The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივლიანე ხაინდრავა

ივლიანე ხაინდრავა
Date of birth:1873
Date of death:June, 1938  (at 65 years)
Burial location:ხარბინი, ჩინეთი
Category:Businessmen

Biography

ივლიანე ხაინდრავა 1873 წელს დაიბადა სენაკის მაზრის სოფელ ლეხაინდრაოში. ხაინდრავები ოდიშის აზნაურები იყვნენ. 17 წლისამ სწავლა დაიწყო ქუთაისის გიმნაზიაში. ამ დროს უკვე დაქორწინებული იყო და პატარა გოგონაც ჰყავდა. მაშინ ასეთი წესი იყო – ჯერ აოჯახებდნენ და მერე აგზავნიდნენ სასწავლებლად. მისი მეუღლე, ანჯაფარიძის ქალი სამწუხაროდ ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ქუთაისის გიმნაზიაში სწავლისას ივლიანე ხაინდრავა ანარქისტებს მიემხრო. გიმნაზისტებს დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად იატაკქვეშა ჯგუფი ჰქონდათ ჩამოყალიბებული, რომელშიც ივლიანე ხაინდრავაც გაწევრიანდა. აქ დაგეგმილი ერთ–ერთი აქციის დროს, ქუთაისის გენერალ–გუბერნატორი ააფეთქეს. ტერორისტულ აქტში მონაწილეობისათვის ივლიანე ხაინდრავას ოცდახუთწლიანი კატორღა მიესაჯა. სახალინზე ფეხით ჩაიყვანეს. 14 წელი გაატარა კატორღაში, ოსტორგში, შემდეგ გაასახლეს. რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ჩინეთში გადავიდა, შემდეგ კი - მანჯურიაში. ჩრდილო ჩინეთში, მანჯურიის ქალაქ ხარბინში იმპერიიდან გაქცეული და გადასახლებული სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, მათ შორის ქართველებიც, ცხოვრობდნენ. ჩინეთი თავისუფალი ქვეყანა იყო, ერთიანი ხელისუფლება არ მოქმედებდა...

ხარბინში ივლიანე ხაინდრავა დაუმეგობრდა გენერალ ხორვატს, რომელმაც გადასახლებულის სტატუსი მოუხსნა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების აკრძალვას ვერაფერი მოუხერხა. გენერლის რჩევით ქალაქში დარჩა, შეიძინა მიწები, ააშენა სახლები. ერთ ქუჩას კი – "გრუზინსკაია" უწოდა. შემდეგ გენერალ მაოჰის დაუახლოვდა, რომლის ხელშეწყობითაც იჯარით აიღი ტყეები. მანჯურიაში ნახშირი არ იყო, სათბობად ძირითადად შეშას იყენებდნენ, რომელსაც გემებით ეზიდებოდნენ, ტყის დამუშავებამ ხაინდრავა გაამდიდრა, რაც საშუალებას აძლევდა ქველმოქმედებისთვის მოეკიდა ხელი.

1908 წელს ივლიანე ხაინდრავას უშუალო მონაწილეობით ხარბინში დაარსდა ქართული სათვისტომო, რომლის პირველი და უცვლელი თავმჯდომარე გარდაცვალებამდე თვითონვე იყო. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით დაარსდა კლუბი, ბიბლიოთეკა, ქართული სკოლა, ურთიერთდამხმარე სალარო, რომელიც ახალჩასულებს მოწყობასა და სამსახურის შოვნაში ეხმარებოდა. ქართულენოვანი ბიბლიოთეკა გახსნა იმ მიზნით, რომ ბავშვები და მოზარდები მშობლიურ ენასა და მშობლიურ ფასეულობებს დაუფლებოდნენ და მათი მადლი შეეგრძნოთ, ამავე მიზნით ჩამოაყალიბა სხვადასხვა წრე.

ქართული სათვისტომო განთავსებული იყო "გრუზინსკაიას" ქუჩაზე, სადაც ივლიანეს თავმჯდომარის კაბინეტი ჰქონდა მოწყობილი, ხაინდრავების ოჯახი კი ცენტრალურ ქუჩაზე, "კიტაისკაიაზე" ცხოვრობდა, სამსართულიან საკუთარ სახლში, რომლის პირველ სართულსაც აქირავებდნენ, მდინარის ერთ–ერთ შენაკადს "ხაინდრავების შენაკადი" ერქვა. უცხოეთში არსებულ სათვისტომოებს შორის ყველაზე მტკიცე და მდიდარი ორგანიზაცია სწორედ ხარბინის ქართული საზოგადოება იყო. ხარბინელი ქართველები აღნიშნავდნენ შობა–ახალ წელს, ნინოობას, თამარობას, საქართველოს დამოუკიდბლობასა თუ სხვა დღესასწაულებსა დ ღირშესანიშნავ თარიღებს.

ივლიანე ხაინდრავა გვიან დაქორწინდა. მის ცოლს მარია კაჩანოვას მამა ლიტვურ სისხლნარევი რუსი ჰყავდა, დედა – პოლონელი. მარია რეპრესირებული ოჯახიდან გახლდათ. ოჯახთან ერთად ვილნოში (ვილნიუსი) ცხოვრობდა. ეს ტერიტორია მაშინ პოლონეთს ეკუთვნოდა, იქაურობა რუსებმა რომ დაიპყრეს კაჩანოვები გაიქცნენ და ხარბინში დასახლდნენ. ივლიანე ცოლზე 20 წლით უფროსი იყო. მარია უსიტყვო და მკაცრი ქალი იყო, სწორედ ხასიათის სიძლიერემ გადაატანინა თავსდამტყდარი ბევრი უბედურება (93 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა). ივლიანესა და მარიას ორი ვაჟი – ლევანი და ალექსანდრე შეეძინათ.

1916 წელს ივლიანე ხაინდრავა საქართველოში სხვა სახელითა და გვარით ჩამოვიდა და ახლადშერთული მეუღლე ოჯახს გააცნო, ხაინდრავების ოჯახში ინახება იმდროინდელი, ძალიან საინტერესო ფოტოები, შემდეგ ჩინეთში დაბრუნდნენ და თან წაიყვანეს ივლიანეს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან – ლიდა ხაინდრავა.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სათვისტომოს კავშირი არ გაუწყვეტია ევროპაში, აზიასა და ამერიკაში არსებული ქართული ემიგრაციის სხვა სათვისტომოებთან. ხარბინელი ქართველები საკმაოდ შეძლებულნი იყვნენ, ამიტომ გამგეობა ფულით ეხმარებოდა საფრანგეთში საქართველოს ლტოლვილი მთავრობის ლეგაციას. სათვისტომო ეხმარებოდა ქართული კულტურის ცენტრებს სხვა ქვეყნებშიც.

"მანჯურიელ ქართველთა" შორის ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ბიზნესმენი ივლიანე ხაინდრავა იყო. 1926 წელს იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ივლიანე სათავეში ჩაუდგა ფონდს, რომელიც დაზარალებულებს ძალიან დაეხმარა. ამ საქმეში მისი წვლილი იმდენად დიდი იყო, რომ იაპონიის იმპერატორ ხიროხიტოს უმაღლესი ჯილდო – "მზის ორდენი" მიიღო.

ივლიანე ხაინდრავა 30 წელი ხელმძღვანელობდა ხარბინის ქართულ კოლონიას. ამ ხნის განმავლობაში მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ხარბინში არაერთი საზოგადოებრივი და კულტურული დაწესებულება დაარსდა. წარმატებული მრეწველი და საზოგადო მოღვაწე, ურომლისოდაც არ ჩატარებულა არცერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება. ქველმოქმედი და მეცენატი, ქართველთა ქომაგი შორეულ აღმოსავლეთში, შესანიშნავი პიროვნება – ასე ახასიათებდნენ მას თანამედროვენი. კეთილი საქმეებითა და ქველმოქმედებით ივლიანე ხაინდრავამ დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა არამარტო ქართველთა, არამედ ხარბინის მრავალეროვან მაცხოვრებელთა შორის. მის აზრს ანგარიშს უწევდნენ როგორც ჩინეთის, ასევე იაპონიის ადმინისტრაციაშიც. ივლიანე რამდენიმე სათვისტომოს საპატიო წევრი იყო: ებრაელების, რუსების, ჩერქეზების... მიუხედავდ იმისა, რომ თითქმის მთელი სიცოცხლე სამშობლოდან შორს იმყოფებოდა, თავისი ცხოვრების წესითა და გულით ის დიდი ქართველი იყო. სწორედ მამის წყალობით "დაავადნენ" შვილები საქართველოთი, მიუხედავად დიდი რისკისა, სამშობლოში დაბრუნდნენ და ახლა მისი შთამომავლები საქართველოს მოქალაქეები არიან.

1938 წელს ივლიანე ხაინდრავას უფროსმა ვაჟმა, ლევანმა შანხაიში ფრანგული უნივერსიტეტი "ავრორა" დაამთავრა, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების სიხარული ივნისში მამის გარდაცვალებამ დაჩრდილა. ივლიანე ხაინდრავას გარდაცვალებას გამოეხმაურა თითქმის მთელი ადგილობრივი პრესა, როგორც რუსული და პოლონური, ასევე ჩინური და იაპონური. ერთი წლის თავზე სათვისტომომ პანაშვიდი გადაუხადა დილით წმ. სოფიას მართლმადიდებლურ ტაძარში, საღამოს – სასაფლაოზე. ხარბინის რუსულ გაზეთ "ზარიაში" დაიბეჭდა გამგეობის წერილი "პატრიოტის ხსოვნა" და განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებისათვის სათვისტომო აწესებდა ივლიანე ხაინდრავას სახელობის სტიპენდიას, რითაც უკვდავყოფილი იქნებოდა მისი ხსოვნა და გაგრძელდებოდა მისი საქვემოქმედო საქმიანობა. სამწუხაროდ, ხარბინის ქართული სათვისტომოს კეთილშობილური გადაწყვეტილება, მატერიალურად დახმარებოდა ქართველ ახალგაზრდებს, დიდხანს არ გაგრძელებულა. 1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ხარბინელი ქართველები ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ომმა დააჩქარა ხაინდრავების ოჯახის დაბრუნება სამშობლოში. 1947 წელს საქართველოში დედასთან ერთად ჩამოვიდა ლევანი, რომელიც მალევე გაასახლეს ყაზახეთში, საიდანაც თბილისში მხოლოდ 1955 წელს დაბრუნდა (გადასახლებაში თან გაჰყვნენ დედა და მეუღლე ორი წლის ვაჟიშვილთან ერთად). 1955 წელს საქართველოში ჩამოვიდა ალექსანდრე, რომელიც, საბედნიეროდ, გადაურჩა რეპრესიებს.

ხარბინი და ქართველ ემიგრანტთა ცხოვრება რელიეფურადაა აღწერილი ივლიანეს უფროსო ვაჟის, მწერალ ლევან ხაინდრავას მოთხრობებსა და რომანებში – "მამისეული სახლი", "მოჯადოებული შორეთი", "კვამლი ჰორიზონტზე" და სხვა.

ლევან ხაინდრავას ძალიან აწუხებდა, რომ მამის საფლავი დაკარგა. მისმა ვაჟმა, რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ 1995 წელს ჩინეთში ყოფნისას მოინახულა ხარბინი და მამას ვიდეოზე გადაღებული ფირი ჩამოუტანა. ფირზე აღბეჭდილი იყო ივლიანე ხაინდრავას საფლავი და ლევანისათვის ასე ნაცნობი და მშობლიური ხარბინის ღირშესანისნავი ადგილები.

წყარო:

1. აფხაიძე, თინათინქართული ემიგრაციის ფურცლები - "ივლიანე ხაინდრავა" / თინათინ აფხაიძე ; წარმოადგინა პროფ. ნინო გომართელმა // საისტორიო ვერტიკალები. - თბილისი, 2012. - ISSN 1512 4959. - [ტ.] 24. - გვ.264-266. - რეზ. ინგლ. ენ.. - ლიტ-რა გვ.26.

2.  დაუშვილი, რუსუდანქველმოქმედი, მეცენატი და ქართველთა ქომაგი შორეულ აღმოსავლეთში / რუსუდან დაუშვილი // სამეგრელო. - თბილისი, 2012. - ISSN 1987-8524. - 1 ოქტომბერი-1 ნოემბერი. - N11. - გვ.9-10.


Share: