The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ელისაბედ ბეჟანიძე

ელისაბედ ბეჟანიძე
Legal name:ანა ბეჟანიძე
Date of birth:1879  (145 years)
Category:Religious leader

Biography

სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებული დედათა მონასტრის მონაზონი ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე დაიბადა 1879 წ. ქ. ბათუმში, თავადიშვილების ოჯახში. ელისაბედის მამა შეძლებული ადამიანი გახლდათ. ვაჭრობასა და მრეწველობას მისდევდა, ბათუმში მაღაზიები და რამდენიმე ფაბრიკა ჰქონდა, საიდანაც საკმაო შემოსავალს იღებდა.

რუსეთ–ოსმალეთის 1877-78 წწ. ომის დამთავრების შემდეგ, ბერლინის საზავო ხელშეკრულებით, ბათუმის ოლქი ქალაქ ბათუმით რუსეთის იმპერიის ფარგლებში აღმოჩნდა და საქართველოს დაუბრუნდა. მოსახლეობას ნანატრი ოცნება აუხდა, მაგრამ ხალხის სიხარულს მალე ნაღველი შეერია, ახალშემოერთებულ მხარეში რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად ცხოვრება გაჭირდა. მოსახლეობას დიდი გადასახადები დააკისრეს, თან გადასახადების აკრეფა მეფის მოხელეებმა ბარბაროსული მეთოდებით დაიწყეს, ვინც ხმას აიმაღლებდა მჩაგვრელთა წინააღმდეგ, სამშობლოს მოღალატედ, თურქული ორიენტაციის მომხრედ მიაჩნდათ და აციმბირებდნენ. ახლადშემოერთებულ რაიონებში შექმნილ გაუსაძლის პირობებზე მაშინ ხშირად წერდნენ სამშობლოს ბედზე დაფიქრებული დიდი წინაპრები – ილია ჭავჭავაძე, სერგეი მესხი, გრიგოლ ორბელიანი, ნიკო ნიკოლაძე და სხვები. მაგრამ მათი სამართლიანი კრიტიკა და რჩევები უყურადღებოდ რჩებოდა. ცხოვრების პირობები თანდათან აუტანელი ხდებოდა. ამიტომ ახლად შემოერთებული მხარეებიდან მოსახლეობამ ოსმალეთში იძულებით გადასახლება დაიწყო. მათ შორის იყვნენ ბეჟანიძეების გვარის წარმომადგენლებიც. 

1885 წ. ელისაბედ (ანა) ბეჟანიძის მამაც სტამბოლში გადასახლდა. მაშინ სტამბოლში ბევრი ქართველი ცხოვრობდა. ისინი უმეტესად მესხეთ–ჯავახეთიდან, ტაო–კლარჯეთიდან და აჭარიდან იყვნენ გადასახლებულნი, მუჰაჯირი (ემიგრანტი) ქართველები.

სტამბოლში ამ პერიოდში უკვე სახელგანთქმული იყო ქართველ კათოლიკეთა ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები – სტამბოლის ქართული სავანე, რომელიც შემდეგ იქცა კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრად. დედათა და მამათა მონასტრებთან შექმნილი იყო ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები, სადაც სტამბოლელი ქართველების შვილები იღებდნენ განათლებას. 

ელისაბედ (ანა) ბეჟანიძეც მიაბარეს დედათა მონასტერთან არსებულ ქართულ–ფრანგულ სასწავლებელში. სასწავლებელს ხშირად სტუმრობდა ქართველ კათოლიკეთა ეკლესია–მონასტრების დამაარსებელი, ყველასათვის საყვარელი მღვდელმთავარი მამა პეტრე ხარისჭირაშვილი. იგი მოსწავლეებს ხშირად მიმართავდა მგზნებარე სიტყვით და სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა.თვალებში ცრემლებჩამდგარი მოძღვრის სანატრელ ქადაგებას თავის ჩანაწერებში ხშირად იგონებდა ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე. სიწმინდისა და სათნოების განსახიერება იყო სანატრელი მოძღვარი. მის ლამაზ სახეს, სპეტაკ წვერს ღვთიური ნათელი ადგაო - იგონებდა ანა. მოძღვრის პიროვნებით შთაგონებულმა გოგონამ, ჯერ კიდევ ბავშვმა, გადაწყვიტა სამონსტრო ცხოვრება. მართლაც, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი მონაზვნად აღიკვეცა დედათა მონასტერში. 

სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიასთან არსებული დედათა და მამათა მონასტრები XX საუკუნის დასაწყისიდან ქართული კულტურისა და განათლების ჭეშმარიტ კერებად გადაიქცა. მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები ერთმანეთის უახლოესი ნათესავები იყვნენ. ასეთი სიახლოვე მათი ერთსულოვნების საფუძველი იყო. ისინი უანგაროდ ემსახურებოდნენ ოსმალეთში გახიზნული ქართველების ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეს. მონასტერში დაფუძნებულ ქართული კულტურის კლუბში აწყობდნენ საღამოებს, სადღესასწაულო შეხვედრებს, ერთმანეთთან აკავშირებდნენ ქრისტიან და მუსლიმან ქართველობას, აცნობდნენ ქართული კულტურის მიღწევებს. მაგ. 1908 წელს ჩატარდა აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამო და გაიხსნა მისივე სახელობის ბიბლიოთეკა, ყოველწლიურად იმართებოდა ნინოობის, მარიამობისა და საახალწლო დღესასწაულები. 1919 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისისადმი მიძღვნილი დღესასწაული. ამ შეხვედრების აქტიური მონაწილე გახლდათ ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე. იგი სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დედათა მონასტრის წინამძღვარი და მონასტერთან არსებული ქალთა ქართულ–ფრანგული სასწავლებლის ხელმძღვანელი. ამ სასწავლებელში ქართული პოეზიის ცეცხლი ენთო. ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები. მამათა მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები დაჯილდოებულნი იყვნენ შემოქმედებითი ნიჭით – წერდნენ საგალობლებს, ლექსებს, დღიურებს, მოთხრობებს, განსაკუთრებული მხატვრულობით გამოირჩეოდა სტეფანე გიორგიძის საგალობლები და შალვა ვარდიძის ლექსები. მონასტერში გამართულ ყოველ საღამოს წარმართავდა ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე.

