The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


ნინო მდივანი

ნინო მდივანი
Date of birth:19??
Date of death:1987
Burial location:ლონდონი, ინგლისი
Category:Businessmen

Biography

მეფის რუსეთის გენერალ–მაიორის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილის ზაქარია მდივნისა და ნახევრად პოლონელი ელისაბედის ქალიშვილის ნინოს დაბადების თარიღი უცნობია.  ისევე როგორც მისი დედმამიშვილების – სერგის, დავითის. ალექსის, რუსუდანის (რუსის) – ნინოს შესახებაც ბევრს წერდა XX ს–ის 20-30–იანი წწ–ის ევროპული პრესა.

წარმატებული კარიერისა და მაღალი თანამდებობების წყალობით ზაქარია მდივანმა შეძლო უფროსი შვილებისთვის (სავარაუდოდ სერგი, დავითი, ნინო) კარგი განათლება მიეცა. ისინი ჯერ პეტერბურგის, შემდეგ კი ვარშავისა და პარიზის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. მდივნების ოჯახის კეთილდღეობა 1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ დაირღვა. ემიგრაციაში წასულმა ოჯახმა ჯერ სტამბოლს, შემდეგ კი პარიზს შეაფარა თავი.

მდივნებს განსაკუთრებული ხიბლი და შარმი ჰქონდათ, წარმატებაში ხელს უწყობდათ განათლება, ბუნებრივი სილამაზე და არისტოკრატიზმი. პარიზში ნინო მდივანს უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი ეხვია გარს. სწორედ ნინოს მიუძღვნა პოეტმა ნიკოლო მიწიშვილმა ლექსი "გამოთხოვება".

1925 წ. ნინო მდივანი ცოლად იურისტ ჩარლზ ჰურბერიხს გაჰყვა, თუმცა მათი თერთმეტწლიანი ოჯახური ცხოვრება განქორწინებით დამთავრდა.

ბრისტოლის ავიაგამოფენაზე ნინო მდივანი და მწერალ არტურ კონან დოილის ვაჟი დენის კონან დოილი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. დენისი პირველივე შეხვედრით მოიხიბლა მშვენიერი უცნობით, რომელმაც საოცრად ბევრი რამ იცოდა ავიაციაზე.

1936 წ. ნინო მდივანი ადვოკატსა და ავიატორს დენის კონან დოილის მეუღლე გახდა. დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალი მოდელების შემუშავებითა და გამოცდით იყო დაკავებული. ამიტომ მამის წიგნების გამოცემის ექსკლუზიური უფლება მეუღლეს გადასცა. ნინო ნამდვილ საქმიან ქალად და ელიტარული ქრონიკებისათვის საინტერესო პიროვნებად იქცა. ქმრისგან განსხვავებით ნინო პრაგმატული პიროვნება გახლდათ და მამამთილის მემკვიდრეობას სრული სერიოზულობით პატრონობდა. არტურ კონან დოილის ნაწარმოებებიც ყველაზე დიდი ტირაჟით მას შემდეგ იყიდებოდა რაც გამომცემლობის საქმე ნინოს ხელში გადავიდა. დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ უფლებები არტურ კონან დოილის ნაწარმოებებზე ნინოს ერგო.

1955 წ. დაქვრივებული ნინო ცოლად გაჰყვა წარმატებულ ინგლისელ გამომცემელს ენტონი ჰარვუდს.

ნინო მდივანი 1987 წ. ლონდონში ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.