| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მერი შერვაშიძე![]()
Biographyგალაკტიონ ტაბიძის „მუზა“ მერი (მარიამ) შერვაშიძე 1888 წელს, ბათუმში დაიბადა, პროკოფი შერვაშიძისა და ნინა მხეიძის ოჯახში. მამამისი ბათუმის სათათბიროს წევრი გახლდათ. პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძე (1840-1915) და ნინო გრიგოლის ასული მხეიძე (1864-1950) 1887 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა: მერი, ლევანი, ელენე, ანა და თამარი. ლევანი და ანა სიყმაწვილეში გარდაიცვალნენ. 1900 წელს პროკოფი სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით გადადგა. XX საუკუნის დასაწყისში ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, რადგან მერის მამა რუსეთის სახლემწიფო სათათბიროს წევრად აირჩიეს. იგი გახლდათ რუსეთის I და III მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სოხუმის ოკრუგიდან და ბათუმის ოლქიდან. დებმა შერვაშიძეებმა, განსაკუთრებული გარეგნობის, მანერებისა და გემოვნების წყალობით, მალევე მიიპყრეს პეტერბურგის მაღალი წრის საზოგადოების ყურადღება. მერი იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ფრეილინა გახდა. მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა იმ პერიოდის მოდურ ჟურნალებში. ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ის იყო მაღალი, კარგი აღნაგობის, ღია თაფლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმით. ვინც მას იცნობდა, აფასებდა თავმდაბლობის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდნენ. 1914 წელს წელს თამარი ცოლად გაჰყვა პეტრე ზარნეკაუს (1889-1961) - აგრაფინა ჯაფარიძისა (1855-1926) და პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგის (1850-1906) უმცროს ვაჟიშვილს. 1918 წლის 20 სექტემბერს დაქორწინდა მერიც. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მისი საქმრო გიგუშა (გიორგი) ერისთავი საქართველოში დაბრუნდა. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ საიმპერატორო კარიდან, სადაც მერი სეფექალი, ხოლო გიგუშა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ფლიგელ-ადიუტანტი იყო. დაქორწინება დაუგვიანდათ, რადგან ფრეილინებს გათხოვება ეკრძალებოდათ. ერეკლე II-ის შთამომავალი, გიორგი ნიკოლოზის ძე ქსნის ერისთავი (1875-1947) 1917 წლის ბოლოს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა სამშობლოში. 1918–1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. მეთაურობდა ცხენოსან კორპუსს. 1918 წელს მიანიჭეს გენერალ–მაიორის წოდება. მერი შერვაშიძემ და გიგუშა ერისთავმა ჯვარი ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში დაიწერეს. მათი ერთ-ერთი მეჯვარე იყო სენაკის მაზრის თავადაზნაურობის ყოფილი წინამძღოლი ნიკოლოზ (კოკი) დადიანი (1878-1939), რომლის დედა - თამარი (1841-1925) გახლდათ აფხაზეთის მთავრის, მიხეილ შერვაშიძის ასული. 1921 წლის თებერვალ–მარტში საქართველოში საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრისას, ქართულ ნაწილებთან ერთად გენერალი ერისთავიც ბრძოლით იხევდა ბათუმისკენ. ამ დროს შერვაშიძეები უკვე საფრანგეთისკენ მიემართებოდნენ. გიგუშა მათ შეუერთდა კონსტანტინეპოლში, სადაც გემი რამდენიმე დღით დაყოვნდა. სწორედ იმ დროს ამ ქალაქში ტარდებოდა მსოფლიოს სილამაზის კონკურსი. მერიმ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. ლტოლვილები პარიზში ბულონის ტყესთან ახლოს დასახლდნენ. მერისთან ერთად ცხოვრობდნენ დედა და მისი ერთ-ერთი და, ელენე (1891-1926), მცირეწლოვანი ქალიშვილით. ელენეს ქმარი 1919 წელს გარდაცვლილიყო კიევში. ნინო მხეიძეს კერვა ეხერხებოდა, ამიტომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. მალე ოჯახმა საკუთარი სახელოსნოც გახსნა. მაგრამ პარიზში ცხოვრებისთვის ეს არ იყო საკმარისი და თავის გასატანად ხშირად უწევდათ ძვირფასეულობის გაყიდვა. ამ პერიოდში მერი ელისეის მინდვრებზე კაფეში შეხვდა იმპერატორის ბიძაშვილს, პრინც დიმიტრი პავლოვს, რომელმაც იგი მიაგზავნა თავის მეგობართან, მოდელიერ გაბრიელა შანელთან. ასე გახდა მერი კოკო შანელის მოდელი. პარიზელები განსაკუთრებით აფასებდნენ მერი შერვაშიძის ჩაცმის დახვეწილ სტილს და სილამაზის გადმოცემის მისეულ მანერას. მალე შანელის მოდელი გახდა თამარიც (1896-1931). 1926 წელს, სრულიად ახალგაზრდა ასაკში, გარდაიცვალა ელენე, 1931 წელს, ლეისინში (შვეიცარია) თამარიც დაიღუპა. მას ორი შვილი დარჩა: კონსტანტინე (1916-1977) და ნინა (1919- ???). პეტრე ზარნეკაუ რამდენიმე წლის შემდეგ პარიზში დაქორწინდა ალექსანდრა ანენკოვაზე. უმცროსი დების დაობლებულ შვილებზე ზრუნვა მერიმ იკისრა. მას საკუთარი შვილი არ ჰყავდა. 1947 წელს გიგუშა ერისთავიც გარდაიცვალა. მერი მეორედ აღარ გათხოვილა, სრულიად მარტო ცხოვრობდა პარიზში, ლატურის ქუჩაზე. სახლიდან იშვიათად გამოდიოდა, ხანდახან ქართულ ეკლესიაში თუ შეივლიდა. სიცოცხლის ბოლო წლები მერი შერვაშიძემ ემიგრანტებისთვის აშენებულ მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, უფრო პანსიონს მოგაგონებდათ. ხანდახან თავის ბინაში მიდიოდა მეგობრებთან ერთად და ბანქოს თამაშობდა. მისი ნათესავი და უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, რომ მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო თაყვანისმცემლების გამოგზავნილი ყვავილები. მერი შერვაშიძე 1986 წლის 21 იანვარს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, დასაფლავებულია მეუღლესთან, გიგუშა ერისთავთან ერთად სენტ–ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე. მის საფლავის ქვას აქვს წარწერა: "რუსეთის დედოფლის სეფექალი". ბაბო დადიანის პირადი თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ პანაშვიდი საქართველოში, თბილისის სიონის ტაძარში გადაუხადა. წყარო: დაუშვილი რუსუდან. მერი შერვაშიძე-ერისთავი // დაუშვილი რუსუდან. ქართველი ქალები ემიგრაციაში. - თბილისი, 2024. - გვ. 164-169 ჯავახიშვილი ნიკო. 100 წლის წინანდელ ქართულ ფულზე გამოსახული მანდილოსნის პროტოტიპები // ისტორიანი. – 2019. - #3. - გვ. 36-43 https://ka.wikipedia.org/wiki/მერი_შერვაშიძე https://burusi.wordpress.com/2009/04/03/meri-shervashidze-galaktion/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

