The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი მაჩაბელი

გიორგი მაჩაბელი
Date of birth:1885
Date of death:31 March, 1935  (at 50 years)
Burial location:ლონგ–აილენდის სასაფლაო, ნიუ–იორკი, აშშ
Category:Inventor, Politician

Biography

შექსპირის მთარგმნელის ივანე მაჩაბლის უფროსი ძმის ვასილის ვაჟი, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერი, "სუნამოების პრინცად" წოდებული გიორგი მაჩაბელი 1885 წ. დაიბადა. ნაციონალისტური სულისკვეთება სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე გამოამჟღავნა, როცა სათავეში ჩაუდგა მოსწავლეთა წრეს. სწავლა ბერლინის სამთო აკადემიაში გააგრძელა და ის დავით ღოღობერიძესთან ერთად მიიღეს ტევტონურ ორდენში. ამ პერიოდში შეძენილი გერმანელი მეგობრები შემდგომი პოლიტიკური მოღვაწეობისას გიორგის დიდ დახმარებას გაუწევენ. აკადემიაში სტუდენტებს, როგორც მუშებს, თვეების მანძილზე ამუშავებდნენ მაღაროებში, ამან მაჩაბელი თეთრი და შავი სამუშაოს თანაბარი დაუზარლობით შესრულებას მიაჩვია. აკადემიის დამთავრების შემდეგ გიორგი მაჩაბელმა თავისი შრომით მოიარა მთელი მსოფლიო, ხან მეზღვაური იყო, ხამ მძღოლი და ხან შიკრიკი. 

ბერლინში დაბრუნებისას შვეციაში გაიცნო ევროპის მასშტაბით ძალიან პოპულარული, იტალიელი მსახიობი ნორინა ჯილი, სცენური ფსევდონიმით მარია კარმი. მას სახელი განსაკუთრებით მადონას როლის შესრულებამ გაუთქვა, თავისი პირველი ქმრის დრამატურგ მაქს რეინჰარტის პიესაში – "სასწაული". გიორგიმ ნორინას სიყვარული იტალიურის უმოკლეს ვადაში შესწავლით დაუმტკიცა და 1916 წ. ისინი დაქორწინდნენ.

გიორგი მაჩაბელი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი. I მსოფლიო ომის დროს ბელგიაში იმყოფებოდა, ამის შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სადაც "საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" დაარსა და კავშირი გააბა 1914 წ. შექმნილ ჟენევის "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან", რომლის ფილიალიც მან საქართველოში გახსნა. ის გახლდათ გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის შემოტანის ინიციატორი და შემსრულებელი. ყოველთვის კისრულობდა ყველაზე რთული დავალებების შესრულებას, თამამად გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში, მართავდა მოლაპარაკებებს ხან მთავრობის წევრებთან და ხან რევოლუციონერებთან.

გიორგი მაჩაბელი მომხრე იყო გერმანელი პრინცის იოახიმის, კაიზერ ვილჰელმ II უმცროსი ვაჟისა და რომელიმე ქართველი პრინცესას დაქორწინებით, გერმანული დინასტიით სათავეში ქართული მონარქიის აღდგენისა. კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა – საქრთველოს დამფუძნებელი კრების, ეროვნულ–დემოკრატ მიშო მაჩაბლის ასული მარინა. მაგრამ 1918 წ. 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს საკითხი აღარ დასმულა.

გიორგი მაჩაბელი დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი გახლდათ იტალიაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იტალიაში უსახსროდ დარჩენილი ოჯახის ფეხზე დასაყენებლად ნორინა სცენას დაუბრუნდა. ამერიკელმა რეჟისორმა მორის გეტმა ის ნიუ–იორკში მიიწვია, ხელახლა დადგა "სასწაული", წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ სპექტაკლი ათასჯერ წარმოადგინეს.

1922 წ. გიორგიც ამერიკაში გადასახლდა. 1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" და როგორც საქმოსანმა სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წ. დაარსა პარფიუმერული კომპანია "Prince Matchabelli", რომელიც 1920-1930–იან წლებში აშშ–ს უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა გახლდათ "საქართველოს დედოფალი" , მას მოჰყვა "პრინცესა ნორინა", "დიუშეს ოფ იორკ", "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა.

ფლაკონები თავდაპირველად გერმანული ფაიფურისგან მზადდებოდა, შემდეგ ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძე) მინის კომპანიაში დაამზადეს გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელიც ნახევრად ავტომატური მეთოდით კეთდებოდა, მაგრამ ოქროთი მოვარაყება, ორქოსფერი ზარნიშისა და ზონრის დამზადება ხელით ხდებოდა. სულ მალე გიორგი მაჩაბლის გვირგვინები მთელ ამერიკას მოედო.

ფირმის პირველი მუშები გიორგი მაჩაბლის მეგობრები იყვნენ, მასავით ლტოლვილი არისტოკრატები, მათი ცოლები და ქალიშვილები, ამიტომ ფირმის თანამშრომლებმა შეადგინეს ყველაზე დიდგვაროვანი, თავაზიანი პერსონალი მთელ ამერიკაში.

გიორგი მაჩაბელმა უბრალო ჰობიდან ათ წელში შექმნა არა მარტო მილიონიანი ბიზნესი, არამედ გახდა ნოვატორიც. როდესაც მაჩაბელმა თავისი ბიზნესი წამოიწყო ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწველობა ჯერ არ გააჩნდა, რაც მზადდებოდა ფრანგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო ძირითადად. ასე რომ, გიორგი მაჩაბელმა შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამერიკულ სპარფიუმერიო წარმოებაში.

გიორგი მაჩაბელი, წარმატებული ბიზნესის მიუხედავად, არ ჩამოშორებია საზოგადოებრივ საქმეებს. ის იყო პავლე კვარაცხელიასთან ერთად 1931 წ. შეერთებულ შტატებში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. გიორგი მაჩაბელი დიდი მატერიალურ დახმარებას უწევდა არა მარტო სათვისტომოს, არამედ ყველა გაჭირვებულ ქართველს.

1933 წელს ნორინა ჯილი და გიორგი მაჩაბელი ერთმანეთს დაცილდნენ. 1935 წ. ივნისისთვის მე-5 ავენიუზე გიორგი მაჩაბელს დაგეგმილი ჰქონდა სადემონსტრაციო დარბაზის გახსნა. მარტში კი ფილიალების გახსნის მიზნით იმოგზაურა შანხაისა და კალიფორნიში, მაგრამ გზაში გაცივდა 1935 წ. 31 მარტს ნიუ–იორკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წ. კი ბრენდი "Prince matchabelli" სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა.ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები.

წყარო:

1. დაუშვილი, რუსუდანსუნამოების პრინცი "პრინცი მაჩაბელი" // ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2002. - ISBN 99928-0-312-6. - გვ. 32-49.

2. მაჩაბელი გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.131-133.

3. ქუთათელაძე, ზურაბგიორგი მაჩაბელი (1885-1935) : "სუნამოების პრინცი" // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.114-115.

4. გიორგი მაჩაბელი : 1885-1935 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.206-209.


Share: