The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მართა–მარიამი ბაგრატიონი

მართა–მარიამი ბაგრატიონი
Other name:მარიამ ალანელი
Date of birth:1050
Date of death:1118  (at 68 years)
Burial location:თრაკია
Category:Royalty

Biography

ბაგრატ IV (1027-1072 წწ.) მეფობის პერიოდში ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ბიზანტიის იმპერიასთან ხან ღია, ხან ფარული დაპირისპირების პირობებში უხდებოდა ცხოვრება. 1052 წელს ბაგრატი იძულებული გახდა თავის დედასთან, მარიამ დედოფალთან ერთად დიდი ხნით წასულიყო ბიზანტიაში. სამეფო კარზე მათი ყოფნის დროს, იმპერატორის ტახტისათვის დინასტიურ ბრძოლაში სამ წელიწადში სამი იმპერატორი გამოიცვალა: კონსტანტინე მონომახი (1041-1055), დედოფალი თეოდორა (1055-1056), და მიხეილ VII დუკა (1056-1057). საიმპერატორო კარზე გახანგრძლივებულ ყოფნას ფუჭად არ ჩაუვლია. დედა–შვილის დიპლომატიურ მცდელობათა შედეგად დედოფალმა თეოდორამ ბაგრატს მცირეწლოვანი ასული სთხოვა, რათა "შვილად თვისად აღეზარდა". 1056 წელს ბაგრატ IV-ისა და მისი მეორე მეუღლის, ბორენას ქალიშვილი მართა კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს შესაბამისი აღზრდა–განათლების მისაღებად. უფლისწულს არ გაუმართლა. მის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე დედოფალი თეოდორა აღესრულა და მართა მალევე დააბრუნეს სამშობლოში. საიმპერატორო სასახლეში ქართველი მეფის ასულის შესვლის დროს იქ მყოფ გიორგი მთაწმინდელს უთქვამს: "უწყოდეთ, ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა". მან იწინასწარმეტყველა, რომ მართა ბიზანტიის დედოფალი გახდებოდა და ასეც მოხდა. ცხრა წლის შემდეგ, იმ დროს - როდესაც ახლო აღმოსავლეთში თურქ–სელჩუკთა საფრთხე გაჩნდა, ბიზანტია საქართველოს მიმართ უფრო "გულმოწყალე" შეიქნა და მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას შეეცადა, 1065 წელს კონსტანტინე დუკამ მართა უფლისწული ბაგრატ IV იმპერატორის ძის, მიხეილის საცოლედ სთხოვა. ბაგრატმა მართა შესაფერი ამალით გაგზავნა კონსტანტინოპოლში. ქორწინების შემდეგ მართას მარიამი დაარქვეს. 1074 წელს წყვილს მემკვიდრე, კონსტანტინე პორფიროგენეტი შეეძინა.

1078 წელს ბიზანტიის სამეფო კარზე მორიგი გადატრიალება მოხდა. მიხეილ დუკა პარაპინაკი აიძულეს ბერად აღკვეცილიყო და იმპერატორად ნიკიფორე III ბოტანიატე (1078-1083) გამოაცხადეს. მან იცოდა, რომ საჭირო ოყო მარიამის დედოფლად დატოვება, რათა ხალხი არ აჯანყებულიყო, ამიტომაც ცოლობა სთხოვა. მარიამმა პაპისგან ნებართვა აიღო და ბოტანიატეს ცოლად გაჰყვა იმ პირობით, რომ კონსტანტინეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა. იმპერატორი დაჰპირდა, მაგრამ შემდეგ სიტყვა არ შეასრულა. იმედგაცრუებულმა მარიამმა მხარი დაუჭირა მეუღლის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას, რომელსაც ძმები კომნენოსები ხელმძღვანელობდნენ.

1081 წელს ალექსი კომნენოსმა, მარიამის დახმარებით, ტახტიდან ჩამოაგდო ნიკიფორე ბოტანიატე და გამეფდა. ალექსი კომნენოსი დედოფალმა იშვილა იმ პირობით, რომ მის ვაჟს, კონსტანტინეს თანაიმპერატორად გამოაცხადებდა. ბიზანტიის სამეფო კარზე არ მომხდარა, რომ იმპერატორის ცოლყოფილი იმავე უფლებებში დაეტოვებინათ, მხოლოდ მარიამს ერგო ეს პატივი. მეტიც ის სრული ძალაუფლებით სარგებლობდა. როგორც კი მარიამ დედოფალმა მიიღო ალექსი კომნენოსისგან წერილობითი თანხმობა კონსტანტინესთვის მემკვიდრეობითი უფლების შენარჩუნების შესახებ დატოვა იმპერატორის სასახლე და მანგანის სამეფო პალატებში გადავიდა საცხოვრებლად. ალექსიმ, პირობისამებრ, მართლაც მიიწვია მარიამის შვილი თანამმართველად (1081-1092 წწ.), თავისი ასული ანა მიათხოვა და ტახტის მემკვიდრედაც გამოაცხადა. მაგრამ მას შემდეგ, რაც კომნენოსს ვაჟი – მემკვიდრე შეეძინა, კონსტანტინე მეუღლეს გააშორეს, საიმპერატორო პატივი ჩამოაშორეს და სამეფოდანაც გააძევეს. მარიამმა 1094 წელს სცადა შეთქმულების დაგეგმვა ალექსი კომნენოსის ჩამოსაგდებად, მაგრამ მარცხი იწვნია. იმპერატორმა მაინც ვერ დასაჯა დედოფალი, მხოლოდ სახელმწიფოს მართვას ჩამოაშორა. მარიამი იძულებული გახდა, მონაზვნად აღკვეცილიყო. ამის მიუხედავად შვილისთვის ბიზანტიის ტახტის მოსაპოვებლად ბრძოლა არ შეუწყვეტია, მხოლოდ 1096 წელს, როცა კონსტანტინე პორფიროგენეტი გარდაიცვალა, მისთვის პოლიტიკამ აზრი დაკარგა და ბრძოლაც შეწყვიტა.

ბიზანტიელები სხვა ერების სიყვარულით დიდად არ გამოირჩეოდნენ და ამიტომაც მიუღებლად მიაჩნდათ ბიზანტიის სამეფო კარზე სხვა ეროვნების დედოფალი. მიუხედავად ამისა, ბიზანტიელი ისტორიკოსები ხოტბას ასხამენ მარიამს, მის სილამაზესა და განათლებას. ისეთ სუპერსახელმწიფოშიც კი, როგორც იმდროინდელი ბიზანტიის იმპერია იყო, დედოფალი მარიამი მთავარ როლს ასრულებდა და თან აქტიურად მონაწილეობდა თავისი სამშობლოს კულტურულ აღორძინებაში. პირადი ტრაგედიის მიუხედავად მან შეძლო მოეკრიბა ძალა, რათა საქართველოს სამეფო ჯარს, თავის ძმას გიორგი II და ძმისშვილს დავით აღმაშენებელს დახმარებოდა საეკლესიო და სახელმწიფო რეფორმების გატარებაში. იგი მფარველობდა და სწყალობდა ბიზანტიის სამეფოში არსებულ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს. მარიამ–მართას სახელი მოიხსენიება პალესტინის ქართულ სავანეებსა და იერუსალიმის დედათა მონასტერში. მან გადასახადებისაგან გაათავისუფლა ათონის იბერთა მონასტერი და შესწირა მას ადგილ–მამული, ხოლო იერუსალიმში, სიონის მთაზე, დედასთან, საქართველოს დედოფალ ბორენასთან ერთად ააშენა ცნობილი მონასტერი – კაპპათა. ეს მონასტერი ქართული მწიგნობრობის თვალსაჩინო კერად იქცა. მარიამის შეკვეთით შესრულებულ ერთ–ერთ ხელნაწერში – "წიგნი სინაის მთის მარტვილობაზე" – გადამწერი მოწიწებით ახსენებს მარიამსა და ბორენას, როგორც კაპპათას დამაარსებლებს. სწორედ ამიტომაა მარიამ დედოფალი გამოსახული არა მარტო ბიზანტიურ ოქროსა და ვერცხლის მონეტებზე, არამედ ქართულ ხატებზეც. მარიამის ბრძანებით ცნობილ ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს თეოფილაქტე ბულგარელს შეუსრულებია კაპიტალური ნაშრომი – "იოანეს სახარების განმარტება". აღსანიშნავია მარიამ დედოფლის დამსახურება პეტრიწონის ქართული სავანის დაარსებაში, რომელიც განახორციელა სარდალმა და შემდგომში დიდმა საეკლესიო მოღვაწემ გრიგოლ ბაკურიანის ძემ. მარიამ დედოფლის ყვლაზე ადრეული, 1071 წლის ჩვენამდე მოღწეული მხატვრული პორტრეტი ტიხრული მინანქრის სახით ხახულის კარედის ყველაზე საპატიო ადგილას, ხატის შუბლზეა მოთავსებული. თუ როგორ დიდ პატივს სცემდა თავის მამიდას დავით აღმაშენებელი, დასტურდება იმითაც, რომ სწორედ მან საგანგებოდ ჩამოატანინა ხახულიდან ეს სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი გელათის სამეფო სავანისათვის. ხახულის ხატზე ასახული მარიამისა და მიხეილ დუკას ქორწინების ცერემონია. მეფე და დედოფალი წარმოდგენილი არიან სრულ სადღესასწაულო ბიზანტიურ სამოსელში, მარიამს მარჯვენა ხელი გულ–მკერდეზე აქვს მიდებული. მარცხენაში კი ჯვრით დამშვენებული სკიპტრა უჭირავს. ასეთივე სკიპტრით არის გამოსახული მარიამ დედოფალი პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცულ იოანე ოქროპირის თხზულებათა ბერძნული ხელნაწერის მინიატურაზე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფრანგმა მეცნიერმა ხალანდონმა კომნენოსების შესახებ დაწერილ ორტომიან მონოგრაფიაში 69 გვერდი მარიამ დედოფლის თავგადასავალს დაუთმო, ხოლო იმპერიის ქართველი დედოფლის დრამატული ცხოვრება სრულყოფილად ასახა მაქსიმ დე კონსტანიმ ისტორიულ რომანში "ბიზანტიისაკენ".

ცნობილია, რომ 1104 წელს მართა იმყოფებოდა საქართველოში და რუის–ურბნისის კრებასაც დაესწრო ძმასთან (გიორგი II) და ძმისშვილთან (დავით აღმაშენებელი) ერთად.

დაკრძალულია თრაკიაში მდებარე ერთ–ერთ მონასტერში, მის კუთვნილ მამულში, რომელიც მას ალექსი კომნენოსმა გამოუყო გადასახლებაში.

წყარო:

1. ქუთათელაძე, ზურაბმარიამ (მართა) ბაგრატიონი (1050-1105) : ბიზანტიის დედოფალი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.111-112. - სტატიას ახლავს ფოტომასალა.

2. ქორიძე, დავითმარიამ - დედოფალი ბიზანტიისა // ქართველი ქალები უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე / დავით ქორიძე. - თბილისი, 1976. - გვ. 46-48.

3. ცქიტიშვილი, თინათინმარიამ დედოფალი ქართულ სათვისტომოში XI საუკუნის ბიზანტიაში და გელათის აკადემია / თინათინ ცქიტიშვილი // გელათი-900 : სამეცნიერო კონფერენციის მასალები, 2007 წლის 8-10 თებერვალი / თსუ. - თბილისი, 2007. - გვ. 23-25. 


Share: