The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი დანელია

გიორგი დანელია
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1930
გარდაცვ. თარიღი:4 აპრილი, 2019  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

 გიორგი დანელიას ოჯახი 1939 წლიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მამა – გენერალ–მაიორი ნიკოლოზ დანელია ჯერ საგზაო ინჟინრად მუშაობდა, შემდეგ შახტის უფროსად და სსრკ–ს მეტრომშენის მთავარ ინჟინრად. დედა – მერი ანჯაფარიძე წლების განმავლობაში მსახურობდა "მოსფილმში" ასისტენტად, მეორე რეჟისორად და როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ის გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის და. 

მომავალმა რეჟისორმა თავდაპირველად მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი დაამთავრა (1954). 1954-55 წლებში მუშაობდა არქიტექტორად ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში. არქიტექტურით გატაცება დაეხმარა შემდგომ რეჟისორულ მუშაობაში. "მომავალი სურათის ჩანაფიქრი ჩემთვის მისი ვიზუალური აღქმით, სურათის პროპორციების შერწყმით და თანაფარდობის რითმით იწყება, პირველადი განათლებით მე არქიტექტორი ვარ და როგორც ჩანს ამ კვალის წაშლა შეუძლებელია". – ამბობს გიორგი დანელია, მოგვიანებით "მოსფილმის უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა, აღნიშნული კურსი მიხეილ რომის ხელმძღვანელობით გაიარა და 1959 წელს "მოსფილმის" სტუდიაში კინორეჟისორად დაიწყო მუშაობა.

გიორგი დანელია ცნობილია თავისი "ნაღვლიანი კომედიებით", როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას. ნიკიტა ხრუშჩოვის კულტურული "დათბობის" პერიოდში იგი "ახალი ტალღის" წამომწყები აღმოჩნდა საბჭოთა კინემატოგრაფიაში. პირველ წარმატებას იგორ ტალანკინთან ერთად, ფილმით "სერიოჟა" მიაღწია (1960). ფილმი კარლოვი ვარში "ბროლის გლობუსით" დაჯილდოვდა, შემდეგი ფილმი იყო "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში" (1963) – პოპულარული ლირიკული კომედია, ანდრეი პეტროვის ჰიტად ქცეული სიმღერის სათაურით და მაშინ სრულიად ახალგაზრდა ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით. სულ მალე ნიკიტა ხრუშჩოვი ლეონიდ ბრეჟნევმა შეცვალა და ე.წ. "დათბობის" ხანაც დასრულდა. გიორგი დანელიას მორიგი კომედია "33" (1965) მაშინდელი "კგბ"–ს მეთაურის ვლადიმერ სემიჩასტნის მიერ ანტისაბჭოურად იქნა მიჩნეული. მან წერილი მისწერა ცენტრალურ კომიტეტს, სადაც წერდა "..."33" არის მცდელობა დააკნინოს ყველაფერი, კოსმონავტის ფრენის ჩათვლით...". გიორგი დანელიას მოუხდა 4 დაუსრულებელი წელი ლოდინი იმისთვის, რომ მორიგი ფილმის გადაღების შანსი გასჩენოდა. ეს გახლდათ ფილმი "არ დაიდარდო" (1969). მისი შემდგომი კომედიები: "იღბლიანი ჯენტლმენები" (1972), "აფონია" (1975), "მიმინო" (1977) აგრძელებენ მის წარმატებულ კარიერას. კომედიური ჟანრის პარალელურად დანელიამ შექმნა მელოდრამა "შემოდგომის მარათონი" (1979), 1986 წელს ის იღებს ფანტასტიკას "ქინ–ძა–ძა". მსახიობმა ევგენი ლეონოვმა, რომელსაც გიორგი დანელიას არაერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული ასე დაახასიათა რეჟისორი: "ჯერ ერთი ის არის ნიჭიერი და თვითმყოფადი მხატვარი, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მოულოდნელი, იმათთვისაც კი ვინც კარგად იცნობს და მეორე – ის უბრალოდ კეთილი ადამიანია: მისი ნიჭიც კეთილია და ფილმებიც. ყველა მათგანში ის ტოვებს სიკეთის ნაწილს, თავისი გულის ნაწილს და ადამიანებისადმი თავისი სიყვარულის ნაწილს".

კითხვაზე თუ როგორ აფასებს რეჟისორი თავის ფილმებს გიორგი დანელია პასუხობს: "ხუთიანებს ვუწერ ფილმებს, რომლებიც ჩემი აზრით "გამომივიდნენ": "არ დაიდარდო" და "შემოდგომის მარათონი". ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, უბრალოდ მათში მეტი აღმოჩენაა. საუკეთესო სცენარი კი ალბათ "იღბლიანი ჯენტლმენები" იყო. მე ის ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავწერე, მაშინ ახალგაზრდები და მხიარულები ვიყავით, რაც ამ სურათზეც აისახა. შემოსავლების მხრივ ყველა რეკორდი "აფონიამ" მოხსნა, ხოლო წარმატების მარათონი "მიმინომ" აჩვენა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ოთხი ტირაჟი და უამრავი რაოდენობის ჩვენება ტელევიზიით".

გიორგი დანელიას ავტობიოგრაფიული წიგნი – "უბილეთო მგზავრი" თარგმნილია ქართულ ენაზე. მას არასდროს გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან. მის ფილმებში სისტემატურად მონაწილეობენ ქართველი მსახიობები და მოქმედების ადგილიც ხშირად საქართველოა. არის თბილისის საპატიო მოქალაქე (1985). გიორგი დანელიას სცენარების ერთ–ერთი თანაავტორია რეზო გაბრიაძე. ფილმების უმრავლესობსათვის მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა, მანვე მიუძღვნა მას მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის – "პატარა დანელიადა".

გიორგი დანელია პირველად ადრეულ ასაკში დაოჯახდა ირინა გინზბურგზე (1951-1956). ამ ქორწინებიდან ჰყავს ქალიშვილი – სვეტლანა დანელია, პროფესიით იურისტი. 1957-1984 წლებში მისი მეუღლე იყო ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებისათვის კინოს ისტორიაში (370 კინოროლი). იგი თითქმის მუდმივად ჩნდება დანელიას იმჟამინდელ ფილმებში. მათი ვაჟი, ნიკოლოზ დანელია – რეჟისორი, პოეტი, მხატვარი ტრაგიკულად დაიღუპა (1958-1985). 1984 წელს გიორგი დანელიამ კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე იქორწინა. მას გადაღებული აქვს ფილმები: "ფრანგი", "ღვთის გლახა", ასევე მოკლემტრაჟიანი ფილმები: "ხუმრობა", "მიმდინარე დღე". გიორგი დანელიამ იშვილა მეუღლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან კირილე დანელია – მხატვარი. 

გიორგი დანელია გარდაიცვალა 2019 წლის 4 აპრილს მოსკოვში. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

გიორგი დანელიას ფილმოგრაფია:

"სერიოჟა" (რეჟისორი, სცენარისტი), 1960

"გზა ნავმისადგომთან" (რეჟისორი), 1962

"დავდივარ მოსკოვის ქუჩებში" (რეჟისორი), 1963

"33" (რეჟისორი, სცენარისტი), 1965

"არ დაიდარდო" (რეჟისორი), 1969

"ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები" (რეჟისორი), 1972

"იბლიანი ჯენტლმენები" (რეჟისორი, სცენარისტი), 1972

"აფონია" (რეჟისორი), 1975

"მიმინო" (რეჟისორი, სცენარისტი), 1977

"შემოდგომის მარათონი" (რეჟისორი), 1979

"ცრემლები ცვიოდა" (რეჟისორი, სცენარისტი), 1982

"ქინ–ძა–ძა" (რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი), 1986

"ფრანცუზი" (სცენარისტი), 1988

"პასპორტი" (რეჟისორი, სცენარისტი), 1990

"ნასტია" (რეჟისორი, სცენარისტი), 1993

"არიოლი და რეშკა" (რეჟისორი, სცენარისტი), 1995

"ფორტუნა" (რეჟისორი, სცენარისტი), 2000

"კუ! ქინ–ძა–ძა" (რეჟისორი, სცენარისტი) 2013

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი დანელია

2. https://ru.wikipedia.org/wiki/Гео́ргий Никола́евич Дане́лия 

 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1997 - პრიზი "ოქროს აფროდიტე"
    ფილმი "არიოლი და რეშკა"
  • 1996 - ვარნას საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი
    ფილმი "არიოლი და რეშკა"
  • 1996 - პრემია "ამარკორდი"
    ფილმი "პასპორტი
  • 1993 - პრიზი "ამარკორდი"
    ფილმი "ნასტია"
  • 1992 - რუსეთის კინოაკადემიის პრიზი "ნიკა" (ერთობლივი ჯილდო რევაზ გაბრიაძე და არკადი ხაიტი)
    საუკეთესო სცენარი ფილმისთვის "პასპორტი"
  • 1990 - მთავარი პრიზი ოდესის კინოფესტივალი
    ფილმი "პასპორტი"
  • 1990 - სპეციალური პრიზი კანის კინოფესტივალი
    ფილმი "პასპორტი"
  • 1989 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1987 - სპეციალური პრიზი მადრიდი
    ფილმი "ქინ–ძა–ძა"
  • 1981 - ძმები ვასილევების სახელობის რსფსრ სახელმწიფო პრემია
  • 1980 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1980 - პრიზი უცხოური ფილმისათვის ბერლინის კინოფესტივალი
    ფილმი "შემოდგომის მარათონი"
  • 1979 - "ოქროს ნიჟარა" სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი
    ფილმი "შემოდგომის მარათონი"
  • 1978 - სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
    ფილმი "მიმინო"
  • 1977 - "ოქროს პრიზი" მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი
    ფილმი "მიმინო"
  • 1974 - "ოქროს პალმის რტო" კანის კინოფესტივალი
    ფილმი "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები"
  • 1964 - "ოქროს პალმის რტო" კანის კინოფესტივალი
    ფილმი "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში"
  • 1960 - "ბროლის გლობუსი" კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი
    ფილმი "სერიოჟა"

გააზიარე: