The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ილია გრუზინოვი

Date of birth:1781
Date of death:1813  (at 32 years)
Burial location:ბარუნის მონასტერი, ვილენის პროვინცია, ლიტვა
Category:Medical Doctor

Biography

ადრეული რუსული სამედიცინო მეცნიერების ერთ–ერთი უნიჭიერესი მოღვაწე ილია გრუზინოვი დაიბადა რუსეთში, მღვდლის ოჯახში. ეკუთვნის იმერელ აზნაურ რომანოზ ნამჩევაძის შთამომავლობას, რომელიც რუსეთში ჩასულა დაახლოებით 1728 წელს. დასახლებულა სტანიცა სტაროჩერკასში, სადაც მისმა უფროსმა ვაჟმა იოსებმა ცოლად შეირთო კაზაკის ქალი გვარად აფანასიევა, რომლისგანაც შეეძინა ხუთი ვაჟი: ევგრაფი, პეტრე, რომანი, ათანასე და ნიკოლოზი. ისინი გრუზინოვების გვარით შევიდნენ რუსეთის იმპერიაში.

ილია გრუზინოვი თავდაპირველად სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 1797 წელს ჩააბარა და 1801 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1804 წელს პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემია. იმავე წელს ლათინურ ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე "გალვანიზმი და მისი გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში". მალე მას, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას, ანატომიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად გზავნიან საზღვარგარეთ (გერმანია–ინგლისი–საფრანგეთი). რუსეთში 1809 წელს ბრუნდება და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე იწყებს მუშაობას ანატომიის ადიუნქტ–პროფესორად. 1811 წლიდან ანატომიის კათედრის ორდინალური პროფესორია. კითხულობდა ლექციებს ანატომიაში, ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში, სასამართლო მედიცინასა და კლინიკურ საგნებში.

1812 წელს, რუსეთის სამამულო ომის დროს ილია გრუზინოვი მოხალისედ წავიდა არმიაში. მოსკოვის ლაშქრის კორპუსის ექიმი იყო და სახელი გაითქვა უშალოდ ბრძოლის ველზე ჩატარებული რთული ოპერაციებით.

ილია გრუზინოვის შრომები ანატომიის, ფიზიოლოგიისა და სასამართლო მედიცინის სფეროში ახალი სიტყვა იყო თავისი დროის რუსეთის მეცნიერებაში. მან შეისწავლა ადამანსა და ცხოველში ხმის წარმოშობის მექანიზმი, რისთვისაც ერთ–ერთმა პირველმა ჩაატარა ცდები ადამიანის გვამზე. მოსკოვის უნივერსიტეტის ანატომიის მუზეუმი გაამდიდრა ანატომიური პრეპარატებით, მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის თვალის მაკროპრეპარატი.

ილია გრუზინოვმა მთავარი აღმოჩენა გააკეთა ბოროდინოს ველზე დაღუპული ჯარისკაცების გვამების შესწავლისას. მან შეამჩნია, რომ ტრაქეის მემბრანულ კედლებში ჩაბერვისას წარმოიშობა ბგერის იოგებისგან დამოუკიდებელი ხმიანობა, რომელიც ცხოველების ხმებს მოგვაგონებს და ადამიანის სხეულს შეუძლია, წარმოშვას ხმები თვით ბგერის იოგების არარსებობის დროსაც კი. "ადამიანის ბგერა იბადება მკერდში, სასუნთქი ყელის (ტრაქეის) ქვედა ბოლოებში..."  – წერდა ილია გრუზინოვი თავის დღიურებში. მეცნიერის მიერ ამოხსნილი საიდუმლო კიდევ უფრო განავითარა თეოდორ შალიაპინმა. მომღერალმა გააცნობიერა ბგერის გამოცემის მემბრანულ–ტრაქეული მექანიზმი, რომელიც არ მოითხოვს ფიზიკურ ძალისხმევას. დამტკიცდა, რომ ბგერის ძალა არ არის დამოკიდებული სუნთქვის ძალაზე. წამოყენებული იქნა ჰიპოთეზა ბრონქიალური მინიმიზაციისა და ღრმა სუნთქვის მავნებლობის გათვალისწინებით. ე. ი. ბგერა წარმოიშობა არა ყელიდან, არამედ – მკერდიდან და ბგერის წარმოშობაზე გავლენას ახდენს სწორად დაყენებული სუნთქვა. ილია გრუზინოვის დასკვნები მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეტყველების წარმოშობის ნიუანსების შესამეცნებლად, დიდი მომღერლების საიდუმლოთა ამოსაცნობად და სიმღერის სწავლის მეთოდების დასამუშავებლად.

ილია გრუზინოვი გარდაიცვალა ტიფით 1813 წლის 12 იანვარს. დაკრძალულია ვილენის გუბერნიის ბარუნის მონასტერში.

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბილია გრუზინოვი (1781-1813) : ცნობილი რუსი ანატომი და ფიზიოლოგი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - xგვ.55.

2. ქორჩილავა, ჯუმბერილია გრუზინოვი (1781-1813) // საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2010 წელი : [2 ნაწილად]. ნაწ. 1 / ჯ. ქორჩილავა. - თბ., 2010. - გვ. 18.


Share: