The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონი

დიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონი
Date of birth:13 June, 1863
Date of death:21 October, 1919  (at 56 years)
Burial location:ნიკოლსკის სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანკტ–პეტერბურგი
Category:Military Person

Biography

თავადი დიმიტრი ბაგრატიონი ბაგრატიონ–მუხრანელების შტოს წარმომადგენელია. დაიბადა 1863 წლის 13 ივნისს პოლტავის გუბერნიაში. იგი კირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონის შვილთაშვილია. მამამისი – პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი 1854 წელს დაქორწინდა ელისაბედ პავლეს ასულ როძიანკოზე. ეყოლათ ხუთი შვილი: ალექსანდრე (1861), დიმიტრი (1863), ნინა (1864), ელისაბედი (1865), ვერა (1872).

დიმიტრიმაც სხვა ბაგრატიონთა მსგავსად სამხედრო კარიერა აირჩია. დაამთავრა პოლოცკის სამხედრო გიმნაზია (1880) და ნიკოლოზის საკავალერიო სკოლა (1882). ამავე წელს დაინიშნა ვლადიმირის 38-ე დრაგუნთა პოლკში. ოფიცერთა საკავალერიო სკოლის დამთავრების შემდეგ  ჩარიცხეს ამ სკოლის ოფიცერთა მუდმივ შემადგენლობაში ( 1897–1914). თავდაპირველად ცხენოსნობას ასწავლიდა (1897–1998). შემდეგ რამდენჯერმე დაწინაურდა. 1902 წლიდან გახდა  სკოლის ოფიცერთა განყოფილების უფროსი, ხოლო 1909 წლიდან  სკოლის უფროსის თანაშემწე.

სამხედრო სამსახურთან ერთად დიმიტრი ბაგრატიონი ეწეოდა სამეცნიერო მუშაობასაც. ჯერ კიდევ 1901 წელს თავის მამიდაშვილთან ალექსანდრე ვოიცეხოვიჩთან ერთად თარგმნა და გამოსცა ჯეიმს ფილისის „ცხენის ხედნისა და ცხენოსნობის საფუძვლები“. ამ წიგნმა რამდენიმე გამოცემას გაუძლო და  რუს კავალერისტ ოფიცერთა სამაგიდო სახელმძღვანელო გახდა.

1901 წელს გამოიცა დიმიტრი ბაგრატიონის მიერ არქივის მასალების საფუძველზე დაწერილი „ვლადიმირის პოლკის ისტორია“. 1906–1914 წლებში იგი რედაქტორობდა  ჟურნალს «Вестник русской конницы». პრესაში ხშირად იბეჭდებოდა სამხედრო პრობლემებისადმი მიძღვნილი მისი სტატიები. გარდა ამისა იყო სახელმწიფო ცხენსაშენის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრი (25.05.1913-23.08.1914).

დიმიტრი ბაგრატიონმა 1882 წელს მიიღო კორნეტის ჩინი, შემდეგ ყველა საფეხური გაიარა და 1916 წლის 12 ივლისს გენერალ–ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.

პირველ მსოფლიო ომში მეთაურობდა კავკასიის  აბორიგენთა ცხენოსანი დივიზიის პირველ ბრიგადას (23.08.1914-20.02.1916). 1916 წლის 20 თებერვლიდან ამავე დივიზიის  (ცნობილია „ველური დივიზიის“ სახელით) უფროსად დაინიშნა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გენერალი ბაგრატიონი, როგორც ძველი რეჟიმის მომხრე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან (1917.15 04). ჩაირიცხა რეზერვში, მაგრამ, უკვე, 1917 წლის 30 ივნისს, ახლად დანიშნულ მთავარსარდალ ბრუსილოვის ბრძანებით კვლავ ჩააბარეს „ველური დივიზიის“ უფროსის პოსტი.

1917 წლის სექტემბრიდან დიმიტრი ბაგრატიონი ისევ რეზერვშია, ხოლო, 1918 წლის დეკემბრიდან მას წითელარმიელთა რიგებში ვხედავთ. 1919 წლიდან გენერალს მიანდეს ამავე  არმიის უმაღლესი კავალერიის სკოლის ხელმძღვანელობა.

დიმიტრი ბაგრატიონს წარჩინებული სამსახურისთვის მიღებული აქვს წმ. ანას, წმ.  ვლადიმირის, წმ. სტანისლავისა და სხვ. ორდენები და ჯილდოები.

დიმიტრი პეტრეს ძე დაქორწინებული იყო ვერა მიხეილის ასულ ზახარინაზე. ჰყავდათ ერთი ქალიშვილი – ევგენია, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა. ნაადრევად, 23 წლისა გარდაიცვალა. მემკვიდრე არც დიმიტრის და–ძმას დარჩენია. ძმა - გენერალ–მაიორი ალექსანდრე  ბაგრატიონი 1920 წელს დახვრიტა ბოლშევიკურმა ”ტროიკამ” ყირიმში. 1991 წელს, ნიუ–იორკში გამოიცა ერთ–ერთი დის, ელისაბედის, მოგონებები, რომელიც დაწერილია 1930–იან წლებში, მაშინ როცა ბოლშევიკური რეჟიმის გამო ყველაფრის დაწერა არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა ეს წიგნი მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის ამ ოჯახისა და მათი წინაპრების შესახებ.

დიმიტრი ბაგრატიონი გარდაიცვალა ასთმის შეტევით 1919 წლის 21 დეკემბერს, პეტროგრადში მივლინების დროს. დაკრძალულია იქვე, ალ.ნეველის ლავრის ნიკოლსკის სასაფლაოზე. 

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.319

2. ბაგრატიონი დიმიტრი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.34. 

3. diaspora.gov.ge/?p=2382 

4. https://ru.wikipedia.org/.../Багратион,_Дмитрий_Петро..


Share: