The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით მაჭავარიანი

დავით მაჭავარიანი
Other name:დათიკო  (Acronym)
Date of birth:1 May, 1892
Date of death:23 June, 1932  (at 40 years)
Burial location:სამხედრო სასაფლაო, ვილნიუსი, ლიტვა
Category:Military Person

Biography

კაპიტანი დავით (დათიკო) მაჭავარიანი ქართლელი მაჭავარიანების წარმომადგენელი იყო, წარმოშობით გორის რ–ის სოფელ ჯარიაშენიდან. დაიბადა თბილისში 1892 წლის 1 მაისს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1915 წლის 3 მაისს გაზ. "სახალხო ფრცლის" სურათებიან დამატებაში დაიბეჭდა მისი ფოტო წარწერით: "პოდპორ. დავით მაჭავარიანი (დაჭრილია)". დაჯილდოებული იყო "სალდათის" წმინდა გიორგის ჯვრით. ოფიცრებს "სალდათის" წმინდა გიორგის ჯვარს პირადი მამაცობის ან გმირობისათვის აძლევდნენ. I მსოფლიო ომის ბოლოს მინიჭებული ჰქონდა ცარისტული არმიის არტილერიის კაპიტნის სამხედრო წოდება.

1919 წელს დავით მაჭავარიანი ელენე სუხიაშვილზე დაქორწინდა და 1920 წლის 6 ნოემბერს ვაჟი – ნოდარი შეეძინათ.

1918 წლიდან დავით მაჭავარიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. იმავე წლიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის კაპიტანი. ჯერ კიდევ 1917 წელს იქნა არჩეული "საქართველოს მხედართა კავშირის" წევრად.

1918-1921 წწ–ში დათიკო მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებდა საქართველო თავისი საზღვრების და სახელმწიფოებრიობის დასაცავდ. 1919-1921 წწ–ში იყო თბილისის ქართული სამხედრო სკოლის (იგივე იუნკერთა სკოლის) სამწყობრო ნაწილის ნაცვალთა (უნტერ–ოფიცერთა) ათასეულის პირველი ასეულის უფროსი (ამის შესახებ თავის მოგონებებში "სამხედრო სკოლა" მიუთითებს სკოლის ყოფილი უფროსი, შემდგომში პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე).

1921 წელს დავით მაჭავარიანი იუნკერთა სკოლის ნაცვალთა ასეულს მეთაურობდა ტაბახმელასთან XI წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცნობები მათი თავგანწირული, გმირული ბრძოლის შესახებ შემონახულია იმდროინდელ ჟურნალ–გაზეთებში: "საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკა", "მხედარი".

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობა დათიკო მაჭავარიანმა ბათუმამდე გააცილა, თვითონ გემზე ასვლას არ აპირებდა. გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ეს რომ შეიტყო, გემიდან კატერი გამოუგზავნა: "მაჭავარიანი აქ მომგვარეთ, მაგას ხომ პირველივე დღეს დახვრეტენო!"

ემიგრაციაში დათიკო მაჭავარიანი პოლონეთში, ქალაქ ვილნოში (ვილნიუსი მაშინ პოლონეთს ეკუთვნოდა) ფრიად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობდა. ყველაფრის მიუხედავად, ცოლ–შვილის მოსანახულებლად ძალისხმევას არ იშურებდა და 1927 წელს გორკის ქალიშვილის დახმარებით ისინი მოსკოვში ნახა, თუმცა მათი წაყვანა ვერ მოახერხა.

1920-იანი წლების დამლევამდე დათიკო მაჭავარიანი მსახურობდა პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში. მიენიჭა ჯერ კაპიტნის, შემდეგ მაიორის წოდება. მიღებული ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო. პოლონეთის არმიაში მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები დაცულია პოლონეთის ეროვნულ არქივში.

1932 წლის 23 ივნისს ბრმანაწლავის ოპერაციის გაკეთებიდან მესამე დღეს დათიკო მაჭავარიანი გარდაიცვალა. ეს ამბავი ოჯახს წერილით აცნობა კონსტანტინე ტუღუშმა. დასაფლავებულია ვილნიუსის ცენტრში სამხედრო სასაფლაოზე, ლიტვის თავისუფლებისათვის დაცემულთა მემორიალის მახლობლად. მისი საფლავის კვარცხლბეკზე დგას შავი გრანიტის ჯვარი პოლონური ოქროსასოებიანი წარწერით: "დათიკო მაჭავარიანი, დაბადებული თბილისში 1-V-1892 საქართველოს თავისუფლებისათვის ომის მონაწილე კაპიტანი. 23 ივნისი 1932 წ."

მოგვიანებით საქართველოს საელჩომ ლიტვაში დათიკო მაჭავარიანის საფლავს ქართული წარწერაც გაუკეთა.

წყარო: 

1. მაჭავარიანი დავით. კაპიტანი დავით (დათიკო) მაჭავარიანი (1892-1932)//სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი (2012) ჭიათურა. ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი–ჭიათირა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი).–თბ.; ჭიათურა, 2012.–გვ. 45-48.


Share: