The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men’s (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სიმონ ზაზაძე

სიმონ ზაზაძე
Date of birth:1933  (81 years)
Category:Businessmen

Biography

1933 წ. თურქეთში პავლე ზაზაძისა და მარიამ ჩილინგარიშვილის ოჯახში დაიბადა ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ზაზაძე. სამი წლის ასაკში ქართულ, ფრანგულ და თურქულ ენებზე საუბრობდა. ფრანგულს და თურქულს - დედა, ხოლო ქართულს სტამბულის ქართული კათოლიკური მონასტრის მღვდელი შალვა ვარდიძე ასწავლიდა. პატარაობისას სტამბოლის ქართველთა სავანეში მოქმედი დედათა მონასტრის მიერ გახსნილ ბავშვთა ბაღში დადიოდა.

სიმონ ზაზაძე სწავლობდა გერმანულ დაწყებით სკოლაში, ინგლისურ ლიცეუმ "რობერტ კოლეჯში", თურქულ თაქსიმის ლიცეუმში. უმაღლესი განათლება სტამბოლის უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე მიიღო და რადგანაც ძალიან უნდოდა ექიმობა დამატებით სტამბოლის უნივერსიტეტის საღამოს განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა. თუმცა მამის თხოვნით სამკურნალო ფაკულტეტს თავი დაანება და ეკონომიკური დაამთავრა. ამის შემდეგ ლონდონში გაემგზავრა "London School"-ში და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ეკონომიკის საკითხებზე.

სიმონ ზაზაძემ სამხედრო–სავალდებულო სამსახურიც გაიარა, მსახურობდა ქ. თუზლაში, იყო გარნიზონის გენერლის თანაშემწე. ამერიკაში დაამთავრა ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი და ამ სფეროშიც მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი.

სიმონ ზაზაძე ნამდვილი პოლოგლოტია, თავისუფლად საუბრობს ცხრა ენაზე (თურქული, ფრანგული, ინგლისური, გერმანული, ბერძნული, იტალიური, ლათინური, ესპანური, ქართული).

სიმონ ზაზაძე სამეცნიერო საქმიანობითაც იყო გატაცებული და როგორც მოწვეული ლექტორი ბეირუთის ინდურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე, წარმოშობით ფინიკიელი ქლაუდე (ქლოდ) ინჯეა. რომელიც დღეს ზაზაძის გვარს ატარებს. წყვილს სამი შვილი შეეძინა–ნათალი (ნატალია) (იურისტი), პაულა (ეკონომისტი), პავლე (პოლ) (ეკონომისტი).

ზაზაძეების ოჯახს ჰქონდათ საპნის, ტექსტილის, კოსმეტიკის წარმოება, ფაბრიკები, ამჟამად მათ ბაზაზე შექმნილია მსოფლიო მნიშვნელობის "ზაზა-ჰოლდინგი", რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 326-ე მეტ საწარმო აქვს განთავსებული.

სიმონ ზაზაძეს ურთიერთობა აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტ ქართველებთან. მეგობრობდა ნინო და კალისტრატე სალიებთან, გივი ზალდასტანიშვილთან, ჯონ–მალხაზ შალიკაშვილთან.

1962-1982 წწ. პავლე და სიმონ ზაზაძეები აფინანსებდნენ ჟურნალ "ბედი ქართლისას" ფრანგულენოვან გამოცემას.. ასევე ფინანსურად ეხმარებოდნენ საზღვარგარეთ გამომავალ სხვა პერიოდულ გამოცემებსაც - "კავკასიონი", "პრომეთე", "გუშაგი", "საქართველოს გუშაგი", "თეთრი გიორგი", "თავისუფალი საქართველო", "საქართველო" და სხვ. სიმონ ზაზაძე ფინანსურად ხშირად ეხმარება სტამბოლში გამომავალ ჟურნალებს – "ფიროსმანი" და "ჩვენებური".

სიმონ ზაზაძემ ძალიან დიდი რისკის ფასად ლიბანიდან თურქეთში ჩამოიტანა და კათოლიკეთა მონასტერს ჩააბარა კათოლიკე მღვდელ შალვა ვარდიძის არქივი.

1968 წ. სიმონ ზაზაძემ მეუღლესთან ქლაუდეა (ქლოდ) ზაზაძესთან ერთად გახსნა კერძო ლიცეუმი "ოზელ ბილგი კოლეჯი".

სიმონ ზაზაძე გახლავთ სტამბოლში ფერიქოის უბანში მდებარე ქართველ კათოლიკეთა ეკლესიისა და მონასტრის ნამდვილი პატრონი. ვატიკანმა ზაზაძეების ღვაწლი კარგად შეაფასა და ისინი არიან ვატიკანის "კომანდატორები".

2000 წელს თურქეთში ჩამოყალიბდა თურქეთ–საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდი. ფონდის მმართველი საბჭოს წევრია სიმონ ზაზაძე ვაჟიშვილ პავლე (პოლ) ზაზაძესთან ერთად. სიმონ ზაზაძე დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებს. ზაზაძეების ოჯახის დაინტერესებით მოხერხდა თბილისში კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კარდიოქირურგიული კლინიკის - "ღია გულის" გახსნა. წელიწადში რამდენჯერმე თბილისში ჩამოდის ნათალი ზაზაძის მეუღლე, ჟენევის უნივერსიტეტის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი აქსფენდიოს ქალანგოსი და ხელმოკლე ოჯახის ბავშვებს უსასყიდლოდ უკეთებს ოპერაციებს. კლინიკაში გახსნილია პავლე და მარიამ ზაზაძეების სახელობის კაბინეტი.

2006 წ. სიმონ ზაზაძე ესტუმრა თავის ისტორიულ სამშობლოს სოფ. უდეს, ახალციხის უნივერსიტეტმა ის აირჩია საპატიო დოქტორად, ხოლო ახალციხის მხარემ - საპატიო მოქალაქედ. არჩეულია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, აგრეთვე ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად.

სიმონ ზაზაძეს თავის საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში გვერდში უდგას ვაჟიშვილი პავლე (პოლ) ზაზაძე.

2007 წ. ოქტომბერში სიმონ და პავლე ზაზაძეები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სიმონ ზაზაძე აგრეთვე, გახლავთ საქართველოს საპატიო მოქალაქე.