ცაცანაშვილი მარიამ  - დავიბადე თბილისში. იურიდიული განათლება საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მივიღე (1980-85 წწ.)

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო თსუ სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრაზე ასისტენტად მუშაობის დაწყება, სადაც საფუძველი ჩაეყარა და მომზადდა ჩემი საკანდიდატო დისერტაცია ,,საქართველოს გასაბჭოების იურიდიულ პოლიტიკური შედეგები 1921-22 წწ.“

 

1991 წელს მომენიჭა იურიდიულ მაცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, მოგვიანებით 1994 წელს - დოცენტის წოდება. სტუდენტებთან სასწავლო- პედაგოგიური კონტაქტი სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კურსის წაკითხვით დავიწყე და კათედრის პროფესორ-მასწავლებელთა თანადგომით შევძელი სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი ისტორიის ორტომეულის გამოცემა (1995-96 წწ.), აგრეთვე თეზისები საქართველოს პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორიაში (1994 წ.). მონაწილეობა მივიღე სასწავლო კურსის პროგრამებისა და მეთოდური მითითებების საკურსო თემატიკის შემუშავებაში. შემდეგ, 12-მდე ნაშრომში დაიბეჭდა სამართლის ისტორიის საკითხებზე. ეს იყო მთელი კათედრის ძალისხმევა დამოუკიდებლობის პერიოდში სტუდენტთა და ასპირანტთათვის განათლების ქართული ბაზის შესაქმნელად, რომელსაც საფუძველი სხვებთან ერთად, ამ კათედრის ცნობილმა მეცნიერებმა ჩაუყარეს (იროდიონ და ივანე სურგულაძეები), ისიდორე დოლიძე, მიხეილ კეკელია, ვახტანგ აბაშმაძე და სხვები), მრავალი მათგანი ჩემი მასწავლებელი იყო. ყველა ჩემს ნაშრომს მათი შთაგონებით ვაკოწიწებდი, მათი თვალით ვუყურებდი.

 

1995 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობაც დავიწყე: ვიყავი საქართვლოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის რეფერენტი, მრჩეველი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2001 წლიდან კი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინით. ურთულეს პერიოდში გამოცდილ სპეციალისტებთან მუშაობამ და სამართლის ისტორიის მეცნიერების წყალობით შეძენილმა სისტემური მიდგომის უნარმა, არამარტო კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და ორგანიზაციული  ხელმძღვანელობის ურთულესი ეტაპი დამაძლევინა, არამედ საფუძველი ჩაეყარა ჩემს სადოქტორო დისერტაციასაც სრულიად ახალგაზრდა ნოვაციურ დარგში - ინფორმაციულ სამართალში.

 

1999 წ. აკადემოკოს გივი ინწკირველის კონსულტაციით დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ინფორმაცია, როგორც სამართლებრივი რეგულირების ობიექტი, ხოლო 2001 წელს მომენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. ამავე თემაზე 15-მდე სტატია გამოვაქვეყნე სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში, ქართულო, რუსულ და ინგლისურ ენებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შემოთავაზებით, მოვსინჯე ლექციების კურსის წაკითხვა ინფორმავიულ სამართალში ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე (2000-2002 წწ.). სტუდენტთა მხრიდან უდიდესმა ინტერესმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ საგნის სწავლების აუცილებლობაში. ინფორმაციული სამართლის სხვადასხვა პრობლემებზე ჩემი შერჩეული თემატიკით და რეკომენდაციით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში 20-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილოება კონფერენციებში და გაიარა სტაჟირება. არ ვიცი, ისინი შემდეგშიც გააგრძელებენ თუ არა ამ სფეროში სამეცნიერო მოღვაწეობას, მაგრამ აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად უდიდეს წარმატებას მოუტანს კანონშემოქმედებით, მმართველობით, სასამართლო ხელისუფლებასა თუ კერძო სექტორში მუშაობისას.

 

2001 გამოვიდა მონოგრაფია ,,რელიგია და სახელმწიფო“, რომელიც სამართლის ისტორიასა და ინფორმაიული სამართლის სფეროში მიღებული მეთოდური ცოდნის შედეგია, და კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში სინდისისა და რწმენის კონსტიტუციური უფლების საკანონმდებლო გარანტიათა შემუშავების დასაბუთებისთვის შეიქმნა. ამავე წელს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ამირჩიეს. მეხუთე წელია თსუ იურიდიულ მეცნიერებათა სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი ვარ. 2001 წლიდან კი საქართველოს სასწავლო ექსპერტთა საბჭოს იურიდიული კონსულტანტი.

 

ასეთი გამოცდილებით ვიწყებ ახალი სასწავლო კურსის ,,ინფორმაციული სამართლის“ წაკითხვას და ამ სფეროში წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა დამსახურებაცაა და ჩემი სტუდენტებტან მუშაობის 18-წლიანი გამოცდილების შედეგიც.

           

 

წიგნები:

*ინფორმაციული სამართალი

*ინფორმაციული საზოგადოება და ინფორმაციის სამართლებრივი რეგულირება