The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი გაგნიძე

გიორგი გაგნიძე
Date of birth:9 August, 1970  (53 years)
Category:Singer

Biography

"ის არამარტო დაიბადა რიგოლეტოსათვის, არამედ თვით რიგოლეტოა!" – აღფრთოვანებით უთქვამს გიორგი გაგნიძის შესახებ ცნობილ ტენორს ხოსე კარერასს. ესპანელმა ვარსკვლავმა მსოფლიოში სახელი სწორედ ვერდის ოპერებით გაითქვა და ამიტომ მისი ასეთი მაღალი შეფასება უამრავ სხვა შეფასებასთან შედარებით, გიორგისთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

გიორგი სულიკოს ძე გაგნიძე 1970 წლის 9 აგვისტოს დაიბადა თბილისში. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში გაუმართლა და თამაზ ლაფერაშვილის კლასში მოხვდა, სწორედ ბატონი თამაზის რეკომენდაციით შედგა 1994 წელს მესამე კურსის სტუდენტის დებიუტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ამის შემდეგ თითქმის ათი წლის მანძილზე ასრულებდა წამყვან პარტიებს თბილისის ოპერაში. აქ იმღერა ვერდის "ტრავიატა", "ბალ–მასკარადი", ბიზეს "კარმენი", ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", ასევე ქართული ოპერები – "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე"... იმ წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯანსუღ კახიძეა. გიორგი მაესტროს ერთ–ერთი ფავორიტი იყო. მისთვის ბატონი ჯანო სრულიად გამორჩეული პიროვნება იყო, ამბობს, რომ ეს იყო უდიდესი ადამიანი და უზარმაზარი როლი შეასრულა ქართული კულტურის განვითარებაში, რაც აუცილებლად უნდა დაუფასონ მომდევნო თაობებმა. "მუშაობა უყვარდა სიგიჟემდე, თავისი საქმის ფანატიკოსი იყო და თუ ატყობდა, რომ შენც ასევე იყავი, მაშინ გიჟდებოდა შენზეც". გიორგი ჯანო კახიძეს უმადლის საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რამაც მისი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა და უდიდესი წარმატება მოუტანა. "ბატონი ჯანო მეტყოდა ხოლმე: რატომ არ უნდა წახვიდე? შენ უნდა წახვიდე უცხოეთში, რომ ჩვენ გვასახელო. საამისოდ ყველა მონაცემი გაქვს. ვისმენ იქაურ ბარიტონებს და ვიცი. ამიტომ შენ უნდა გახვიდე აქედან!"

თბილისის ოპერიდან 2003 წელს, ჯანო კახიძის გარდაცვალებისთანავე წავიდა. მოტივაცია ასეთი იყო: საერთაშორისო მნიშვნელობის კარიერა. მანამდე რამდენიმე საერთაშორისო კონკურსში წარმატება ჰქონდა მოპოვებული, რაც საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებაში ძალიან დაეხმარა. ელენე ობრაზცოვას სახელობის საერთაშორისო კონკურსზე სანკტ–პეტერბურგში მეორე ადგილი აიღო, ევროპიდან ჩამოსულ პროდიუსერებს ძალიან მოეწონათ და არაერთი შემოთავაზება ჰქონდა... შემდეგ გერმანიაში ერთ–ერთ კონკურსში, გაიმარჯვა და ვაიმარის ეროვნულმა თეატრმა ხელშეკრულება დაუდო. 2003-2005 წლებში წამყვან პარტიებს ასრულებდა გერმანიის სხვადასხვა საოპერო თეატრებში, შემდეგ სხვა ქვეყნებშიც მიიწვიეს. 

საერთაშორისო აღიარება იტალიაში ქალაქ ბუსეტოში 2005 წელს გამართულმა "ვერდის ხმების" ფესტივალმა მოუტანა. ჟიურის თავმჯდომარე ხოსე კარერასი იყო. ამ კონკურსში მონაწილეობას გიორგი ასე იხსენებს: "დიდი მასშტაბის კონკურსია, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიან, პირველ ტურში უნდა მემღერა ორი არია, მეორე ტურშიც – ორი და მერე უკვე დასკვნითი, მესამე ტური იყო მათთვის, ვინც პირველ ორს დაძლევდა. სრულდებოდა მარტო ვერდის არიები, სულ – ხუთი, მე არ მომიწია ამ ხუთივეს შესრულება. როგორც წესი, პირველ არიას როცა ასრულებ, გეუბნებიან: "გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ!" "კარგად ბრძანდებოდეთ" ნიშნავს, რომ შემდეგ ტურში ვერ გახვედი, თუ მარტო "მადლობას" გეუნბებიან, ეს ნიშნავს, რომ საქმე კარგად არის, პირველი ტურის მერე მე მარტო "მადლობა" მითხრეს და, შესაბამისად, გავედი მეორე ტურში. იქ თვითონ ხოსე კარერასი მოვიდა ჩემთან გაცნობის მიზნით. საერთოდ, ძალიან იშვიათად ხდება, რომ შემსრულებელთან ასე ახლოს მივიდეს ჟიურის თავმჯდომარე. წესების მიხედვით ეს დაუშვებელიც კია, მაგრამ კარერასმა მითხრა, ძალიამ ამაღელვებელი იყო "ბალ–მასკარადში" შენი შესრულებული რენატოს არია და ვერ მოვითმინე, მოვედი და გილოცავო! მე, რა თქმა უნდა, გავამაყდი და უფრო მეტი ენერგიით გავედი სცენაზე მეორე ტურში, იქ კარერასმა უკვე წერტილი დაუსვა ყველაფერს: ეს მომღერალი ნამდვილად ხდება პირველი ადგილის მფლობელი თავისი მონაცემებით – ხმის თბილი ტემბრით, ასევე სიძლიერითა და სამსახიობო განხორციელებითო, ასე, რომ ორი არიით გავიმარჯვე იმ საერთაშორისო კონკურში, სადაც ხუთი უნდა მემღერა".

გამარჯვებულისათვის პრიზი იყო "ტოსკასა" და "ტრავიატას" გასტროლები ტოკიოში, რასაც მაესტრო ლორინ მააზელი ხელმძღვანელობდა. გიორგი ხოსე კარერასის ფავორიტი იყო და მან, რა თქმა უნდა, დადებითად წარადგინა მააზელის წინაშე. "ორი ადამიანია უცხოეთში, ვინ ჩემს კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როგორც საქართველოში მყავდა მფარველი ანგელოსის სახით ჯანო კახიძე, ასევე იყვნენ ჩემთვის ხოსე კარერასი და ლორინ მააზელი საზღვარგარეთ". – აღნიშნავს გიორგი. მააზელს გიორგი თავიდანვე მოეწონა და განაცხადა: "დღეს ძალიან ძნელია, ასეთი მომღერალი იპოვო და, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ზოგჯერ, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერც გაიცნოო..." ამის შემდეგ, მააზელი, თუ სადმე სერიოზულ პროდუქციას უშვებს, ყველგან გიორგის იწვევს. მის მიერ ვალენსიის საოპერო თეატრში დადგმულ სპექტაკლებში, სადაც კი ბარიტონის მთვარი პარტიაა, ყველგან გიორგი მონაწილეობს. სწორედ ამ თეატრში შეასრულა პირველად სიმონ ბოკანგერას როლი. მისივე მიწვევით იმღერა ნიუ–იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან Harman Hall-ში, სადაც საკონცერტო შესრულებით "ტოსკა" გავიდა. გიორგის გამოსვლას დიდი გამოხმაურება და რეკლამა მოჰყვა. ამ კონცერტს ესწრებოდა პიტერ გელბი, მეტროპოლიტენ ოპერის გენერალური მენეჯერი, რომელმაც იმ დღესვე მიიწვია გიორგი მეტროპოლიტენში სამღერლად. 2007 წელს შედგა გიორგის დებიუტი "ლა სკალაში". მან შეასრულა ჟერმონის პარტია "ტრავიატაში". სპექტაკლს ლორინ მააზელი დირიჟორობდა. ერთობლივი გამოსვლა ჰქონდათ 2008 წელს "რიგოლეტოთი" მეტროპოლიტენში. "პრინციპში მან გამიკვლია გზა მეტროპოლიტენის, ლა სკალასა და მსოფლიოს დანარჩენი წამყვანი საოპერო სცენებისკენ". – ამბობს გიორგი. ამ სცენებზე სეზონზე ხანდახან ორი სპექტაკლით ბრუნდება. თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს ნამღერი: საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, ჩინეთი... რეპერტუარი 2017 წლამდე დაგეგმილი და თითქმის სულად შევსებული აქვს.

რვა წელია რაც გიორგი გაგნიძე მსოფლიოს წამყვან საპერო თეატრებში მღერის, "მეტროპოლიტენ ოპერაში" სეზონის გახსნაც მოუხდა 2009 წელს. სპექტაკლ "ტოსკას" დირიჟორობდა ცნობილი დირიჟორი ჟეიმს ლივაინი. მეტად წარმატებული პრემიერა იყო. პირდაპირი ეთერის მეშვეობით ტელევიზიით 46 ქვეყანაში გადაიცა. ნიუ–იორკში, მანჰეტენზე დამონტაჟებული იყო უზარმაზარი ეკრანი... პრესაში სპექტაკლს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგის შესახებ დაიწერა "ნიუ–იორკ თაიმსსა" და ევროპის სხვადასვა ჟურნალ–გაზეთებში... გიორგი სკარპიას პარტიას მღეროდა. ამ სპექტაკლს მღელვარებით იხსენებს: "ეს ჩემს კარიერაში იყო ძალიან დიდი მიღწევა, ვერ ვიჯერებდი, იმასაც ვერ ვიჯერებდი თეატრის წინ, დიდ სარეკლამო ეკრანზე ჩემს თავს რომ ვხედავდი, ყველა მომღერალს ენატრება Met-ის სცენაზე სიმღერა, ამის უკან ძალიან დიდი შრომა დგას, დიდია კონკურენცია, Met-ის სცენაზე დამკვიდრებაც რთულია, კიდევ უფრო რთული კრიტიკისა და მაყურებლის სიმპატიის მოპოვებაა, წარმოიდგინეთ, როგორ მენდო მაესტრო ლორინ მააზელი. "Met"-ში, როდესაც პირველად მომისმინა ჯეიმს ლივაინმა, გაოცდა, ხელები ჩამოიიღო სადირიჟორო პულტიდან და მეუბნება: Excellent George! და ზუსტად იგივე ფრაზები გაიმეორა, რაც მითხრა ალესანდრო ამორეტიმ: თქვენ გაქვთ პირველი ხარისხის ბარიტონი, მე ყველანაირად ვეცდები ხელი შეგიწყოთ კარიერაშიო! ჯეიმს ლიავაინმა გარდა იმისა, რომ შემაქო, მერე ისიც მკითხა: ასეთი ულამაზესი ხმა გაქვს, ლამაზი ხმის ფერი, ძალიან ძლიერი და უნიკალური ტექნიკა, სად სწავლობდიო? მე თბილისის კონსერვატორიის გარდა არსად არ მისწავლია, ეს ყველაფერი ქართული ვოკალური სკოლის დამსახურებაა, ამიტომაც მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პედაგოგებს – ვიქტორია ჩაპლინსკაიას, ასევე კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში კონცერტმაისტერებს მარინა ბერიძეს, ნანა ასკურავას, ასევე ჩემი პედაგოგები იყვნენ გიზი ხელაშვილი, თამარ ლაფერაშვილი. მათ, ყველას, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო!"

2012 წლის 6 ნოემბერს გიორგი გაგნიძემ ლა სკალაში ჟილბერტ დეფლოს კლასიკურ რეჟისურაზე ახალგაზრდა ვენეციელი დირიჟორის გუსტავო დუდამელის ხელმძღვანელობით "რიგოლეტო" იმღერა. ამ სპექტაკლმა 2012 წლის Grammy აიღო. გიორგი ორმაგად ბედნიერი იყო, რადგან მასთან ერთად მთავარ პარტიას ქართველი მეცო–სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ასრულებდა.

გიორგის ოჯახი, მეუღლე მაია გოგოლაძე და ორი შვილი გერმანიაში ცხოვრობენ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, გიორგი საქართველოშიც ახერხებს ხოლმე ჩამოსვლას და საოპერო სპექტაკლებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობას. გიორგის აზრით, ქართველები უნიჭიერესი ხალხია: "ხელოვნების ბევრი დარგისადმი გვაქვს მიდრეკილება, განსაკუთრებით კი – სიმღერისადმი. პედაგოგებიც არაჩვეულებრივი გვყავს. ოპერის დამწყებ მომღერლებს ვურჩებ, რაც შეიძლება მეტ კონკურსსა და ფესტივალში მიიღონ მონაწილეობა. ეს არამარტო მათი წარმოჩენისათვის არის აუცილებელი, არამედ ამ დროს რეპერტუარიც უფრო მრავალფეროვანი ხდება და შესაბამისად, იზრდები და იხვეწები, როგორც პროფესიონალი".

წყარო:

1. www.radiotavisupleba.ge/a/24816870.html 

2. blogs.voanews.com/georgian/georgianamerica/.../თვით-რიგოლეტო-გიორგი-/

3. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბილისი, 2015. – გვ. 91.


Share: