The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ ავალიშვილი

ზურაბ ავალიშვილი
Date of birth:1874
Date of death:21 May, 1944  (at 70 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Historian, Lawyer, Politician, Publicist

Biography

იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ფუძემდებელი(1917 წ.) ზურაბ ავალიშვილი დაიბადა 1874 (ან 1876) წელს იურისტ დავით ავალიშვილისა და წარმოშობით შვედი ოლღა ჰომბალტის (კავკასიის სამედიცინო ნაწილის მმართველის ქალიშვილი) ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია (1893 წ.) და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1898 წ.). უნივერსიტეტში იმ დროს სწავლობდნენ და მასთან მეგობრობდნენ ივანე ჯავახიშვილი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, არჩილ ჯორჯაძე, სამსონ ფირცხალავა, ილია ნაკაშიძე და სხვები. მისმა სადიპლომო ნაშრომმა "საქართველოს რუსეთთან შეერთება", რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენდა, ოქროს მედალი დაიმსახურა. უნივერსიტეტის I ხარისხის დიპლომით დამთავრების შემდეგ იქვე იქნა დატოვებული საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1901 წელს გამოიცა მისი ისტორიულ–სამართლებრივი ხასიათის ნაშრომი "საქართველოს შეერთება რუსეთთან". სამაგისტრო თემაზე სამუშაოდ 1902-1904 წლებში სამი წლით მიავლინეს პარიზში. იქ ყოფნისას მონაწილეობდა ქართველ სოციალისტ–ფედერალისტთა მიერ დაარსებულ გაზეთ "საქართველოს" მომზადებაში.

1904 წელს დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც 1906 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია – "დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში ნაპოლეონის დროიდან 1905 წლამდე". 1907-1909 და 1912-1913 წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ–დოცენტი, შემდეგ კი პროფესორი. 1909-1913 წწ. მოღვაწეობდა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის გამგედ. 1912-1917 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს იურისკონსულტი. გარდა ამისა, ავალიშვილი სათავეში ედგა პეტერბურგში იმხანად გამომავალ გაზეთ "რუსსკაია მოლვას" საერთაშორისო განყოფილებას. იგი იყო, აგრეთვე, პეტერბურგის გამომცემლობა "ოგნის" ერთ–ერთი ხელმძღვანელი. არჩეული იყო რუსეთის საიმპერატორო იურიდიული საზოგადოების გამგეობის წევრად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ დაინიშნა სენატორად პირველ სახელმწიფო დეპარტამენტში.

ზურაბ ავალიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში (1917 წ.). იგი იყო კახეთის რკინიგზის საზოგადოების ერთ–ერთი ხელმძღვანელი (საზოგადოებას და ხსენებული რკინიგზის მშენებლობას სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძის დისშვილი, გენერალი კოტე აფხაზი), მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული უნივერსიტეტის დაარსებაშიც. იმ დროს ზურაბ ავალიშვილი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო და ივანე ჯავახიშვილი მასთან მიმოწერაში არკვევდა, როგორ მოეგვარებინა ესა თუ ის საკითხი.

ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ზურაბ ავალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიის უშუალო შემოქმედი გახდა. 1918 წლის მაისში, როგორც ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის წევრი, ავალიშვილი საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე. სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობის დროს მისთვის სავსებით ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობა. ამ მიზნით, ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (კონსულტაციას უწევდა ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ დერ შულენბურგი), რომელიც 1918 წლის 22 მაისს თბილისში გადმოუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ ეს ტექსტი დამტკიცებულ იქნა ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე, იმავე წლის 26 მაისს. დამოუკიდებლობის სასწრაფოდ გამოცხადებისა და გერმანიის მოკავშირეობის (გერმანიამ არ სცნო საქართველო–თურქეთის 1918 წლის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება) წყალობით საქართველოს საზღვრებში დარჩა სამცხე–ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია–რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა მე-13 მუხლი: "რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე".

ზურაბ ავალიშვილი, როგორც რუსული და ევროპული ენების (ფრანგული, ინგლისური, გერმანული) კარგი მცოდნე, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკის დარგში. 1919 წელს, როგორც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი, დიპლომატიური მისიით გაემგზავრა ჯერ გერმანიაში, შემდეგ – საფრანგეთში (ნიკო ნიკოლაძესთან ერთად).

1919 წელს პარიზში გამართულ კონფერენციაზე ზურაბ ავალიშვილმა გადაჭრით გაილაშქრა ინგლის–სომხეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც სომხეთისთვის ზღვაზე გასასვლელის მოსაპოვებლად ითვალისწინებდა ტრაპიზონის ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, ყარსის და არდაგანის (ისტორიული არტაანი) მხარეების სომხეთისათვის გადაცემას. მომდევნო 1920 წელს მან მის მიერვე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა ანტანტის სახელმწიფო უზენაეს საბჭოს. ამ დოკუმენტში ზედმიწევნით იყო დასაბუთებული, რომ ხსენებული ტერიტორიები უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა.

ზურაბ ავალიშვილი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ–ერთი მთავარი ავტორი (კონსტიტუცია დამტკიცებული იქნა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე).

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი–მარტი) შემდეგ ზურაბ ავალიშვილი პოლიტიკური ემიგრანტია. მოღვაწეობდა საფრანგეთსა (1921-1940 წწ.) და გერმანიაში (1940-1944 წწ.). 1922 წლის 6-12 იანვარს კანში ანტანტის უმაღლესი საბჭოს წევრი ქვეყნების შეკრებაზე ქართულმა დელეგაციამ, რომელშიც ზურაბ ავალიშვილიც შედიოდა, შეკრებას გადასცა საქართველოს მთავრობის ნოტა, რომლითაც საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასა და ერის სამართლიანი უფლებების აღდგენას მოითხოვდა.

დიპლომატიური საქმიანობის გარდა, ზურაბ ავალიშვილი აქტიურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. თანამშრომლობდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან, მონაწილეობდა ანტიბოლშევიკურ ერთა ლიგის შექმნასა და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის დაარსებაში (1942 წ.). 1941 წ. მიუნხენში მისი მონაწილეობით დაფუძნდა "ქართული სამოკავშირეო შტაბი", რომლის მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის ბატონობისგან. გარდა ამისა, იგი იყო მიუნხენის საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი. მონაწილეობდა ქართული დიასპორის ცხოვრებაში, პარიზში წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსებაში, ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით დაარსებული "სტუდენტთა საგანგებო კომიტეტის", "კავკასიის შემსწავლელი საზოგადოების", "ქართული სამეცნიერო წრის" საქმიანობაში. იყო პარიზის ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი.

ზურაბ ავალიშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენაში. იგი ექვთიმე თაყაიშვილსა და იოსებ ელიგულაშვილს მარსელში დახვდა მთავრობის საქმეთა რწმუნებულ ანდრია დეკანოზიშვილთან ერთად და განძის მარსელის ბანკში დაბინავებაში დაეხმარა.

1942 წლის აპრილში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისარმა გრაფმა შულენბურგმა ბერლინში მიიწვია ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლები და "ქართული პოლიტიკური კომიტეტის" შექმნა შესთავაზა. მიწვეულთა შორის იყო ზურაბ ავალიშვილიც. შულენბურგის გეგმის, კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადების ჩაშლის შემდეგ, მოღვაწეობდა 1943 წლის გაზაფხულზე მიხაკო წერეთლის ხელმძღვანელობით დაარსებულ "ქართულ ეროვნულ კომიტეტში". 1943 წლის ნოემბერში დაარსებულ სამხედრო ორგანიზაციაში "საკავშირო შტაბი" ძველი ემიგრაციიდან ზურაბ ავალიშვილიც შედიოდა და ტყვეთა გათავისუფლების კამპანიაშიც იღებდა მონაწილეობას.

ზურაბ ავალიშვილს ეკუთვნის ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოცემული რამდენიმე ფუნდამენტური გამოკვლევა საქართველოს ისტორიისა და ძველი ქართული მწერლობის საკითხებზე. აგრეთვე, უამრავი წერილი თუ შენიშვნა ქართულ ემიგრანტულ ჟურნალ–გაზეთებში. მისი ამ პერიოდის ნაშრომიდან აღსანიშნავია მონოგრაფიული გამოკვლევა: "ვეფხისტყაოსნის" საკითხები" (პარიზი, 1921 წ.), "თეიმურაზ I და მისი პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა" (პარიზი, 1938 წ.), "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში" (რუსულ ენაზე, პარიზი, 1924 წ.; თბილისი 1990 წ.), "ჯვაროსანთა დროიდან" (ოთხი საისტორიო ნარკვევი) (1929 წ.) და სხვა. 1933 წელს მიხეილ წერეთლის მიერ გერმანულ ენაზე თარგმნილ სულხან–საბა ორბელიანის წიგნს "სიბრძნე–სიცრუისა" უძღვის ზურაბ ავალიშვილის ვრცელი ისტორიულ–ლიტერატურული განხილვა. არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ 1944 წელს გერმანულ ენაზე გამოიცა მისი "საქართველოს ისტორია". სამწუხაროდ, ამ ნაშრომის კვალი ჯერ–ჯერობით მიკვლეული არ არის.

1940 წელს ზურაბ ავალიშვილი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა კონტინენტალური ევროპის კვლევა–ძიების ინსტიტუტში, რომელსაც ასევე ქართველი ემიგრანტი ალ. ნიკურაძე ხელმძღვანელობდა, ცოლად ჰყვდა ნორვეგიელი მაია ფოგტი. შთამომავლობა არ დარჩენია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ალ. ნიკურაძის ოჯახში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა. დაასაფლავეს ქალაქ შვანდორფში. მის საფლავს წლების მანძილზე პატრონობდა ალ. ნიკურაძის გერმანელი მეუღლე.

1993 წლის 22 მაისს ზურაბ ავალიშვილის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და 25 მაისს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

წყარო:

1. ზურაბ ავალიშვილი (1876-1944) // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.11-16.

2. ნადირაძე, ქეთევან. ზურაბ ავალიშვილი // დიდნი საქმენი. - თბ., 2011. - გვ.513-515.

3. ავალიშვილი ზურაბ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.10-12.

4. ლობჟანიძე, გივი. ზურაბ ავალიშვილი : (1876-1944) // ნარკვევები ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიიდან : [წ.]1 / გივი ლობჟანიძე. - ქუთაისი, 1998. - გვ. 389-400.


Share: