The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men’s (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვახტანგ ვაჩნაძე

ვახტანგ ვაჩნაძე
Date of birth:20 June, 1929  (85 years)
Category:Inventor

Biography

ვახტანგ ვაჩნაძე კახეთის სახელოვანი თავადური გვარის შთამომავალია. მისი პაპა – გიორგი ვაჩნაძე, მეფის არმიის პოლკოვნიკი, საქართველოში 1906 წელს, რუსეთ–იაპონიის ომის შემდეგ დაბრუნდა. ბებია თავადის ასული ანა ჩერქეზიშვილი კახეთის სოფელ თოხლიაურიდან იყო. მამამ – დიმიტრი ვაჩნაძემ სამხედრო კარიერა აირჩია. მოსკოვში საფრენოსნო სკოლის დამთავრების შემდეგ ბელორუსიის ქალაქ ბობრუისკში გაამწესეს. აქ შექმნა ოჯახი და აქვე შეეძინა უფროსი ვაჟიშვილი, ვახტანგი. ორი წლის შემდეგ დიმიტრი ვაჩნაძე თბილისში გადმოიყვანეს, მსახურობდა საფრენოსნო ქვედანაყოფებში. დიდი სამამულო ომის პირველი დღეებიდანვე იგი ფრონტზეა. გამარჯვებამდე ათი დღით ადრე დაიჭრა და თბილისში ინვალიდი დაბრუნდა.

დიმიტრი ვაჩნაძის ოჯახი თბილისში, სოლოლაკში, ჭონქაძის N13 ცხოვრობდა. ვახტანგი სწავლობდა თბილისის 45-ე სკოლაში (ქალთა და ვაჟთა სკოლების გაყოფის შემდეგ მას მე-3 ვაჟთა სკოლა ეწოდა), სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, რაც მას გარანტიას აძლევდა, უგამოცდოდ ჩარიცხულიყო ნებისმიერ უმღალეს სასწავლებელში. იყო კარგი ფეხბურთელი, დამთავრებული ჰქონდა მუსიკალური სკოლა და მშვენივრად უკრავდა ფორტეპიანოზე. ხელმოკლეობის გამო მოსკოვში სწავლის გაგრძელებაზე ფიქრი ზედმეტი იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს გაზეთში წააწყდა ცნობას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდებოდა გამოცდები ახლადგახსნილ მოსკოვის ფიზიკო–ტექნიკურ ინსტიტუტში ჩასარიცხად. მედალოსნებისთვის საკმარისი იყო გამოცდების ჩაბარება მათემატიკასა და ფიზიკაში, გამოცდებს იბარებდნენ ნიკოლოზ მუსხელიშვილი და ილია ვეკუა. მოსკოვში სწავლის მსურველი 300 ახალგაზრდიდან მხოლოდ თერთმეტს გაუმართლა. საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის, კანდიდ ჩარკვიანის ინიციატივით, მოსკოვში თერთმეტივე ახალგაზრდის გამგზავრების ხარჯები მთავრობამ გადაიხადა. მალე გაირკვა, რომ ინსტიტუტი ჯერ მზად არ იყო სტუდენტების მისაღებად, ამიტომ ვახტანგმა გადაწყვიტა მამის პროფესიას გაჰყოლოდა და შევიდა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში (სახელგანთქმული "МАИ") ძრავმშენებლობის ფაკუტეტზე. ამის მიუხედავად მესამე კურსამდე რჩებოდა სქართველოს მინისტრთა საბჭოს "კმაყოფაზე" და საინტიტუტო სტიპენდიასთან ერთად დამატებით ღებულობდა 500 მანეთს სემესტრში.

1953 წელს, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვახტანგ ვაჩნაძე შრომით საქმიანობას იწყებს სახელგანთქმულ კოროლიოვის "ცალკე საკონსტრუქტორო ბიურო-1"–ში. ახალგაზრდა ქართველმა სპეციალისტმა მალე მიიპყრო თავად ს. პ. კოროლიოვის ყურადღება, რომელმაც იგი ჩართო სახელგანთქმულ რაკეტა "რ-7"–ის თხევადი სარაკეტო ძრავის შექმნაში. ამ სამუშაოსთვის 27 წლის ვახტანგ ვაჩნაძემ 1956 წელს მიიღო თავისი პირველი ჯილდო – "საპატიო ნიშნის" ორდენი. სწორედ ეს რაკეტები უზრუნველყოფდნენ იმ წლებში მოსკოვის საჰაერო თავდაცვას.

1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირში დედამიწის გარე ორბიტაზე გაიყვანეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი, რასაც დიდი რეზონანსი ჰქონდა მსოფლიოში. ვახტანგ ვაჩნაძემ მიიღო ახალი ჯილდო – შრომის წითელი დროშის ორდენი. კოსმოსური აპარატის "მთვარე-3"–ის მომზადებასა და გაშვებაში მონაწილეობისთვის კი, რის შედეგადაც მსოფლიოში პირველად მიიღეს მთვარის უკანა მხარის სურათები, 1960 წელს ლენინური პრემია მიენიჭა.

1974 წელს ვახტანგ ვაჩნაძე გადაჰყავთ საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროში. ნიშნავენ კოლეგიის წევრად და მთავარი სამმართველოს უფროსად, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა საბჭოთა კოსმოსურ პროგრამაზე, საპილოტო გაფრენებზე, დაზვერვის თანამგზავრზებზე, ტელევიზიაზე, ნავიგაციაზე.

მეტად შთამბეჭდავია ვახტანგ ვაჩნაძის თანამდებობრივი გზა: 27 წლისა საამქროს უფროსია, 45 წლისა - მთავარი სამმართველოს უფროსი, 48 წლის ასაკში დაინიშნა სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "ენერგიის" გენერალურ დირექტორად, რომელსაც 15 წლის განმავლობაში (1977-1991 წწ.) ხელმძღვანელობდა. "ენერგია" წარმოადგენდა მსოფლიოში უდიდეს გაერთიანებას, რომელშიც შედიოდა კოსმოსური ტექნიკის 1200-მდე საწარმო და ორგანიზაცია, სადაც შრომობდა 56 ათასზე მეტი კაცი. სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება მუშაობდა ერთბაშად ორი ფართომასშტაბიანი პროგრამით: ორბიტალურ სადგურ "მირზე" და მრავალჯერად კოსმოსურ სატრანსპორტო სისტემა "ენერგია–ბურანზე". პროგრამა "მირში" მონაწილეობისათვის ვახტანგ ვაჩნაძეს 1989 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. თავის პირმშოს, სისტემა "ენერგია–ბურანს" ვახტანგ ვაჩნაძე თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიიჩნევდა.

1991 წელს ვახტანგ ვაჩნაძემ სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანება "ენერგიის" გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა სამეცნიერო კონსულტანტად მაინც დარჩა (დღეს ამ გაერთიანებას ს.პ. კოროლიოვის სახელობის სარაკეტო–კოსმოსური კორპორაცია "ენერგია" ჰქვია).

ვახტანგ ვაჩნაძე მრვალგზის იყო არჩეული კალინინგრადის (ამჟამად ქ. კოროლიოვის) საქალაქო საბჭოს დეპუტატად, 1977-1991 წლებში იყო მოსკოვის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს დეპუტატი და ქ. კალინინგრადის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ასევე გახლდათ კორპორაცია "ენერგიისთვის" კადრების მომზადების ცენტრის შექმნის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.

ვახტანგ ვაჩნაძეს ჰყავს ორი ქალიშვილი (ისინი საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალისტები არიან), აგრეთვე ერთი შვილიშვილი. ყველამ შესანიშნავად იცის ქართული და კარგად იცნობენ საქართველოს.

ვახტანგ ვაჩნაძის ჯილდოებისა და წოდებათა ჩამონათვალი დიდია – ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, "საპატიო ნიშნის" ორდენები, რუსეთის ფედერაციის წმინდა მთავარ ალექსანდრე ნეველის ორდენი, უამრავი მედალი. ის დაჯილდოებულია კოსმონავტიკაში კ. ე. ციოლკოვსკის, ს. პ. კოროლიოვისა და ი. ა. გაგარინის ოქროს წარჩინების ნიშნებით, მინიჭებული აქვს ლენინური და სახელმწიფო პრემიები. არჩეულია კ. ე. ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის აკადემიის ნმდვილ წევრად და ქალაქ კოროლიოვის საპატიო მოქალაქედ.