The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ გარსევანოვი

ნიკოლოზ გარსევანოვი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ გარსევანიშვილი
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1879
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1950  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი, რუსეთი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

1973 წელს, მშენებელ სპეციალისტთა და მეცნიერთა მრავალრიცხოვანმა დარბაზმა ფეხზე წამოდგომითა და მხურვალე ოვაციით მხარდაჭერა გამოუცხადა გრუნტების მექანიკისა და საძირკველმშენებლობის მე-8 საერთაშორისო კონგრესის გადაწყვეტილებას – ნიკოლოზ გარსევანიშვილის (გერსევანოვის) სახელი ეტარებინა მსოფლიოში უდიდეს მოსკოვის ფუძეებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს.

ნიკოლოზ გერსევანოვი გარსევანიშვილთა უძველესი გვარის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. გარსევანიშვილების ფეოდალური საგვარეულო განსაკუთრებით დაწინაურდა ქართლის სამეფო კარზე XVIII ს–ში. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები იყვნენ ვახტანგ VI–ის შვილების – ვახუშტი, ბაქარ და გიორგი ბაგრატიონების აღმზრდელ–მასწავლებლები. იესე იყო სამეფო კარისა და ოქონის ხატის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი. ძმები 1724 წელს ვახტანგ VI–ეს გაჰყვნენ რუსეთში და საბოლოოდ იქ ჩარჩნენ. მათმა შთამომავლობამ მიიღო გერსევანოვის გვარი. განსაკუთრებული დამსახურებისათვის რუსეთის მთავრობამ მათ მამულები მისცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში.

მომავალი მეცნიერი დაიბადა 1879 წელს თბილისში, პეტერბურგიდან დროებით გადმოყვანილი კავკასიის სამოქალაქო ნაგებობებისა და გზატკეცილების მშენებლობათა მთავარი ინჟინრის, შემდგომში პეტერბურგის გზათა მიმოსვლის ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ გარსევანიშვილის ოჯახში. პეტერბურგში დაბრუნებულმა უმაღლესი განათლება მამის ინსტიტუტში მიიღო. 1901 წელს ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ მამის ფრთას არ ამოფარებია და საინჟინრო დონის ამაღლების დამოუკიდებელი გზა აირჩია. ორი წელი მუშაობდა რკინიგზის მშენებლობაზე, შემდეგ 14 წელი – პეტერბურგის, ნარვისა და კრონშტადტის პორტების გაფართოებაზე. პრაქტიკულ  მოღვაწეობასთან ერთად საზღვაო ჰიდროტექნიკის შესახებ ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის საზღვაო–საინჟინრო აკადემიაში, 1907 წლიდან – პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. არის გრუნტების მექანიკის საბჭოთა სკოლის ფუძემდებელი და ავტორი მრავალი ნაშრომისა გრუნტების მექანიკისა და გამოყენებითი მათემატიკის დარგში.

ნიკოლოზ გერსევანოვი 1911 წლიდან ანვითარებდა საძირკველმშენებლობის სრულყოფის იდეას, რომელიც განპირობებული იყო ფუძისა და ნაგებობების ერთობლივი დეფორმატიულობის დადგენის პრიორიტეტით. 1913 წელს დააპროექტა და ააშენა პეტერბურგის პორტის რკინა–ბეტონის ხიდი, რისთვისაც მან შეიმუშავა ხიმინჯებზე კონსტრუქციის გაანგარიშების მეთოდი, რომელმაც მაშინვე ჰპოვა პრაქტიკული გამოყენება პორტების მშენებლობაში. ასევე მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1914 წელს აშენებული დროებითი არხის მეშვეობით პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ ბლოკირებული უდიდესი რუსული ჯავშნოსანი "სლავა" გარდაუვალ ტყვეობას გადაურჩა.

ოქტომბრის შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ ნიკოლოზ გარსევანიშვილი პეტერბურგიდან გადმოიყვანეს მოსკოვის გზათა საინჟინრო ინსტიტუტში საპორტო მშენებლობის კათედრის გამგედ, კითხულობდა ლექციების კურსს: "პორტები, დრეკადობის თეორია და გრუნტის მექანიკა". 1923 წლიდან მოსკოვის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტის პროფესორი იყო, 1931 წლიდან – ნაგებობათა ფუძეების საკავშირო ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი და სამხედრო–სატრანსპორტო აკადემიის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრის უფროსი. სწორედ ამ დროიდან თავის ირგვლივ შემოკრებილი თანამოაზრე კოლეგებისა და სპეციალისტების მხარდაჭერით კათედრა იქცა უმსხვილეს საკავშირო სამეცნიერო კვლევით ცენტრად, რომელსაც ეწოდა "ფუძეებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა ინსტიტუტი". სიცოცხლის ბოლომდე მისი უცვლელი რექტორი იყო თავად ბატონი ნიკოლოზი.

ნიკოლოზ გარსევანიშვილი უშუალო ხელმძღვანელობას უწევდა ისეთ დიდ მშენებლობებს, როგორიც იყო მოსკოვის მეტრო, ყრილობათა სასახლე, მოსკოვ–ვოლგის არხი, მრავალი სამრეწველო და ჰიდროტექნიკური ობიექტები, მთელი რიგი სამხედრო–თავდაცვითი და ნავსადგურთა მშენებლობანი. მისი გადაწყვეტილებით ხდებოდა ყველა იმდროინდელი მნიშვნელოვანი შენობა–ნაგებობის ფუნდირება. 1928 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ფოთის პორტის რეკონსტრუქციაში, ასევე შავი ზღვისპირა რკინიგზის (სოხუმი–გაგრის მონაკვეთი) მშენებლობაში.

ნიკოლოზ გარსევანიშვილის აღმოჩენები, ფორმულები, თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები, ასევე, პრაქტიკული დასკვნები მსოფლიო ტექნიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი შენძენია და იგი წარმატებით გამოიყენება დღესაც. მეცნიერი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესებში: მილანში - 1905 წელს, პეტერბურგში – 1908 წელს და ქაიროში – 1926 წელს. 1905 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ბრიუსელში დაფუძნებული საერთაშორისო სანაოსნო კონგრესების ასოციაციის მუდმივი წევრი.

ნიკოლოზ გარსევანიშვილი ცდილობდა, კავშირი არ გაეწყვიტა თავის ისტორიულ სამშობლოსთან. თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის შტატიან თანამშრომელთა შორის 1921 წელს, როგორც ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კურსის ლექტორი, გარსევანიშვილიც ირიცხებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1939 წელს იგი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერების აკადემიის წევრ–კორესპონდენტად. ამავე წელს მან კონსულტაცია გაუწია ფოთის გასახსნელ ხიდებს და თავისი დასკვნები გააცნო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო–ტექნიკურ საბჭოს, 1942 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ნიკო მუსხელიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში ბატონი ნიკოლოზი იმედოვნებდა, რომ თბილისში ქართველ კოლეგებთან სამუშაოდ გადმოვიდოდა და ქართულ ენასაც აღიდგენდა, მაგრამ მის ამ ნატვრას ახდენა არ ეწერა. დიდ სამამულო ომში გამარჯვებას მისი დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდებოდა. 

ნიკოლოზ გარსევანიშვილი გარდაიცვალა მოსკოვში 1950 წელს.

წყარო:

1. მახვილაძე, ნოდარნიკოლოზ გარსევანიშვილი (გარსევანოვი) (1879-1950) // მათემატიკური მეცნიერების განვითარება საქართველოში უძვედესი დროიდან 21-ე საუკუნემდე / ნოდარ მახვილაძე, ჯონდო შარიქაძე, დავიტ გიორგიძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6118-7. - გვ. 261-262.


გააზიარე: