The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


შალვა ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი
Other name:შ. ამ-ბი
ა.ი.  (Pseudonym)
ფარსმან–ფარუხი  (Pseudonym)
შ-ამ-ბი  (Pseudonym)
შ. ა-ბი  (Pseudonym)
შ.ა.  (Pseudonym)
ჩორჩანელი  (Pseudonym)
Date of birth:15 January, 1887
Date of death:1943  (at 55 years)
Burial location:სენტ–უანის სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Poet, Politician, Publicist

Biography

პოეტი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი დაიბადა 1887 წლის 15 იანვარს (ძველი სტილით), ტფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ ხურვალეთში, თავადის ოჯახში.

სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. პირველი ლექსებიც სწავლის პერიოდში დაწერა.

მოწაფეობაშივე გაიტაცა  რევოლუციურმა მოძრაობამ, მიხაკო წერეთელთან ერთად მონაწილეობდა 1905 წლის გამოსვლებში ქუთაისში.

განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს გიმნაზიაში სწავლას თავი დაანება და შევიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიაში.

1907-1909 წლებში იყო ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი, თუმცა ხელმოკლეობის გამო სტუდენტი ვერ გახდა.

1909 წ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ „ერში“.

იყენებდა ფსევდონიმებს: - „ფარსმან ფარუხი“, „შ-ამ-ბი“, „შ. ამ-ბი“, „შ. ა-ბი“ და „შ.ა.“.

1911 წელს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ლიდერებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის უკვე პარტიაში აღარ ირიცხებოდა.

ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დაუბრუნდა პუბლიცისტურ საქმიანობას. ამ პერიოდიდან დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკურ ჯგუფს და 1912 წელს მათთან ერთად დააარსა ჟურნალი „კლდე“.

1914 წლიდან გადასახლდა ქუთაისში, სადაც ასევე ეროვნულ–დემოკრატიული მიმართულების გაზეთების "სამშობლოსა" და შემდგომ - „იმერეთის“ მუდმივი ავტორი გახდა.

1915 წელს შალვა ამირეჯიბი გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში. გაგზავნეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც წელიწად-ნახევარს იმსახურა.

1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, გახდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წევრი და მუშაობდა პარტიის ცენტრალურ ბეჭდვით ორგანოში - „საქართველო“.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

1918 წლის 26 მაისს დემონსტრაციულად არ მოაწერა ხელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს, რადგანაც რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი წყობა გაუმართლებლად მიაჩნდა საქართველოსთვის.

1918 წელს იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1919 წელს ცოლად შეირთო მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების წყარო. ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაიწერეს და საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაიშალა. წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. მათი ოჯახური თანაცხოვრება არ შედგა, თუმცა შალვა ამირეჯიბი თავისი პირველი სიყვარულის ერთგული დარჩა და ცოლი აღარ შეურთავს.

1920 წელს ჩაირიცხა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით.

შალვა ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მეგობრობდა "ცისფერყანწელებთან".

1920 წ. გამოვიდა მისი ერთადერთი კრებული "მინანქრები". ორი ლექსი "მასკარადი" და "ლეკური" შევიდა "ახალი პოეზიის ანთოლოგიაში" (ქუთაისი, 1919).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ 1922 წლის 10 თებერვლიდან გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაში და თავს აფარებდა დასავლეთ საქართველოს.

1923 წლის გაზაფხულზე პარტიის მთავარმა კომიტეტმა სამუშაოდ მიიწვია: შევიდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის შემადგენლობაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში.

1924 წლის 29 აგვისტოს აჯანყების დაწყებისას დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებთან და აჯანყების მთავარსარდალთან ერთად იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის ბანაკში. აჯანყების დამარცხების შემდეგ არალეგალურად გადაკვეთა საზღვარი და გადავიდა თურქეთში, საიდანაც საფრანგეთში გაემგზავრა.

1925 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო ინტერპარტიული ცენტრის ე. წ. „საერთო ფრონტის“ შემადგენლობაში; თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში –"სამშობლო", "დამოუკიდებელი საქართველო", "ბედი ქართლისა", "კავკასიონი".

ძირითადად ცხოვრობდა  საფრანგეთსა და გერმანიაში.

1940 წ. ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი "ახალი დროება".

1942 წელს თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობდა ბერლინში ქართული ნაციონალური კომიტეტის ფორმირებაში.

შალვა ამირეჯიბი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1943 წლის ივლისში,  პარიზში. დაკრძალულია სენტ-უას სასაფლაოზე.

წყარო: 

ხვედელიძე, მამუკა. "სიტყვა მისი იყო ბასრი და კალამი მახვილი" : (შალვა ამირეჯიბი) // საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები : (სამეცნ. შრომების კრებული). - თბ., 2010. - 139-162.

პაპავა, თამარ. ბუხართან // გაბნეული საფლავები / თ. პაპავა. - პარიზი, 1970. - გვ.43-47.

ამირეჯიბი შალვა // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.17-19. –

შარაძე, გურამ. შალვა ამირეჯიბი // უცხოეთის ცის ქვეშ : ტ.I. - თბილისი, 1991. - გვ. 215-216.

https://archive.ge/ka/biography/94


Share: