The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men’s (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ოდიშელიძე

გიორგი ოდიშელიძე
Date of birth:25 November, 1899
Date of death:1970  (at 70 years)
Burial location:შატუს სასაფლაო, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

იუნკერი და საფრანგეთის არმიის ოფიცერი გიორგი ოდიშელიძე დაიბადა 1899 წლის 25 ნოემბერს ყვარელში რუსული არმიის გენერლის, შემდეგში დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილის იასონ ოდიშელიძის ოჯახში. 1917 წელს, თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა თბილისის უნივერსიტეტში რუსული ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო. 1918 წელს კი გიორგი კვინიტაძის ძალისხმევით თბილისში დაარსებული ქართული სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი გახდა.

1921 წლის თებერვალ–მარტში საქართველოში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოჭრისას გიორგი ოდიშელიძე, სხვა იუნკერებთან ერთად, იბრძოდა კოჯორ–ტაბახმელასა და ბათუმის მისადგომებთან. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, ჯერ სტამბოლში, შემდეგ –საფრანგეთში. იმავე წლის ბოლოს ოთხ იუნკერთან (ნიკოლოზ (კუკური) თოხაძე, ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი) ერთად საფრანგეთის სენ–მიქსენის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია.

უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ოდიშელიძე 1922 წელს საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩაირიცხა. 1926 წელს სირიაში გაემგზავრა, 1929 წლიდან კი ალჟირში მსახურობს. 1935 წელს კაპიტნის წოდება მიენიჭა და ბატალიონის მეთაურად დაინიშნა. 

II მსოფლიო ომის დროს (1939-1945 წწ.), როდესაც გერმანია საფრანგეთში შეიჭრა, საფრანგეთის მთავრობამ მობილიზაცია გამოაცხადა. მობილიზაცია შეეხო საფრანგეთში მცხოვრებ უცხოელებს და მათ შორის 170 ქართველსაც. ამ პერიოდისთვის ქართველ ემიგრანტთაგან ბევრი მსახურობდა უცხოურ ლეგიონში და ისინი ცნობილნი იყვნენ როგორც საუკეთესო მეომრები.

ომის დაწყებისას გიორგი ოდიშელიძე უცხოური ლეგიონის ქვეითთა პოლკში მსახურობდა. 1940 წლის აპრილში მას დაავალეს სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქს ბარკარესში ქართული სამხედრო შენაერთის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა მხოლოდ ქართველი პროფესიონალი სამხედროებით და მოხალისეებით. ეს იყო ქართული ნაწილი "Unite Georgine", რომელიც შემდეგ სოფელ სეტფორში გადაიყვანეს. ნაწილის გასაძლიერებლად მაროკოში განლაგებული საფრანგეთის ჯარის შტაბის ბრძანებით ქართველი ლეგიონერები ბარკარესის სამხედრო ბანაკში გადაისროლეს. ნაწილის შესავსებად ქართველები რომ არ ეყოთ, ფრანგი და ესპანელი ლტოლვილებიც შეიყვანეს. "Unite Georgine"-სა და საფრანგეთის სარდლობას შორის შუამავალი ფარნგი ოფცერი პიო იყო, რომელიც ქართველებს დიდ პატივს სცემდა. დაიწყო ნაწილის ინტენსიური წვრთნა, მაგრამ 1940 წლის 14 ივნისს პარიზი გერმენელებს ჩაბარდა და მარშალმა პატენმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას.

გიორგი ოდიშელიძე, ლეგიონიდან ჩამოსული ქართველებით, კვლავ აფრიკაში დაბრუნდა. 1943 წელს ის ტუნისში იბრძოდა, მონაწილეობდა საფრანგეთის განთავისუფლების სამხედრო ოპერაციებში. 1945 წლიდან იმყოფებოდა პარიზში სამხედრო სამინისტროს განკარგულებაში, 1947 წლის დეკემბერში გავიდა თადარიგში და მოღვაწეობა დაიწყო სამოქალაქო სექტორში. გიორგი ოდიშელიძე იყო ღირსების ორდენისა და საბრძოლო ჯვრის კავალერი. საბრძოლო მამაცობისათვის მიღებული ჰქონდა მრავალი ჯილდო. საფრანგეთის მთავრობამ ოთხჯერ გამოუცხადა მადლობა ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის. საფრანგეთში გამოცემულ ყველა ნაშრომში, რომელიც ეძღვნება უცხოური ლეგიონის ბრძოლებს აფრიკაში გერმანელების წინააღმდეგ, აღწერილია გიორგი ოდიშელიძის სამხედრო დამსახურება (ალან გარდისა და პიერ დიუფორის წიგნები). მისი სამხედრო ღვაწლი კარგად არის წარმოჩენილი იუნკერ შოთა ნიკოლაძის ვაჟის რევაზ ნიკოლაძისა და მისი მეუღლის ფრანსუაზის წიგნში "ქართველები საფრანგეთისათვის ბრძოლაში 1939-1945 წლები".

პარიზში გიორგი ოდიშელიძე დაქორწინდა საქართველოს მთავარსარდლისა და იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელის, თავის მასწავლებლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის შუათანა ქალიშვილ თამარზე (თამი), რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: ნოდარი, მერაბი და ეკატერინე.

გიორგი ოდიშელიძე გარდაიცვალა პარიზში 1970 წელს, დაკრძალულია შატუს სასაფლაოზე.