The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დიმიტრი ამილახვარი

დიმიტრი ამილახვარი
სხვა სახელი:ბაზორკა
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1942  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლიბიის უდაბნო, ეგვიპტე
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

..."ჩვენ უცხოელებს, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავუმტკიცოთ საფრანგეთს გმირობა–სიცოცხლე შევწიროთ მას"–ეს სიტყვები დიმიტრი ამილახვარმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე წარმოთქვა...

1906 წ. 31 ოქტომბერს თერგის ოლქის სოფ. ბაზორკინოში (ახლანდ. ჩერმენი, ჩრ. ოსეთი) პოლკოვნიკ გიორგი ამილახვრისა და ნინო ერისთავის ოჯახში დაიბადა საფრანგეთის  მომავალი ეროვნული გმირი დიმიტრი ამილახვარი. დაბადების ადგილის მიხედვით ზედმეტსახელად "ბაზორკა" შარქვეს. 1918-1921 წწ. ამილახვრების ოჯახი თბილისში ცხოვრობს და დიმიტრი განათლებას თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში იღებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახი ჯერ თურქეთში, 1922 წელს კი პარიზში გადადის. 1924-1926 წწ. დიმიტრი ამილახვარი სენ–სირის პრესტიჟულ სამხედრო სკოლაში სწავლობს და 1926 წლიდან უმცროსი ლეიტენანტის ჩინით ირიცხება საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.

პარიზში დიმიტრი ამილახვარი ირინე დადიანზე დაქორწინდა და ორი შვილი-თამარი და ოთარი შეეძინა. ოჯახის ბედნიერებას ომმა დაუსვა წერტილი.

ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე დიმიტრი ამილახვარმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

II მსოფლიო ომის დროს დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობს ნავრიკის ცნობილ ბრძოლაში. ამის შემდეგ ლონდონში ხვდება შარლ დე გოლს და ერთიანდება თავისუფალ ფრანგულ ჯარში. აფრიკაში სამსახურის დროს, გამონაკლისის სახით, მიენიჭა ლეიტენანტ–პოლკოვნიკის წოდება და უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. 1942 წ. ლიბიაში გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისას დიმიტრი ამილახვარმა პირველად გამოიყენა ტანკსაწინდააღმდეგო ბრძოლის ახალი სისტემა. ამასობაში საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ დიმიტრი ამილახავრს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა.

დიმიტრი ამილახვრის ნახევარბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელი გენერლის რომელის არმიის წინააღმდეგ ბირ–ჰაკეიმის ბრძოლებში, რისთვისაც შარლ დე გოლმა პირადად დააჯილდოვა მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით-"განთავისუფლების ჯვარი".

1942 წ. მეორე ნახევარში დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობს ეგვიპტეში ელ–ამაინთან გამართულ ცხარე ბრძოლებში. 24 ოქტომბრის ბრძოლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოლკოვნიკი დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში.

ნავრიკის, ერიტრეის. ქ. მასუას, სირიის, ქ. დამასკოს, ბირ–ჰაკეიმის, ელ–ალამაინის ბრძოლებისას დიმიტრი ამილახვარმა გმირობისა და თავდადების მაგალითი უჩვენა უცხოტომელებს. ცნობილია, რომ ის მტრის ბანაკში მარტოდმარტო შეიჭრა და დაჭრილი თანამებრძოლი ხელში აყვანილი გამოიყვანა. ფრანგი ოფიცრის გამბედაობით განცვიფრებულმა მოწინააღმდეგემ ცეცხლი შეწყვიტა, ხოლო როცა ამილახვარი თვალს მიეფარა, მტერმა ტაშით გააცილა უშიშარი ქართველი.

1944 წ. დეკემბერში უცხოელთა ლეგიონის ხელმძღანელობამ ირინე დადიანი მეუღლის ხსოვნის საღამოზე მიიწვია. საღამოზე დასაწრებლად ირინე ბავშვებთან და დასთან (ელისო დადიანი) ერთად სამხედრო მანქანით გაეშურა და ავტოკატასტროფაში დასთან ერთად დაიღუპა.

ავტოკატასტროფისას გადარჩენილ ობლებს მფარველობა დიმიტრი ამილახვრის თანამებრძოლმა და შემდგომში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა კენინგმა გაუწია. ბავშვები "საფრანგეთის შვილებად" გამოცხადნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ იკისრა.

საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის ბრძანებით, სიკვდილის შემდეგ დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა "საპატიო ლეგიონის" უმაღლესი ორდენით, მისი სახელი მიენიჭა სენ–სირის სამხედრო საწავლებლის 1954-1956 წწ. 143-ე გამოშვებას.

2005 წ. საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადების 100 წლისთავი. პარიზის ერთ–ერთ ქუჩას და სენ–სირის სამხედრო სასწავლებლის აღნიშნული წლის გამოშვებას ეწოდა დიმიტრი ამილახვრის სახელი.

წყარო:

1. დიმიტრი ამილახვარი : 1906-1942 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.31-32. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.

2. ქუთათელაძე, ზურაბდიმიტრი ამილახვარი (1906-1924) : საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.20-22. - სტატიას ახლავს ფოტო.

3. ამილახვარი დიმიტრი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.17-19. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

4. მამუკელაშვილი, ელგუჯაშარლ დე გოლი და დიმიტრი ამილახვარი (1906-1942) // ი. სტალინი, შ. დე გოლი და ქართული ემიგრაცია (1921-1953) / ელგუჯა მამუკელაშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-7043-3. - გვ. 185-192. - ახლავს ფოტომასალა.

5. ზოზრაშვილი, ტარიელდიმიტრი ამილახვარი - საფრანგეთის ეროვნული გმირი : (1906-1942 წწ.) // დიდი ქართველები : ცხოვრების ქრონიკები / ტარიელ ზოზრაშვილი. - თბილისი, 2008. - ISBN 978-99940-53-86-5. - გვ. 312-314.

6. ურუშაძე, ლევანქართველები ევროპის ჯარში - საფრანგეთი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - ISBN 99940-23-20-8. - გვ. 28-35.

7. ხაჭაპურიძე, გურამდიმიტრი ამილახვარი ქართველი თავადიშვილი - საფრანგეთის ეროვნული გმირი // საქართველო - აღთქმული ქვეყანაა კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი! (I - ნაწ.), ჩრდილში გაბნეული მარგალიტები (II-ნაწ.) / გურამ ხაჭაპურიძე. - თბილისი, 2008. - ISBN 978-9941-0-0405-6. - გვ. 191-195.


გააზიარე: