The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კირილე ბაგრატიონი

კირილე ბაგრატიონი
Date of birth:1750
Date of death:19 April, 1828  (at 78 years)
Burial location:დონის მონასტერი, მოსკოვი
Category:Military Person

Biography

სამეფო გვარის წარმომადგენელი, რუსეთის არმიის გენერალ–მაიორი, საიდუმლო მრჩეველი და სენატორი კირილე ბაგრატიონი ალექსანდრე იესეს ძის ვაჟია. იგი მამის კვალს გაჰყვა და 17 წლის ასაკში, 1767 წელს, ფსკოვის კარაბინერთა პოლკში შევიდა ვახმისტრად. ამ პოლკთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ–თურქეთის 1768-1774 წლების ომში. 1771 წელს ადიუდანტობა მიიღო და თურქი ტყვეები გადაიყვანა პერეკოპოდან კოზლოვში. მონაწილეობდა ყარსთან ბრძოლებსა და ბაზარჯიკის აღებაში. 1774 წელს განსაკუთრებულ რაზმთან ერთად იცავდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზას შუმლსა და სილისტრს შორის. საომარ მოქედებაში თავდადებული, აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გამოუცხადეს და ომის დამთავრებისთანავე კაპიტნის ჩინი უბოძეს. 1776-1777 წლებში ყირიმში იყო სამხედრო ნაწილთან ერთად და მონაწილეობას იღებდა აჯანყებული თათრების დამშვიდებაში. ყირიმში თავისი ერთგული და ზომიერი მოქმედებებით ადგილობრივი ხალხის პატივისცემა და ნდობა დაიმსახურა, რითაც მეფის მთავრობის წარმომადგენლები კმაყოფილნი დარჩნენ. ამიტომ იყო, რომ ყირიმის თათრების დამშვიდების შემდეგ, მურზების თხოვნით, იგი იმპერატრიცა ეკატერინე II კარზე გაგზავნეს, როგორც დამორჩილებულ თათართა სანდო წარმომადგენელი. 1786 წელს კირილე ბაგრატიონი უკვე პოდპოლკოვნიკი იყო. ამ ჩინით შეხვდა იგი 1789 წელს დაწყებულ რუსეთ–თურქეთის საომარ მოქმედებებს. მონაწილეობდა ადოჟიბენის ციხე–სიმაგრისა და ქალაქ ბენდერის აღებაში. 1792 წელს, პოლონეთში რუსეთის ჯარის შესვლამდე, გენერალ დერფელდენის მოწინავე კორპუსს ხელმძღვანელობდა. 1793 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. 1795 წელს გადაიყვანეს ჩუგუევის კაზაკთა რეგულარულ პოლკში. ამ პოლკთან ერთად მონაწილეობდა სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში და თავისი ერთგულებითა და გაბედულებით ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო. 1797 წლიდან უკვე გენერალ–მაიორია და მარიუპოლის პოლკის უფროსად ინიშნება. ამ პერიოდში ხშირად უჩიოდა ჯანმრთელობას. 1800 წელს, 50 წლის ასაკში, ავადმყოფობის მიზეზით სამსახურიდან გადადგა.

კირილე ბაგრატიონმა რუსეთის არმიაში 37 წელი გაატარა. იმპერიისადმი თავდადებითა და წესიერებით კარგი სახელი მოიპოვა ხელმძღვანელობაში. ამიტომაც იყო, რომ სამხედრო სამსახურიდან გადადგომისთანავე საიდუმლო მრჩევლის წოდება მიიღო. ესწრებოდა სენატის სხდომებს მოსკოვის დეპარტამენტში, მალევე მეექვსე დეპარტამენტში გადაიყვანეს და ბელორუსიის გუბერნიის შემოწმება დაავალეს. ამ თანამდებობაზე რამდენიმე წელი დაჰყო. 1805 წლიდან სენატის მეშვიდე დეპარტამენტშია, სადაც მცირეოდენი შესვენებებით ესწრებოდა სენატის სხდომებს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე. გარდაიცვალა მოსკოვში, 78 წლის ასაკში, 1828 წელს. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.

კირილე ბაგრატიონის პირველი მეუღლე იყო ვარვარა ალექსის ასული ხოვანსკაია, ეყოლათ ორი ვაჟი – ალექსანდრე და ალექსი. მეორედ იქორწინა ალექანდრა ივანეს ასულ გოლიკოვაზე, რომელთანაც ჰყავდა შვილები - ნატალია, ანა, დარია, პეტრე.

წყარო:

გონიკაშვილიმიხეილკირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი (1750-1828)  // ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში / მიხეილ გონიკაშვილი. - თბილისი, 1986. - გვ. 288-289.


Share: