The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიორაძე ირმა

ნიორაძე ირმა
Date of birth:1969  (55 years)
Category:Dancer

Biography

ირმა ნიორაძემ 1987 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები სერაფიმა ვეკუა და ვახტანგ ჭაბუკიანი). სტაჟირება გაიარა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში 1987-88 წლებში (პედაგოგი ლუდმილა საფრონოვა). 1989-90 წლებიდან არის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი. შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: "ჟიზელი", "სერენადა", "დემონი".

ერთ–ერთ ინერვიუში ირმა ნიორაძე ასე იგონებს ბავშვობის წლებს: "ძალიან მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. სულ სტუმრიანობა გვქონდა. მამა ძალიან კარგად მღეროდა და ცეკვავდა. დედა და ჩემი მამიდებიც კარგად მღეროდნენ და, როგორც ჩანს, ეს ნიჭი ჩვენც გადმოგვედო. ექვსი და ვართ და ყველა ხელოვნებას ვეზიარეთ. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძალიან მოუსვენარი ვიყავი. ყველაფრის მორგება გიყვარდაო, ვთხოვე ვიოლინოზე შევეყვანე და 7 წელი ვისწავლე – დიპლომიც ავიღე. საქმეს ხელს რომ მოვკიდებდი, ბოლომდე მიყვანა მიყვარდა. სიმღერაზე, ინგლისურზე დავდიოდი, მერე – ქართულ ცეკვაზე. როცა პირველად ვიხილე ბალეტი – ეს ჩემზე ოთხი წლით უფროსი დის, მანანას გამოსაშვებ საღამოზე მოხდა – ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ამან განსაზღვრა ამ სფეროში ჩემი მოხვედრა. მაშინ მესამე კლასში ვიყავი. გამიმართლა, რომ ძლიერ პედაგოგებთან მოვხვდი, რაც ბალეტის წარმომადგენლისათვის საოცნებოა. ნინო დიდებულიძე, სერაფიმე ვეკუა, ვერა წიგნაძე, გიორგი ალექსიძე... ვახტანგ ჭაბუკიანზე რომ ვილაპარაკო, მთელი ჟურნალი დასჭირდება. განსაკუთრებით ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ მისი მოწაფე გახლდით და თან – ბოლო მოწაფე!"

1990 წელს ირმა ნიორაძე ჯექსონში (აშშ) საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი გახდა. 1991 წელს სტაჟირება გაიარა დანიის სამეფო საბალეტო სკოლაში. 1992 წლიდან სანკტ–პეტერბურგის მარიას თეატრის პრიმე–ბალერინაა. ითამაშა მთავარი როლები დადგმებში: "გედების ტბა" (ქორეოგ. მ. ფოკინი, ლ. ივანოვი), "დონ კიხოტი" (ქორეოგ. ა. გორსკი), "ბაიადერკა", "ლეგენდა სიყვარულზე" (ქორეოგ. ი. გრიგოროვიჩი), "კორსარი" (ქორეოგ. მ. პეტიპა), "მძინარე მზეთუნახავი" (ქორეგ. ს. ვიხარევი), "შეჰერაზადა" (ქორეოგ. მ. ფოკინი), "კარმენ–სიუიტა" (ქორეოგ. პ. პეტი), "რაიმონდა" (ქორეოგ. მ. პეტიპა, ი. გრიგოროვიჩი), "ბახჩისარაის შადრევანი" , "გოია", "სერაფიტას კოცნა" (ქორეოგ. ა. როტმანსკი), "სიმფონია დო მაჟორი", "ბროლის სასახლე" (ქორეოგ. ჯ. ბალანჩინი) და სხვ.

მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი გამუდმებით გასროლებზეა. ამბობს, რომ არც კი იცის, სად ცხოვრობს. მისი დასასვენებელი ადგილი თვითმფრინავია, შორეულ ქვეყნებში ქართული მზე და ვარდის სურნელი ენატრება, ბოლო წლებში ირმა ნიორაძე რომის ოპერისა და უნგრეთის ნაციონალური ოპერის თეატრის მიწვეულ ვარსკვლავთა სიაში ირიცხება. ბალერინამ დაიპყრო მსოფლიოს ყველა ცნობილი სცენა და უამრავი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა – "დიდი თეატრი" (მოსკოვი), "ქოვენთ გარდენი" და Queen Elizabeth Hall  (ლონდონი), "მეტროპოლიტენ ოპერა" (ნიუ–იორკი), "თეატრი კოლინი" (ბუენოს–აირესი), "შანს ელიზე" (პარიზი). კონცერტები ჰქონდა ყველა კონტინენზე, მსოფლიოს 40 ქვეყნის 120 ქალაქში.

ირმა ნიორაძე საქართველოს ხშირად სტუმრობს. ცდილობს არ დააკლდეს ფესტივალებსა თუ საქველმოქმედო კონცერტებს. ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობს: "რამოდენიმე წელია საქართველოდან წავედი, მაგრამ არც წავსულვარ, რადგან როგორც ხელოვანს არასდროს გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან, იყო დრო, როცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს დასჭირდებოდა, ჩემთვის არ არსებობდა არც დრო და არც მანძილი.ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ პირდაპირ აეროპორტიდან, ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე გავსულვარ სცენაზე. 2010 წლის მაისში თბილისში გამართულ ფესტივალ "ქართულ სულში" ჩატარებულ ღონისძიებათა შორის ყველაზე მასშტაბური იყო მსოფლიო ბალეტის ქართული პრემიერა "შეჰერაზადა" ირმა ნიორაძის შესრულებით. პრემიერის შემდეგ ბალერინას გადაეცა ფესტივალის სპეციალური ჯილდო და ოქროს მედალი წარწერით: "ქართული სული დიდ ხელოვნებაში", 2013 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ კიდევ ერთ ფესტივალში – "ხელოვნება ხელოვანთათვის".

ირმა  ნიორაძის მეუღლე ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე გახლავთ – ღვინის კომპანია "ასკანელი ძმების დამფუძნებელი. ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს და მათი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა. ფირმის შემოსავლებმა ძმებ ჩხაიძეებს საშუალება მისცეს ქველმოქმედება გაეწიათ, ათი წლის წინათ თავიანთი წინაპრების სოფელში, გურიაში, ეკლესია ააგეს და ყოველწლიურად, 30 აგვისტოს ასკანობის დღესასწაულს აწყობენ, ბალერინა სიხარულით მონაწილეობს მათ მიერ გამართულ ყველა საქველმოქმედო ღონისძიებაში. ჰყავთ ვაჟიშვილი – ილია, რომელმაც ზედმიწევნით იცის ხელოვანი დედის ფასი, მშობლებთან ერთად მოგზაურობს, ფლობს ხუთ ენას. ირმა ნიორაძის ერთ–ერთი და – მზია ნიორაძე "მეტროპოლიტენ ოპერის სოლისტია და პარიზის ოპერის თეატრის მიწვეული სოლისტი.

წყარო:

1. ნადარეიშვილი, ლეილაქართული საბალეტო დასი : ნიორაძე ირმა ამირანის ასული // ქართული ბალეტი : ეძღვნება ლეგენდარული ქართვ. მოცეკვავისა და ბალეტმაისტერის ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წლისთავს / ლ. ნადარეიშვილი. - თბ., 2010. - გვ.136-137.

Awards and Honors

  • 2011 - რუსეთის სახალხო არტისტი
  • 2003 - პრემია "პოზიტანო 2003- ცეკვის ხელოვნებისათვის"
  • 2002 - რუსეთის ქალთა პრემიის "ოლიმპიას" ლაურეატი, რუსული ბალეტის სკოლის ტრადიციების შენახვისა და განვითარებისათვის
  • 2002 - რუსეთის დამსახურებული არტისტი
  • 1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • 1996 - ღირსების ორდენის კავალერი

Share: