The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men’s (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


შალვა ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი
Other name:ფარსმან–ფარუხი  (Pseudonym)
Date of birth:1887
Date of death:1943  (at 56 years)
Burial location:სენტ–უანის სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Poet, Politician, Publicist

Biography

პოეტი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი დაიბადა 1887 წლის ივლისში სოფელ ხურვალეთში (გორის მაზრა). სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში, პირველი ლექსებიც სწავლის პერიოდში დაწერა. რევოლუციურმა მოძრაობამ მოწაფეობაშივე გაიტაცა, მიხაკო წერეთელთან ერთად მონაწილეობდა 1905 წლის გამოსვლებში. 1906 წ. უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა და ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს, თუმცა ხელმოკლეობის გამო სტუდენტი ვერ გახდა. 1909 წ. სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი "ჩვენი ერი", სულ მალე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

შალვა ამირეჯიბმა ლიტერატურული მოღვაწეობა XX ს–ის ათიან წლებში დაიწყო. ეროვნულ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალის "კლდე" აქტიური თანამშრომელი გახლდათ და ნაწარმოებებს "ფარსმან–ფარუხის" ფსევდონიმით აქვეყნებდა. 1915 წლიდან ასევე ეროვნულ–დემოკრატიული მიმართულების გაზეთების "სამშობლოსა" და "საქართველოს" მუდმივი ავტორი გახდა. სავარაუდოდ, მისი ფსევდონიმები იყო "ჩორჩანელი", "შ. ა.", და "ა.–ი".

1916 წ. შალვა ამირეჯიბი გაიწვიეს I მსოფლიო ომში. 1917 წელს, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

1919 წ. შალვა ამირეჯიბმა ცოლად შეირთო მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების წყარო. ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში, დაიწერეს და საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაიშალა. წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. მათი ოჯახური თანაცხოვრება არ შედგა, თუმცა შალვა ამირეჯიბი ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი პირველი სიყვარულის და ცოლი აღარ შეურთავს.

შალვა ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მეგობრობდა "ცისფერყანწელებთან". 1920 წ. გამოვიდა მისი ერთადერთი კრებული "მინანქრები". ორი ლექსი "მასკარადი" და "ლეკური" შევიდა "ახალი პოეზიის ანთოლოგიაში" (ქუთაისი, 1919).

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შალვა ამირეჯიბი გვერდში ამოუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისი ერთ–ერთი უახლოესი თანამზრახველი გახდა ახალი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ შალვა ამირეჯიბი საზღვარგარეთ წავიდა. ძირითადად საფრანგეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა.

ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში–"სამშობლო", "დამოუკიდებელი საქართველო", "ბედი ქართლისა", "კავკასიონი". 1940 წ. ბერლინში დაარსა საკუთარი ჟურნალი "ახალი დროება".

შალვა ამირეჯიბი გარდაიცვალა 1943 წ. პარიზში, დაკრძალულია სენტ–უანის სასაფლაოზე.