პოეზიისადმი სიყვარული ბეჟანიძეების გვარს ოდითგანვე მოსდგამდა. აჭარელი ბეჟანიძეების ოჯახში "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად იცოდნენ. ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, რომ ამ გვარის ოჯახებში ხშირად იმართებოდა შეჯიბრებები პოემის ტექსტის ზეპირად მთქმელთა შორის. დიდი თამარ მეფის ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი ლექსი სწორედ ბეჟანიძეების გვარმა შემოგვინახა. ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის 70-80-იანი წლების საქართველოში მოღვაწე სახელოვანმა პიროვნებამ პეტრე უმიკაშვილმა ჰუსეინ–ბეგ ბეჟანიძისგან ჩაიწერა ეს ლექსი და 1879  წელს დაბეჭდა გაზეთ "დროებაში":

"ათასი კაბა ყმა მყავდა,
ყველანი ოქროს ღილითა
ვაჭმევდი დედალ ხოხობსა,
ვასმევდი ბროლის ჭიქითა.
ვინც რომ შემება, შევები
ალალითა და ჯიქითა.
აწი თქვენ იცით, მეფენო,
ვინც დარჩით ამას იქითა."

ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე სამშობლოს სიყვარულის გრძნობის გამოხატვით ემსგავსებოდა თავის დიდ წინაპარს – დუდი ხანუმ ბეჟანიძეს, რომელიც 1836-1850 წლებში მართავდა აჭარას. მან სამშობლოს აღუზარდა დიდი მამულიშვილი შერიფ ხიმშიაშვილი, რომელმაც დიდი ამაგი დასდო აჭარისა და ტაო–კლარჯეთის მხარეების დედასამშობლოსთვის დაბრუნების საქმეს. დუდი ხანუმი იყო სამშობლოსათვის თავგანწირული სახელოვანი ერისკაცის სელიმ ხიმშიაშვილის რძალი, ახმედ ხიმშიაშვილის მეუღლე.

საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, ელისაბედ (ანა) ბეჟანიძემ გადაწყვიტა ახალციხესა და ბათუმში ქალთა სასწავლებლების გახსნა. ამ მიზნით, 1920 წლის მაისში მან კიდეც იმოგზაურა საქართველოში და თავისი გადაწყვეტილება გააცნო საქართველოს მთავრობას და თანხმობაც მიიღო. მაგრამ ამ დიდებული მამულიშვილის ოცნებას ფრთები შეაკვეცა საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ და ბოლშევიკური მმართველობის დამკვიდრებამ.

ელისაბედ (ანა) ბეჟანიძემ 1921 წლის მარტში საქართველოდან ლტოლვილი მთავრობის ქალთა წარმომადგენლობას უმასპინძლა. ისინი დედათა მონასტერში რამდენიმე ხანს ცხოვრობდნენ.

ელისაბედ (ანა) ბეჟანიძე იყო მეტად გულმოწყალე, სათნო, ქველმოქმედი ადამიანი. მან აღზარდა უდედმამოდ დარჩენილი დისშვილები – მარი და ალექსანდრე ჩილინგარიშვილები.

მარი (მარიამ) ჩილინგარიშვილი იყო სტამბოლის ქართული სავანის მზრუნველისა და ქომაგის პავლე ზაზაძის მეუღლე. ისინი მონასტერთან არსებულ ქალთა და ვაჟთა სასწავლებლებში აღიზარდნენ. აქ გაიცნეს ერთმანეთი და შემდეგ შეუღლდნენ. სწორედ პავლე ზაზაძის ოჯახს უნდა ვუმადლოდეთ ქართული სავანის საგანძურის გადარჩენას. მარის ძლიერ უყვარდა აღმზრდელი დეიდა და ამიტომ თავისთავს საუბარში ხშირად მოიხსენიებდა ბეჟანიძედ. მარი ჩილინგარიშვილისა და პავლე ზაზაძის ვაჟიშვილი გახლავთ ცნობილი საზოგადო მოღვაწე – ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის მფლობელი, პროფესორი სიმონ ზაზაძე. ამჟამად იგი არის გულისხმიერი მზრუნველი და ერთგული ქომაგი საზღვარგარეთ არსებული ქართული სავანისა. სიმონ ზაზაძე საქართველოს ჭეშმარიტი ჭირისუფალია, წინაპართა ტრადიციების ერთგული გამგრძელებელი. იგი ღირსეულად ატარებს დიდებული ქართველი მანდილოსნის, ძვირფასი დიდედის – ელისაბედ (ანა) ბეჟანიძის შვილიშვილის საპატიო სახელს.

მასალა მოგვაწოდა ქალბატონმა შუშანა ფუტკარაძემ


Share: