| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი გვაზავა![]()
Biographyპოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, მწერალი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა დაიბადა 1869 წლის 23 აპრილს (ძველი სტილით), ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრის სოფელ სუჯუნაში, ვაჭრის ოჯახში. ადრე დაობლებული დედის ძმამ „ბლაღოჩინმა“ შალამბერიძემ წაიყვანა სოფელ ნოქალაქევში აღსაზრდელად. დაწყებითი განათლება მიიღო ნოქალაქევსა და მარტვილში, ხოლო საშუალო განათლება - თბილისში. თავდაპირველად სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, შემდგომ - მე-2 გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. იმავე წელს ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლობდა სამთავრობო სტიპენდიით ("კავკასიის სტიპენდიატი"). კურსის დასრულების შემდეგ პარიზში გაემგზავრა, სადაც ერთი წელი დაყო სორბონის უნივერსიტეტის თავისუფალ მსმენელად. პარიზში დააარსა სტუდენტური გაერთიანება "თავისუფლების ლიგა". საქართველოში 1895 წელს დაბრუნდა. დასახლდა თბილისში და დაიწყო იურიდიული პრაქტიკა ნაფიცი ვექილის რანგში. პარალელურად, ჩაება პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. აქვეყნებდა მხატვრულ ნაწარმოებებსა და სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს „ვინმე გოგიას“, „ოდიშელიას“ და „შანტეკლერის“ ფსევდონიმებით. 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებაში. 1907 წლის ივნის-ოქტომბერში ესწრებოდა ჰააგის მე-2 კონფერენციას, რომელსაც ვარლამ ჩერქეზიშვილთან ერთად წარუდგინა მემორანდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. 1907 წელს გიორგი გვაზავას რედაქტორობით გამოიცა (ვარლამ ჩერქეზიშვილთან და მიხაკო წერეთელთან ერთად) რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „Грузинская мысль“. გაზეთი პირველივე ნომრის გამოცემისთანავე ცენზურამ აკრძალა, ხოლო რედაქტორი გადაასახლეს. 1910 წელს, პეტრე სურგულაძის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ერში“ გამოაქვეყნა ბროშურა „ჩეხეთი“, რის გამოც ორივეს პატიმრობა მიუსაჯეს. ავტორმა ერთი წელი მეტეხის ციხეში გაატარა, რედაქტორი კი ემიგრაციაში გაიქცა. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ეროვნულ-დემოკრატებს ბეჭდვითი ორგანო არ ჰქონიათ. 1911 წელს ქუთაისში გაჩნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფი, რომელმაც დაიწყო გაზეთ „იმერეთის“გამოცემა. 1912 წელს ახალმა ჯგუფმა დააარსა ჟურნალი „კლდე“. გიორგი გვაზავა იყო „კლდის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ხოლო 1914 წელს - რედაქტორი. 1917 წელს დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე, მთავარი კომიტეტის წევრი გახლდათ გიორგი გვაზავა. 1917 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერება დაასაბუთა. მიუხედავად იმისა, რომ მიეკუთვნებოდა ოპოზიციურ ძალას, 1918-1921 წლებში ჩართული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრი; 1918 წლის თებერვლიდან - ამიერკავკასიის სეიმის წევრი; ტრაპიზონის, ბათუმისა და სტამბოლის საზავო მოლაპარაკებების მონაწილე-დელეგატი. გიორგი გვაზავა გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტის ერთ-ერთი ავტორი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით; დამფუძნებელ კრებაში ხელმძღვანელობდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციას, შედიოდა კრების საკონსტიტუციო, სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიების შემადგენლობაში. 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო. ემიგრაციაში ცხოვრობდა საფრანგეთში; აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში; იყო ინტერპარტიული ცენტრის ე. წ. „საერთო ფრონტის“ შემადგენლობაში; თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1926 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობდა „კავკასიის გათავისუფლების კომიტეტის“ ე. წ. „პრომეთეისტული“ ორგანიზაციის საქმიანობაში; იყო „პრომეთეს“ ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური მონაწილე. პრომეთეიზმი წარმოადგენდა პოლიტიკურ და ინტელექტუარულ მოძრაობას XX საუკუნის 20-30-იან წლების ევროპაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა იმპერიის დასუსტებას სსრ კავშირში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხების განმათავისუფლებელი ბრძოლის მხარდაჭერის გზით. 1926-1939 წლებში გიორგი გვაზავა სათავეში ედგა ამ ორგანიზაციის ჟურნალ "პრომეთეს" - კავკასიის, უკრაინისა და თურქესტანის ხალხების ეროვნული თავდაცვის ყოველთვიურ ორგანოს. ჟურნალი გამოიცემოდა ფრანგულ ენაზე, პარიზში და ქმედით მონაწილეობას იღებდა ანტისაბჭოთა ღონისძიებებსა და აქციებში. მაგალითად, გვაზავამ, როგორც ჟურნალის რედაქტორმა, 1934 წელს ერთა ლიგაში საბჭოთა კავშირის მიღების პროტესტის ნიშნად, კავკასიის ემიგრაციის ლიდერთა მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადასცა ამ ორგანიზაციის გენერალურ სამდივნოს ჟენევაში. 1928-1931 წლებში პარიზში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას ხუთი წერილი საერთო სათაურით: „საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. ამ მოკლე ნარკვევის მეორე წერილში გადმოცემულია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორია, პარტიის წარმოშობიდან 1920-იანი წლების შუა ხანებამდე. ნაშრომს დამაჯერებლობას მატებს ის ფაქტი, რომ ავტორი მის მიერ გაშუქებული ბევრი მოვლენის არა მხოლოდ მოწმე, არამედ უშუალო მონაწილეც იყო. 1929-1938 წწ. პარიზში მისი რედაქტორობით გამოდიოდა საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო, გაზეთი "საქართველო", სადაც წერილებს ათავსებდა "გ. გ"–ს, "სტამბოლელის", "მეთვალყურეს", "მკითხველის", "წკიპურტის", "Politicys"-ის, "X"–ის ხელმოწერით. ემიგრაციაში ცხოვრებისას გიორგი გვაზავა აგრძელებდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას; იყო ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე. 1929 წ. პარიზში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი ჟოლიო დე კრებიონის ტრაგედია "რადამისტი და ზენობია" სათაურით "ფარსმან მეფე ივერიისა". ასევე თარგმნა რასინის "მითრიდატე", ექსილეს "მიჯაჭვული პრომეთე" და სხვა. 1938 წ. პარიზში გამოიცა გ. გვაზავას მიერ ფრანგულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" (პროზაული ვარიანტი). მომდევნო წელს კი იქვე დაიბეჭდა პოეტური კრებული „ჩემი ლექსები“. 1912 წ. გიორგი გვაზავა თბილისში დაქორწინდა ნინო ლევანის ასულ ჩერქეზიშვილზე (1889-1979). შეეძინათ ქალ–ვაჟი – მზია (1914-2000) და ჯამლეთი (1916 -2004). მიუხედავად იმისა, რომ ჯამლეთ გვაზავამ მთელი ცხოვრება უცხოეთში გაატარა, სამშობლოსთან სულიერი კავშირი არასოდეს გაუწყვეტია, კარგად მეტყველებდა ქართულად, იცნობდა საქართველოს ისტორიასა და ხელოვნებას. როგორც კი შესაძლებელი გახდა იგი რამდენჯერმე ესტუმრა სამშობლოს. მისი და – მზია (თამარ) გვაზავა ცოლად გაჰყვა, ასევე ემიგრანტს, თეიმურაზ ილიას ძე თაქთაქიშვილს (Tactakoff, Téimouraz , 1911–1992). შეეძინათ ქალიშვილი – მანანა თაქთაქიშვილი. 1960–იან წლებში ისინიც იმყოფებოდნენ საქართველოში. მოინახულეს ნათესავები და მშობლიური ადგილები. გიორგი გვაზავა გარდაიცვალა 1941 წლის 21 იანვარს, პარიზში. დაკრძალეს ბატინიოლის სასაფლაოზე. წყარო: გვაზავა გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.59. ჯანელიძე, ოთარ. შტრიხები გიორგი გვაზავას პოლიტიკური პორტრეტისათვის // ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი-ჭიათურა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი) : პროგრამა და მასალების კრებული / სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლითავისადმი (2012, ჭიათურა). - თბ.; ჭიათურა, 2012. - გვ.55-58. გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე // საქართველოში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია : 1917-1921 წ.წ. / უ. სიდამონიძე. - თბ., 1970. - გვ.213-214. https://archive.ge/ka/biography/119/photos https://gfsis.org.ge/files/library/pdf/GEO-3335.pdf
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

