The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ოთარ ზალდასტანიშვილი

ოთარ ზალდასტანიშვილი
Date of birth:1922
Date of death:2005  (at 83 years)
Burial location:მაუთ ობურნის სასაფლაო, ბოსტონი, აშშ
Category:Engineer, Mathematician

Biography

მსოფლიოს "მერვე საოცრების" "პალმა ჯუმეირას" დამპროექტებელი ოთარ ზალდასტანიშვილი 1922 წელს დაიბადა თელავში პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მერი ხირსელის ოჯახში. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, "აჯანყების სამხედრო საქმეთა მომწესრიგებელი პოლკოვნიკი" სოლომონ ზალდასტანიშვილი ემიგრაციაში წავიდა. მალე მას მეუღლე და შვილები – ოთარი და გივი შეუერთდნენ. ბავშვებმა ქართული ცნობიერება და ენა იმის წყალობით შეინარჩუნეს, რომ ყოველ კვირას მათ ოჯახში ქართული სადილი მზადდებოდა და ქართველები იკრიბებოდნენ. პარიზში ზალდასტანიშვილებს განსაკუთრებით ხშირად ქაქუცა ჩოლოყაშვილი სტუმრობდა. ბოლოს დანათესავდნენ კიდეც, ქაქუცა ოთარის ნათლია გახდა. 

ოთარ ზალდასტანიშვილმა დაამთავრა პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი, შემდეგ სწავლა სორბონას უნივერსიტეტში გააგრძელა, 1946 წელს ამერიკაში – ჰარვარდის უნივერსიტეტში. გატაცებული იყო ორი დიდი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას შრომებით. მათ თეორიებზე დაყრდნობით 1952 წელს სახელგანთქმულ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში (რაც შემდეგ ძალიან გამოადგა ჯუმეირასათვის ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შესაქმნელად).

ოთარ ზალდასტანიშვილი იყო იულოკის კოლეჯის, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ბრუქსის სკოლის კურატორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. ლექციებს კითხულობდა აეროდინამიკაში, იყო უამრავი თეორიული ნაშრომისა და არაერთი პატენტის ავტორი (მათ შორის ფოლადის კონსტრუქციების დამუშავებაში).

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, 1949 წელს ოთარ ზალდასტანიშვილმა მუშაობა დაიწყო ბოსტონის ერთ–ერთ სამშენებლო კომპანიაში. 1952 წელს გახდა კომპანიის პარტნიორი, 1964-89 წწ–ში იყო კომპანიის პრეზიდენტი, 1989-97 წწ–ში – დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1971 წელს ფირმას სახელი შეეცვალა და ეწოდა "Zaldastani Associates Incorporated". 25 ინჟინერი მისი ხელმძღვანელობით ახორციელებდა დიდ სამშენებლო პროექტებს. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასამდე ცნობილი ნაგებობისა და პროექტის ავტორია, მათ შორის – სასტუმრო "Copley Place" და ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტისა, მასვე ეკუთვნის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონისა და ბრაუნის უნივერსიტეტის მოიჰანის აუდიტორიის აღდგენის პროექტები, სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში. მისი პროექტებით არის აგებული მრავალსართულიანი შენობები ერაყში, ალჟირში, საუდის არაბეთსა და საფრანგეთში, აშშ მემორიალი ნორმანდიაში დესანტის გადასხმის ადგილას. და ბოლოს ავტორია 2002 წლიდან გახმაურებული ჯუმეირას გენიალური გეგმისა დუბაიში. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო გადაწყვეტილება და ორიგინალური იდეა. ის იყო პიონერი სამშენებლო კონსტრუქციების ტექნიკის განვითარებაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ავტოსტრადის ზედა სივრცის გამოყენება.

დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ოთარ ზალდასტანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ნიუ–იორკის ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. ის სამჯერ აირჩიეს 1958 წელს დაარსებული "საქართველოს ასოციაციის" პრეზიდენტად, რომლის მიზანი იყო საქართველოსა და მისი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა. ძმასთან და სხვა ქართველებთან (მათ შორის იყო ჯონ შალიკაშვილი) ერთად აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროექტებზე შავ ზღვაზე, კერძოდ სუფსაში, ახალი პორტის გეგმაზე. როდესაც გივი ზალდასტანიშვილმა თბილისში ამერიკული აკადემია დაარსა, ოთარი ამ საქმეშიც აქტიურად ჩაერთო. ამერიკული აკადემიის წარმატებულ სტუდენტებს ეხმარებოდა ჰარვარდისა და სიმსონის კოლეჯებში სწავლის გაგრძელებაში.

ოთარ ზალდასტანიშვილი 2005 წელს გარდაიცვალა, დასაფლავებულია მაუთ ობურნის სასაფლაოზე.

ოთარ ზალდასტანიშვილის სახელი მოზრდილ სტატიათან ერთად შევიდა ამერიკის საცნობარო ხასიათის წიგნში "ვინ ვინ არის" (Who is Who), რომელშიც ამერიკის ყველაზე ცნობილი ადამიანების სახელებია შეტანილი.

2012 წელს ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილმა ლიზი ზალდასტანიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ზალდასტანიშვილების ოჯახის საკმაოდ დიდი არქივი გადაეცეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრანტულ დარბაზს.

წყარო: 

1. მახარაძე, ირაკლიგივი და ოთარ ზალდასტანები // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.134-138.

2. მარჯანიშვილი, მარიამქართული ემიგრაცია და ქართული დემოკრატია : პოლიტიკური ემიგრაციის გზა // დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში. - თბ., 2011. - გვ.437-470.

3. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : ოთარ ზალდასტანიშვილი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 167-169.

4. მახვილაძე, ნოდაროთარ ზალდასტანიშვილი (1922-2005) // მათემატიკური მეცნიერების განვითარება საქართველოში უძვედესი დროიდან 21-ე საუკუნემდე / ნოდარ მახვილაძე, ჯონდო შარიქაძე, დავიტ გიორგიძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6118-7. - გვ. 263-265.



Share: