The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლეო ბოკერია (ადამიანი ლეგენდა, წლის ადამიანი-2005, ბავშვობის რაინდი, თანამედროვეობის გამოჩენილი კარდიოქირურგი, წლის ადამიანი-2010)

ლეო ბოკერია
Date of birth:22 December, 1939  (84 years)
Category:Medical Doctor

Biography

ცნობილი მეცნიერი, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი კარდიოქირურგი, აკადემიკოსი ლეო ანტონის ძე ბოკერია 1939 წლის 22 დეკემბერს ოჩამჩირეში დაიბადა. მისი მშობლები ფოთელები იყვნენ, მაგრამ ლეოს უფროს დას მალარია სჭირდა და ექიმების რჩევით აფხაზეთში, ოჩამჩირეში გადასახლდნენ. სამი წლისას მამა გარდაეცვალა. მარტოდ დარჩენილ დედას გულმა მშობლიური კუთხისკენ გაუწია და სამ შვილთან ერთად (ლეოს ორი უფროსი და ჰყავს) ფოთში დაბრუნდა. 

ბავშვობის წლებს სიამოვნებით იგონებს: "ფოთში, ჩვენს ქუჩაზე, 31 სახლი იდგა. ბევრ ოჯახში მამები ომიდან არ დაბრუნებულან, მაგრამ თითქმის ყველა ოჯახში ბიჭი იზრდებოდა. ძირითადად, ქუჩაში ვიყავით. კარგი მეგობრები მყავდა. ვინც ცოცხალი დავრჩით, ახლაც ძმებივით ვართ. ფეხბურთსა და ჭადრაკს ვთამაშობდით. კალათბურთიც მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე არ მყოფნიდა და არც სხვა მონაცემები მიწყობდა ხელს, მაინც ვთამაშობდი. ყოველდღე ზღვაზე დავდიოდით... ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის საბანაო სეზონი ადრე გაზაფხულზე იწყებოდა... დღესაც ყველაზე მეტად ძმაკაცებთან ყოფნა მენატრება".

ფოთის რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსზე იყო, როდესაც ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე შევიდა. ორ წელიწადში დაამთავრა და ისეთი წარმატებით, რომ შესთავაზეს, სამედიცინო ინსტიტუტის ნაცვლად ინგლისური ენის სწავლა გაეგრძელებინა. არ დათანხმდა. მედიცინის სიყვარული უკვე ძვალ–რბილში ჰქონდა გამჯდარი. ინსტიტუტი 1965 წელს დაამთავრა და ასპირანტურაში ჩააბარა. 1968 წელს ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–მუშაკად დაიწყო მუშაობა და საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა. 1973 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და პროფესორის წოდება მიიღო. 1977-93 წლებში გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო დარგში, 1993 წელს რუსეთის სამედიცინო მეცნიერების აკადემიის კარდიოქირურგიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა. 1994 წლიდან ხელმძღვანელობს ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრს.

ლეო ბოკერია ხშირად და საკმაოდ წარმატებულად იყენებდა ექსპერიმენტულ მეთოდებს მედიცინაში. ინგლისური ენის ცოდნა ძალიან გამოადგა. სამეცნიერო მუშაობის დასაწყისში ძალიან დააინტერესა თემამ, რომელზეც მსოფლიოში სულ ორი ნაშრომი იყო გამოქვეყნებული, ბიბლიოთეკაში წაიკითხა ინგლისურად. ჯერ საკანდიდატო გააკეთა, მერე სადოქტორო, მოგვიანებით კი ლენინური პრემია მიიღო. ეს არის ე. წ. ჰიპერბარიული ოსიგენაციის (ძალიან მაღალი წნევის ჟანგბადით მოქმედება ბავშვებზე, რომელთაც აქვთ ე. წ. ლურჯი, თანდაყოლილი მანკი) მეთოდით ოპერაციის ჩატარება. ოპერაციის დროს ბაროკამერაში ჟანგბადის დონე მატულობდა, ბავშვებს სილურჯე გასდიოდათ და ოპერაცია წარმატებით ატარებდნენ. ქირურგმა სპეციალურ ბაროკამერაში ასეულობით ოპერაცია გააკეთა. ამ მოწყობილობაში იმ ადამიანებს უმკურნალა, რომლებიც ჩვეულებრივ წნევას ვერ გაუძლებდნენ. ბაროკამერაში შექმნილი პირობები კი წყალში 25 მეტრის სიღრმის მონაცემებს უახლოვდება. მერე არითმიამ დააინტერესა. ჯგუფმა, რომელშიც ლეო ბოკერიას გარდა მისი ასპირანტი ამირან რევიშვილი და ორი კაუნასელი ექიმი იყვნენ სახელმწიფო პრემია მიიღო. გულზე 6 ათასზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული, მათგან ბევრი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ის იყო პირველი, ვინც მანამდე უიმედო პაციენტებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო, მის სახელს უკავშირდება რუსეთში 10 წლის წინ დაწყებული აქცია "Прикоснись к сердцу ребенка", რომლის ფარგლებში 14 ათას ბავშვს გულზე ოპერაცია გაუკეთდა.

ლეო ბოკერია არითმიის ქირურგიის ერთ–ერთი ფუძმდებელია. მისმა ნაშრომებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და იგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა, ესენია: ამერიკის ქირურგთა ასოციაცია, ევროპის გულის და გულ–სისხლძარღვთა ქირურგების საზოგადოება, მონაკოს საერთაშორისო კადიოლოგიური ცენტრი, სერბეთის მეცნიერებათა აკადემია. ამის გარდა არის საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის რეგულარული საერთაშორისო კონფერენციების ფაკულტეტის წევრი. 1998 წელს მან მიიღო ქირურგიულ იერარქიაში ყველაზე მაღალი ტიტული – ამერიკის ქირურგთა კოლეჯის საპატიო წევრობა. საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად არაერთხელ გამგზავრებულა უცხოეთში და გაუკეთებია პირველი წარმატებული ოპერაცია. თვლის, რომ თუ ადამიანს რამის მიღწევა უნდა, მთავარია შრომა, შრომა და შრომა.

ლეო ბოკერია ეკუთვნის 150 პატენტი გამოგონებაში. გამოაქვეყნა 1000-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 100-ზე მეტი უცხოეთში.

მიუხედავად ასეთი წარმატებული კარიერისა, ლეო ბოკერია ამბობს, რომ მისთვის პირველ ადგილზე ოჯახი დგას, ჰყავს ორი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი – ორი ბიჭი და ორი გოგო. მეუღლე ოლღა ალექსანდრეს ასული ბოკერია ეროვნებით რუსია, ერთად სწავლობდნენ ინსტიტუტში და სწავლის დასრულების შემდეგ დაქორწინდნენ. ქალიშვილები – ოლღა და ეკატერინე ექიმები არიან. სწუხს, რომ შვილებმა ქართული არ იციან: "შინ რუსულად ვლაპარაკობთ და ამიტომ. ჩემი უმცროსი ქალიშვილი 29 წლისა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახდა და ეს მეამაყება. მე 33 წლის ვიყავი, ეს ხარისხი რომ მივიღე. უკვე შვილთაშვილებიც მყავს, ერთი უნდა ნახოთ, რა ხდება, ჩვენთან რომ მოდიან წიწილები (შვილები და შვილიშვილები)".

საქართველო არასოდეს ავიწყდება. ქართულ ტრადიციებსაც პატივს სცემს. "დედაჩემი რომ გარდაიცვალა ფოთიდან ოჩამჩირეში გადავასვენე და მამის გვერდით დავასაფლავე. იქვე ზღვის პირას პატარა სახლი ავაშენე, მოსკოვში ლენინის პროსპექტზე ვცხოვრობ. ოთხი საათი მჭირდებოდა ბაბუშერაში ჩასასვლელად, პარასკევს ოჩამჩირეში ჩავდიოდი და კვირა საღამოს მოსკოვში ვბრუნდებოდი. 1992 წლის შემდეგ აღარ ჩავსულვარ, მშობლების საფლავზე მისვლა მენატრებოდა, ამიტომ ორი წელია, რაც მშობლები მოსკოვში გადმოვასვენე და რადგანაც ოჩამჩირეში ვეღარ ჩავდიოდი, ფოთში ავიშენე სახლი".

საქართველოზე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს, ცდილობს სამშობლოში შეძლებისამებრ ხშირად ჩამოვიდეს. არა აქვს მნიშვნელობა ეს სამუშაო ვიზიტია თუ ახლობლებთან სტუმრობა, "ფოთში რომ ჩავდივარ, უსათუოდ უნდა მოვიარო ის ქუჩები, სადაც გავიზარდე. ზღვაშიც სწორედ იმ ადგილას უნდა ვიბანაო, სადაც ბავშვობისას, პალიასტომზეც დავდივარ ხოლმე სათევზაოდ".

მშობლიური მხარეც სიყვარულით პასუხობს, არის თბილისისა და ფოთის საპატიო მოქალაქე. საქართველოს ეკლესიამ მიანიჭა "მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს მეოთხე ხარისხის ორდენი" (2007), სახელმწიფოსგან კი ჯილდოდ "ღირსების ორდენი" მიიღო.

ლეო ბოკერია 1986 წლიდან სახელმწიფო პრემიის ლაურეატია, 1994 წლიდან – რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მუშააკი.

წყარო:

1. ლეო ბოკერია - თანამედროვეობის გამოჩენილი კარდიოქირურგი // ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2013. - ოქტომბერი. - N10(39). - გვ.32-33. - ცნობილი ქართველები

Member of Organizations

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2011-)

Awards and Honors

  • 2010 - მე-4 ხარისხის ორდენი
    სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის
  • 2009 - საპატიო სამედიცინო ნიშანი "წითელი ჯვარი", ჯანმრთელობის დაცვის განვითარებაში
  • 2008 - წმინდა დანიელის ორდენი
  • 2007 - "ათწლეულის მეცნიერი"
  • 2007 - ორდენი "მსოფლიოს კეთილი ანგელოზი"
  • 2006 - პეტრე დიდის ორდენი
  • 2005 - ევროპის მედალი "Avicena"
  • 2005 - ნ. ი. პიროგოვის ორდენი
  • 2004 - მე-2 ხარისხის ორდენი
    სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის
  • 2004 - პრემია "ტრიუმფი"
  • 2003 - საერთაშორისო პრემია "ოქროს ჰიპოკრატე", მსოფლიოს საუკეთესო კარდიოქირურგი
  • 2002 - სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • 2000 - ათწლეულის ადამიანი, მედიცინა
  • 1999 - მე-3 ხარისხის ორდენი
    სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის
  • 1986 - სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • 1976 - ლენინური პრემია

Share: