The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ჩხოტუა

ნიკოლოზ ჩხოტუა
Other name:ნიკი  (Acronym)
Date of birth:1905
Date of death:1984  (at 79 years)
Burial location:ლოზანა, შვეიცარია
Category:Writer

Biography

ნიკოლოზ ჩხოტუას მამა - შალვა ჭყონია მდიდარი ბიზნესმენი იყო, დედა - პელაგია - სამურზაყანოელი თავადის, დავით ჩხოტუას ქალიშვილი, რომლის გვარიც აიღო ნიკიმ ემიგრაციაში. 16 წლამდე ბათუმსა და თბილისში ცხოვრობდა, ზაფხულობით კი - საფრანგეთში, მონპელიეში, სადაც ოჯახს საკუთარი სახლი ჰქონდა. დაამთავრა თბილისის გიმნაზია. 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სამშობლოს გაარიდეს და განათლების მისაღებად ევროპაში გაგზავნეს. სწავლობდა პარიზსა და ბერლინში, თუმცა ტუბერკულიოზით დაავადების გამო, იძულებული გახდა, მრავალი წელი შვეიცარიის ალპებში გაეტარებინა. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ ვატიკანის აკადემია. მის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა ინგლისელმა ნათესავმა ვერონიკამ, რომელიც 1918 წელს საქართველოში შემოსულ დიდი ბრიტანეთის გარნიზონს შემოჰყვა, როგორც "წითელი ჯვრის" თანამშრომელი და შემდეგ ნიკის ბიძაშვილს გაჰყვა ცოლად. სწორედ ვერონიკამ ურჩია, სამკურნალოდ ინგლისში წასულიყო. 1931 წელს ის მართლაც გაემგზავრა ინგლისს, სადაც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ნიკიმ ინგლისში ცხოვრებისას მეხუთე ენა – ინგლისური შეისწავლა. 1933 წელს ამერიკაში გადასახლდა. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილოებული ახალგაზრდა ერთი პერიოდი ჰოლივუდში მღეროდა და მსახიობობდა. სწორედ მაშინ გაიცნო მსახიობი და მოდელი კეროლინ მარმონი - საავტომობილო კომპანია "მარმონის" დამაარსებლისა და პრეზიდენტ რუზველტის სამხედრო მრჩევლის, ჰოვარდ მარმონის ქალიშვილი და მალევე დაქორწინდა. 1940 წელს აშშ მოქალაქე გახდა.

ნიკოლოზ ჩხოტუა წლების განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში იყო. გარდა ამისა, იყო კარდინალის სწავლული მდივანი, მალტის ორდენის წევრი და როგორც ორდენის წარმომადგენელი საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. მან ბევრ ქვეყანას გაუწია შემწეობა და დიდი წვლილი მიუძღვის ანტიფაშისტურ მოძრაობაში. ომის დროს იყო საბჭოთა კავშირის დახმარების საზოგადოების წევრი და რამდენჯერმე დიდი თანხა შესწირა საზოგადოების ფონდს. 1950-იან წლებში ნიკი ჩხოტუა ოჯახით სან–ფრანცისკოში ცხოვრობდა. ჰქონდა შესანიშნავი ბიბლიოთეკა. მან კარგად იცოდა ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება. ბევრს წერდა და პოპულარიზაციას უწევდა ქართულ კულტურას. 1954 წლიდან ნიკი შვეიცარიაში გადასახლდა. 1970-იან წლებში, როგორც მალტის ორდენის ელჩმა, საელჩოები დაარსა კოსტა–რიკაში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში. ნიკის დიდი მეგობრობა აკავშირებდა ცნობილ ქართველ ემიგრანტებთან - გრიგოლ რობაქიძესთან და ირაკლი ბაგრატიონთან, რომელიც ხშირად ისვენებდა მის აგარაკზე ბიარიცში. მეგობრობდა ფრანკოსთან, ხუან კარლოსის დებთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან.

ნიკოლოზ ჩხოტუამ თითქმის ყველა ოცნება აისრულა: გახდა დიპლომატი, იყო მდიდარი, ცნობილი, გავლენიანი, ჰყავდა მოყვარული ოჯახი, მოიარა მთელი მსოფლიო, მაგრამ ვერ აისრულა მთავარი – მშობლიური ქვეყნის ნახვა. 50-იან წლებში, როცა სამშობლოსთან მიმოწერა შესაძლებელი გახდა, ურთიერთობა აღადგინა ნათესავებთან, 60-იან წლებში სატელეფონო კავშირიც დაამყარა, 80-იან წლებში კი, როცა ჩამოსვლა შესაძლებელი გახდა – ჯანმრთელობამ უღალატა და საქართველოში ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.

ნიკოლოზ ჩხოტუას შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ქართული არ იციან, მაგრამ სულითა და გულით ქართველები არიან და შეძლებისდაგვარად იღწვიან საქართველოსთვის. ექვსივეს ქართული სახელი ჰქვია: ზურაბი, თამარი, ნინო, შალვა, მარინე, დიმიტრი. მამამ, სიკვდილის წინ, შვილებს ერთადერთი სურვილის შესრულება სთხოვა – სხეული თუ არა, გული მაინც მიაბარეთ მშობლიურ მიწასო. ვინაიდან საბჭოთა საქართველოში ემიგრანტის თუნდაც სხეულის ნაწილის ფერფლის ჩამოტანა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, მამის ანდერძის შესრულება შვილებმა მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ შეძლეს. 1987 წელს, ნ. ჩხოტუას გული დაწვეს, ერთი წლის შემდეგ კი, 1988 წლის მაისში, თბილისში ტურისტად ჩამოსულმა უფროსმა რძალმა, მარიეტამ და ოჯახის მეგობარმა – ოლგა ფონ დენმა, ურნა ნიკის დაფერფლილი გულით, ჩუმად დაკრძალეს დედისა და დის გვერდით ერთ საფლავში, ვერაზე, წმინდა პანტელეიმონის სახლეობის ეკლესიასთან. პანაშვიდი, თბილისელ ნათესავებთან ერთად, სიონის ტაძარში გადაუხადეს.

ნიკოლოზ ჩხოტუას პირველი რომანი, ინგლისურ ენაზე დაწერილი "მარადიული სიყვარული", 1949 წელს გამოიცა. მასში აღწერილია ახალგაზრდა კაცის დაბრუნება ემიგრაციიდან და მისი მოგზაურობა მშობლიურ მხარეში. "მარადიული" სასიყვარულო რომანია. მისი მოქმედების ძირითადი ხაზი 1897-1899 წლებში ვითარდება და ორი ახალგაზრდის, შოთა იბერიელისა და ტაია რურიკოვას რომანტიკულ ურთიერთობას ასახავს.

ნიკოლოზ ჩხოტუამ კარგად იცოდა, რომ "მარადიულს" ინგლისურენოვანი მკითხველისათვის წერდა, ვისთვისაც საქართველო პრაქტიკულად უცნობ ქვეყანას, უცხო კულტურას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ნაწარმოებს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციაც შესძინა. ეროვნული ტრადიციები, ზნე–ჩვეულებანი, ბუნება – განსაკუთრებული სიმძაფრითაა განცდილი. მშობლიური მიწის ეს სიყვარული და მონატრება ბოლომდე გასდევს რომანს და დიდ ზემოქმედებას ახდენს მკითხველზე. წინასიტყვაობის ავტორი, ბრიტანელი პოეტი ალფრედ ნოელი, წერდა: "სწორედ ეს დახვეწილი მწუხარება განშორებისა, ქმნის რომანის სტრუქტურას და ანიჭებს მას უძლიერეს მუხტს". ბუნების აღწერის გარდა, იგი არც საქართველოს ისტორიის ცალკეული ეპიზოდების თხრობას იზარებს, ყვება თბილისის დაარსების ლეგენდას, იხსენებს ქალაქის ყველა დამყრობელსა და ამაოხრებელს, ქალაქისას, რომელიც "საქართველოს დედაქალაქად და კულტურულ ცენტრად რჩებოდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, სანამ რუსეთის მეფეები საბოლოოდ არ დაეპატრონენ ამ პატარა ქრისტიანულ ქვეყანას, იმ დროს სისხლისგან რომ იცლებოდა ისლამური ქვეყნების შემოტევებისგან". ავტორი ქართულ ადათ–წესებსაც აღწერს და განმარტავს სიტყვა "გამარჯობის" მნიშვნელობას. განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენს შოთა რუსთაველის მიმართ, ხშირად მოჰყავს ციტატები "ვეფხისტყაოსნიდან" და ხაზს უსვამს მის გენიალობას.

2009 წელს გამოქვეყნდა "მარადიული სიყვარულის" ქართული თარგმანი (მთარგმნელები – ირაკლი თოფურია და კახა ჯამბურია). წიგნის ხელმეორედ აღმოჩენის პატივი პიტერ ნესმიტს ეკუთვნის, რომელიც შემთხვევით წააწყდა მას ლონდონის ერთი ბუკინისტური მაღაზიის თაროზე და იმდენად მოიხიბლა რომანით, რომ სიამოვნებით დათანხმდა, წინასიტყვაობა დაეწერა ქართული გამოცემისათვის.

ნიკოლოზ ჩხოტუას ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას სხვა ნაწარმოებების დაწერის მცდელობაც ჰქონია, თუმცა მხოლოდ მეუღლისადმი მიძღვნილი "მარადიულის" დასრულება შეძლო. ნაწარმოები მარტივი, უშუალო ენითაა დაწერილი და მასში მონატრებული სამშობლოსადმი დიდი სიყვარული ამოკითხვა შეიძლება.

წყარო:

1. მახარაძე, ირაკლი. ნიკოლოზ ჩხოტუა : (1905-1984) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.36-38.

2. ჩხოტუა ნიკოლოზ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუმუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.206-207. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

3. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : ნიკოლოზ ჩხოტუა // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 147-149.

Member of Organizations

  • მალტის ორდენი, წევრი

Share: