The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
Home  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
Texts are given in Georgian and English languages.


გიორგი დეკანოზიშვილი

გიორგი დეკანოზიშვილი
Date of birth:1868
Date of death:18 November, 1910  (at 42 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Engineer, Politician

Biography

გიორგი დეკანოზიშვილი 1868 წლის აგვისტოში დაიბადა ქ. პეტროვსკში, დღევანდელ მახაჩკალაში. პეტროვსოე 1844 წლიდან რუსული სამხედრო სიმაგრე იყო და 1857 წლიდან ჰქონდა მიღებული ქალაქის სტატუსი. გიორგის მამა, გაბრიელი, ოფიცერი გახლდათ და ხშირად უხდებოდა ცხოვრება რუსეთში. წარმოშობით ქართლის სოფელ რუისიდან იყო. არ ვიცით იმის გამო, რომ ვაჟიშვილი ეყოლა, თუ რაიმე სხვა მიზეზით, გაბრიელმა იმავე წელს იყიდა თბილისში პატარა სახლი, ნორაშენის ეკლესიის ახლოს, "ნოვოგიორგეივსკაიას პლოშჩადზე".

დაწყებითი განათლება გიორგი დეკანოზიშვილმა თბილისის რეალურ სასწავლებელში მიიღო. შემდეგ მამის სურვილით სწავლა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში გააგრძელა, მაგრამ სამხედრო კარიერა არ აინტერესებდა და პეტერბურგში გადავიდა, სადაც 1892 წელს წარჩინებით დაამთავრა სამთო ინსტიტუტი. პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს აქტიური წევრი იყო. სტუდენტობის წლებში დაარსა ქართველ და სომეხ სტუდენტთა კავშირი, რომელმაც გამოსცა და გაავრცელა რამოდენიმე ლიტერატურული კრებული. 1892 წელს გიორგი დეკანოზიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. 1895 წლამდე მუშაობდა ჭიათურის მარგანეცის მრეწველის ნ. ღოღობერიძის საბადოების გამგედ, ხოლო 1895-1897 წლებში ბაქოში, ნობელის ნავთის სარეწებზე. მან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა სპეციალისტმა. მისი გამოკვლევები მანგანუმის მრეწველობისა და მომავლის შესახებ ხშირად იბეჭდებოდა გაზეთებში. ინჟინრად მუშაობასთან ერთად მაშინვე ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1894-1895 წლების სეზონისთვის იგი ავჭალაში ქართული თეატრის შექმნის საქმეს ხელმძღვანელობდა. თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში". იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. გიორგი დეკანოზიშვილმა 1899-1900 წლებში იმოგზაურა ევროპაში. იყო ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში. სრულყო ევროპული ენების ცოდნა, გაეცნო ამ ქვეყნების სოციალურ– ეკონომიკურ მდგომარეობას.

1901 წელს გიორგი დეკანოზიშვილი თბილისში დაბრუნდა. ამავე წელს შეუერთდა "ცნობის ფურცელის" გარშემო შემოკრებილ სოციალ–ფედერალისტთა ჯგუფს და გახდა მისი ერთ–ერთი ლიდერი. პარტიული მიზნებით მან არჩილ ჯორჯაძესთან და ასოთამწყობ მიხეილ კიკნაძესთან ერთად იმოგზაურა ევროპაში. პარიზში ჩამოასხმევინა ქართული ასოები, რომელიც "პარიზულის" სახელითაა ცნობილი, მოაწყო სტამბა და შემოიკრიბა იქაური ქართველობა. არჩილ ჯორჯაძესთან ერთად მან შეძლო ფრანგ პოლიტიკურ მოღვაწეებთან კავშირის დამყარება და მათი დახმარებით 1903 წელს პარიზში გამოსცა გაზეთი "საქართველო", რომლის პარალელურმა ფრანგულმა გამოცემამ ევროპას ჩვენი ქვეყნის რეალური ისტორია გააცნო. ამით ქართველმა პოლიტიკოსებმა საქართველოს რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლების საკითხი პირველად გაიტანეს ევროპაში. გაზეთ "საქართველოს" ფრანგული ვარიანტის რედაქტორი იყო გიორგი დეკანოზიშვილის ფრანგი მეუღლე – ჰანრიეტა ფრენუა.

გიორგი დეკანოზიშვილმა ითავა არალეგალური გაზეთის საქართველოში ფარულად გამოგზავნა, ფულის შოვნა, წამომღების მონახვა, უცხოელ რევოლუციონერებთან დაკავშირება, მიწერ–მოწერა, გაჭირვებულ თანამემამულეთა პატრონობა... მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ევროპელ სოციალისტებთან და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან: გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი), ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხეილ თამარაშვილი და სხვ.

გიორგი დეკანოზიშვილი იყო ჟენევის 1904 წლის ქართველთა ინტერპარტიული კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი და მონაწილე. სწორედ ამ კონფერენციაზე შეიქმნა "ქართველ სოციალისტ–ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია".

გიორგი დეკანოზიშვილს რუსეთის იმპერია ერთ–ერთ საშიშ მტრად მიიჩნევდა, რომელმაც როგორც მაშინ აღნიშნავდნენ, იმპერიას "ზურგიდან ჩასცა მახვილი". ეს მახვილი კი ქართველი პატრიოტების მიერ 1905 წელს საქართველოში იარაღის შემოტანას უკავშირდებოდა, რომელიც გიორგი დეკანოზიშვილმა იაპონიის მთავრობის ფულით შეიძინა. იაპონიას რუსეთის იმპერიასთან თავისი ანგარიშები ჰქონდა, იმპერიაში შემავალ მცირე ერებს კი –თავისი. იაპონიის ხელისუფლება ცდილობდა, მოკავშირეები მოეძებნა რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ ხალხებში. იაპონელების დახმარებით პარიზში მოეწყო კონფერენცია, რომელსაც რვა პოლიტიკური პარტია ესწრებოდა, მათ შორის ქართველი სოციალ–ფედერალისტები – გიორგი დეკანოზიშვილი და ალექსანდრე გაბუნია, ასევე პოლონელები, ლიტველები, სომხები, ფინელები და რუსებიც ( სხვადასხვა პარტიიდან). გადაწყდა, რუსეთის იმპერიის მასშტაბით მოეწყოთ ერთიანი შეიარაღებული აჯანყება თვითმპყრობელური რეჟიმის წინააღმდეგ. იაპონიის მთავრობას უნდა დაეფინანსებინა რევოლუციონერებისა და პატრიოტების შეიარაღება. გამოიყო 1 000 000 იენი, რაც დიდი ფული იყო მაშინ. გიორგი დეკანოზიშვილს საქართველოს პატრიოტების შესაიარაღებლად გამოეყო 125 000 იენი. მალე დეკანოზიშვილისა და რამდენიმე ადამიანის მიერ შეძენილი იქნა იარაღი. პირველი პარტია გემ "ჯონ გრაფტონის" მეშვეობით ბალტიის ზღვაში გავიდა, იარაღის მცირე ნაწილი ფინელებმა მიიღეს, ნაწილი გემის დაზიანების გამო დაიკარგა, ნაწილი იარაღისა რუსეთის სპეცსამსახურებს ჩაუვარდათ ხელში. მეორე გემი "გარსია" რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა.

ასეთ დროს გიორგი დეკანოზიშვილმა ყველა ზომა მიიღო საიდუმლოს შენახვისთვის. მოახერხა შეესყიდა – 8 000 თოფი და მილიონზე მეტი ვაზნა. იაკობ ზუბალაშვილის დაფინანსებით შეიძინა გემი "სირიუსი". დაიქირავა კაპიტანი, ასევე ეკიპაჟი, რომლებმაც არ იცოდნენ რა გადაჰქონდათ. რუსეთის "ოხრანკამ" ვერაფრისდიდებით ვერ მოახერხა გაეგო  რა გზით და რომელი გემით წავიდოდა იმპერიაში იარაღი. ნოემბრის თვეში "სირიუსი" ფოთს მოადგა. გადმოტვირთვა გაძნელდა, გემს არ დახვდა საჭირო რაოდენობის ნავი, ამიტომ იარაღის ნაწილი ზღვაში ჩაყარეს, ნაწილი რუს ჯარისკაცებს ჩაუვარდა ხელში, მოხდა შეტაკებაც. იარაღის გარკვეული რაოდენობა მოსახლეობამ დაიტაცა. გიორგი დეკენოზიშვილის მიერ შესანიშნავად დაგეგმილი საქმე საქართველოში არც თუ კარგად დააგვირგვინეს. მაგრამ ეს მაინც მნიშვნელოვანი მოვლენა და ქართული საქმე იყო დამპყრობლების წინააღმდეგ მიმართული.

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ გიორგი დეკანოზიშვილი ემიგრაციაში წავიდა, ავადმყოფობის გამო აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა, გარდაიცვალა საფრანგეთის ქალაქ კანში. მას ძლიერ სურდა, რომ მისი სხეული ქართულ მიწას მიბარებოდა, ამიტომ თვითონ შეიმუშავა თავისი ცხედრის სამშობლოში კონსპირაციულად შემოტანის გეგმა. ეს გეგმა ზუსტად მოიყვანეს სისრულეში მისმა ახლობლებმა. 1910 წელს იგი საფრანგეთიდან მალულად ჩამოასვენეს და კუკიის სასაფლაოზე ისე დაკრძალეს, რომ მისმა მეგობრებმა ამის შესახებ მოგვიანებით გაიგეს.

1913 წელს მისმა ქვრივმა ჰანრიეტა ფრენუა–დეკანოზიშვილისამ შვილებთან – ტარიელსა და თინათინთან ერთად იმოგზაურა საქართველოში და თავისი შთაბეჭდილებები პარიზულ პრესაში გამოაქვეყნა.


Share: