The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსი მდივანი

ალექსი მდივანი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1935  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

XX საუკუნის 20-30–იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გენერალ ზაქარია მდივნის ხუთი შვილი – სერგი, ალექსი, დავითი, რუსუდანი და ნინო. მათ ხან აქებდნენ და აღმატებული ეპითეტებით ამკობდნენ, ხანაც არასახარბიელო კონტექსტით მოიხსენიებდნენ. ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც "მექორწილე მდივნები".

ზაქარია მდივანი ნიკოლოზ  II-ის ამალის გენერალ–მაიორი და მე–13 ლეიბ–გრენადერების ერივანსკის პოლკის მეთაური (1912-1915 წწ.), კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი, დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე იყო. მისი მეუღლე ელისაბედ სობოლევსკა, ნახევრად პოლონელი, საქართველოში გახლდათ დაბადებული და გაზრდილი. ზაქარიასა და ელისაბედს 1908 წ. შეეძინათ ალექსი.

1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიის შემდეგ, ზაქარია მდივანი ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა და თურქეთს შეაფარა თავი. ელისაბედი სტამბოლში გარდაიცვალა. ეს მძიმე დარტყმა იყო პატარა ალექსისათვის. თურქეთიდან მდივნები საფრანგეთში გადავიდნენ. ემიგრაციაში ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა. ამის გამო ალექსი პარიზის ქუჩებში იწყებს ძველმანებით ვაჭრობას. წამოზრდილმა მტვირთავობა დაიწყო, 15 წლის ასაკში კი "პეჟოს" ქარხანაში მოეწყო მუშად, სადაც ხელფასი მცირე, მაგრამ სტაბილური ჰქონდა. სულ მალე ალექსის მხსნელად მამის ძველი ამერიკელი მეგობარი გამოუჩნდა, რომელმაც ბიჭი კემბრიჯშის კოლეჯში შეიყვანა. აქ გამოჩნდა ალექსის ნიჭი. ის არაჩვეულებრივად უკრავდა, მღეროდა, კარგი სპორტსმენი იყო და პოლოს გუნდის კაპიტანი გახდა.

კემბრიჯის დამთავრების შემდეგ ალექსი მდივანი ნიუ–იორკ სითი ბანკის პარიზულ განყოფილებაში მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე.

1931 წელს ალექსი კოლეჯის მეგობრის, ბეწვეულის ამერიკელი (ჰოლანდიური წარმოშობის) მაგნატის ალენ ვან ასტორის დაზე, ლუიზა ასტორზე დაქორწინდა. ამ ქორწინებამ იმდროინდელ საზოგადოებაში დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. ალექსი მდივნისა და ლუიზა ასტორის ქონების შესახებ წერდა ჟურნალი "დიპლომატის რევიუ". წყვილს შორის უთანხმოება ალექსის საქმიანობის გამო დაიწყო. კერძოდ, როდესაც საქართველოს ემიგრანტული მთავრობის საელჩო მთავრობის ლეგაციად გადაკეთდა, 24 წლის ალექსი მიიწვიეს მდივნად. იგი ხვდებოდა დიპლომატებს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ყველგან აფიქსირებდა, რომ საქართველო რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, საკუთარი ხარჯით გზავნიდა დელეგაციებს კონფერენციებზე, ეხმარებოდა საფრანგეთში მცხოვრებ გაჭირვებაში მყოფ ქართველებს. დელეგაციების კონფერენციებზე სიარულს, უსახსროთა დახმარებას დიდი თანხები და დრო მიჰქონდა. ეს ყველაფერი გაუგებარი იყო ლუიზა ასტორისათვის, თანაც ქალი, ძირითადად, ამერიკაში იმყოფებოდა, ალექსი კი განუწყვეტლივ მოგზაურობდა. წყვილი მალევე დაშორდა და ალექსი ოჯახთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა.

ალექსის მეორე მეუღლე, ამერიკის უმდიდრესი ქალი, "უნივერმაღების" მეფის ქალიშვილი ბარბარა ჰატენი იყო. წყვილმა ერთმანეთი აღმოსავლეთ შანხაიში გაიცნო და 1933 წ. 22 ივნისს პარიზში, წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ჯვარი დაიწერა. მრავალრიცხოვანი ქორწილი ოტელ "რიცში" გაიმართა. ახალდაქორწინებულების ფოტო "ნიუ–იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა. ბარბარამ საქორწინოდ მეუღლეს საბედისწერო "როლს–როის ფანტომი" აჩუქა. ალექსი და ბარბარა ჯვრისწერის შემდეგ იახტით მსოფლიოს გარშემო გაემგზავრნენ. საქორწილო მოგზაურობისას იაპონიასა და ინდოეთში მდიდრულ საზეიმო შეხვედრებს აწყობდნენ, შემდეგ, ერთხანს, ამერიკაში ცხოვრობდნენ.

ალექსი ამერიკაში დიდხანს ვეღარ გაჩერდა, ქართული საქმეები უხმობდა -  სურდა საქართველოს დესპანის საქმეები ეკეთებინა და მეუღლესთან ერთად საფრანგეთში დაბრუნდა. ამ პერიოდისათვის ქართულ ემიგრაციას მძიმე პერიოდი ედგა. 1933 წ. რუსეთი ერთა ლიგაში შევიდა. საფრანგეთი იძულებული გახდა საბჭოთა კავშირთან ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი. ამიტომ საფრანგეთში რუსეთთან მტრულად განწყობილი საქართველოს ლეგაცია ვეღარ იარსებებდა. ლეგაცია ლტოლვილთა ოფისად გადაკეთდა. ოფისის დირექტორად სოსიპატრე ასათიანი, მდივნად კი ალექსი დაინიშნა. ახლა ალექსის უნდა ეპატრონა ემიგრანტი ქართველებისათვის... და ისიც, როგორც შეეძლო, პატრონობდა. ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით, ალექსიმ საფრანგეთსა და ბელგიაში თხუთმეტი ხელმოკლე ქართველი სტუდენტისათვის სტიპენდია დააწესა. როდესც ჩრდილოეთ ჩინეთში, ხარბინში იაპონელები შეიჭრნენ და ჩინეთის ოკუპაცია დაიწყეს, რკინიგზის გასწვრივ მცხოვრები ქართველები სახლებიდან ქუჩაში გამოყარეს. ალექსიმ ხარბინში ჩააკითხა ლტოლვილებს და ღია ცის ქვეშ დარჩენილებს ექვსსართულიანი სახლი უყიდა.

ბარბარა ჰატენისათვის, ისევე როგორც ლუიზა ასტორისათვის, სრულიად გაუგებარი იყო ალექსი მდივნის ქართული საქმეები. ბარბარა პარიზში დიდხანს ვერ გაჩერდა და ამერიკაში დაბრუნდა. სულ მალე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ბარბარასა და თავად რევენტლოუს კავშირის შესახებ და დაწყო გაყრის პროცესი. 1935 წ. ალექსი და ბარბარა ერთმანეთს დაშორდნენ. ბარბარა ჰატენი აღიარებდა, რომ ისინი მშვიდობიანად დასცილდნენ ერთმანეთს...: ”ალექსი დარჩება ჩემთვის ერთ ყველაზე საუკეთესო ადამიანად მათ შორის, ვინც ოდესმე მცნობია".

განქორწინების შემდეგ, ალექსი დასთან, რუსისთან, გაემგზავრა პალამოსის ვილაში ესპანეთში. 1935 წლის აგვისტოში პალამოსიდან ფიგეიროსში წვეულებაზე "როლს–როის ფანტომით" მიმავალი ალექსი მდივანი და ბარონი ტისენი მატარებელმა გაიტანა.

მეორე დღეს ამერიკული და ევროპული პრესა მომხდარ ავიაკატასტროფაზე ალაპარაკდა. ჟურნალისტები, რომლებიც ადრე ალექსი მდივანს ალფონსად და ავანტიურისტად მოიხსენიებდნენ, ახლა "მშვენიერი პრინცის" არაერთ ღირსებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ქართულ ემიგრანტულ პრესაში კი ყველაზე გამორჩეულ თანამემამულეს გლოვობდნენ. დიდი ქველმოქმედის, გიორგი მაჩაბლის გარდაცვალების შემდეგ, ალექსი მდივნის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ხელმოკლე ქართული ემიგრაციისათვის.

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბალექსი მდივანი (1908-1932) // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.118.

2. მახარაძე, ირაკლიმდივნების ოჯახი // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.108-117.

3. მდივანი ალექსი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.135-136.

4. დაუშვილი, რუსუდანქართველი მილიონერები ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი // IV საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში : ოქტომბერი, 2008, ქუთაისი : ენა, ლიტერატურა, კულტურა, ხელოვნება, თარგმანი, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, პოლიტიკა, ისტორია, ეკონომიკა, განათლება და საზოგადოება : მასალები / აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. - ქუთაისი, 2008. - გვ. 235-243. - რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

5. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : ალექსი მდივანი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 132-134.


გააზიარე: