი სიტყვის უმართებულო, მაგრამ გავრცელებული ვარიანტი, სათანადო სწორ სიტყვაზე მითითებით. მაგ., ატლეტ-ი, ატლტიკა (უმართებ.). – ათლეტი ათლეტიკა, განტელ-ი (უმართებ.). – იხ. ჰანტელი, ქვორუმ-ი (უმართებ.). იხ კვორუმი. თუ ერთი და იმავე ფუძის რამდენიმე სიტყვაა მისათითებელი, შეტანილია მხოლოდ ორი მათგანი და უზის მრავალწერტილი. მაგ., ტრომბ-ი, ტრომბინ-ი... (უმართებ.). – იხ. თრომბი, თრომბინ-ი... ეს ნიშნავს, რომ არის ფუძის სხვა სიტყვებიც: თრომბოზი, თრომბოფლებიტი.

 

ლექსიკონს ბოლოში დართული აქვს «უცხო გამოთქმები და სიტყვები...», მოყვანილი სათანადო ენაზე. ყველა გამოთქმასთან (სიტყვასთან) აღნიშნულია, რომელი ენის კუთვნილებაა იგი და, გარდა ამისა, მოცემულია ქართული ტრანსკრიფცია მახვილის აღნიშვნით.

 

ამ ნაწილში ზოგ სიტყვასთან ან გამოთქმასთან განმარტების ნაცვლად მითითებაა; მაგ., Nota bene – იხ. ნოტაბენე, Post scriptum – იხ. პოსტსკრიპტუმი. ეს ნიშნავს, რომ მოცემული გამოთქმა (სიტყვა) ქართულად დაწერილიც გვხვდება და მისი განმარტება უნდა მოვნახოთ ლექსიკონის ძირითად ნაწილში.

 

 



 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა