The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ივანეს ძე თუხარელი

გიორგი ივანეს ძე თუხარელი
Other name:ტუხია
ჟორა  (Acronym)
Date of birth:22 August, 1908
Date of death:1942  (at 33 years)
Category:Engineer

Biography

თუხარელთა გვარი სამცხიდან მოდის და IX საუკუნის ციხე-ქალაქ თუხარისს უკავშირდება. XVI ს-ში, სამცხიდან დევნილი თუხარელთა გვარის წარმომადგენლები შიდა ქართლში დამკვიდრდნენ, ხოლო XVII ს-ში გვარი ორ - თეძმისა და საკორინთლოს შტოდ გაიყო.

გიორგი თუხარელი (ჟორა, ტუხია) თეძმის შტოს ჩამომავალი იყო. დაიბადა 1908 წლის 25 აგვისტოს, თბილისში, რკინიგზის ინჟინრის ოჯახში. მამა - ივანე გიორგის ძე თუხარელი (1877-1967)  გახლდათ "სტატსკი სოვეტნიკის" გიორგი ანდრიას ძე თუხარელის უფროსი ვაჟი, დედა – ანა შენგელია (1882- 1962) კი თბილისელი შეძლებული მეწარმის, მიხეილ გრიგოლის ძე შენგელიას ქალიშვილი.

პირველ საშუალო სკოლაში სწავლისას, გიორგი თუხარელი ჩაბმულია ქართულ სპორტულ ორგანიზაციაში – "შევარდენი" და ფეხბურთის ნაკრების წევრია. სწავლობდა ფრანგულ ენას. ძალიან უყვარდა საგვარეულო მამულში, მეტეხში საზაფხულო არდადეგების გატარება. 1925 წელს სკოლა დაამთავრა და 1926-1928 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებდა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე თუმცა უშედეგოდ. 1924 წლის აჯანყების შემდეგ თავადაზნაურთა ოჯახებიდან სტუდენტების მიღება ძალზე გამკაცრებული იყო და გიორგი უნივერსიტეტში არ ჩარიცხეს. არსებულმა ვითარებამ და სწავლის გაგრძელების სურვილმა აიძულა სამშობლო დაეტოვებინა. 1928 წლის 17 ნოემბერს მეგობრებთან (ოთარ ჩიჯავაძე, ოთარ ჯავახიშვილი, სტანკო მამულაშვილი) ერთად გიორგი ახალციხის მხრიდან თურქეთში მალულად გადავიდა. 1929 წლის თებერვალში კი მეგობრები მარსელში გაემგზავრნენ ფრანგული გემით "ტადლა".

პარიზში გიორგი თუხარელი აქტიურად ჩაება ქართული ემიგრაციის კულტურულ, პოლიტიკურ და სპორტულ ცხოვრებაში. 1930 წელს ის გახდა შოთა ნიკოლაძისა და მედეა ღამბაშიძის თაოსნობით დაარსებული სპორტული საზოგადოების "შევარდენის" ფეხბურთელთა ნაკრების და 1931 წელს შალვა ნებიერიძის მიერ დაარსებული ქართული თეატრალური დასის წევრი. მონაწილეობდა სპექტაკლებში და დრამატული საზოგადოების მიერ გამართულ საღამოებში. იყო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრი.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს (1929-1933 წწ.) გიორგი თუხარელი ელექტროინჟინრის სპაციალობას დაეუფლა და მუშაობდა ერთ–ერთ ფრანგულ საინჟინრო კომპანიაში. კომპანიამ 1937 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენის ელექტროფიცირებაზე კონტრაქტი მოიპოვა. ამ კონტრაქტით გიორგი თუხარელი ინგლისის პავილიონის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა და სამშობლოში დაბრუნების იმედს არ კარგავდა. თუმცა ეს იმედი განუხორციელებელ ოცნებად იქცა.

1937 წელს საფრანგეთის მთავრობამ ქართველ ემიგრანტებს საფრანგეთის ქვეშევრდომობა შესთავაზა, რაზეც გიორგი თუხარელმა უარი განაცხადა. 1938 წლის 7 აგვისტოს გამოგზავნილ წერილში მშობლებს სწერდა: "მე ეხლა მოლაპარაკება მაქვს ეგების სადმე უცხოეთში წავიდე სამხედრო სკოლაში. მირჩევნია იქ ვიყო ოფიცრად ვინემ საფრანგეთში ჯარისკაცად". როგორც ჩანს, მას მოლაპარაკებები ჰქონდა მიხეილ კედიასთან, რომელიც ქართველ ემიგრანტებს გერმანიის სამხედრო სასწავლებლებში სწავლას სთავაზობდა. გიორგი შტუტგარდის სამხედრო სკოლაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ოჯახთან კავშირი გაწყდა...

საბჭოთა კავშირში აგორებულ რეპრესიებს ვერც თუხარელთა ოჯახი გადაურჩა: 1937 წელს დახვრიტეს გენერლები გიორგი ალექსანდრეს ძე და გიორგი სიმონის ძე თუხარელები. დააპატიმრეს და გადაასახლეს გიორგი თუხარელის ბიძა ნიკოლოზ გიორგის ძე და ბიძაშვილი მიხეილ სიმონის ძე. თუხარელთა მცირერიცხოვანი გვარისათვის ეს დიდი ტრაგედია იყო. გიორგის მამა, ივანე თუხარელი გადაურჩა დახვრეტა-გადასახლებას, თუმცა სამსახურიდან დაითხოვეს. 

II მსოფლიო ომის დაწყებამ ქართული ემიგრაცია ორ ბანაკად გაჰყო – ნაწილი ანტიგერმანულ ბანაკში აღმოჩნდა, ნაწილი კი საქართველოს განთავისუფლებას გერმანიის გამარჯვებას უკავშირებდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისრის, გრაფი შულემბურგის გეგმით გერმანიის კავკასიაში შესვლისთანავე საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ქართული სამხედრო ნაწილები, გერმანულ ჯართან ერთად, წესრიგსა და საზღვრებს დაიცავდნენ, შემდეგ კი მომავალი არმიის ბირთვი გახდებოდნენ. ეს ამბავი საქართველოშიც უნდა შეეტყოთ. ამ მიზნით შტეტინში მიულერმა მოამზადა ქართველ მედესანტეთა ჯგუფი (შოთა თაქთაქიშვილი, ალექსანდრე სულხანიშვილი, გიორგი თუხარელი, ფაშალიშვილი და სხვა). საჰაერო–სადესანტო ნაწილს "თამარ პირველი" ეწოდა. მათ წვრთნიდნენ, როგორც პარტიზანულ რაზმს - ასწავლიდნენ აფთიაქში ნაყიდი წამლებით ბომბების დამზადებას, კავშირგაბმულობას, რუკების კითხვას, ორიენტირებას და ა.შ.  მასში 17 კაცი იყო გაერთიანებული და მათი უმრავლესობა 1942 წელს საქართველოში დესანტის ჩასმის შემდეგ დაიღუპა. 

დესანტი გერმანელებმა საქართველოს რამდენიმე რაიონში (ჭიათურის რ–ნი, ქვემო სვანეთი, ამბროლაურის და ონის რაიონები, გურია, კახეთი) 1942 წლის სექტემბერში გადმოსვეს. დესანტი ოთხ ჯგუფად იყო დაყოფილი, გიორგი თუხარელი მე-4 ჯგუფში ირიცხებოდა. ეს ჯგუფი აფხაზეთ–სამეგრელოში – გალისა და წალენჯიხის რაიონებში მოხვდა. გამანადგურებელმა ბატალიონებმა დესანტის წევრები მალევე შეიპყრეს. გიორგი თუხარელი, ფრანც ეგერი და გრიგოლ მიროტაძე ცოცხლად არ დანებდნენ და ისინი 10 სექტემბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარზენთან დახვრიტეს. შეპყრობილთაგან გაიგეს დაღუპულთა ვინაობა.

ივანე თუხარელმა 1942 წელსვე შეიტყო შვილის დახვრეტის ამბავი, იგი დაიბარეს უშიშროების კომიტეტში და ხელი თბილისიდან გაუსვლელობაზე მოაწერინეს. ივანემ ეს ტრაგედია არ გაანდო თავის მეუღლეს. ანა თუხარელს სიკვდილამდე სწამდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო და რომელიღაც ქვეყანაში ცხოვრობდა. ივანე თუხარელი მეუღლის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1967 წელს გარდაიცვალა. 

გიორგი თუხარელის ცხოვრება ისე დასრულდა, რომ ოჯახი და მემკვიდრე არ დარჩენია. მისი ძმის, დიმიტრის თუხარელის შთამომავალები თბილისში ცხოვრობენ.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_თუხარელი_(ინჟინერი)

2. https://www.kvirispalitra.ge/.../12757-giorgi-thukhareli-qparashutisttha-saqmeq.html?...

3. თუხარელი გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1. - თბ., 2012. - გვ.102-103

4. გიორგი მამულია, მეორე მსოფლიო ომში ქართული ლეგიონის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის,- თბ., 2007



Share: