The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men’s (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვახტანგ ჯობაძე

ვახტანგ ჯობაძე
Date of birth:18 March, 1917
Date of death:10 February, 2007  (at 89 years)
Burial location:თბილისი
Category:Archaeologist, Historian

Biography

ავტობიოგარფიული წიგნის "ჩემი თავგადასავალი" წერა თავიდან ინგლისურად დაიწყო, მერე გადაწყვეტილება შეცვალა და თავიდან ბოლომდე ქართულად დაწერა...

ხელოვნების ისტორიკოსი, არქეოლოგი, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი 1917 წ. 18 მარტს დაიბადა თბილისში  სურამის ქალაქის თავის მოადგილის (1915-1921 წწ.), ეკონომისტ, მენშევიკ ნიკოლოზ ჯობაძისა და ეკატერინე ჯობაძის ოჯახში.

შვიდი წელი სწავლობდა ხარფუხში 23-ე შრომის სკოლაში, შემდეგ რკინიგზის მე-8 სკოლაში. 1940 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ასპირანტურაში ხელოვნების ისტორიის განხრით განაგრძო. 1941 წ. ვახტანგ ჯობაძე ომში გაიწვიეს, რასაც მოჰყვა ტყვეთა ბანაკი (საიდანაც ქართველმა ემიგრანტებმა გაიყვანეს), ციციშვილის გვარზე დაწერა და ემიგრაციაში გატარებული ცხოვრება.

1945-1949 წწ. ვახტანგ ჯობაძე გერმანიაში გიოტინგენის, ფრაიბურგისა და ერლანგენის უნივერსიტეტებში იღრმავებს ცოდნას კლასიკურ არქეოლოგიასა და ხელოვნების ისტორიაში. შემდეგ მიემგზავრება ესპანეთში და აქვე ქორწინდება გერმანელ ირენე (ირინე) ბიბერზე. 1953 წ. ოჯახთან ერთად გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შტატებში ვახტანგ ჯობაძე თანამშრომლობს "ამერიკის ხმასთან", ოჯახის გამოსაკვებად მუშაობა მოუხდა ქარხანაში. ჰარვარდისა და იუტას უნივერსიტეტებში თანამშრომლობის შემდეგ, საბოლოოდ დამკვიდრდა ლოს–ანჟელესში, კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა ხელოვნების ისტორიის დეპარტამნეტს.

ბიზანტიური და აღმოსავლეთქრისტიანული ხელოვნების სპეციალისტის სამეცნიერო საქმიანობა თემატურად ძალზედ მრავალფეროვანია, თუმცა მისი კვლევების უმთავრესი სფერო ქათული ხუროთმოძღვრების ისტორიაა. ვახტანგ ჯობაძის პირველი ნაშრომი და მათ შორის სადოქტორო დისერტაცია (1949 წ.) ხახულის კარედის მინანქარს ეხება.

ვახტანგ ჯობაძემ დიდი წვლილი შეიტანა უცხოეთში არსებულ ძველი ქართული კულტურის კერების გამომზეურებასა და შესწავლაში. 1962-1967 წწ. აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს ძველი სირიის ანტიოქიის მიდამოებში. გამოიკვლია სამი ცნობილი ნამონასტრალი: ბარლაამის მონასტერი კასიუსის მთაზე, სვიმეონ მესვეტე (უმცროსი) საკვირველმოქმედის სავანე, შავი მთის ქართული მონასტერი. ამ არქეოლოგიური მონაპოვრების შესწავლით დადასტურდა ქართველ ხუროთმოძღვართა და ქვის მჭრელთა მოღვაწეობა ანტიოქიის მიდამოებში.

ვახტანგ ჯობაძე იკვლევდა ქარველთა კოლონიების საკითხს კუნძულ კვიპროსზე, ვატიკანში დაცულ ერთ დოკუმენტში მოხსენიებულ იალაის მონასტერთან გააიგივა ჟალიას (ღალიას) მონასტერი და დადასტურა მისი ქართული წარმოშობა.

ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ ვახტანგ ჯობაძე იყო ერთადერთი ქართველი მკვლევარი, რომელსაც საშუალება ჰქონდა ემოგზაურა და შეესწავლა ტაო–კლარჯეთის ძეგლები. 1965-1988 წწ. მან რვა ექსპედიცია მოაწყო ტაო–კლარჯეთში. ცალკე წერილი მიუძღვნა ხანძთის მონასტრის ისტორიის კვლევას და ახალი არგუმენტებით განამტკიცა ხანძთისა და ფორთის იგივეობის ვერსია. დააზუსტა ოპიზისა და დოლისყანის ეკლესიების სამშენებლო ფენათა ქრონოლოგია. ადგილზე შეისწავლა და გამოკვლევა მიუძღვნა ოშკის ქტიტორულ რელიეფებს. ცალკეული ნაშრომებიდან აღსანიშნავია სამეცნიერო–პოლემიკური წერილი მცხეთის ჯვრის საქტიტორო რელიეფის შესახებ.

1889 წ. ვახტანგ ჯობაძე აირჩიეს საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრად, ხოლო 1996 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად.

ვახტანგ ჯობაძე გარდაიცვალა კარლსბადში 2007 წ. 10 თებერვალს, მისი ფერფლი თბილისში ჩამოასვენეს.

ვახტანგ ჯობაძის ბიბლიოთეკა გადაეცა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი წევრი
  • საქართველოს საზოგადოება, საპატიო წევრი