Smithsonian

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

შესავალი

 

საქართველოს დასავლეთით მდებარე მხარეს, სამეგრელოს,[1] მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის ისტორიაში. გვიანდელ შუა საუკუნეებამდე ეს მხარე პოლიტიკური ინტრიგების, სამხედრო შეტაკებებისა და კულტურული აღმავლობის ეპიცენტრი იყო.

ეკატერინე დადიანის სასახლე

საუკუნეების განმავლობაში სამეგრელო დადიანების ძლიერი ოჯახის მიერ იმართებოდა. ამ პერიოდში დადიანების ოჯახმა ქვეყანას შესძინა არა მარტო რეგიონის მმართველი ერისთავები და მთავრები, არამედ მრავალი გამოჩენილი მწერალი, ისტორიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, სასულიერო პირი, სპორტსმენი და სხვ.

წინამდებარე ვებ–საიტის საშუალებით მკითხველი გაეცნობა სამეგრელოსა და დადიანების ოჯახს, რომლის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე მომდინარეობს. გვერდი წარმოადგენს ანალოგს იმ ვებ–საიტისა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს თავადების – ჭავჭავაძეების – ოჯახს ეძღვნება. იგი შეიცავს ტექსტებს, ფოტოებსა და რუკებს, რომელთა მიზანიც დადიანების არაჩვეულებრივი ოჯახისა და, მთლიანად, იმ ეპოქის სულისკვეთების წარმოჩენაა. ვებ–საიტი განკუთვნილია მკვლევრების, სტუდენტებისა და საზოგადოების ყველა იმ წევრისათვის, რომლებსაც სამეგრელოს წარსულში ექსკურსის სურვილი გააჩნიათ. ამ რეგიონის მდიდარი ისტორიის წარმოჩენასთან ერთად წინამდებარე ვებ–საიტი ასევე ქმნის გარკვეულ საფუძველს ისტორიის ბურუსით მოცული მონაკვეთების უფრო ღრმა კვლევისათვის. ვებ–საიტი სამ ძირითად ნაწილადაა დაყოფილი:

  • პირველი ნაწილი წარმოადგენს შესავალს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სამეგრელოს გეოგრაფიის, ეთნოგრაფიისა და ისტორიის შესახებ, რასაც ერთვის მონაცემები დადიანების სამეფო გვარის შესახებ.
  • მეორე ნაწილში განხილულია დადიანების ოჯახთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობანი (სასახლეები, ეკლესიები, რეზიდენციები და ა.შ.). ასევე ერთ-ერთი მათგანის მუზეუმად გადაკეთების საკითხი, რაც დადიანების ოჯახის ხსოვნის უკვდავყოფასა და მთლიანად სამეგრელოს წარმოჩენას ემსახურება. აქვე შეიტყობთ, თუ როგორი ცხოვრების სტილი ჰქონდათ დადიანებს XIX საუკუნის შუა წლებში.
  • მესამე ნაწილი მოიცავს მდიდარ ბიოგრაფიულ მონაცემებს დადიანების ოჯახის ზოგიერთი გამოჩენილი წევრის ცხოვრებაზე, დაწყებული დიდ ფეოდალ ლევან პირველით (XVI საუკუნე) და დავით (დუდუ) დადიანით დამთავრებული, რომელიც პროფესიონალი კალათბურთელი და ქართული სპორტის დესპანი იყო, ვიდრე XXI საუკუნის გარიჟრაჟზე მისი სიცოცხლე ტრაგიკულად შეწყდებოდა. ამ საიტის მეშვეობით სამეგრელოსა და სრულიად საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა და ტრიუმფი ნათლად წარმოჩინდება.

  • ამ საიტისათვის ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პირველწყაროების რაოდენობა შეზღუდული იყო (შედარებით ახლო წარსულიდანაც კი), ხოლო დეტალიზაციის თვალსაზრისით, მეორეული წყაროები ფრიად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან: მეორად წყაროებში ქრონოლოგია ხშირად არასრულყოფილია. ფაქტობრივი თხრობა კი ხშირ შემთხვევაში ინტერპრეტაციაში გადაიზრდება ხოლმე. სასარგებლო იყო დადიანების შთამომავლებისაგან აღებული ინტერვიუები, მკვლევრებთან კავშირი და დადიანის სასახლეში ვიზიტები, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა მთლიანი სურათის შექმნა და ზოგიერთი ფაქტობრივი შეცდომის თავიდან აცილება (აქედან გამომდინარე, მკითხველებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ, დაგვისვან შეკითხვები და შემოგვთავაზონ შესწორებები). მხატვრების მსგავსად, მიუხედავად ფორმებისა და ფერების შეზღუდული არსენალისა, წინამდებარე საიტის შემქმნელები მაინც შეეცადნენ წარმოეჩინათ ეს არაჩვეულებრივი ოჯახი, ის დრო და სივრცე, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება.

    ამგვარი წინათქმის შემდეგ, კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება დადიანების სამყაროში...

    [1]სამეგრელოს რუსებმა "მინგრელია" დაარქვეს, XIX საუკუნემდე კი მას "ოდიში" ეწოდებოდა. ამ ვებ-საიტზე ტერმინი "ოდიში" ხშირად იქნება მოხსენიებული იმ პერიოდის სამეგრელოს აღსანიშნავად.

     

    [ წინ ]