The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი პაპაშვილი

გიორგი პაპაშვილი
Date of birth:23 August, 1898
Date of death:1978  (at 79 years)
Burial location:აშშ
Category:Sculptor, Writer

Biography

გიორგი პაპაშვილი 1898 წლის 23 აგვისტოს დაიბადა სოფელ კობიაანთკარში ვანო და იამზე პაპაშვილების ოჯახში. მისი მონათხრობის მიხედვით, დედა ტრაგიკულად გარდაეცვალა. უსახსრობის გამო, მამამ სკოლაში ვერ შეიყვანა, ამიტომ ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეასწავლა. სრულიად ახალგაზრდას I მსოფლიო ომში მოუწია სნაიპერად ყოფნა. 1921 წელს, როცა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა, გიორგი პაპაშვილი ჯარში მსახურობდა და მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, თხრიდა ჭებს, მუშაობდა ტაქსის მძღოლად და ანატოლიის ველებზე ტახებზე ნადირობდა. შემდეგ მოახერხა ვიზის შოვნა და ამერიკაში ჩასვლა. რამდენიმე ღამე სიმონ სიდამონ–ერისთავის ოჯახთან ერთად ნიუ–იორკში ნაქირავებ ბინაში გაათენა და შემდეგ გეზი კალიფორნიისაკენ აიღო. მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, მზარეულად, ლითონჩამომსხმელ საამქროში. ერთხანს ჰოლივუდშიც მოღვაწეობდა.

თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ მამა–პაპის ხელობას ხვნა–თესვას მიჰყო ხელი.

1938 წელს გიორგი პაპაშვილმა და ჰელენ უაიტმა დაწერეს რომანი, უფრო ზუსტად, ავტობიოგრაფიული ნოველების კრებული "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" ("Anything Can Happen"). თხზულება 1945 წელს გამოიცა და ნამდვილ ლიტერატურულ სენსაციად იქცა – 1.5 მილიონი გაიყიდა მთელ მსოფლიოში და ითარგმნა დაახლოებით 20 ენაზე (მათ შორის იაპონურად, ჩინურად და ურდუს ენაზე). ნაწარმოები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ ჯარისკაცებსა და ოფიცრებში. წიგნი თბილისში 1965 წელს გამოქვეყნდა სათაურით "ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

1952 წელს "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" მიხედვით ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი (რეჟისორი ჯორჯ სითონი), სადაც მთავარი როლები ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა – ხოსე ფარერიმ და კიმ ჰანტერმა. ფილმის ტექნიკური დირექტორი იყო ლადო ბაბიშვილი. ფილმის მუსიკა შექმნეს კომპოზიტორმა იუნგიმ და ალექსანდრე ფუტკარაძემ. ფილმში გამოყენებული იყო ქართული სიმღერები, მელოდიები, ცეკვები, ქართული ფანდურები. თვითონ ავტორმა პატარა ეპიზოდური როლი შეასრულა. 1952 წლის 3 აპრილს შედგა ფილმის პრემიერა. მიუხედავად იმისა რომ ფილმმა დადებითი რეცენზიები მიიღო, ის მაინც არ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული როგორც რომანი. 1953 წლის 26 თებერვალს კალიფორნიის შტატში, ლოს–ანჯელესის კინოფესტივალზე ფილმმა ოქროს გლობუსი აიღო ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას".

გიორგი პაპაშვილისა და ჰელენ უაიტის კალამს ეკუთვნის წიგნები "ჰო და არა", "შინისაკენ, კვლავ შინისაკენ", "ქართულ–რუსული კულინარია", "მადლობა ნოეს", "ძაღლი და ადამიანი".

მოწიფულ ასაკში გიორგი პაპაშვილი ქანდაკებით დაინტერესდა. მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია, თვითნასწავლი შემოქმედი იყო, მუშაობდა ხეზე და ქვაზე. ნამუშევრებს ინიციალებს არასდროს აწერდა, მიაჩნდა რომ "ხელმოწერა თავად ხელოვნების ნიმუშშია". გიორგი პაპაშვილის 600-ზე მეტი ნამუშევარი ნიჭის, შრომისმოყვარეობის და გემოვნების ნიმუშია. ზღაპრული პერსონაჟების დიდი ნაწილი ქართული ფოლკლორითაა ნასაზრდოები. გიორგი პაპაშვილის ნაივურ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ქანდაკებებს. რეტროსპექტული კატალოგი ამგვარ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს: "გიორგი პაპაშვილი ლიჰაის ველის ხელოვნების ალიანსის, ფილადელფიის ხელოვნების ალიანსის, ოდიუბონის ხელოვანთა და ფილადელფიის ხელოვანთა თანასწორობის ორგანიზაციის წევრი იყო". 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ერთ–ერთი ნამუშევარი – "რაში". 

გიორგი პაპაშვილის სახელი შეტანილია ისეთ სოლიდურ გამოცემებში როგორებიცაა "ვინ ვინ არის ამერიკულ ხელოვნებაში" და "ვინ ვინ არის XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში". მისი არქივი დაცულია პენსილვანიის შტატის ლიჰაის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 1961 წელს გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს, მოინახულა მშობლიური სოფელი, ახლობლები, შეხვდა ქართველ მწერლებს.

გიორგი პაპაშვილი გარდაიცვალა კემბრიაში (კალიფორნია) 1978 წელს 80 წლის ასაკში. მას შთამომავლობა არ დარჩენია.

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბ

გიორგი პაპაშვილი (1898-1978) : მწერალი და მოქანდაკე // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.135-136. - სტატიას ახლავს ფოტო.

2. მახარაძე, ირაკლიგიორგი პაპაშვილი : (1898-1978) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.102-107.

3. ნიშნიანიძე, რუსუდანმეორედ... // მეორედ... : ამერიკაში მოგზაურობის დღიური / რ. ნიშნიანიძე. - თბ., 2012. - გვ. 3-31.

4. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : ჯორჯ პაპაშვილი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 144-146.

5. ნიშნიანიძე, რუსუდანქართველი წარმომავლობის ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე - ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი / რუსუდან ნიშნიანიძე // VII საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები ლიტერატურა დევნილობაში : ემიგრანტკბის მწერლობა (მე-20 ს. გამოცდილება. ნაწ. 2 / "ლიტერატურა დევნილობაში, ემიგრანტების მწერლობა", საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები (7, 2013, თბილისი). - თბილისი, 2013. - ISBN 978-9941-0-6171-4. - გვ. 243-250. - რეზიუმე ინგლისურ ენაზე.



Share: