The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


არჩილ გურიელი–ჭყონია

არჩილ გურიელი–ჭყონია
Legal name:არჩილ ჭყონია
Date of birth:1895
Date of death:1955  (at 60 years)
Burial location:ნიუ–იორკი, აშშ
Category:Businessmen

Biography

არჩილ გურიელი–ჭყონია 1895 წელს საქართველოში აზნაურ ჭყონიას ოჯახში დაიბადა. ის ამტკიცებდა, რომ ბებიამისი გურიელების შთამომავალი იყო, ამიტომ ბებიის გვარი საგანგებოდ, ღირსების მომატებისათვის დაუწყვილა თავის გვარს და თავადის წოდებაც მიიღო. 1921 წელს არჩილ გურიელი–ჭყონია ემიგრაციაში წავიდა, ჯერ ავსტრიაში, შემდეგ – საფრანგეთში, 1937 წლიდან კი ამერიკაშია. 1945-47 წლებში იყო ამერიკის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე. მას საკუთარი ნათესავები არასოდეს დავიწყებია, შორიდან ეხმარებოდა, ზოგიერთი მათგანი განათლების მისაღებად საზღვარგარეთაც წაუყვანია.

ფართო საზოგადოების ყურადღება არჩილ გურიელ–ჭყონიამ კოსმეტიკის დედოფლად შერაცხულ და ერთ–ერთ უმდიდრეს ქალბატონ ჰელენა რუბინშტეინთან (1882-1965 წწ.) ქორწინებით მიიქცია. ჰელენა პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას "ჰელენა რუბინშტეინს" ფლობდა, რომელიც ამჟამად "ლორეალის" ჯგუფში შედის. ჰელენა რუბინშტეინი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა. მისმა კორპორაციამ თელ–ავივს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აჩუქა. ის აფინანსებდა მოგზაურ ხელოვანებსა და ებრაელ სტუდენტებს, ასევე მრავალ გამოკვლევას სამეცნიერო სფეროში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამერიკა–ისრაელის კულტურულ ფონდში.

ჰელენა რუბინშტეინისა და არჩილ გურიელ–ჭყონიას ოჯახური წყვილი გაუთავებელი მითქმა–მოთქმის საგანი იყო, ვინაიდან ჰელენა მეუღლეზე 23 წლით უფროსი გახლდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ქორწინება ორივე მხარეს აწყობდა – გურიელს მეუღლის ფული, რუბინშტეინს კი მეუღლის წოდება იზიდავდა, შეუღლების შემდეგ ჰელენა თავს "ჰელენ პრინცესა გურიელს" უწოდებდა. მათ საქორწინო შეთანხმებაში იყო ერთი აუცილებელი პუნქტი, რომელიც სახალისოდ ჰქონდა მთელ პარიზულ ბომონდს – ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში, მთელი მისი ქონება ქვრივის განკარგულებაში გადადიოდა, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ წარმატებული ერთობლივი ბიზნესი შექმნეს და საფუძველი ჩაუყარეს "Gurieli Apothecary"-ის ხაზს. უშვებდნენ ძვირადღირებულ კოსმეტიკას ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის. პარიზის სალონს ხელმძღვანელობდა გურიელის და მარიამ ჭყონია, რომელიც კოკო შანელის ქუდების მოდელიორი იყო.

წყვილი ბოჰემურად ცხოვრობდა, ჰქონდათ საერთო ჰობი – ბრიჯი. გურიელი შესანიშნავი მოთამაშე იყო და ხშირად სოლიდურ თანხებსაც იგებდა. მათი ოჯახი სტუმართმოყვარეობითა და ხელგაშლილობით გამოირჩეოდა. არჩილ გურიელი–ჭყონია კარგი გარეგნობის, მანერებისა და უშუალობის წყალობით ახალ მეგობრებს სწრაფად იძენდა. მეგობრობდა ცნობილ ადამიანებთან: ჯანეტ მაკდონალდთან, ეროლ ფლინთან, გრეგორი პეკთან, ერნესტ ჰემინგუიესთან, ჯეიმს ჯოისთან. საინტერესოა არჩილ გურიელ–ჭყონიასა და სალვადორ დალის მეგობრობა. მხატვარმა ცოლ-ქმრის პორტრეტები შექმნა: "ჰელენა რუბინშტეინი – კლდეზე მიჯაჭვული ქალი – პრომეთე" და "არჩილ გურიელი–ჭყონია ჩაქურაში". გურულ ჩაქურაში გამოწყობილი არჩილ გურიელ–ჭყონიას პორტრეტი მთებისა და მიჯაჭვული ამირანის ფონზეა დახატული, ზუსტად ისე, როგორც გურიელმა აღუწერა დალის საქართველო.

არჩილ გურიელ–ჭყონიასთან მეგობრობის გამო სალვადორ დალი თბილად იყო განწყობილი ქართველების მიმართ. ამის დასტურია ერთი შემთხვევა: ორი ქართველი სტუდენტი (ზოგიერთი წყაროს ცნობით, მძარცველი) თურმე სალვადორ დალის სახლის კედელზე გადამძვრალა. ისინი დაცვამ დააკავა, ხმაურზე დალი გამოვიდა და როცა გაიგო, რომ ქართველები იყვნენ გურიელის ხსოვნის საპატივცემულოდ შინ შეიპატიჟა ისინი.

არჩილ გურიელი–ჭყონია, რომელიც ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა, 1955 წელს მანჰეტენზე გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს მძიმე დარტყმა იყო ჰელენასათვის, რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 10 წელი იცოცხლა. არჩილ გურიელ–ჭყონიას შთამომავლობა არ დარჩენია, მთელი მისი ქონება, საქორწინო კონტრაქტის მიხედვით, ჰელენას მფლობელობაში გადავიდა.

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბარჩილ გურიელი - ჭყონია (1895-1955) : საზოგადო მოღვაწე. ბიზნესმენი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.60-61. - სტატიას ახლავს ფოტომასალა.

2. მახარაძე, ირაკლიარჩილ გურიელი-ჭყონია : (1895-1955) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.58-61.


Share: