The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ნიკურაძე

ალექსანდრე ნიკურაძე
Other name:ალექსანდრე სანდერსი  (Pseudonym)
Date of birth:10 November, 1900
Date of death:13 June, 1981  (at 80 years)
Burial location:მიუნხენი, გერმანია
Category:Politician, Physicist

Biography

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ფიზიკოსი ალექსანდრე ილიას ძე ნიკურაძე დაიბადა სამტრედიაში, მრავალშვილიან ოჯახში. დედის, ელისაბედ გოგიას გარდაცვალების შემდეგ, მამა - ინჟინერი ილია ნიკურაძე ექვს შვილთან ერთად, მარტო დარჩა. მეორედ ნიფადორა გიორგაძეზე იქორწინა, რომელთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა... ქალბატონმა ნიფადორამ ცხრავე და–ძმას ღირსეული დედობა გაუწია. მათგან სამი შემდგომში ცნობილი პროფესორი გახდა: სილოვან ნიკურაძე – ქირურგი, ივანემ ჰიდრავლიკის დარგში მსოფლიოში მოიხვეჭა სახელი, ალექსანდრე ნიკურაძე კი დღემდე მყარი სხეულების ფიზიკის ერთ–ერთ ყველაზე სახელგანთქულ პროფესორად ითვლება.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1917 წ.), ალექსანდრე ნიკურაძე უფროს ძმასთან, ივანესთან ერთად ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1919 წელს ძმები საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიერ სასწავლებლად გაიგზავნენ გერმანიაში. 1921 წელს, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ალექსანდრე სამშობლოში აღარ დაბრუნდა. მოგვიანებით გერმანიის მოქალაქეობა მიიღო.

ალექსანდრე ნიკურაძე, როგორც ფიზიკოსი, აქტიურად იყო ჩაბმული გამოყენებადი ფიზიკის სფეროში. იკვლევდა დიელექტრულ მასალებს, მუშაობდა იონთა და ელექტრონთა თეორიებზე. უკვე 1928 წლიდან იბეჭდება სამეცნიერო გამოცემებში – "ფიზიკა", "ფიზიკური ქიმია", "ელექტროტექნიკა"... 1930-იანი წლებიდან მუშაობდა მიუნხენისა და ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებლებში პრივატ–დოცენტად, შემდეგ პროფესორად. 1934 წელს ბერლინში, გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი "თხევადი დიელექტრიკები", რომლის რუსული თარგმანი 1936 წელს მოსკოვში გამოიცა. მიუნხენში ხელმძღვანელობდა თავისივე დაარსებულ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს, სწავლობდა ნაწილაკებს (იონებს, ელექტონებს).

გაცილებით შთამბეჭდავია მისი პოლიტიკური საქმიანობა და გეოპოლიტიკური ნააზრევი. იგი იყო დირექტორი კონტინენტალური ევროპის კვლევა–ძიების ინსტიტუტისა მიუნხენში, სადაც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სერიოზული ანალიტიკური სამუშაო. ალექსანდრე ნიკურაძეს ლექციების წასაკითხად იწვევდნენ პარიზის, ვაშინგტონის, აახენის, ბერლინისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. ის იყო ქართულ–ევროპული ურთიერთობების ერთ–ერთი ყველაზე კომპეტენტური მკვლევარი. 1951 წლის სექტემბერში მან პარიზის ქართულ სათვისტომოში წაიკითხა მოხსენება "ზოგადი სურათები ქართულ–ევროპული წარსულიდან", რომელშიც გამოთქმულია ორიგინალური იდეები. ასევე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა – ევროინტეგრაციისა და "ევროპოლოგიის", როგორც სამეცნიერო ინტერდისციპლინარული დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. 1952 წლის 22-24 სექტემბერს საფრანგეთში, ქ. კომპიენთან ალექსანდრე ნიკურაძის ინიციატივით "ლა ბრევიერის" სასახლეში შედგა ევროპელ მეცნიერთა კონგრესი, რომელმაც მიიღო მისი წინადადება მცნება–ტერმინის "ევროპოლოგიის" შემოღების შესახებ. ევროპოლოგია გულისხმობდა ევროპულ მეცნიერებათა დარგების თავმოყრას და ერთ სწავლებად ჩამოყალიბებას. ალექსანდერე ნიკურაძე მიწვეული იყო ოქსფორდში გამართულ მეცნიერთა მსოფლიო კონგრესზეც.

ალექსანდრე ნიკურაძე ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში ("ბედი ქართლისა" და სხვ.). 1956 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოქვეყნდა მისი ნაშრომი "არგონავტების მითი". მაღალი მეცნიერული დონით გამოირჩევა მისი ნაშრომები გერმანულ ენაზე საქართველოს ისტორიაში, არქეოლოგიაში, არქიტექტურასა და სხვა დარგებში. მაგ: "ქართული არქიტექტურის საკითხისათვის შუა საუკუნეების ევროპულ აღმოსავლეთში", "სკანდინავიელები და ქართველები პონტო–ბალტიის სანაპიროზე", "დოქტორი ოტტო ფონ ვეზენდოკი, როგორც ქართველოლოგი", "დასავლეთ ევროპის რომანული არქიტექტურისა და ქართული არქიტექტურის პარალელების ახსნის ცდა", "დასავლეთ ევროპა და კავკასია პარალელების სახით", "სუმერთა პირვანდელი ადგილსამყოფელის საკითხისათვის (კავკასია შესაძლო პირველსამშობლოა სუმერთა ლითონის)" და სხვ.

ალექსანდრე ნიკურაძემ (Al. Sanders-ის ფსევდონიმით) გერმანულ ენაზე გამოსცა ხუთი წიგნი. მათ შორის აღსანიშნავია: "აღმოსავლეთ ევროპა", "კავკასია" "ოცნებითგან ვიდრე საქმემდე", რომლებშიც მოცემულია ძალიან საინტერესო დებულებანი, როგორც ევროინტეგრაციის იდეისათვის, ასევე საქართველოს ისტორიისთვის. "კავკასია" 1942 წელს გამოიცა. მასში კავკასიის პოლიტოლოგიური მიმოხილვაა ეთნოგრაფიული და ისტორიული კუთხით... აქვე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქართველები ინდო–ევროპელი და გერმანელების მონათესავე ხალხია. ამ თეორიას გრიგოლ რობაქიძეს მიაწერენ, მაგრამ ფაქტია, რომ ალექსანდრე ნიკურაძის წიგნში – "კავკასია" ეს ყველაფერი წერია. მან მშვენივრად იცოდა, ტყუილს რომ წერდა, მაგრამ ამით იგი ამზადებდა ნიადაგს, რომ თუკი ჰიტლერი საქართველოში შემოვიდოდა, იგი ქართველებს ისე უნდა მოპყრობოდა, როგორც თავის ნათესავებს. წიგნის მიხედვით გერმანელთა წინარექრისტიანული ღმერთის – ოდინის სამშობლო და სამოთხეც ამიერკავკასიაში, კერძოდ კი, საქართველოში ლოკალიზდება...

ალექსანდრე ნიკურაძე იყო საქართველოსა და კავკასიის გერმანელთა საშუალებით განთავისუფლების მთავარი იდეოლოგი (კავკასიური კონფედერაცია საქართველოს წამყვანი როლით და გერმანიის პროტექტორატით). აქტიურად იყო ჩაბმული ქართული სათვისტომოს ღონისძიებებში და ახლო კავშირები ჰქონდა გერმანიის სოციალისტურ–ნაციონალისტურ პარტიასთან. მეგობრობდა ალფრედ როზენბერგთან, რომელიც მის რჩევებს ენდობოდა. გერმანულ პოლიტიკურ ელიტასთან კონტაქტების წყალობით ალექსანდრე ნიკურაძემ არაერთი ქართველი გადაარჩინა ნაცისტების რისხვას, იგი აქტიურად იყო ჩართული ქართველ ემიგრანტთა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. ეხმარებოდა II მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანელთა ტყვეობაში ჩავარდნილ ქართველებს.

ალექსანდრე ნიკურაძე ოჯახს გვიან მოეკიდა. ცოლად გერმანელი ქალი – ჰილდე ჰერპიხი შეირთო. მათ ერთადერთ შვილს, ელისო (ელიზაბეტ) ნიკურაძეს ქართული ესმოდა, მაგარამ ქართულად არ საუბრობდა.

მეცნიერი 80 წლის ასაკში ქ. მიუნხენში გარდაიცვალა.

ალექსანდრე და ივანე ნიკურაძეების პირადი არქივი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

წყარო:

1. ნიკურაძე ალექსანდრე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.150-151. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

2. პარკაძე, ვ. პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძის მოღვაწეობა გერმანიაში / ვ. პარკაძე // მოგონებები ქართველ მეცნიერებზე / ვ. პარკაძე. - თბილისი, 1994. - ISBN 5-520-01198-2. - გვ. 121-124.


Share: