The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი მერჩულე

გიორგი მერჩულე
Date of birth:1878
Date of death:1918  (at 40 years)
Burial location:ნასოფლარ ოლგიტეს სასაფლაო, ინგუშეთი
Category:Military Person

Biography

I მსოფლიო ომის მონაწილე პოლკოვნიკი და კავკასიური "ველური დივიზიის" მეთაური გიორგი მერჩულე 1878 წელს დაიბადა აფხაზეთში, სოფელ ილორში აზნაურ ალექსი მერჩულის ოჯახში. ილორში მერჩულეთა გვარი (სხვაგვარი გამოთქმით მერჭულეები) უხსოვარი დროიდან სახლობდა და მათ შორის ძალიან ბევრნი იყვნენ სასულიერო პირები. მიუხედავად ამისა, გიორგის, რომელსაც ბაბუა მღვდელი ჰყავდა, სამხედრო საქმე უფრო იტაცებდა. ამიტომაც მამამ გიორგი სანკტ–პეტერბურგის კავალერიის ოფიცერთა სკოლაში შეიყვანა. ეს იმდროინდელ რუსეთში საუკეთესო სამხედრო სასწავლებელი გახლდათ და იმით იყო ცნობილი, რომ სწავლის მსურველთ უმკაცრესად ცდიდნენ. გიორგი მერჩულემ ოთხივე გამოცდა ფრიადზე ჩააბარა და შესაბამისად, მისი დაფინანსება თავად სასწავლებლის ხელმძღვანელობამ ითავა.

1898 წელს 20 წლის ქართველი კავალერისტი წმ. სტანისლავის სახელობის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს, 1910 წელს - წმ. ანას II ხარისხის ორდენით. ასე რომ, როდესაც I მსოფლიო ომი დაიწყო, გიორგი მერჩულე უკვე რუსეთის იმპერიის სამხედრო ელიტაში კარგად ცნობილი პერსონა იყო. 1914 წელს იგი ბესარაბიის ფრონტზე გაამწესეს და "ველური დივიზიის" ერთ–ერთი პოლკი ჩააბარეს, რომელიც ძირითადად ინგუში მხედრებისგან შედგებოდა, აქედან მოყოლებული, პოლკოვნიკის ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა ამ ხალხს.

"ველური დივიზია" სულ ექვსი პოლკისგან შედგებოდა. ექვსივეში უკლებლივ ჩრდილოკავკასიელი მხედრები იყვნენ გაერთიანებულები, ეროვნების მიხედვით. გიორგი ალექსის ძე მერჩულე ეროვნებით ქართველი იყო, მაგრამ წარმოშობით აფხაზეთიდან გახლდათ და რუსებმა ჩრდილოკავკასიურ ქვედანაყოფში სწორედ ამ საბაბით გაამწესეს. პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლა, "ველური დივიზიის" ინგუშურმა პოლკმა, პოლკოვნიკ გიორგი მერჩულის მეთაურობით, 1914 წლის 23 ივლისს ქ. უნგენისთან (თანამედროვე მოლდოვა) გამართა. "ველურ დივიზიას" მაშინ ავსტრიულ არმიასთან მოუწია შეტაკება და დიდი ზიანიც მიაყენა მტერს. გიორგი მერჩულე 1915-1917 წლებში კიდევ ორი ორდენით დააჯილდოეს, ხოლო თავისი პოლკის ჯარისკაცებმა მას თეთრი ნაბადი მიართვეს. ამასობაში, სანკტ–პეტერბურგში რევოლუცია მოხდა და ყველაფერი აირია – დროებითმა მთავრობამ და მერე წითლებმა ყველა ფრონტი ცალმხრივად მოშალეს, ჯარის დემობილიზაცია გამოაცხადეს და წარჩინებულ ოფიცრებს, როგორც "ძველი რეჟიმის" მომხრეებს დევნა დაუწყეს.

პარალელურად ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაშიც დაიძაბა. "ველური დივიზიის" პოლკთა მებრძოლებს სამშობლოში უხმეს. ჩრდილოეთკავკასიელები ცდილობდნენ, ეროვნული სახელწიფოები შეექმნათ და სამხედრო გამოცდილების მქონე პირები ჭირდებოდათ. ამგვარად, ინგუში კავალერისტები უკლებლივ ქ. ვლადიკავკაზში გაეშურნენ. ჩრდილო კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა ყალიბდებოდა და მის მომავალ პრემიერ–მინისტრს – ინგუშ ვასანგირი ჯაბაგიევს "ველური დივიზიის" მეომართა დიდი იმედი ჰქონდა.

სწორედ ამ დროს, გიორგი მერჩულემ შეიტყო, რომ წითლებიც მოსაკლავად დასდევდნენ და თეთრებიც: პირველნი იმიტომ, რომ მეფის არმიის ოფიცერი იყო, მეორენი კი იმიტომ, რომ მათ მხარეს ბრძოლა არ სურდა. მალე გიორგი მერჩულე ბოლშევიკების პატრულმა დააპატიმრა. მას დახვრეტა ემუქრებოდა, მაგრამ პეტროგრადის ციხის მცველი მერჩულის ყოფილი ჯარისკაცი აღმოჩნდა და პოლკოვნიკი ღამთ ჩუმად გააპარა.

გიორგი მერჩულემ გეზი საქართველოსკენ აიღო. მატარებელს, რომლითაც მოემგზავრებოდა, ჩრდილოეთ კავკასიაში – ესენტუკის მახლობლად, წითლები დაესხნენ თავს. ინტელიგენტურად ჩაცმული პოლკოვნიკი თეთრგვარდიელთა ჯაშუშად მიიჩნიეს და დააპატიმრეს. მას კვლავ დახვრეტა ელოდა, მაგრამ როდესაც ადგილობრივ ციხეში უნდა მიეყვანათ, მოზდოკი ვასანგირი ჯაბაგიევის მთავრობას დაქვემდებარებულმა ჯარმა დაიკავა. ასე აღმოჩნდა პოლკოვნიკი მერჩულე ყოფილი ჯარისკაცების ხელში.

გიორგი მერჩულე საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იგი მთიელთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდალი გახდა და ინგუშეთში დარჩა საცხოვრებლად. მისნაირი გამოცდილი სამხედრო პირის დახმარება კი ინგუშ ერს მართლაც სჭირდებოდა, რადგანაც 1918 წლის თებერვალში ოსებმა, თეთრი მოძრაობის ცნობილი მესვეურის – ანტონ დენიკინის დახმარებით, ომი დაიწყეს და მოზდოკსა და ვლადიკავკაზში მშვიდობიანი მოსახლეობა შეავიწროვეს.

ინგუშები, რომლებიც ნაკლებად ორგანიზებულნი იყვნენ და დენიკინის დონის დამხმარეც არ ჰყავდათ, მძიმე დღეში ჩაცვივდნენ. დენიკინის მებრძოლებმა, რომლებიც კარგად იყვნენ შეიარაღებულნი, ვლადიკავკაზსა და მის მიმდებარე სოფლებში მშვიდობიან ინგუშებს გენოციდი მოუწყვეს. ვასანგირი ჯაბაგიევმა საპასუხო ზომების მიღება პოლკოვნიკ მერჩულესა და მის მებრძოლებს მიანდო. მთიელთა რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი პირადადაც კი შეხვდა ქართველ პოლკოვნიკს. მერჩულემ პრემიერ–მონისტრს აღუთქვა, რომ მშვიდობიანი ინგუშების დარბევის და გენოციდისთვის ოსებსა და კაზაკებს პასუხს აგებინებდა.

1918 წლის 5 თებერვალი დენიკინისა და მისი მოკავშირეებისათვის ჯოჯოხეთური დღე აღმოჩნდა. ვლადიკავკაზში გაჩაღებულ ბრძოლებში მათ 100-მდე კაცი დაკარგეს, ორი ამდენი კი დაიჭრა. პოლკოვნიკ მერჩულის ქვედანაყოფიდან არათუ საერთოდ არავინ მოუკლავთ, არამედ არც დაუჭრიათ. დენიკინის შტაბზე იერიშის შემდეგ, ინგუშებმა ვლადიკავკაზი დატოვეს და მის გარეუბანში დაბანაკდნენ. მოწინააღმდეგემ მათზე გალაშქრება ვეღარ გაბედა და ვლადიკავკაზის გარეუბნის ინგუში მოსახლეობაც აწიოკებას გადაურჩა. დენიკინმა, რომელსაც იმხნად მთელ ჩრდილო კავკასიაში დიდი გავლენა ჰქონდა, ბრძანება გასცა, პოლკოვნიკი გიორგი ალექსის ძე მერჩულე შეეპყროთ და ჩამოეხრჩოთ, როგორც იმპერატორის მოღალატე და რუსი ოფიცრის მუნდირის ღირსების შემარცხვენელი.

ისტორიაში ძალიან ხშირია მაგალითები, როდესაც მოუხელთებელი მეამბოხე სრულიად უბრალო რამეს გადაჰყოლია და ეს ყველას გაჰკვირვებია. სამწუხაროდ, ასე მოხდა პოლკოვნიკ გიორგი მერჩულის შემთხვევაშიც, ერთხელ, როცა ის რაზმელებთან ერთად, ვლადიკავკაზიდან მორიგი ლაშქრობიდან ბრუნდებოდა, გზაში დენიკინის მოწინაღმდეგენი – ბოლშევიკი პარტიზანები გადაეყარნენ და მთელ რაზმს იარაღის დაყრა უბრძანეს, პოლკოვნიკი ბრძანებას არ დაემორჩილა – მარჯვე გასროლით ბოლშევიკების მეთაური (გვარად ჩერტკოვი) ცხენიდან გადმოაგდო, მაგრამ სწორედ ამ დროს უმტყუნა ბედმა – დაჭრილმა ალალბედზე ესროლა. პოლკოვნიკს ტყვიამ გულში გაუარა და ასე დასრულდა მისი სიცოცხლე.

დღეს, ინგუშური ნასოფლარის – ოლიგტეს სასაფლაოზე, აუარებელ მუსლიმანურ საფლავს შორის აშკარად გამოირჩევა ერთი, რომელზეც ჯვარია აღმართული და სხვათაგან განსხვავებით, უფრო კარგადაა მოვლილი. სწორედ იქ არის დაკრძალული გიორგი მერჩულე, რომლის სისხლიც ინგუშებმა აიღეს.

წყარო: 

1. მიხეილ ლაბაძე.  ჟურნალი ”გზა”. საოცარი ისტორია პოლკოვნიკ გიორგი მერჩულეზე - Ambebi.Ge. 25 მარტი 2012


Share: