The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


შალვა ჯავრიშვილი

შალვა ჯავრიშვილი
Date of birth:1896
Date of death:1947  (at 51 years)
Category:Military Person

Biography

საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე შალვა ჯავრიშვილი 1896 წელს დაიბადა. იყო I მსოფლიო ომის მონაწილე. სწორედ იმ დროიდან იცნობდა იმხანად საკავალერიო დივიზიის ესკადრონის მეთაურს ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში (1918-1821 წწ.) შალვა ჯავრიშვილი იყო ეროვნული არმიის კავალერიის ოფიცერი და აქტიურად მონაწილეობდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში (სომხების და თურქი ასკერების წინააღმდეგ ბრძოლები, რუსეთ–საქართველოს 1921 წლის თებერვლის ომი).

ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921-1924 წლებში შალვა ჯავრიშვილი აქტიურად მონაწილეობდა პარტიზანულ ბრძოლაში ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. 1922 წელს ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილმა შექმნა თავისი "შეფიცულთა რაზმი", რომელიც დამკომს (დამოუკიდებლობის კომიტეტი) ექვემდებარებოდა. შალვა ჯავრიშვილი ამ ლეგენდალური რაზმის წევრი იყო შექმნის დღიდან და აქტიურად მონაწილეობდა ქაქუცას მიერ ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ წარმოებულ უკლებლივ ყველა სამხედრო ოპერაციაში (ხევსურეთის 1922 წლის აჯანყება, 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყება).

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ, სექტემბრის დამლევიდან შალვა ჯავრიშვილი, ქაქუცასთან და სხვა შეფიცულებთან ერთად იყო პოლიტიკური ემიგრანტი. 1942 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში, ხოლო 1942-1945 წლებში გერმანიაში, სადაც ასრულებდა "ქართული სამოკავშირეო შტაბის" დავალებებს. მისი უშუალო მონაწილეობით გერმანიის ტყვეთა ბანაკებიდან გათავისუფლდა რამდენიმე ასეული ქართველი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1930-იანი წლების დამდეგს, შალვა ჯავრიშვილი გახდა მემარჯვენე, ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის – ეროვნული ერთობის დარაზმულობა "თეთრი გიორგის" წევრი და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში. 

II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წელს, შალვა ჯავრიშვილი მოტყუებით, "ამინისტიის" პირობით, შემოიტყუეს საბჭოთა ხაფანგში. 1946 წელს გაასამართლეს და მიუსაჯეს 25 წლით გადასახლება. 1947 წელს გადასახლებაში ხელმეორედ გაასამართლეს და დახვრიტეს.

წყარო: ბარნოვი ანდრო. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული//სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი (2012 ჭიათურა). ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი–ჭიათურა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი).–თბ.; ჭიათურა, 2012.–გვ.26-27.

წყარო:

1. ბარნოვი, ანდროქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული // ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი-ჭიათურა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი) : პროგრამა და მასალების კრებული / სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლითავისადმი (2012, ჭიათურა). - თბ.; ჭიათურა, 2012. - გვ.26-27.


Share: