The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men’s (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოლომონ ზალდასტანიშვილი

სოლომონ ზალდასტანიშვილი
Date of birth:4 December, 1891
Date of death:5 December, 1941  (at 50 years)
Burial location:ბრასოფის სასაფლაო, ქალაქი კრონშტანდი, რუსეთი
Category:Politician, Military Person

Biography

ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე სოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილი 1891 წლის 4 დეკემბერს დაიბადა სამტრედიაში. თბილისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, პეტროგრადში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 1913 წელს დაამთავრა წმინდა ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი და იმავე წელს ოფიცრის ხარისხით დაინიშნა თურქისტანის მერვე პოლკში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში და ორჯერ მძიმედ დაიჭრა. 1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, სოლომონ ზალდასტანიშვილი პოდპოლკოვნიკის ჩინით სამშობლოში დაბრუნდა. 1918-21 წლებში საქართველოს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკია და იბრძვის სხვადასხვა ფრონტზე, 1921 წლის თებერვალში – წითელი არმიის წინააღმდეგ. 1921 წლის მარტში სხვა მეომრებთან ერთად სამშობლო დატოვა. ემიგრაციაში აქტიურად ჩაება საქართველოს განმათავისუფლებელ ბრძოლაში და 1922 წელს კოტე აფხაზთან ერთად სტამბოლიდან საქართველოში დაბრუნდა. "ჩეკას" ეს არ გამოპარვია, სოლომონი ბათუმშივე დააპატიმრეს და ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ გადასახლება მიუსაჯეს. საქმეში მისი ყიფილი თანაპოლკელები ჩაერივნენ, რომლებიც ოკუპანტების არმიაში მსახურობდნენ, თავდებად დაუდგნენ საყვარელ ოფიცერს და მისი საქართველოში დატოვება მოახერხეს.

1923 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილი შევიდა ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში, რომელსაც გენერალი კოტე აფხაზი თავჯდომარეობდა. გახდა "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის" (დამკომი) და მასთან შექმნილი "სამხედრო ცენტრის" წევრი, რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლისათვის. ქართველ პატრიოტთა საქმიანობა "ჩეკას" შეუმჩნეველი არ დარჩენია. 1923 წლის თებერვალში დააპატიმრეს "სამხედრო ცენტრის" შემადგენლობა. 19 მაისს აწამეს და სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად დახვრიტეს კოტე აფხაზი (დახვრეტილთა შორის იყო ვაჟა–ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი). სადამსჯელო რაზმებმა ააოხრეს კახეთი, სვანეთი, გურია, მთელი საქართველო. "სამხედრო ცენტრის" პირველი შემადგენლობის განადგურების შემდეგ ახალ მეთაურად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, თანაშემწედ ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი.

უახლოეს თანამებრძოლთა სიკვდილით დასჯის, მის თვალწინ ჩავლილი უამრავი საშინელების და რეპრესიების მიუხედავად, სოლომონ ზალდასტანიშვილი აქტიურად ჩაერთო საბჭოთა რუსეთის ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და აჯანყების მომზადების საქმეში. " აჯანყების სამხედრო საქმეთა მომწესრიგებელი პოლკოვნიკი" ყველგან იყო, მაგრამ მტრისთვის უჩინარი გამხდარიყო თითქოს. სამაგიეროდ "ჩეკამ" უმძიმესი კონტროლი დააწესა ოჯახზე. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა მისი მეუღლე მარიამ ხირსელი, რომელმაც საოცარი გამძლეობა გამოიჩინა. დააპატიმრეს სოლომონის ორივე ძმა – ნიკოლოზი და ალექსანდრე. 1923 წლის აპრილში სოლომონის ინიციატივით თბილისში გაიმართა საიდუმლო სამხედრო ყრილობა, რომლის დამსწრეებმაც გაიზიარეს აჯანყების გეგმა. ამავე ყრილობაზე მიღებული ფიცის ტექსტი სოლომონმა მეორე დღესვე გაუგზავნა მთიანეთში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს, რისი მიღების შემდეგაც, მათ "შეფიცულები" ეწოდათ...

1924 წლის აჯანყება დამარცხდა... ნოემბერში სოლომონ ზალდასტანიშვილმა შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო და საფრანგეთში ჩავიდა. მას მალე ოჯახის წევრები – მეუღლე მარი ხირსელი და შვილები 5 წლის გივი და 2 წლის ოთარიც შეუერთდნენ. პარიზში ოჯახს ხშირად სტუმრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ბოლოს დანათესვდნენ – ქაქუცა ოთარის ნათლია გახდა. მშობლებმა ოთარი და გივი ემიგრაციაში ქართული ტრადიციებით აღზარდეს.

სოლომონ ზალდასტანიშვილი ემიგრაციაშიც განაგრძობდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს "ყოფილ ქართველ მეომართა საზოგადოების" გამგეობის წევრი, პარტიის გამომცემლობა "საქართველოს" რწმუნებული პარიზში. თანამშრომლობდა ეროვნული მიმართულების ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. 1929-33 წწ–ში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, ეხმარებოდა ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს: "ტუბერკულიოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტს", "ახალგაზრდულ სექციას". მონაწილეობდა "კავკასიის შემსწავლელი საზოგადოების" "ქართული სამეცნიერო წრის" და სხვა საგანმანათლებლო ქართული ორგანიზაციების მუშაობაში. 

1941 წელს გერმანია–საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყებისთანავე სოლომონ ზალდასტანიშვილი, უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად ჩაება საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. იმედი ჰქონდა, რომ გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. 1941 წლის ივლისში სოლომონ ზალდასტანიშვილი ჩაეწერა მოხალისეთა რაზმში "თამარ მეორე" და მისი მეთაური გახდა. სამხედრო და პოლიტიკური საკითხების გარდა სოლომონ ზალდასტანიშვილი დაინტერესებული იყო ქართველ ტყვეთა ბედითაც, რომელთა დიდი ნაწილიც ომის პირველ დღეებში აღმოჩნდა ტყვეთა ბანაკებში. რუმინეთში ყოფნისას ქართველმა ემიგრანტებმა შეიტყვეს რომ საბჭოთა ტყვეთა ბანაკში 500-მდე ქართველი სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა. სოლომონმა გერმანელებისაგან ითხოვა ტყვე ქართველების ბანაკიდან თავისუფალ სამუშაოზე გადაყვანა. ბანაკის ხელმძღვანელობა მხოლოდ 90 კაცის გადაყვანას დასთანხმდა, რაზეც სოლომონმა სასტიკი პროტესტი გამოთქვა, ოთხასი ქართველის წამებისა და სიკვდილისათვის დატოვებას მე ვერ მოვითმენ და თუ სხვა გზა არ იქნება, მეც მათ გვერდით დავრჩებიო... სოლომონ ზალდასტანიშვილი ბოლომდე დარჩა ბანაკში, რომლის კარებიც მისთვის მუდამ ღია იყო... მისი ძალისხმევით ხუთასივე ტყვე იქნა გათავისუფლებული (ქართველებთან ერთად ქართველი ებრაელებიც), მაგრამ თვითონ ავად გახდა. გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს, იქ სადაც მისმა თანმხლებლმა ქართველებმა ითხოვეს – ქალაქ კრონშტანდში, ბრასოფის სასაფლაოზე.

1947 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლე და ვაჟი – გივი ამერიკაში გადასახლდნენ, სადაც უკვე ცხოვრობდა ოთარი.

1956 წელს მიუნხენში გამოიცა სოლომონ ზალდასტანიშვილის წიგნი "საქართველოს 1924 წლის ამბოხება", ხოლო საქართველოში – გურამ შარაძის წინასიტყვაობით 1990 წელს. 

ძველი თბილისის ერთ–ერთი ქუჩა სოლომონ ზალდასტანიშვილის სახელს ატარებს.